გამოჩნდებიან თუ არა ახალი ძალები ქართულ პოლიტიკაში?!
ციხეში მყოფი სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, მოლაპარაკებებს მართავს ცალკეულ პირებთან და მერე ციხიდან აგებინებს საკუთარ პარტიას, რომ თავმჯდომარედ კონკრეტული ადამიანი შეარჩია. გასაგებია, რომ ერთ დროს ეს პარტია მან დააარსა და ერთგული მხარდამჭერებიც დღემდე ჰყავს, მაგრამ ფაქტია, დღეს ეს ადამიანი თავის ჭკუაზე და ერთპიროვნულად ისე მართავს ამ პარტიას, რომ მისი წევრები თუ ლიდერები ხმის ამოღებას ვერ ბედავენ კი არა, დითირამბებს უმღერიან და ისიც კი არავის ახსენდება, რომ პარტიულ საქმიანობაში ჩარევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონით ეკრძალება, და "ოცნებამ" რომ მოინდომოს, ამ პარტიის გასაუქმებლად რაღაც მიზეზების გამოგონება თუ ქოთნისთვის ყურის საითაც უნდა, იქით მობმა, არ დასჭირდება. გასაგებია, რომ დითირამბებს საკუთარ ლიდერს არც მმართველი პარტია აკლებს, თან იმ დროს, როდესაც ფაქტობრივად ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა ელოდება ქვეყანას, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

- არაფერი განსაკუთრებული ახლა ეს არ არის. როდესაც ქვეყანაში ან პარტიაში კრიზისია, მას სხვადასხვა გამოვლინება აქვს და ესეც ამ კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ჩემთვის ამაში უცხო და უცნაური არაფერი ყოფილა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვიტყვი, რომ პარტიაში ასე არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. წარმოუდგენელია, არაფორმალურმა ლიდერმა, თანაც ციხიდან, ვიღაც სადღაც დანიშნოს და რაღაც რეორგანიზაცია გამოაცხადოს. ასე არ ხდება, რადგან პარტიას აქვს თავისი მმართველი ორგანო, რომლის მეშვეობითაც უნდა ხდებოდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დამყარებულია ავტორიტარული, პარტიული მმართველობა.პრინციპში, ეს არ გვიკვირს, ისევე, როგორც არ გვიკვირს იგივე პროცესები "ქართულ ოცნებაში" - ანუ, ერთი მხრივ, ბიძინა და მიშა კი დაპირისპირებული არიან, მაგრამ მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ავტორიტარიზმი მიშას, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ პარტიაში აქვს დამკვიდრებული, ბიძინას კი - პარტიაშიც და მთელ სახელმწიფოშიც, თორემ ისე, მენტალობით, ისინი სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს.
პირდაპირ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი აზრის ვარ ნანუკა ჟორჟოლიანის მენეჯერულ-ორგანიზაციულ თვისებებზე და ის, როგორც ჩანს, კარგი ორგანიზატორია, რეალურად ამ ინიციატივას დიდი პერსპექტივა არა აქვს.
არა მგონია, მას რამე გამოუვიდეს, რომც დათანხმდეს. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, ცოტა ღრმად რომ ჩაიხედავს პროცესებში, არ დათანხმდება და გაეცლება ამ საგიჟეთს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ წლების განმავლობაში მუდმივად განიცდიდა ელექტორალურ შეკუმშვას. მას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული ბაზა და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერიც ჰყავს, მაგრამ ეს ძალა არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყოს. ამასთანავე, პარტიას ელექტორატის ზრდის პოტენციალი აღარ გააჩნია.
