ხანგრძლივობით პირველ მსოფლიო ომსაც გადაასწრო-რუსეთ-უკრაინის ომის 1 568 დღე...
დღეს რუსეთ-უკრაინის ომის 1 568 დღეა-სწორედ ამდენხანს გაგრძელდა პირველი მსოფლიო ომი, რომელიც 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო და 1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა, თუმცა უკრაინაში ომის დასრულებას ჯერ არაფერი ეტყობა...
რუსეთ-უკრაინის ომმა ახლახან ხანგრძლივობის ერთი „რეკორდი“ უკვე დაამყარა, როდესაც 2026 წლის 11 იანვარს „გადაასწრო“ 1 418 დღე-ღამე მიმდინარე 1941-45 წლების გერმანია-საბჭოთა კავშირის ომს.
რჩება კიდევ ერთი „დაუპყრობელი რეკორდი“- თვით მეორე მსოფლიო ომის (რომელიც 1939 წლის 1 სექტემბერს და დაიწყო და 1945 წლის 2 სექტემბერს დამთავრდა ანუ 2 195 დღე-ღამე გაგრძელდა) ხანგრძლივობის უკან „ჩამოტოვებაც“, რისთვისაც რუსეთ-უკრაინის ომს ჯერ კიდევ „აკლია“ 627 დღე-ღამე, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი შანსია, რომ ეს ომი შეიძლება მართლაც გაგრძელდეს კიდევ ორი წელი ან უფრო მეტიც კი...
რახან პირველი მსოფლიო ომს ხანგრძლივობაში შევადარეთ რუსეთ-უკრაინის ომი, არ შეიძლება არ გავუსვათ ხაზი ამ ომებს შორის საოცარ მსგავსებასაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთისგან საუკუნეზე მეტი დრო აცილებთ...
პირველი-რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წლისთვის ფრონტის ხაზზე ერთგვარი „უმოძრაობის“ პერიოდმა დაისადგურა-რუს ოკუპანტებს აღარ ძალუძთ დიდი ძალებით შეტევა, ფრონტის ხაზის მასიურად გარღვევა და წინ კილომეტრებით წაწევა,ხოლო უკრაინის დამცველებს ჯერ არ აქვთ მოკრეფილი ძალები სერიოზული კონტრშეტევების დასაწყებად...
პირველი მსოფლიო ომის "ფარმანები“ და დღევანდელი "შაჰიდები" ერთ სიმაღლეზე და ერთი სიჩქარით დაფრინავენ...
სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დროსაც,როდესაც ფრონტის ხაზი თვეობით „გაყინულ“ მდგომარეობაში რჩებოდა...
მეორე-დღეს რუსეთ-უკრაინის ომში გამოყენებულ დრონები იგივე დაბალ სიმაღლეებზე და ისეთივე მცირე სიჩქარეებით დაფრინავენ, როგორც პირველი მსოფლიო ომის პირველი ბიპლანები და როგორც მაშინ ესროდნენ შაშხანებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, ახლაც დრონების მოგერიებას ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით ცდილობენ,მათ შორის პირველი მსოფლიო ომისდროინდელი „მაქსიმებითაც“ კი...
მესამე-პირველმა მსოფლიო ომმა ძალზე დააჩქარა რუსეთის იმპერიის ეკონომიკის კოლაფსი, ხოლო მისი საბოლოო ჩამოშლა გერმანიის დაზვერვისგან მიღებული მილიონებით(რომ მოწინააღმდეგე რუსეთი ომიდან გაეყვანათ) ლენინმა თავის ბოლშევიკებთან ერთად შეასრულა...
დღეს, პუტინის რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობაც არ არის სახარბიელო და ახალ-ახალი პრობლემებიც ემატება,თუნდაც უკრაინული კამიკაძე-დრონებით რუსულ ნავთობმრეწველობის ობიექტებზე სისტემატური შეტევები,რამაც რუსეთის მილიონობით ავტომფლობელს უკვე გაუჩინა ბენზინის დეფიციტი.
რამდენად გაიმეორებს პუტინის დღევანდელი რუსეთი 1917 წლის მეფის რუსეთის სახელმწიფოებრივ კოლაფსს ძნელად პროგნოზირებადია,მაგრამ თუკი გაძლიერდა უკრაინული საჰაერო შეტევების ინტენსივობა(არადა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი „შეჰპირდა“ პუტინს, რომ თუკი აქამდე ყოველღამე „დაუპატიჟებლად“ მხოლოდ 300-იოდე კამიკაძე-დრონს უგზავნიდა მას ,ამიერიდან მათი რიცხვის გაორმაგებას აპირებს-600-მდე), მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი ვეღარ მოხსნის ექვსწლიანი და ერთდღიანი მეორე მსოფლიო ომის რეკორდს და მსოფლიოც ამოისუნთქებს უკრაინელებთან ერთად, მთლად უკმაყოფილო კი არც მილიონობით ის რუსი დარჩება, რომლებიც უკვე თავის თავზე გრძნობენ თუ როგორ დაუბრუნდათ სახლში მათი „მუდმივი პრეზიდენტის“ მიერ წამოწყებული საუკუნის დანაშაული,როგორც ეს იგრძნეს გერმანელებმა 1945 წლის მაისში...
P.S. უკრაინას არ გაუმართლა-პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზი მასზე გადიოდა,სადაც რუსეთის არმია ავსტრია-უნგრეთისას ეომებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის მთელი ტერიტორია ჯერ ჰიტლერის არმიამ დაიპყრო, შემდეგ ისინი სტალინის არმიამ გაყარა, შედეგად უკრაინაზე ორჯერ გადაიარა ომის ქარცეცხლმა.
ახლა კი პუტინის საოკუპაციო არმია ანადგურებს იმ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს, რომლებსაც ორი მსოფლიო ომის საშინელება აქვთ გადატანილი...