ოპიოდური ჭირი - კვირის პალიტრა

ოპიოდური ჭირი

ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, "ალფა-პვპ", "მეტადონი", "მეფედრონი", "ბუპრენორფინი" და სხვა.

როგორც გაირკვა, დაკავებული 79 კაცი ნარკოტიკზე დამოკიდებული "მეტადონის" პროგრამაში ჩართული პირია. ექიმი-ნარკოლოგი, პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში შექმნილ საგანგაშო ნარკოვითარებაზე გვესაუბრება:

- ზედოზირებით გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია, ვინაიდან ამაზე ბოლო დროს მშობლებიც ალაპარაკდნენ. ტრაგედიასთან გვაქვს საქმე 18-19-23-25 წლის ახალგაზრდებს ნახულობენ გარდაცვლილებს, ვინც დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბევრი პირადად მწერს, რომ დაეღუპა ძმა, მეუღლე, შვილი, კომენტარებსაც აღარ ერიდებიან. ადრე მიზეზს მალავდნენ და ამბობდნენ, თითქოს გულით გარდაიცვალა, ან სხვა რამე მიზეზს იგონებდნენ, ისეთი სტიგმატიზებულია ყველაფერი.

განგაშის ზარი დიდი ხანია შემოსაკვრელია, ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ყველას ჰგონია, ეს პრობლემა მას არ შეხვდება, აირიდებს და როცა მის ოჯახს და ახლობელს შეეხება, მერე აცნობიერებენ პრობლემის სიმძიმეს.

პორტუგალიაში კანონმდებლობა და ნარკო­პოლიტიკა მას მერე შეიცვალა, რაც პრემიერ-მინისტრის შვილი ზედოზირებით გარდაიცვალა. როცა ნარკომანია მისი პირადი ტრაგედია გახდა, მერე დაინტერესდა კანონებით და შეცვალა კანონებიც და მიდგომაც. ღმერთმა ამისგან ყველა დაიფაროს, მაგრამ პირად ტრაგედიებამდე მივდივართ. აქ არც პოლიტიკურ მიკუთვნებულობას აქვს მნიშვნელობა, არც რელიგიურს, არც სექსუალურ იდენტობას და არც არაფერს.

ნარკოტიკის წინაშე ყველა უძლურია, ვინაიდან ის ყველგან შემოდის, თუნდაც დაკეტილ კარში, რადგან დღეს ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში - სტრესი, ტრავმა, დაძაბულობა, დაპირისპირება, ამდენი წელია სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ და ეს ამძიმებს ნარკოვითა­რებას ქვეყანაში. ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის უბედურება, ბულინგი, დაპირისპირება, ერთმანეთის დამცირება...

- ბოლო წლებში გვესმოდა, რომ ქვეყანაში­ სტაბილურად 50 ათასამდე მუდმივი ნარკომომხმარებელი გვყავს. ეს ციფრი, სავარა­უდოდ, გაიზარდა და რატომ, რადგან ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკი თუ მოთხოვნაა დიდი და შესაბამისად, მიწოდებაც იზრდება?

- ბოლო მონაცემებით, საქართველოში 56 000 ნარკომომხმარებელია, 2,2%-ია პრევალენტობა, მაგრამ ეს არის 4 წლის წინანდელი მონაცემები, მას მერე კვლევა არავის ჩაუტარებია. ვფიქრობ, ახლა 60 ათასზე ბევრად მეტი იქნება, იმიტომ, რომ ამ ტიპის ნარკოტიკები 4 წლის წინ ასე გავრცელებული არ იყო. როცა არის მოთხოვნა, იზრდება მოწოდებაც. რაც არ უნდა ამოიღო ნარკოტიკი, თუ მოთხოვნა არ შემცირდა, საშველი არ იქნება. გააჩნია ნარკოტიკს, არის ნარკოტიკი, რომელზეც ფიზიკური დამოკიდებულება არ არის, მაგრამ როცა ლაპარაკია ოპიატზე, მძიმე "ამფეტამინზე", "ბუპრენორფინსა" და სხვა ასეთი ტიპის ნარკოტიკებზე, ისინი ქმნიან მძიმე დამოკიდებულებას. ადამიანები ნებისმიერ გზას იპოვიან იმისათვის, რომ იშოვონ და მოიხმარონ. დღეს ერთს დაიჭერენ, ხვალ მეორეს, ზეგ გაჩნდება მესამე...

სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა რომ გამოაცხადა, მსოფლიოში რაც კი ნაგა­ვი არსებობდა, რაც კი კუსტარული და სააფთიაქო ნარკოტიკი იყო, ყველა გაჩნდა ქვეყანაში (და ჩნდება დღესაც), რომელიც დღემდე პრობლემაა (ვინტი, ჯეფი...), უბრალოდ, დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება მაშინ­დლისგან - დღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იმდენად გავრცელებულია და იმდენად ადვილად შესაძლებელია მათი კუსტარულად დამზადება სამზარეულოში, რომ აღარ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი - 1 ჭიქა პრეკურსორიდან შეიძლება 3-4 კილოგრამი ან ლიტრობით ასეთი ნივთიერება დაამზადო. ასეთი ლაბორატორია ბევრია ქვეყანაში. რამდენიმე ლაბორატორია აღმოაჩინეს კიდეც და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა ლაპარაკი, დღე არ გავა, ნარკოტიკი არ ამოიღონ.

- სულ ახლახან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზატორებიც ყოფილან..

- კი, დაიჭირეს და საოცრებაა, რად­გან აქედან 79 კაცი ჩართული იყო "მეტადონის" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში. რა ხდება, პაციენტებს დაერივნენ და პროგრამების დისკრედიტაცია ხდება, თუ რა? ისიც არ ვიცით, რეალიზატორები იყვნენ თუ არა, პაციენტები დაიჭირეს, რომელთაც პროგრამიდან ჩამანაცვლებელი პრეპარატი გამოჰქონდათ თუ რა, ამას ვერ გავიგებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ 79 პაციენტი დაიჭირეს, შემზარავია. ეს ნიშნავს, რომ სისტემა აბსოლუტურად მოშლილია, აღარაფერი მუშაობს ქვეყანაში, მუშაობს მხოლოდ პოლიცია, რომელიც მომართულია მხოლოდ დაჭერა-დასჯაზე.

- ანუ ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიულია და ის წამალდამოკიდებულთა დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას?

- ჩვენ ნარკოპოლიტიკა აღარ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ პოლიციური ღონისძიებები.

ნარკოპოლიტიკა არა მხოლოდ მიწოდების შემცირებაა, არამედ არის მკურნალობა, პრევენცია, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაცია, კვლევები, შავი ბაზრის კვლევა, კლუბების გაკონტროლება, ნარკოტესტირება, "ნალოქსონის" დარიგება, ახალგაზრდების ინფორმირება - აი, ეს არის ნარკოპოლიტიკა.

ჩვენ სახეზე გვაქვს მხოლოდ დავიჭირეთ-გამოვუშვით, თორემ ფაქტია, 1885 უვადო პატიმარი არა გვყავს (ამდენი დავიჭირეთო, რომ ამბობენ) და 20 წელი ნამდვილად არავისთვის მიუსჯიათ. ესენი მხოლოდ მომხმარებლების დასჯაზე არიან გადასული. წარმოიდგინეთ, ამ 119-დან 79 კაცი იყო ჩართული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, რატომ დაიჭირეს მომხმარებლები, რა დააშავეს? ამდენი წელია დავნერგე და ვხელმძღვანელობ ჩანაცვლებით თერაპიას და ასეთი ფაქტი არ მახსენდება. ეს ან პროგრამის დისკრედიტაციას ემსახურება, ან ისეა მოშლი­ლი პროგრამებში ყველაფერი, ზოგადად სერვისი, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ის აღარ არსებობს.

- ნარკოვითარება რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში, რა უნდა გაკეთდეს?

- უპირველესად უნდა შემცირდეს მოთხოვნა, სხვაგვარად ნარკოსიტუაცია არ გაუმჯობესდება. ჩვენ დიდი რაოდენობით ნარკომომხმარებელი და დამოკიდებული პირი გვყავს. ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 15-20%, 80% კი სისტემის გარეთაა, არ იღებს არანაირ სერვისს - არც ამბულატორიული მკურნალობა არსებობს, არც რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია დახურეს. მთელ იმერეთში ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი საიტია, ერთ ადგილას 1800 კაცი დადის, დარწმუნებული ვარ, ექიმის სახელიც არ იციან. თბილისში უარესი ხდება, პაციენტები მწერენ, ისე გვექცევიან, როგორც ცხოველებსო. იმ ცენტრებში ღირსების მქონე ადამიანი არ მივა –- დანგრეული შენობები, ანტისანიტარია, სრული განუკითხაობაა და ამ ცენტრების გარშემო პოლიციის 10 მანქანა მაინც დგას. შედის პაციენტი, გამოდის და იჭერენ. ფაქტია, უფსკრულისკენ მივდივართ, საქართველო ახალგაზრდების სასაკლაო გახდა.

რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა. 13-14 წლის მზრუნველობამოკლებული ბავშვები ან პროსტიტუციით, ან ნარკოტიკის მოხმარებით არიან დაკავებული.

