მეტი ფეხბურთი მსოფლიოსთვის
მ ეტი კი არა, ვიღაცების აზრით - მეტის-მეტიც კი. ფულის არ იყოს, ფეხბურთიც არასდროს არის ზედმეტი, თუმცა... მსოფლიოს წინა ჩემპიონატთან შედარებით, ზრდის მაჩვენებელი მართლაც თვალში საცემია - წლევანდელ მუნდიალზე 16 გუნდით და 40 მატჩით მეტს ვნახავთ! მაგალითისთვის: 2022 წლის მუნდიალზე 32 ქვეყნის ნაკრებმა ითამაშა, მატჩების ჯამური რაოდენობა კი 64 იყო. სამაგიეროდ, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობს ლამის "მეოთხედი მსოფლიო" - პლანეტაზე არსებული სახელმწიფოების დაახლოებით 25%, ანუ - 48 ქვეყნის ნაკრები! ბუნებრივია, გაიზარდა თამაშების რაოდენობაც: უპრეცედენტოდ ხანგრძლივ (39 დღე) და ფართობით "ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე" გადაჭიმულ ტურნირზე, მთლიანობაში, 104 მატჩი გაიმართება. მასშტაბი კი იმიტომ ვახსენე, რომ სიახლე ჩემპიონატის გეოგრაფიასაც შეეხო: მუნდიალების ისტორიაში პირველად, ტურნირს სამი მასპინძელი ჰყავს - აშშ, კანადა, მექსიკა. სხვათა შორის, სწორედ მექსიკაა პირველი ქვეყანა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ იმართება.
მეხიკოში გაიმართა 2026 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩიც: 11 ივნისს, ლეგენდარულ სტადიონ "აცტეკაზე" (სპონსორი კომპანიის პატივსაცემად, ამჟამად სხვა სახელით იხსენიება) შეკრებილმა 80 ათასზე მეტმა მაყურებელმა, საყვარელი ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ნახა - მასპინძლებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, ტურნირის პირველი გოლი კი ხულიან კინიონესმა გაიტანა. საინტერესო დამთხვევაა, რომ ზუსტად თექვსმეტი წლით ადრე, სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაშიც (2010 წლის 11 ივნისს). იმ განსხვავებით, რომ მაშინ, მასპინძელი სამხრეთი აფრიკა იყო და თამაში 1:1 დასრულდა.
მოკლედ, ოთხწლეულის მთავარი საფეხბურთო მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო და ფეხბურთის ზეიმი თვეზე მეტხანს - 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეთა რაოდენობის აქამდე არნახული ზრდისა თუ ზედმეტად ბევრი "არასაფეხბურთო" ქვეყნის მონაწილეობის გამო, ქომაგთა ნაწილი წლევანდელ მუნდიალს ეჭვის თვალით უყურებს და დარწმუნებულია, რომ "ნამდვილი ფეხბურთი" მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპიდან დაიწყება.
ვნახოთ. ყოველკვირეული გაზეთის ფორმატი არ გვაძლევს შესაძლებლობას, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხდაფეხ გავყვეთ, თუმცა, სანამ ახალი სტატისტიკა და რეკორდები წამოგვეშველება, იმ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებს გავეცნოთ, ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე წლევანდელი მუნდიალი რომ შეხვდა და ამ კვირის ბოლომდე გასამართი შეხვედრების განრიგსაც გაგაცნობთ:
ყველაზე ახალგაზრდა
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დარეგისტრირებულ 1200-ზე მეტ ფეხბურთელს შორის, ასაკით ყველაზე პატარაა მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ხილბერტო მორა 17 წლის და 8 თვის არის. სხვათა შორის, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ მუნდიალს "გემო" პირველივე შეხვედრაში გაუსინჯა - სამხრეთ აფრიკასთან მატჩის 66-ე წუთზე, მორამ ალვარო ფიდალგო შეცვალა. ხილბერტო მორას სხვა რეკორდიც ეკუთვნის: 16 წლისა და 265 წლის ასაკში, "კონკაკაფი-2025"-ის ოქროს თასს დაეუფლა. მორაზე რამდენიმე დღით უფროსები არიან ჩეხი გუგო სოხურეკი (17 წელი და 11 თვე), "პარი სენ-ჟერმენში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, სენეგალის ნაკრების წევრი იბრაიმ მბაიე (18 წელი და 4 თვე) და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი ლამინ იამალი (18 წელი და 11 თვე) ჩამონათვალში მხოლოდ მეთორმეტე ადგილზეა.
