საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა: "ჩინური ხაფანგის" საფრთხე, მოსკოვის მიზნები და ამერიკელების გეგმები - კორნელი კაკაჩიას ანალიზი
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში ბოლო დროს მნიშვნელოვანი აქცენტები იცვლება. კონსტიტუციით დეკლარირებული ევროატლანტიკური მიმართულების პარალელურად, სულ უფრო აქტიურად განიხილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევრაზიული ასპექტები, სადაც ჩინეთთან სამი წლის წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა რატომღაც ზუსტად მაშინ გაძლიერდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რა არის წითელი ხაზები საქართველოსთან ურთიერთობაში... რამდენად შეძლებს "ოცნება", რომ აიძულოს ამერიკა "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს მათთან ურთიერთობა და ეს პოლიტიკა ქვეყნისთვის რა შედეგების მომტანია, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით.
- "ქართული ოცნება" ზეწოლას ცდილობს დასავლეთზე და აჩვენებს, თითქოს უკვე ჰყავს სანდო სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამ როლში განსაკუთრებით ჩინეთი გამოჰყავთ. ეს პოლიტიკა, ეტყობა, დიდი ხანია შეთანხმებულია ჩინეთის ხელისუფლებასთან და როგორც კი ამერიკელებმა განცხადება გააკეთეს, იმათ ეს სტრატეგიული შეთანხმება თითქოს კიდევ უფრო განაახლეს.
ეს არის ნიშანი დასავლეთისთვის, თუ თქვენ არ აღიარებთ ჩვენს რეჟიმს და არ მოგვცემთ გარანტიას, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით აქ სამუდამოდ ვიქნებით, თუ არ შეეგუებით აქაურ რეალობას, მაშინ ჩვენ სხვა სტრატეგიული მეგობრები გვყავსო. ეს ერთგვარი ზეწოლისა და შანტაჟის მექანიზმია. ამერიკას ასე მარტივად ვერ დააშანტაჟებ, მაგრამ ეს არის სიგნალი აშშ-ისა და ევროკავშირისთვის, თუ თქვენ არ გინდათ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობა, მაშინ ჩვენ სხვასთან წავალთო.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რაც კონსტიტუციაში ფორმალურად გვიწერია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რასაც "ქართული ოცნება" ალაგ-ალაგ დეკლარირებულად ამბობს, საქართველომ კურსი შეცვალა და ევრაზიულ სახელმწიფოდ იქცა. დავაკვირდეთ ურთიერთობებს ირანთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან. რუსეთთან კარტების პირდაპირ გახსნას ვერ ბედავენ, რადგან ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ იდეოლოგიურად და სისტემურად, ფაქტობრივად, რუსეთსაც უახლოვდებიან - რუსეთიც ხომ ევრაზიული ავტოკრატიული სახელმწიფოა. უბრალოდ, ავტოკრატიული სახელმწიფოების ალიანსში შედიან და იდეოლოგიურად უკვე იქ არიან. ნელ-ნელა იცვლება საგარეო ვექტორი - ზუსტად "ფეხაკრეფით მიპარვის" პროცესი მიმდინარეობს. ამ კურსს მმართველი პარტია "მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკად" ასაღებს. არადა, მულტივექტორული პოლიტიკა ნიშნავს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ესენი კი ამას ვერ ახერხებენ.
- "ოცნება" ჩინეთთან ურთიერთობაში ასახელებს ეკონომიკურ ინტერესებს და ამ მხრივ გაზრდილ მაჩვენებელს. ამისთვის "პოლიტიკური მიტმასვნა" აუცილებელია?
- მე ახლა იაპონიაში ვარ და ძალზე ბევრ პირს ვესაუბრე, მათ შორის ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებს... რეალურად, ჩინეთს "სტრატეგიული ურთიერთობები" იმ გაგებით, როგორც ეს დასავლეთშია მიღებული, არ გააჩნია. ის ჩრდილოეთ კორეასა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებსაც კი არ აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს. ჩინურ "სტრატეგიულ პარტნიორობას" რამდენიმე შრე აქვს და, ძირითადად, მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს გულისხმობს. ეს კურსი არაფრით არ არის უსაფრთხოების გარანტია, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ასე სურს მისი წარმოჩენა დასავლეთის თუ ჩვენი საზოგადოების თვალში.