- ამას წინათ, "კეტამინზე" საუბრობდით, რომელსაც უკვე კლუბურ სივრცეში მოიხმარენ. რითია საშიში ის და დღეს მომხმარებლებში რომელი ნივთიერებებია ყველაზე პოპულარული?

- "კეტამინი" ბოლო დროს ძალიან პოპულარულია, ის საანესთეზიო საშუალება, ჰალუცინოგენია. მარტო "კეტამინი"? დღეს საქართველოში ნარკოტიკების ასორტიმენტს თვლა არა აქვს. გუშინ შევედი "დარქნეტზე" და ისეთი ნარკოტიკის დასახელება ეწერა, ვერც მივხვდი, რა იყო. მომხმარებლებმა ამიხსნეს და, ცოტა არ იყოს, შევშინდი, რამე ახალი ხომ არ გაჩნდა-მეთქი. როგორც ჩანს, ახალია, უცნაური სახელი აქვს. კოლეგებსაც მივწერე უცხოეთში, ხომ არ იცით, რა ნივთიერებაა-მეთქი. ეს სტატიონინები, ძირითადად, ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაშია (ევროპაშიც, რა თქმა უნდა) გავრცელებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნივთიერებებისა და მარილების კომბინაციაა - რამდენიმე ნივთიერებას აერთებენ და არქმევენ სახელს. ეს ახალი ტიპის ნივთიერება ბევრად მძიმე, ტოქსიკური და საშიშია. მომხმარებლებმა მომწერეს, ამას რომ გაიკეთებ, შეიძლება გული გაგიჩერდესო, მაგრამ რად გინდა, მაინც იკეთებენ. ისეთი რეგიონები იყო ჩამოთვლილი, გავგიჟდი, ყველგან შეიძლება შეძენა. დღეს ბაზარზე, ძირითადად, არის "მეტადონი", "ჰეროინი", კატიონინები - "ალფა-პვპ", "მეფედრონი", "კლეფედრონი", "ფენტანილი" არ იყიდება, მაგრამ, ალბათ, გარეულია.

ყველაზე დიდი პრობლემა მომხმარებლებშია - ჰგონიათ, არის ნარკოტიკი, რომელიც უსაფრთხოა (კლუბურს რომ უწოდებენ) და არ იწვევს ზედოზირებას, მაგრამ იმას ვერ ითვალი­სწინებენ, რომ ასეთი რამ აღარ არსებობს - ეს არის მიქსები და სიკვდილის მთავარი მიზეზი, მომხმარებელმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა იმიტომ, რომ ნივთიერებაში ოპიატი იყო გარეული.

222-1751233267-1781440622.jpg

- ზედოზირების მართვა რატომ ჭირს, რა პრობლემა აქვს ჯანდაცვას?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ "სასწრაფოს" არ იძახებენ, ეშინიათ, რადგან მას მოჰ­ყვება პოლიცია და ჰგონიათ დაიჭერენ (და, ალბათ, იჭერენ კიდეც). "სასწრაფომ" მთავარია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს და სტაციონარამდე მიიყვანოს, ამ შემთხვევაში მას ბევრი არ მოეთხოვება. სტაციონარში უნდა დადგინდეს, რომ ეს არის ნარკოტიკის ზედოზირება და ამას ვინც ადგენს, მას მოეთხოვება ცოდნა. ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების გაჩენასთან ერთად, სასწრაფო დახმარების ექიმებს სჭირდებათ გადამზადება, რათა ზუსტად იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე. ჩვენ უნდა ჩავრთულიყავით პირველადი გაფრთხილების სისტემაში, რომელიც მუშაობს ევროპაში, ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ჩაიშალა... სისტემაში ყველა ცნობილი ნივთიერება და სიმპტომებია ჩამოთვლილი, იქ ტვირთავს ყველა (ემერჯენსი, ნარკოლოგი, ფსიქიატრი, სათემო ორგანიზაციები), ვისაც აქვს შეხება და სადაც მომხმარებლები არიან. ეს არის წინასწარი გაფრთხილების სისტემა, სადაც ტვირთავენ ახალ შემთხვევებს, აღწერენ და უკვე იცი, როგორ მოიქცე. ჩვენ ინტოქსიკაციური ფსიქოზების მართვაც არ ვიცით, დღეს კი ემერჯენსში ასეთი პაციენტები ხვდებიან. ვინმეს კი არ ვაკნინებ, ან კვალიფიკაციას კი არ ვუწუნებ, მაგრამ მძიმეა ამ სიმპტომებთან გამკლავება, დიაგნოსტირებაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან არც ერთ კლინიკაში არ არის ტესტირების აპარატები, ამასთან, ბევრი მალავს, რომ ნარკოტიკი მიიღო. არადა, თუ სიმართლეს იტყვიან, მართვა უფრო იოლია.

