რას გეგმავს პუტინი კავკასიაში და რისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო?! - გიორგი ანთაძის ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა რუსეთის რესურსები შეზღუდა და სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და დასავლეთის გავლენა გაძლიერდა, კრემლი ჩრდილოეთ კავკასიას საკუთარ სასიცოცხლო სივრცედ მიიჩნევს, ხოლო სამხრეთ კავკასიის (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების) მიმართ სტრატეგიულ ინტერესებს ინარჩუნებს. შესაბამისად, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი უახლოეს მომავალში კავკასიის რეგიონიდან გასვლას არ აპირებს. რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს რუსეთის კავკასიიდან გასვლა, ინიციატივა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელი, ანალიტიკოსი გიორგი ანთაძე გვესაუბრება.
- სამხრეთ კავკასია და ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისთვის სასიცოცხლო სამხედრო-სტრატეგიული ამოცანაა და ეს ასე იყო ყოველთვის, მათ შორის, როდესაც 2006 წელს ჯარები გაიყვანეს. გადმოცემით ვიცი, რომ გენერლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, მიანიშნებდნენ, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ქედს აქეთ, რათა ზურგი, ანუ ჩრდილოეთი კავკასია, იყოს გამაგრებული.
ასე იყო როგორც იმპერიის დროს, ისე სსრკ-ს დროს და ეს ამოცანა დღემდე არ იცვლება. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რუსეთი ამას რაღაცების სანაცვლოდ დათმობს. როგორც ბოლო პროცესები აჩვენებს, პირიქით, კრემლი უფრო და უფრო აღრმავებს კავშირს, აგრძელებს ანექსიას, განსაკუთრებით სამაჩაბლოში, თუმცა არც აფხაზეთს აკლებენ ხელს. ხედავენ, რუსეთში არეულობის შემთხვევაში ეს რეგიონი მათთვის ძალიან მოწყვლადია თუნდაც იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის უდიდეს ნაწილში ეთნიკური სურათი ძალიან ჭრელია. არეულობისა და მოსკოვის გავლენის დასუსტების შემთხვევაში ეს ქმნის წინა პირობებს, რომ არა მარტო ადგილობრივად გაჩნდნენ დამოუკიდებელი მოთამაშეები (როგორც 90-იანებში), არამედ სხვა ქვეყნების გავლენა გაძლიერდეს, მაგალითად, თურქეთის, რომელსაც აქვს ეთნიკური და რელიგიური მჭიდრო კავშირი რეგიონში მცხოვრებ ხალხებთან. აქედან გამომდინარე, რუსეთს აქვს აქ სასიცოცხლო ინტერესი და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს იოლად არ დათმობს. მეორე მხრივ, გარკვეულ სცენარებში, მას შეიძლება საქართველოს საჭიროებაც კი დაუდგეს და ამან საქართველოს კოზირი მისცეს რუსეთთან ურთიერთობაში, ოღონდ ამას გარკვეული კონტექსტი და წინა პირობები სჭირდება. მოვლენების ასე განვითარების გამორიცხვა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა და კვლავ შეიძლება განმეორდეს, ვგულისხმობ სსრკ-ის დაშლას. ვიცით, რუსეთის იმპერიის შემოსვლა მე-19 საუკუნეში რა დიდ ბრძოლებს უკავშირდებოდა კავკასიის ხალხებთან, ქართველების მონაწილეობა და როლიც ცნობილია.
- ფაქტია, ეთნიკური რუსების რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში 65%-ით შემცირდა და რეგიონმა რუსი მოსახლეობის 2/3 დაკარგა...