ყველაზე ხანდაზმული
მუნდიალის მონაწილე 48 ნაკრების განაცხადებში 40 წელს გადაცილებული შვიდი მოთამაშეა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათ შორის ყველაზე უფროსი კრიშტიანუ რონალდუ არ არის! მიმდინარე ტურნირის რეკორდი ეკუთვნის შოტლანდიის ნაკრების მეკარე კრეიგ გორდონს (43 წელი და 5 თვე). ვეტერან გოლკიპერს სხვადასხვა დროს უთამაშია შოტლანდიის და ინგლისის კლუბებში, გლაზგოს "სელტიკთან" ერთად არაერთი ტიტული მოიგო, კარიერის ბოლო წლებს კი მშობლიურ კლუბ "ჰართსში" ატარებს და გასულ სეზონში, შოტლანდიის ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა.
ჩამონათვალში მეორე ადგილზეა კრიშტიანუ რონალდუ (41 წელი და 3 თვე). უბერებელი პორტუგალიელისთვის ზედიზედ მეექვსე მუნდიალზე თამაშობს, რაც, ცხადია - რეკორდია! 40 წელი უკვე შეუსრულდათ გილერმო ოჩოას, ლუკა მოდრიჩს, მანუელ ნოიერს, ედინ ჯეკოს და ვოზინიას. ყველა დროის რეკორდი კი ესამ ელ-ჰადარის ეკუთვნის, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე 45 წლისამ ითამაშა!
ყველაზე ძვირად ღირებული
თუ მცირე ასაკით ვე(ღა)რ, ლამინ იამალი ფასით ყველას (თითქმის) სჯობს. "ბარსელონას" სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონი ევროა. თრანსფერმარკტ-ის შეფასებით, ამდენივე ღირს ნორვეგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი. ახალგაზრდა ესპანელმა გასული სეზონში 41 გოლი (ყველა ტურნირზე) გაიტანა, ნორვეგიელმა - 38. ოკეანისგაღმა ორივე მათგანი კარგ ფიზიკურ კონდიციაში ჩავიდა, დანარჩენს კი უახლოესი მატჩები გამოაჩენს. რეიტინგის მესამე პოზიციაზეა კილიან მბაპე (180 მილიონი), შემდეგ კი შედარებით "იაფფასიანი" მოთამაშეები მოდიან: პედრი (150 მლნ), ოლისე (150 მლნ), ვინისიუს ჟუნიორი (140 მლნ), ვიტინია (140 მლნ), ჟოაუ ნევეში (140 მლნ), ჯუდ ბელინგემი (130 მლნ) და სხვ.
რაც შეეხება ნაკრები გუნდების ჯამურ ღირებულებას, აქ უპირობო ლიდერი საფრანგეთია: "ლურჯების" მოთამაშეთა საერთო ფასი 1,52 მილიარდ ევროს აჭარბებს! შემდეგ მოდიან ინგლისი (1,36 მილიარდი), ესპანეთი (1,22), პორტუგალია (1,01), გერმანია (947 მლნ), ბრაზილია (923,2 მლნ) და სხვ.
