"ვცდილობ ქალაქის ხმაურს გავერიდო, სულ წყნარ ადგილს ვეძებ" - კვირის პალიტრა

"ვცდილობ ქალაქის ხმაურს გავერიდო, სულ წყნარ ადგილს ვეძებ"

(არქივი)

2023 წელს, რუსთაველის ეროვნული თეატრის 145-ე სეზონი „მიჯაჭვული პრომეთე“ - ეპიზოდი პირველის პრემიერით გაიხსნა. მალევე მაყურებელს ძველი ბერძნული პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლის უკვე მეორე ნაწილი წარუდგინეს. მოგვიანებით, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა და 3 დეკემბერს თეატრში მისულმა საზოგადოებამ ორმოქმედებიანი ტრაგიკული ფანტაზია, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ იხილა. კლდეზე მიჯაჭვული ტიტანის როლს ლევან ხურცია ასრულებს, რომელსაც რთული მისია დაეკისრა. აღნიშნული პერსონაჟის განსახიერება, ამ ეტაპზე, მის სამსახიობო კარიერაში შეიძლება ყველაზე გამოკვეთილ და მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს.

- ლევან, 18 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და ამდენივე წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ინტერვიუ ჩაგვიწერია და ერთგან ამბობ, თეატრში მისული, სპექტაკლის წინ, 10 წუთით ვიძინებ, ხოლო სპექტაკლის დასრულების შემდეგ კათხა ლუდს ვსვამო. დღესაც ასეა, თუ რამე შეიცვალა?

- სპექტაკლის წინ 10 წუთით ძილი დარჩა, მაგრამ კათხა ლუდი აღარ არის. უბრალოდ, ლუდის დალევის სურვილი გაქრა (იღიმის).

- ახალ სპექტაკლზე ვისაუბროთ. რამდენი ხნის წინ დაიწყეთ „მიჯაჭვულ პრომეთეზე“ მუშაობა?

- ერთი წელი გავიდა, რაც სპექტაკლზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. თავდაპირველად ბატონ რობერტს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა, გვინდოდა ერთ მოქმედებაში მოყოლილი ამბავი ყოფილიყო, მაგრამ პროცესში მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სათქმელი ბევრია. ეს ჩვ.წ.აღ-მდე არსებული პიესა არ ბერდება და იმდენად ბევრი რამ ემთხვევა თანამედროვეობას, რომ მივხვდით, ყველაფერი საათ-ნახევარში ვერ ჩაეტეოდა. ამიტომ სპექტაკლის დადგმა ორ ნაწილად გადაწყდა, მერე ესეც შეუძლებელი გვეჩვენა და მივედით დასკვნამდე, რომ ტრილოგიად ვაქციოთ. პირველი და მეორე ეპიზოდის პრემიერა ცალ-ცალკე უკვე იყო, ახლა გაერთიანებული ვერსიის პრემიერაც გაიმართა და ვნახოთ, მესამეზე მუშაობას გავაგრძელებთ თუ არა...

levan-xurcia-3-1702804363-1781256905.jpg

რაც შეეხება რეპეტიციებს, ტკბილ-მწარე გამოდგა, რადგან ბევრი ქარტეხილი, კამათი და მსჯელობა ახლდა. პრომეთეს გმირიც, ჩამოყალიბებული ხასიათის მატარებელი არ არის, კრებითი სახეა. ფაქტობრივად, ადამიანი მისი ძალისხმევითა და საქციელით მოვიდა დღემდე. აქედან გამომდინარე, რთული იყო ამ არსების ხასიათის მიგნება და ძებნა-ძებნამ ბევრი დრო წაიღო. ბოლოს იქამდე მივედით, რომ აქ არავითარი გამომსახველობითი მხარე საჭირო არ იყო, არამედ მთავარია მისი სულიერი და შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა. მარტივი არ არის, ასეთ ბუმბერაზ და საოცარ ენერგიას ჩასწვდე, თუმცა, ვეცადეთ მიგვეღწია იმისთვის, რომ პრომეთეში არსებული კაცობრიობის უდიდესი სიყვარული წინა პლანზე წამოგვეწია... პირველი და მეორე ეპიზოდი თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ მას საერთო ენერგია, ვიზუალი და სათქმელი აერთიანებს. მაყურებლის სურვილი იყო, ორივე ეპიზოდი გაერთიანებული ეხილა და ასეც მოხდა. ვნახოთ, ეს ექსპერიმენტი როგორ გაამართლებს.

იხილეთ სრულად