”პოლიციამ ხელი არ გაანძრია ეს დანაშაული რომ აღკვეთილიყო. 6 თვეა ვეხვეწები, რამე ეღონათ" - რას ამბობს ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი? (ვიდეო)
სისხლისღვრით დასრულდა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მომხდარი კონფლიქტი, მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ცნობილი ხდება, მომხდარი რამდენიმეთვიანი კონფლიქტის შედეგია.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები კომპანია ,,ბილტმორის" თანამშრომლები იყვნენ და დღეს ნიკოლოზ კილაბერიძესა და "ბილტმორის" თანამშრომლებს შორის დაწყებული საუბარი ასეთი უმძიმესი შედეგით დასრულდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დიდი ხანია დავა ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო მიმდინარეობს. კილაბერიძეების ოჯახის ადვოკატის, ირინა ფერაძის ინფორმაციით, ის ამ საქმის ირგვლივ პოლიციის რეაგირებას კარგა ხანს ითხოვდა.
ყველაფერი კილაბერიძეების კარიერიდან ,,ბილტმორის" წარმომადგენლების მიერ ქვიშა-ხრეშის გატანას მოყვა. ამ კომპანიას მანქანებით გაჰქონდა ქვიშა ხრეში, კილაბერიძეები კი ითხოვდნენ ამის შეჩერებას, აცხადებდნენ, რომ ეს ტერიტორია მათი საკუთრება იყო. ისინი იძახებდნენ პოლიციას და მოითხოვდნენ შეეჩერებინათ ეს პროცესი. თავად კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ მათ მოპოვებული ჰქონდათ უფლება ამ მასალის გატანის და ისინი აგრძელებდნენ ქვიშა ხრეშის გატანას. როგორც ცნობილი ხდება, შპს „ბილტმორი“ შიდა ქართლში, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში, არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შემსრულებელია. გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ კომპანიის წარმომადგენლებს კილაბერიძეების კარიერიდან ქვიშა-ხრეში გაჰქონდათ. იმ ვიდეოჩანაწერებში კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული კარიერიდან მასალის გატანას ვერ შეძლებს, ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და დამკვეთი, ხაშურის მერია მას დააჯარიმებს. სამწუხაროდ საქმე ამ დიდ ტრაგედიამდე მივიდა.
სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ (ნიკა) კილაბერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალურ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ის განმარტებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თავად კომპანია, ,,ბილტმორი”'სახელმწიფო უწყებების მთავარი კონტრაქტორია და შიდა ქართლში ძირითადად საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ირინა ფერაძე ამბობდა, რომ ტერიტორია კილაბერიძეების საკუთრებაა, ხოლო ,,ბილტმორი უნებართვოდ შედიოდა სხვის ტერიტორიაზე და წიაღისეულს იპარავდა. ქურდობის ფაქტზე მან მაშინ პოლიციასაც მიმართა, თუმცა აცხადებდა, რომ ხაშურის პოლიციას დროული რეაგირება არ ჰქონდა. ,,მოდის ბილტმორის წარმომადგენელი, მაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვიძახებ პოლიციას, მაგრამ აქეთ ეხმარებიან მოპარვაში. პოლიციის საქმეს მე ვაკეთებ, ვიცავ ქონებას ქურდობისგან”, - აცხადებდა ირინა ფერაძე. მისი განმარტებით, ,,ბილტმორი' საკრებულოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარის, ლევან გამრეკელის დავალებით მოქმედებს. ლევან გამრეკელი ამჟამად პატიმრობაშია სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტზე. ,,ბილტმორსა და ლევან გამრეკელს შორის შედგა ყალბი ხელშეკრულება, სადაც ჩაწერეს, რომ თითქოს ლევან გამრეკელმა წიაღისეულის მოპოვების უფლება ბილტმორს მისცა. სხვისი ქონების გაქირავების უფლება არც ლევან გამრეკელს ჰქონდა. მოვითხოვ სახელმწიფომ დაიცვას კილაბერიძეების უფლებები. ქონება დაყადაღებულია და იქიდან რაიმე მასალის წაღების უფლება არავის აქვს.'- აცხადებდა ირინა ფერაძე. მისი განმარტებით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ლიცენზია გურამ კილაბერიძემ მოიპოვა. გურამ კილაბერიძე 2022 წელს გარდაიცვალა. ვიდრე მემკვიდრეზე გადავიდოდა ქონება, ლევან გამრეკელმა თვითნებურად დაიწყო წიაღისეულის მოპოვება. ამის გამო დააჯარიმეს კილაბერიძეები. გამრეკელის ჯარიმა კილაბერიძეებმა გადაიხადეს. შემდეგ ლევან გამრეკელი დაიჭირეს. ლევან გამრეკელმა გააფორმა რაღაც ხელშეკრულება ,,ბილტმორთან, რომლითაც თითქოს ,,ბილტმორს მიეცა უფლება ქვიშა-ხრეშის მოპოვებისა. არანაირი უფლება არ ჰქონდა ლევან გამრეკელს სხვისი ქონება გაექირავებინა. ლევან გამრეკელისთვის არავის მიუცია ამის უფლება. მოვითხოვე ქონების დაყადაღება, დააყადაღეს, მაგრამ ამ დაყადაღებულ ქონებაში მაინც შემოდიან და გააქვთ წიაღისეული”, – განმარტავდა ამ ტრაგედიამდეც კილაბერიძეების ადვოკატი.