ზოგადად, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი დასავლეთში არავინ არის, არც ერთ პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ სავაჭრო კავშირები მიუღებელია. პრობლემა სწორედ ის "სტრატეგიული პარტნიორობაა", რომელიც თითქოს ჯიბრზე ამერიკისთვის "წითელი ნაჭრის" ასაფრიალებლად გაფორმდა.
აშშ-ისთვის ჩინეთი სისტემური მოწინააღმდეგეა, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომლისთვისაც მთავარი მიუღებლობა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთია... როდესაც შენ, გაფრთხილების მიუხედავად, ალიანსში შედიხარ დასავლეთის სისტემურ მოწინააღმდეგეებთან, ჩინეთსა და ირანთან, ეს პირდაპირი გაღიზიანების პოლიტიკაა, ზუსტად იმის საპირისპირო, რასაც თავადვე ქადაგებენ მშვიდობაზე. როგორ შეიძლება ამას ერქვას პრაგმატული საგარეო კურსი?
- რის მიღწევას ცდილობს ამით "ოცნება"?
- მთავარი ის არის, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ილუზია შექმნას, რაც ძალიან მოსწონს რუსეთს. ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს - ჩინეთი ამ პროცესში ერთგვარი ნიღაბია. სხვადასხვა მიზეზის, მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისი პირდაპირ რუსეთთან ვერ ითანამშრომლებს, ამიტომ ჩინურ კარტს თამაშობს. თუმცა კრემლის რეაქციას თუ დავაკვირდებით, ის აქებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. მოსკოვის მთავარი მიზანიც ხომ ესაა - საქართველომ უარი თქვას ევროატლანტიკურ კურსზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე და გახდეს ჩვეულებრივი ევრაზიული სახელმწიფო...
- "ოცნება" ამერიკამ მიიღოს ისეთი, როგორიც არის, ამის ალბათობა როგორია? და რაც მთავარია, საქართველოს აქვს ის რესურსი და ამერიკას ისე სჭირდება საქართველო, რომ მიიღოს დემოკრატიული ფასეულობების გარეშე?
- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა დასავლეთისთვის, თუმცა ზედმეტი ილუზიის შექმნა არ შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ოკუპირებული, პატარა და სუსტი სახელმწიფოა.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ფაქტობრივად კონსტიტუციის დარღვევით დაიწყო. ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისე მიიღეს და მოაწერეს ხელი, რომ საკითხი პარლამენტშიც არ განუხილავთ. ეს მოხდა საზოგადოებრივი მსჯელობის, პარლამენტისა და ხალხის გვერდის ავლით, რაც მიუთითებს, რომ პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. საქართველოს ხელისუფლება ხალხის დაუკითხავად წყვეტს იმ საკითხს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეხება. როდესაც საგარეო პოლიტიკას 180 გრადუსით ატრიალებ, ეს აუცილებლად უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი პარტიებს, საზოგადოებასა და სხვადასხვა ჯგუფს შორის. ჟურნალისტები რომ ეკითხებოდნენ, პარლამენტარებმაც კი არაფერი იცოდნენ, რაც ნათლად აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებებს საზოგადოებისგან მალულად იღებენ და ხალხს ფაქტის წინაშე აყენებენ.
- ეს ყველაფერი სადამდე მივა, ქვეყანას რა ელოდება?
- საქართველო გახდება ჩვეულებრივი ევრაზიული ტიპის სახელმწიფო, რომელსაც აღარავითარი პოლიტიკური თუ უსაფრთხოების პროექტები აღარ ექნება დასავლეთთან და არც ევროკავშირთან. ალბათ, ეს მხოლოდ დროის საკითხია და შემდეგ, უბრალოდ, ევრაზიულ კავშირში შევა, ჩინეთთან ერთად შანხაის ორგანიზაციაში თუ სხვა მსგავს გაერთიანებაში.
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ როგორ ექცევა თავად ჩინეთი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული ხდებიან. ამის არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის შრი-ლანკა. ჩინეთი უზარმაზარ თანხებს აძლევს განვითარებად ქვეყნებს, თანაც კაბალური პირობებით, შემდეგ ეს ქვეყნები ვალს ვეღარ იხდიან და ჩინელები ხან პორტებს ართმევენ და ხან სხვა სტრატეგიულ აქტივებს. ეს ცნობილი ამბავია, რასაც "ჩინური ხაფანგი" ჰქვია. ეს უამრავ განვითარებად ქვეყანას დაემართა და ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ იმავე სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით, მით უმეტეს, ანაკლიის პორტზე თვალი უკვე დადგმული აქვთ.
რუსა მაჩაიძე