- ეს მოცემულობა, ბუნებრივია, რუსეთის დასაყრდენს და მოკავშირეებს ამცირებს, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ძალაუფლება უფრო სისტემისა და პერსონალურ ლოიალიზმზე დგას. ჩრდილოეთ კავკასიაში, სხვადასხვა ფედერაციულ ოლქსა და რესპუბლიკაში ძალაუფლების სხვადასხვა სტრუქტურაა, თუმცა ყველა მაინც კლანურ სისტემაზეა მორგებული. თუნდაც ჩეჩნეთში ერთი კლანის, ერთი ოჯახის და ერთი გვარის გავლენას ეფუძნება ამ ვერტიკალზე აწყობილი სტრუქტურა, რომელიც თავისთავად ანგარიშვალდებულია ცენტრთან, ანუ მოსკოვთან. სანამ მოსკოვის პოლიტიკური გავლენა ძლიერია, ისინი ახერხებენ კონტროლს, მაგრამ რუსეთში თუ ისეთი სცენარები გათამაშდა, რომ დასუსტდა და დაკარგა ბერკეტები, ეს ქმნის გარკვეული პოლიტიკური მოძრაობების ალბათობას. ეს არ გულისხმობს მაინცდამაინც რუსეთის დაშლას, მაგრამ თუნდაც ახალი პოლიტიკური კრიზისების წარმოშობის ალბათობას ტოვებს. ჩვენ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და ვემზადებოდეთ.
- ალბათ, ჩრდილოეთით საზღვრების გაძლიერებაზეც უნდა ვმუშაობდეთ... ისე, თუ იმ სცენარს განვიხილავთ, რომ რუსეთი გავიდა სამხრეთ კავკასიიდან, ალბათ, ეს უმტკივნეულოდ არ მოხდება...
- რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რუსეთი ნაღმებს დატოვებს და მსგავს სცენარებზე წინასწარ უნდა გვქონდეს მოფიქრებული რეაგირება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება, ეს არის ალბათობა და დამოკიდებულია იმაზე, თვითონ რუსეთში როგორ განვითარდება სიტუაცია - რუსეთ-უკრაინის ომი თუ გაგრძელდა, რა შედეგებით დამთავრდება, რა იქნება რუსეთის პოლიტიკური ფასი და ა.შ.
რუსეთმა მეტი რა ნაღმი უნდა ჩადოს - საკმარისია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზები და მათგან წარმოქმნილი საფრთხე. რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს სამხედრო ბაზები, გაზარდოს ზეწოლა ადგილობრივ ე.წ. დეფაქტო რეჟიმებზე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ეს ყველაფერი გასაანალიზებელია, როგორი იქნება თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება რუსეთის ასეთ ნაბიჯებზე, საქართველოსთვის გააჩენს თუ არა რაიმე ხელსაყრელ პირობებს, რა შეიძლება ასეთ დროს იყოს ჩვენი შეთავაზება და სხვა. სამხრეთ კავკასიაში ახლა ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთი, გრძელვადიანად საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცვლილების გავლენა რეგიონულ პროცესებზე. არ არის გამორიცხული, რუსეთმა არჩევნების შემდგომ სომხეთში წყლის ამღვრევა სცადოს, შეეცდება რეგიონული პოლიტიკაც შეცვალოს ან კორექტივები შეიტანოს. მაგალითად, კომპენსაციისთვის, თუ პირდაპირ დაკარგავს გავლენას ე.წ. სამხრეთის კორიდორზე, ამან შეიძლება გაზარდოს საქართველოზე ზეწოლა, იმიტომ, რომ საქართველო მაინც რეგიონის გასაღებია და საკომპენსაციოდ რუსეთმა შეიძლება უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხში, ისე პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით. ამიტომ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ უნდა გაანალიზება.
- რეგიონიდან რუსეთის გასვლა-არგასვლა, ალბათ, დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის მარცხის ხარისხზე უკრაინაში. ამასთან, რეგიონში ძლიერდება დასავლეთი და თურქეთი, რომელთაც კავკასიაში შორსმიმავალი გეგმები აქვთ...
- რუსეთს რა რესურსებიც არ ჰყოფნის უკრაინაში წარმატების მისაღწევად, ის რესურსები საკმარისი იქნება ამ მიმართულებაზე ზეწოლისთვის, თუ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს. ჩვენთვის რუსეთი გაცილებით სხვა საფრთხეა, ვინაიდან ჩვენ არა ვართ უკრაინა არც ერთი პარამეტრით, არც მხარდაჭერით და დღევანდელ რეალობაში გვესმის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დამყოლია რუსეთის მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად დღეს არსებული ხელისუფლების პოლიტიკისა, ეს რისკები მაინც შეიძლება წარმოიშვას და მერე "ქართულ ოცნებასაც" გაუჭირდება კრიზისის მართვა.