ამ პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარ, ფუნდამენტურ ფაქტორს დაგისახელებთ - ადამიანები საქართველოში არჩევანს აკეთებენ მომავალზე. მომავლის არჩევანია მნიშვნელოვანი - როდესაც შენ მხარს უჭერ ვიღაცას, გინდა მომავალში უკეთესობა იყოს, ამ დროს კი ამომრჩევლის ცნობიერებაში "ნაციონალური მოძრაობა" უფრო წარსულს უკავშირდება, ვიდრე მომავალს, ხოლო "ქართული ოცნება" - აწმყოს. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც იმაზეა თანახმა, რომ წარსულში დაბრუნდეს, რა ტიპის რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ პარტიაში. საზოგადოებას სჭირდება მომავლის არჩევანი, ეს არჩევანი კი სრულიად ახალ ლიდერებს უკავშირდება. ისინი ჯერ არ ჩანან, თუმცა მოთხოვნა მათზე ძალიან მაღალი და დეფიციტურია. ბუნებრივია, ეს ახალი ძალა ვერ იქნება "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად იმისა, რომ მას სტაბილური მხარდაჭერა აქვს, რომელიც საგრძნობლად შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც იყო თუნდაც ერთი ან ორი წლის წინ - ჩვენ მუდმივად კლების ტენდენციას ვაკვირდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა არჩევნებზე ამ პარტიის მხარდამჭერები ორად გაიყვნენ და სერიოზული ნაწილის მიგრაცია მოხდა ოთხ ნომერში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან. დღეს ერთადერთი, რაც ამ პარტიამ შეიძლება გააკეთოს, რომ როგორმე შეაჩეროს დეგრადაცია და შეინარჩუნოს ის, რაც ჯერ კიდევ აქვს, ხოლო იმის იმედი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდიან, რა რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ, მე ნამდვილად არა მაქვს.
- პრობლემა მხოლოდ ის ხომ არაა, რომ სააკაშვილი ციხეშია, იქიდან ნიშნავს იმ პარტიის ლიდერებს, რომელთანაც ოფიციალურად არაფერი აკავშირებს. გასაგებია, რომ ერთ დროს ამ პარტიის ლიდერი და დამფუძნებელია და მის ავტორიტეტს ამ პარტიაში უპირობოდ აღიარებენ, მაგრამ ის არ არის საქართველოს მოქალაქეც კი და ამ დროს პირდაპირ ერევა პარტიის საქმიანობაში, რაც კანონდარღვევაა. ან თვითონ რატომ მიდის ამაზე, ან ამ პარტიის ლიდერები რატომ ეთანხმებიან ყველაფერზე ასე თვალდახუჭული? სხვათა შორის, ამით მელიას ის ნათქვამიც, რომ მიშა "ოცნებას" რაღაცებზე ურიგდება, გარკვეულ საფუძველს იძენს, არა?
- ჰო, ახლა თავად ბიძინაც საფრანგეთის მოქალაქეა. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკაში დამკვიდრდა არაფორმალური მმართველობის აი, ეს მანკიერი სისტემა - ქვეყანას მართავენ არაინსტიტუციური პირები, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ მთელი პოლიტიკური სამყარო თვითონ შეავსონ. მათი მხარდამჭერებიც სწორედ ამას ამბობენ, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ ბიძინა და მიშა და მათ მეტი არავინ. აქ, ალბათ, სწორედ ეს ორპოლუსიანობაა სახსენებელი, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა ქართულ პოლიტიკაში. არადა, საშუალოსტატისტიკურ ამომრჩეველს უკვე დიდი ხანია აღარც ერთი უნდა და აღარც მეორე.
- ივანიშვილი ორმაგი მოქალაქე მაინც არის და პარტიაშიც რაღაც პოზიცია აქვს. ბოლოს და ბოლოს, საპატიო თავმჯდომარეა და პარტიის წესდება პრემიერის დასახელების უფლებასაც აძლევს - ანუ ფორმალურ დონეზე სხვა სიტუაციაა, თან ამომრჩევლის რაღაც ნაწილს კი აღარ უნდა არც ერთი, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ჯამში საკმაოდ დიდ კატეგორიას ეს ორივე მოცემულობა მოსწონს და მხარს უჭერს?