როგორც ცნობილია, ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც ადვოკატ ირინა ფერაძის განცხადება. მოსამართლე ხატია ბერიკაშვილის განჩინებით, შპს „ბილტმორს“ აეკრძალა სხვის საკუთრებაში არსებული კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა და მისი გასხვისება. დასაბუთებული განჩინება ადვოკატმა 7 ივნისს ჩაიბარა. როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, გრძელდებოდა დავა მათ შორის და საქმე ამხელა ტრაგედიით დასრულდა. სწორედ ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძეა ახლა ორ ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული. ,,დიდი ხანია ვითხოვდი პოლიციის რეაგირებას. პოლიციას რომ დროულად ემოქმედა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მაცნობეს, რომ მკვლელობა ბრალდება ნიკა კილაბერიძეს"- ამბობს ადვოკატი ირინა ფერაძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ „ბილტმორს“ სხვის საკუთრებაში არსებული კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა და მისი გასხვისება აუკრძალა, კომპანია საქმიანობას მაინც აგრძელებდა.
ადგილობრივებიც თვლიან, რომ პოლიციას რომ ემოქმედა, საქმე აქამდე არ მივიდოდა:
“რეაგირება უნდა იყოს ყოველთვის დროული და სამართლიანი! თან როცა დავას ეხება. მთელმა ხაშურმა იცის, რომ გურამ კილაბერიძის იყო ეს ქარხანა, მაგრამ მაინც გაჰქონდათ იქიდან ქვიშა ხრეში. ნიკა კილაბერიძე რამდენი ხანია დავობს, გააბოროტეს. ერთი კვირის წინ მოიგო სასამართლო დავა ნიკამ და დაამტკიცა, რომ ეს ქონება მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი მაინც არ გამოდიოდნენ. მას ამტკიცებს ის კადრებიც, რომელიც მისმა ადვოკატმა გადაიღო, როგორ იცავდა იქაურობას და პოლიცია ამ ქალს აგდებდა ადგილიდან. რომ ემოქმედა პოლიციას ისე როგორც საჭირო იყო, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ძალიან ცუდი რამე მოხდა, ძალიან ძალიან ვწუხვარ გარდავლილებზეც, ისინი თანამშრომლები იყვნენ იმ კომპანიის. ასევე ძალიან ვწუხვარ ნიკას ამჟამინდელ მდგომარეობაზე. სამართალს ეძებდა ოჯახი წლებია, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერაფერს და აქამდე მივიდა ნიკა. ასე მითხრეს, ნიკა თავად წასულა ამ დანაშაულის შემდეგ პოლიციაში, თუმცა პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სხვა რამე წერია. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა არის გაბოროტებული, თორემ ძალიან კარგი ადამიანია. მის ცოლსაც ველაპარაკე დილით და ძალიან ცუდად არის. აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. პოლიციას დროულად უნდა ემოქმედა. უფრო მეტ დეტალზე არ მინდა საუბარი, არ მინდა ამ ვითარებაში ვინმე დავაზიანო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს,”- ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.
ირინა ფერაძე პოლიციის უმოქმედობაზე მიუთითებს:
”პოლიციამ ხელი არ გაანძრია ეს დანაშაული რომ აღკვეთილიყო. 6 თვეა ვეხვეწები, რამე ეღონათ, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო, კილაბერიძეების მისამართით მუქარები მოდიოდა შალვა ოვაკიმიანისგან, ის უკანონოდ იყო შეჭრილი ნიკოლოზ კილაბერიძის საკუთრებაში, ვიდეომასალა გვაქვს უამრავი, განჩინებებიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი აგრძელებდა და ხელს უწყობდა კილაბერიძეების კარიერზე ქვიშა-ხრეშის მოპარვას. ახლა გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთი ენდელაძეა, მეორეს გვარი არ ვიცი, ნიკოლოზ კილაბერიძეს მათთან მოუვიდა დაპირისპირება - ენდელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ამან აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, რაც ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. მე შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ენდელაძე რომ არის გარდაცვლილი, ეს ვიცი. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,” -ამბობს ადვოკატი.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თავად ნიკოლოზ კილაბერიძე დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილი ხდება, მოკლულები 30 წლის და 35 წლის ბიჭები იყვნენ, კომპანიის თანამშრომლები. ერთ ერთ გარდაცვლილს კომპანიაში მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა, ხოლო მეორე მოკლული მენეჯერად მუშაობდა.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)