ახლა კი რამდენიმე რიცხვი/ციფრი, რომელიც განსაკუთრებულია მიმდინარე, ან აქამდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე:
10 - მილიონი ევრო: სწორედ ამდენია ბრაზილიის ნაკრების იტალიელი მწვრთნელის - კარლო ანჩელოტის წლიური ანაზღაურება. ამ შემოსავლით, "დონ კარლო" წლევანდელი მუნდიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. 7 მილიონი აქვს ხელფასი გერმანიის ნაკრების გერმანელ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს, მესამე ადგილზეა აშშ-ის ნაკრების არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო (6 მლნ).
154 - სწორედ ამდენი ფეხბურთელი წარმოადგენს ინგლისის პრემიერ-ლიგას წლევანდელ მუნდიალზე. ეს მოთამაშეები 35 ქვეყნის ნაკრებში არიან გადანაწილებული, მინიმუმ ერთი ფეხბურთელი კი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პრემიერ-ლიგის ოცივე კლუბმა გაგზავნა! მოკრძალებული, მეორე ადგილით და 93 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი მუნდიალზე გერმანიის ბუნდესლიგა, მესამეზეა ესპანური ლა-ლიგა (78 მოთამაშე).
114 - ამდენი მატჩი აქვს ნათამაშები ბრაზილიის ნაკრებს წინა 22 მუნდიალზე! "სელესაოს" წარსულის, ამბიციებისა და ამჟამინდელი მწვრთნელ-შემადგენლობის გათვალისწინებით, უახლოეს კვირებში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ორით ნაკლები მატჩია გერმანიის ნაკრების ანგარიშზე, მესამე პოზიციაზე მყოფ არგენტინას კი გვარიანი ჩამორჩენა აქვს - მხოლოდ 88 თამაში (მეოთხე იტალიის ნაკრებია 83 მატჩით, რომელთა რაოდენობა, მინიმუმ 2030 წლამდე არ გაიზრდება).
14 – "მხოლოდ" ამდენი ბურთი გაუშვა ჰაიტის ნაკრებმა მისთვის აქამდე ერთადერთ მუნდიალზე (1974 წელს). გოლების ნახევარი (7) კუნძულელებმა პოლონეთისგან მიიღეს, მეორე ნახევარი (შესაბამისად - 3 და 4) იტალიისა და არგენტინის ნაკრებებისგან. გამორიცხული არ არის, ჰაიტის ნაკრებმა თავისივე მიღწევა ორიოდ კვირაში "გააუმჯობესოს", ქვეჯგუფში მეტოქეებად ხომ ბრაზილია, მაროკო და შოტლანდია ჰყავს.
11 - წამი დასჭირდა ჰაქან შუქურს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის გასატანად - 2002 წლის მუნდიალის მატჩში, თურქმა თავდამსხმელმა სამხრეთ კორეას "გამარჯობის თქმა არ აცალა" და რეკორდთან ერთად, თავის გუნდს მუნდიალის ბრინჯაოს მედლის მოპოვებაშიც დაეხმარა.
4 - ამდენჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების 1/8-ფინალში იაპონიის ნაკრები, თუმცა მეოთხედფინალში გასვლა ერთხელაც ვერ შეძლო. თურქეთთან (0:1) და ბელგიასთან (2:3) ძირითად დროში წაგების გარდა, იაპონელები ორჯერ თერთმეტმეტრიანების სერიაშიც დამარცხდნენ - პარაგვაისა და ხორვატიასთან.
8 - გოლი გაიტანა ესპანეთის ნაკრებმა მისთვის საჩემპიონო, 2010 წლის მუნდიალზე - ყველა დროის ანტი-რეკორდია! თექვსმეტი წლის წინ, "ფურია როხამ" პლეი-ოფის ოთხი მატჩი მოიგო ერთნაირი ანგარიშით - 1:0. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონობისთვის 8 გოლიც საკმარისი აღმოჩნდა...