- რა თქმა უნდა, ორივეს ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მეტსაც გეტყვით, მიშას ნატურალური მხარდამჭერი იმაზე მეტიც ჰყავს, ვიდრე ბიძინას. ბიძინას ირგვლივ ძირითადად მაინც მედროვეების დაჯგუფებებია შემოკრებილი - ანუ ნატურალური მხარდამჭერი ბიძინას პრაქტიკულად არავინ არ ჰყავს, მაშინ როდესაც მიშას ჰყავს ფანატიკური მომხრეები და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით მიშა ნამდვილად სჯობნის ბიძინას. თუმცა ეს საარჩევნო რაოდენობა მაინც არ არის გადამწყვეტი და კრიტიკული. მართალია, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ის მაინც არ არის ის კრიტიკული მასა, რომელსაც საარჩევნოდ რაღაცის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მას, კი ბატონო, ცხადია, ეხმარება ადმინისტრაციული, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები და ამაში უპირატესობა აშკარად მმართველი გუნდის მხარესაა, რაც ბუნებრივიცაა. ამ ყველაფრის და უალტერნატივობის გამო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს. "ქართული ოცნება" დღეს ხომ ფაქტობრივად სწორედ უალტერნატივობაზე დგას? თავად ბიძინაც დიდი ხანია აღარ ამბობს, რომ თვითონ არის კარგი ბიჭი. ბიძინა პირდაპირ ამბობს - მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიანო. სამწუხაროდ, აი, ეს სკეპტიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულება მყარად არის დანერგილი საზოგადოებაში და ამას დიდწილად თავად ოპოზიციაც უწყობს ხელს. დღეს ბიძინას ძალაუფლება სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე დგას და სხვა ფაქტორი არ არსებობს, რაც არსებულ სისტემას სტაბილურობას შეუნარჩუნებდა.
- რა როლი აქვს ოპოზიციის სისუსტეში უშუალოდ ივანიშვილს? მელია-სააკაშვილის დაპირისპირებით თუ ვიმსჯელებთ, ერთმანეთს ფაქტობრივად ბიძინასთან გარიგებაში ადანაშაულებენ და თქვენ რას ფიქრობთ, რომელი ფრთა შეიძლება იყოს გარიგებული თუ ორივე ცალ-ცალკე?
- გეთანხმებით, ძალიან უცნაური სურათია. ოპოზიციური პოლიტიკური კლასი ძირითადად კომენტატორებად იქცა და მთელ დღეს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ატარებს. ჩვენს პოლიტიკურ კლასს, კონკრეტულად ოპოზიციურ პოლიტიკურ კლასს ვგულისხმობ, რეალურ პოლიტიკურ პროცესთან ბმა დაკარგული აქვს. ისინი პროცესებში არ მონაწილეობენ, მხოლოდ კომენტატორებად არიან გადაქცეული და არანაირი ახალი პროცესის ინიცირებას ვერ ახდენენ.
- ამ კვირაში მოვისმინეთ ასევე, როგორ მიუძღვნა საგანგებო ბრიფინგი პრემიერმა ივანიშვილის ქება-დიდებას და ეს ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო, კობახიძის, ივანიშვილის თუ "ოცნების"? ივანიშვილს ასეთი დამოკიდებულება მართლა მოსწონს და რაში სჭირდებოდა დღეს ეს პრემიერს, რა პოლიტიკური პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს?
- საერთოდ, ეს ავტორიტარული სისტემები, რომლებიც ვახსენე, არც ერთი, არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება", არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ესენი უფრო ერთგვარი ტოტალიტარული სექტებია, სადაც ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, რაღაც რელიგიურ პრინციპებსა და დოგმებზეა დამყარებული. რაც მთავარია, ეს სისტემა მონოთეისტურია - არსებობს ერთი ღმერთი, ხოლო დანარჩენი ყველა მრევლია. ჰოდა, მრევლში ვიღაცას რომ გაუჭირდება, რა უნდა ქნას? როცა გიჭირს და პრობლემა გაქვს, ხომ უნდა ილოცო? ისინიც ლოცვას აღავლენენ ხოლმე. როდესაც ვიღაცას უჭირს, მაშინვე ლოცვას აღავლენს ხოლმე და... ახლა ღმერთი, როგორც ჩანს, გაბრაზებულია და ესენიც ლოცულობენ. სწორედ ამ მანტრებს, ოდებსა და პანეგირიკებს ვისმენდით ამ დღეებში. ეტყობა, უჭირს კობახიძეს და ლოცვები აღავლინა, რომ იქნებ ღმერთმა აპატიოს და რაღაც შეუნდოს. შეუნდოს ღმერთმა და, აი, ასეთი საჯარო ლოცვები მოვისმინეთ. აქედან კი ის უნდა დავასკვნათ, რომ უჭირს ამ ბავშვს რაღაცა და ღმერთს შენდობას სთხოვს.