- გარდაცვალების მიზეზები და პრობლემა ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი ნივთიერებებია?

- პრობლემა სტიგმაა, ასევე შიში, რაც გამოიწვია რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ, პრობლემაა ნარკოტიკის ძალიან მაღალი მოთ­ხოვნაც; პრობლემაა ახალი ფსიქოაქ­ტიური ნივთიერებები, ველოკარტები, რომლებიც აბსოლუტურად უკონტროლოა და რეალურად, რა ნივთიერებებს მოიხმარენ მათ წრეში, გაურკვეველია; პრობლემაა პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად და ყველანაირად დამძიმებული სიტუაცია, რაც უფრო ამძაფრებს ნარკოტიკების მიღების სურვილს; პრობლემაა სერვისების არარსებობა... ეს პრობლემები გვიდგას დღეს, რომელთა გადაჭრასაც არავინ ცდილობს, პლუს ახლგაზრდების დაბალი ცნობიერება, რომლებმაც არ იციან, რა ნივთიერებაა, როგორ მოიხმარონ ან რატომ უნდა მოიხმარონ. მათში ასეთი ცნობიერებაა, მე დამოკიდებული არა ვარ, უბრალოდ, ვერთობიო და ეს "ვერთობი", სამწუხაროდ, მთავრდება სიკვდილით, მძიმე კომით ან ფსიქიკური აშლილობით. ასეთ პაციენტებს ფსიქიატრიული საავადმყოფები ვეღარ აუდიან, იმიტომ, რომ ნარკოლოგიას არა აქვს იძულებითი მკურნალობა, ფაქტობრივად, არც საწოლები გვაქვს ნარკოლოგიაში. ამათ ვითომ უზარმაზარი თანხა რომ გამოყვეს სავალდებულო მკურნალობაზე, არც ვიცით, რაში იხარჯება.

გუშინწინ მირეკავს მომხმარებელი (ასეთი ბევრია), რომელიც თებერვა­ლში დაიჭირეს, მას მერე მიდის სასამა­რთლოები, ახლა ივნისია და ამასობაში ამ ადამიანმა იმკურნალა, აღარ არის მომხმარებელი, აღარაფერი სჭირს, გამოჯანმრთელების გზაზეა, რეაბილიტაცია გაიარა, ახლა აქვს სასამართლო პროცესები და მას სავალდებულო მკურნალობას დაუდგენენ. სად ვართ, გამაგებინეთ?

- რა გზით, როგორ შემოდის დღეს ბაზარზე ამდენი ნარკოტიკი და რატომ არის ასეთი რთული მისი გაკონტროლება?

- იმიტომ, რომ აქ მზადდება, რად უნდა ამას ბევრი ძიება - შემოდის პრეკურსორი, რომელიც ინტაქტურია, ანუ დაუმუშავებელი, აბსოლუტურად არაკონტროლირებადი ნივთიერება (შეიძლება იყოს კვებითი დანამატების სახით) და რომელსაც ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ. ეს ხომ სინთეტიკაა, მას არ სჭირდება ძნელი ტექნოლოგიები, უადვილესია მისი დამზადება.

- სახელმწიფოს როლი ამ პრობლემასთან ბრძოლაში როგორია?

- სახელმწიფო რომ გვქონდეს, ასეთი ამბავი არ იქნებოდა.

დღეს ნარკომანია ნომერი პირველი პრობლემაა და ჩინეთის ექსპანსია კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას, ვინაიდან მსოფლიოში იქიდან შემოდის პრეკურსორების 80%. ჩინეთია პრეკურსორებისა და ნებისმიერი სინთეტიკური ნივთიერებების მთავარი მწარმოებელი. ჩინეთის გზის გაჭრა და მათი ინტერესების გატარება აქ უფრო მეტად გაზრდის ნარკოტიკის წარმოებას და პრეკურსორების ტრანზიტს, რომელიც სხვა ქვეყნებში გადავა იმისთვის, რომ ნარკოტიკი დამზადდეს.

ასე თუ გაგრძელდა, გვემუქრება ახალგაზრდებში ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, ნარკოპოლიტიკის სრული კრახი, ზიანის შემცირების პროგრამების დახურვა, ინფექციის გაზრდა, ჩ-ჰეპატიტის გახშირება (რაც უკვე გვაქვს), ძალიან ბევრი რეინფიცირება და მეტი რაღა უნდა დაგვემართოს? ახალგაზრდების სიკვდილიანობაზე მეტი საშინელება რაღა უნდა იყოს?!