56 - წამი აღმოჩნდა საკმარისი ურუგვაელი ხოსე ბატისტასთვის წითელი ბარათის მისაღებად - შოტლანდიასთან შეხვედრის მეორე წუთიდან, ურუგვაის ნაკრები ათი ფეხბურთელით დარჩა მოედანზე, თუმცა საფინალო სასტვენამდე გაძლო (0:0) და საბოლოოდ, 1986 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფშიც გავიდა. ბატისტას "გმირობა" კი დღემდე რჩება მუნდიალების ყველაზე სწრაფ გაძევებად.
13 - გოლი ერთ ტურნირში - სახელგანთქმული (უმეტესწილად - სწორედ ამ ფაქტით) ჟიუსტ ფონტენის რეკორდი (შვედეთის მუნდიალი, 1958 წელი) დღემდე ხელშეუხებელია! ფრანგმა თავდამსხმელმა გერმანიასთან "პოკერი" შეასრულა, პარაგვაი "ჰეთ-თრიკით" დააჯილდოვა, იუგოსლავიას და ჩრდილოეთ ირლანდიას კი დუბლი აკმარა. ფონტენმა თითო გოლი ბრაზილიას და შოტლანდიასაც გაუტანა და საბოლოოდ, დააფიქსირა შედეგი, რომელსაც აგერ უკვე შვიდი ათწლეულია, ვერავინ მიუახლოვდა.
26 - მატჩი ითამაშა ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა! ხუთეულში არიან ლოთარ მათეუსი (25), მიროსლავ კლოზე (24), პაოლო მალდინი (23) და კრიშტიანუ რონალდუ (22). ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, მუდმივი კონკურენტის გასწრების თეორიული შანსი სწორედ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს აქვს.
გაეცანით მატჩების განრიგს, რომლებიც
2026 წლის მუნდიალზე მიმდინარე კვირის ბოლომდე
(15-21 ივნისი) გაიმართება:
15 ივნისი:
03:00. კოტ-დ,ივუარი - ეკვადორი (ლინკოლნ ფაინენშალ ფილდი (ფილადელფია, აშშ);
06:00. შვედეთი - ტუნისი (მონტერეის სტადიონი (მონტერეი, მექსიკა);
21:00. ესპანეთი - კაბო-ვერდე (მერსედეს-ბენც სთედიუმი (ატლანტა, აშშ);
16 ივნისი:
00:00. ბელგია - ეგვიპტე (ლუმენ ფილდი (სიეტლი, აშშ);
03:00. საუდის არაბეთი - ურუგვაი (ჰარდ როკ სტედიუმი (მაიამი, აშშ);
17 ივნისი:
22:00. ინგლისი - ხორვატია (დალას სთედიუმი (არლინგტონი, აშშ);
18 ივნისი:L
04:00. განა - პანამა (BMO Fიელდ (ტორონტო, კანადა);
07:00. უზბეკეთი - კოლუმბია (აცტეკას სტადიონი (მეხიკო, მექსიკა);
21:00. ჩეხეთი - სამხრეთი აფრიკა (მერსედეს-ბენც სტედიუმი (ატლანტა, აშშ);
19 ივნისი:
10:00. მექსიკა - სამხრეთი კორეა (აკრონის სტადიონი (გვადალახარა, მექსიკა);
20 ივნისი:
04:30. ბრაზილია - ჰაიტი (ლინკოლნ ფაინენშალ ფილდი (ფილადელფია, აშშ);
07:00. შოტლანდია - მაროკო (ჯილეტ სტედიუმი (ბოსტონი, აშშ);
12:00. თურქეთი - პარაგვაი (ლევაის სტედიუმი (სანტა კლარა, აშშ);
21 ივნისი:
02:00. ნიდერლანდები - შვედეთი (NღG შტადიუმ (ჰიუსტონი, აშშ)
09:00. ეკვადორი - კიურასაო (აროჰედ სტედიუმი (კანზას-სიტი, აშშ);
13:00. ტუნისი — იაპონია (მონტერეის სტადიონი (მონტერეი, მექსიკა);
21:00. ესპანეთი — საუდის არაბეთი (მერსედეს-ბენც სტედიუმი (ატლანტა, აშშ);
რატი შელეგია