- თითქოს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ და თან ულტიმატუმებს უყენებენ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობაო. პლუს ბოლო დღეებში გავრცელებული შათირიშვილის წერილი, სადაც ის ისევ "დიფ სტეითის" მიერ დამარცხებულ ტრამპზე ლაპარაკობს. ყველამ ვიცით, რომ ის ივანიშვილის დამოკიდებულებების გამხმოვანებელია და ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს?
- სისტემურად ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება ილუზიაა, ხომ? საერთოდ ორი ტიპის ურთიერთობა არსებობს ქვეყნებს შორის - ერთი არის კონკრეტულ საკითხებზე ურთიერთსარგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება, და არის მეორე - პარტნიორული ურთიერთობა, სადაც უკვე რაღაც სინქრონიზაცია ხდება - ცხოვრების წესის, რაღაც თამაშის წესების და ა.შ. ამ ურთიერთობაზე, ამ ტიპის სისტემურ ურთიერთობაზე ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ხანია უარი თქვა. აქედან გამომდინარე, დალაგება რას ჰქვია? დალაგება იმას ჰქვია, ჩვენი ხელისუფლება ითხოვს, კაცო, მოდი, ჩვენ რაღაცა ბიზნესი გავაკეთოთ ერთად და შენი საქმე არ არის, მე აქ დემოკრატია მექნება თუ რა მექნებაო, ხომ? ამ ტიპის ურთიერთობაც აქვს შეერთებულ შტატებს, თუნდაც არაბულ სამყაროსთან, ჩვენს რეგიონშიც ბევრ ქვეყანასთან, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ და მეტი არაფერი ხდება. შესაბამისად, ურთიერთობის დალაგება რასაც ჰქვია, მე ეს გამორიცხული მგონია. ერთადერთი, კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება რაღაც ტიპის თანამშრომლობა შედგეს, არა უმეტეს ამისა.
- მეორე მხრივ, თითქოს ხელისუფლება მაინც ცდილობს პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, რომ დასავლეთთან ფორმალურად რაღაც სათქმელი ჰქონდეს. თუნდაც პატიმრების გათავისუფლება, მართალია, საპროცესო შეთანხმებებით, მაგრამ მაინც გათავისუფლება, პოლიტიკოსების საქმეების სასამართლო განხილვების დაჩქარება არ ნიშნავს, რომ "ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტა მაინც არ უნდა?
- ეს ყველაფერი ჩვეულებრივი იმიტაციაა, რათა მომავალში, როდესაც პარტნიორებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, რაღაც სათქმელი ჰქონდეთ. ხელისუფლებას ხომ ესმის, რომ დასავლეთთან გარკვეული ტიპის ურთიერთობა მაინც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. მათ ზედმიწევნით კარგად აქვთ შესწავლილი ის ძირითადი პრეტენზიები, რომლებსაც დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო უყენებს ქვეყანას. შესაბამისად, იქ, სადაც ჩათვლიან, რომ მათთვის პრობლემა არ არის და რაღაცის დათმობა შეუძლიათ, ნაბიჯებს დგამენ მხოლოდ იმისთვის, რომ კრიტიკის საპასუხოდ მაგიდასთან ხელჩასაჭიდი არგუმენტი ჰქონდეთ. აი, რეალურად ეს ხდება და მეტი არაფერი.
- ბოლო დღეებში ასევე გააქტიურდა ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. თქვენ ამ მხრივ რას ელოდებით?
