რუსი გენერლის მონანიება უკრაინელ მღვდელთან - თქვენი ეკლესია მე დავბომბე... - კვირის პალიტრა

რუსი გენერლის მონანიება უკრაინელ მღვდელთან - თქვენი ეკლესია მე დავბომბე...

58 წლის ანდრეი გურულიოვი ახლა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატია და დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრიც იყო, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტია და თავისი ხანგრძლივი სამხედრო კარიერის (1984-2019 წწ.) პერიოდში იკავებდა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურისა და ამავე სამხრეთის ოლქის სარდლის მოადგილის თანამდებობებს.

ეს სწორედ ის რუსული სამხედრო ოლქი და ის რუსული არმიაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პირველი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მაშინ გენერალი გურულიოვი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი იყო და აქტიურად არ მონაწილეობდა ჩვენი ქვეყანის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ სამხედრო აგრესიაში.

სამაგიეროდ, 2014 წელს, როდესაც პუტინმა „მწვანე კაცუნებით“ ჯერ უკრაინის ყირიმი დაიპყრო და შემდეგ იმავე უკრაინის დონბასში ბრძოლები გააჩაღა, იმ დროისთვის 58-ე არმიის მეთაურმა გენერალ-მაიორმა გურულიოვმა ჩაიბარა უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობა ისე, რომ ოფიციალურად არ უნდა დაფიქსირებულიყო რუსეთის არმიის რეალური მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომში, რისთვისაც გენერალი გურულიოვი იყენებდა ადგილობრივ პრორუსულ „პროქსი-ძალებს“ და „ვაგნერის“ ახლად შექმნილ კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებულებს...

მაშინ ყველა, დაწყებული პრეზიდენტ პუტინიდან,კატეგორიულად უარყოფდა რუსეთის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას დონბასში, თუმცა ეს პოლიშინელის საიდუმლო თუ გახლდათ, რადგან უკრაინისა და ნატოს დაზვერვას ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება ჰქონდათ მოპოვებული...

მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჯერ რუსეთში ჩაიგდეს ხელისუფლება და შემდეგ დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები, მათ ჰქონდათ და დღესაც აქვთ ერთი დაუწერელი კანონი -არავითარ შემთხვევაში არ აღიარო ბრალი, თუნდაც მილიონი დადასტურება დაგიდონ წინ!

ამ დაუწერელ კანონს მიჰყვება „კა-გე-ბე“-ს პოდპოლკოვნიკი პუტინი დღესაც, ისევე როგორც მთელი მისი ხელისუფლება და ამ ყველაფრის ფონზე ძალზე მოულოდნელად და ერთგვარ სენსაციად იქცა თადარიგის გენერლისა და ახლა სახელმწიფო დუმის დეპუტატის აღიარება-მონანიება, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული ჩადენილი ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათი სიცოცხლის ხელყოფის სახით...

რუსმა კანონმდებელმა და გენერალმა ანდრეი გურულიოვმა აღიარა, რომ 2014 წელს ის მეთაურობდა დონბასში რუსულ ძალებს, რომლებიც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ.

გურულიოვმა ეს განცხადება ერთ-ერთი პირდაპირი სატელევიზიო ეთერის დროს გააკეთა.

გურულიოვის თქმით, 2014 წელს ის ხელმძღვანელობდა ჯარებს, რომლებიც უკრაინული ძალების განლაგების ადგილის დასაკავებლად იყვნენ დანიშნულნი.

ამის მისაღწევად, რუსმა სარდალმა ბრძანა არტილერიის გამოყენება საცხოვრებელი ტერიტორიების წინააღმდეგ, მათ შორის იმ უბნის წინააღმდეგ, სადაც ეკლესია მდებარეობდა და სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო თავშესაფარი.

დაბომბვის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპა, ეკლესია კი დაზიანდა.

რუსმა გენერალმა გურულიოვმა ტელეკამერის წინ განაცხადა - თორმეტი წლის წინ, ერთხელ მანქანით ეკლესიაში წავედი. მიმდებარე ტერიტორიაზე მღვდელს მივუახლოვდი და ვკითხე: „მამაო, როგორ არის საქმეები?“ მან კი მიპასუხა: „ არც ისე კარგად. აქ დაბომბეს, სროლა იყო, ქალი და ბავშვი დაიღუპნენ…“.

მე ვუთხარი მას: „მისმინე, ეს მე ვიყავი“.

მან გაფართოებული თვალებით შემომხედა. მე ვუთხარი: „სხვა გზა არ იყო. ჩემი ხალხი უნდა გადამერჩინა. ვცადეთ საავადმყოფოდან, რეგიონალური ცენტრიდან წინსვლა - არ გამოგვივიდა. ვცადეთ ჩრდილოეთიდან შემოსვლა - ესეც არ გამოგვივიდა. ამიტომ, ასე უნდა დაგვერტყა და მტერი გაგვენადგურებინა. მე არ ვთხოვ ხალხს პატიებას ან მსგავს რამეს. უბრალოდ მინდა, რომ თქვენს ქადაგებებში ხალხს სიმართლე უთხრათ. თუ საჭირო იქნება, ღმერთი მაპატიებს; თუ არა, მაშინ არა - ეს ნიშნავს, რომ მე ამას არ ვიმსახურებდი. მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე“.

სატელევიზიო გადაცემის დროს გენერალმა გურულიოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს. ამავდროულად, მან მოუწოდა კიევზე დარტყმების განხორციელებისკენ, რათა რკინიგზის კავშირი პარალიზებულიყო და ხალხი წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო.

საგულისხმოა, რომ რუსი გენერლის ეს აღიარება-მონანიება სწორედ ახლა იმიტომ გაკეთდა, რომ მას „წყალი“ შეუდგა - 2025 წლის თებერვალში გურულევი სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტიდან გააძევეს და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტში გადაიყვანეს. ეს გაკეთდა მისი, როგორც უსაფრთხოების ორგანოების რუპორის სტატუსის შესამცირებლად, რომლის განცხადებებიც საზოგადოების მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციად აღიქმებოდა.დეპუტატმა არაერთხელ წამოაყენა საკამათო და საჯაროდ საშიში წინადადებები (მაგალითად, უშვილობაზე გადასახადის შემოღება ან ბირთვული დარტყმების განხორციელება).სახელმწიფო დუმის სპიკერმა ღიად მოუწოდა მას და სხვა კოლეგებს, თავი აერიდებინათ დაუფიქრებელი განცხადებებისგან.

როგორც ჩანს, ეს რუსი გენერალი პრეზიდენტ პუტინის ფავორში აღარ არის, რასაც გურულიოვი მძიმედ განიცდის, რასაც სავარაუდოთ ემატება ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებთან კიდევ უფრო ახლოს „დამეგობრება“(რაც მისი ტელევიზორში გამოჩენისთავე კარგად ჩანს) და გენერალ-დეპუტატი გურულიოვი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე იცის პუტინის „შავ საქმეებზე“, „გუდას პირს უხსნის“, რაც საბოლოო ჯამში მისთვის ძალიან სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს-ან უკრაინელი „ლიკვიდატორები“ მის მანქანასაც ამოუდებენ ქვეშ დისტანციურად მართვად ასაფეთქებელ მოწყობილობას ან კიდევ თავად პუტინის სპეცსამსახურები „ჩააჩუმებენ“, რომ შემდგომი აღიარება-მონანიებებით უფრო ღრმად არ „შეტოპოს“ და დიდი პრობლემები არ შეუქმნას რუსეთის „მუდმივ პრეზიდენტს“...