- წარმოიდგინეთ თავი ევროპელების ადგილას - რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება ლანძღავდეს მათ დედაბუდიანად, ყოველდღე უწოდებდეს "გლობალური ომის პარტიას", "სისხლიანებს", ახსენებდეს რაღაც "თავსმოხვეულ ძალებს" და იმავდროულად, ამ ქვეყნის მოსახლეობაც, ასე რომ ვთქვათ, ამ კურსს ეგუებოდეს ან ეთანხმებოდეს. თუ ეს ძალა ხელისუფლებაშია, ევროპელის თვალში ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაც იზიარებს ამ რიტორიკას. აქედან გამომდინარე, ევროპაში სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა - მე რატომ უნდა მინდოდეს ასეთი განწყობების მქონე ხალხი ჩემთან, ევროკავშირში, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობდეს? იყვნენ მაშინ თავისთვის, რა პრობლემააო. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის გაუქმების ან შეჩერების პერსპექტივა რეალურია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად და მყისიერად მიიღებენ, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი დასავლეთმა დღის წესრიგში დააყენოს.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს?
- სამომავლო პოლიტიკური პროცესები დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პარტიული მოზაიკა გვექნება ქვეყანაში - რა ახალი ძალები გამოჩნდებიან მომავლისთვის, რამდენად აქტიურები იქნებიან ისინი და რამდენად ეფექტურად იმუშავებენ მოსახლეობასთან.
დღეს საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა ძალიან მაღალია, უბრალოდ, ჯერ არ ჩანს არავინ ისეთი, ვინც ამ მუხტის კონსოლიდაციას მოახერხებს. პირიქით, ჩვენ მუდმივად უფრო მეტად გათიშულობასა და ფრაგმენტაციას ვაკვირდებით. არადა, ყველაფერი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა ამ საერთო განწყობების გაერთიანება. ჩვენთან საპროტესტო მუხტის მოცულობა უკვე ისეთ ნიშნულზეა, რომელსაც რეალურად შეუძლია ნებისმიერი ხელისუფლება წალეკოს. თუმცა სხვა საკითხია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ომის მომგები არმია, რომელსაც სარდლობა და წინამძღოლი არა ჰყავს. ჩვენ დღეს გვყავს ასეთი არმია - გვყავს ხალხი, უბრალოდ, არ გვყავს სარდალი, რომელიც წინ გაუძღვება ამ ყველაფერს.
- მედიით გავრცელდა ფირი, სადაც პოლიციელები უმოწყალოდ სცემენ დაკავებულ ახალგაზრდებს. ვიდრე სიუჟეტი გავიდოდა, შსს-მ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის 2022 წელს მომხდარი ფაქტი და ეს პოლიციელები 2026 წლის იანვარში დავაკავეთო. ერთი მხრივ, ეს ჩანაწერი და მეორე მხრივ, შსს-ს განცხადება რისი მაჩვენებელია?
- იმის მაჩვენებელია, რაც, პრინციპში, ისედაც ვიცით. რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან რთულია, მაგრამ, სამწუხაროდ, გასაკვირი არაფერია - ჩვენი ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია. ბიძინა ივანიშვილი სისტემას კი არ ებრძოდა, სისტემა გადმოიბარა და "დახვეწა" კიდეც.
ხელისუფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევას უტიფრად "ცალკეულს" უწოდებს. უამრავი ფაქტი დაგროვდა უკვე და ყველაფერზე გვეუბნებიან, ეს გამონაკლისიაო. ეს რომ არ გახმაურებულიყო, რეაგირებაც არ იქნებოდა. ახლა ვითომ ოთხი წლის თავზე, თებერვალში ჰქონდათ რეაგირება.
ვვარაუდობ, რომ თებერვალში გაიგეს ფირის გაჟონვის ამბავი და პრევენციულად ვითომ ზომები მიიღეს - ეს გვაჩვენეს. თებერვალში არ გამოქვეყნებულა, ახლა გამოქვეყნდა.
თუ გახსოვთ, 2011 წელს ხელისუფლებამ წინასწარ რომ გაიგო ციხის კადრების არსებობის შესახებ, ორი თანამშრომელი პრევენციულად დაიჭირა, რათა მერე ეთქვა, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავეები და სხვა არაფერი ხდებოდა.
ზუსტად იგივეა ახლაც, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. სისტემური მანკიერება ისევ სისტემურ მანკიერებად დარჩა, ოღონდ, სამწუხაროდ, მასშტაბი გაიზარდა.
რუსა მაჩაიძე