როგორ ნაწილდება მშობლებისგან გადმოცემული ქონება
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

გამარჯობა, მაინტერესებს თუ შეუძლია ბინის დამქირავებელს ბინაში ჩაწერა?
- მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა ავტომატურად არ აძლევს დამქირავებელს საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის (ჩაწერის) უფლებას. რეგისტრაციისთვის, როგორც წესი, საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. თუ მესაკუთრე თანახმა არ არის, დამქირავებელი მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრაციას ვერ მოითხოვს.
მეზობელი მყავს, რომელიც ყოველდღე ხმაურობს სახლში, მუსიკა სულ მაღალ ხმაზეა ჩართული. ვთხოვე გაეთვალისწინებინა და დაეცვა წესრიგი, მაგრამ თითქოს ჯიბრში მიდგას და არ აკეთებს. პოლიციაშიც დავრეკე, გააფრთხილეს, მაგრამ იგივე გრძელდება, რა შეიძლება გავაკეთო, მეუბნება, რომ დღისით არ არის ვალდებული ჩუმად იყოს, რატომ ვარ ვალდებული ყოველდღე უგემოვნო მუსიკას ვუსმინო და ვერ დავისვენო ჩემს სახლში.
- თქვენი მეზობლის პოზიცია, თითქოს „დღისით რაც უნდა ის გააკეთოს, სამართლებრივად სწორი არ არის. მართალია, კანონმდებლობა განასხვავებს დღის საათებს (08:00-23:00) და ღამის საათებს (23:00-08:00), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში აკუსტიკური ხმაურის ნებისმიერი დონე დასაშვებია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია როგორც დღის, ისე ღამის საათებში. კანონი პირდაპირ ადგენს, რომ დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება იწვევს პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 150 ლარით, განმეორების შემთხვევაში 500 ლარით, ხოლო შემდგომი დარღვევის შემთხვევაში - 1000 ლარით. ამიტომ, თუ მეზობელი ყოველდღიურად მაღალ ხმაზე რთავს მუსიკას და ეს ხმაური სცილდება დასაშვებ ნორმებს, მას არ შეუძლია იმით გამართლება, რომ დღეა. კანონი იცავს არა მხოლოდ ღამის სიმშვიდეს, არამედ დღის განმავლობაში მოქალაქის უფლებასაც, მშვიდ გარემოში ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებლით. თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უკვე მიმართეთ პოლიციას და მეზობელი გაფრთხილებული იყო, თუმცა ქცევა არ შეუცვლია. ასეთ დროს რეკომენდებულია ყოველი დარღვევის შემთხვევაში გამოიძახოთ შესაბამისი ორგანო, რადგან განმეორებითი დარღვევის დაფიქსირება შემდგომში უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველია. ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეოჩანაწერები ხმაურის არსებობის დროს, მოიპოვოთ სხვა მეზობლების წერილობითი ჩვენებები, მიმართოთ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ჩაატაროთ ხმაურის დონის ჰიგიენური შეფასება, რაც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. თუ ხმაური სისტემატურ ხასიათს ატარებს და არსებითად ზღუდავს თქვენი ბინით სარგებლობის შესაძლებლობას, გარდა ადმინისტრაციული რეაგირებისა, შესაძლებელია სამოქალაქო წესითაც მოითხოვოთ ხელის შეშლის აღკვეთა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას, მოსთხოვოს სხვა პირს ისეთი მოქმედების შეწყვეტა, რომელიც უკანონოდ უშლის ხელს მისი საკუთრებით ნორმალურ სარგებლობას. ამრიგად, თქვენ არ ხართ ვალდებული ყოველდღიურად ითმინოთ შემაწუხებელი მუსიკა მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევა დღის საათებში ხდება. კანონით დაცულია თქვენი უფლება მშვიდ საცხოვრებელ გარემოზე, ხოლო აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება სამართალდარღვევას წარმოადგენს როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში.
მინდა საჩივარი შევიტანო უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოში, რადგან ბინაში დამიზიანა ჩემი ქონება, რა შეიძლება გავაკეთო, რომ მან არ დატოვოს ქვეყანა ისე, რომ ზარალი არ აანაზღაუროს, ვიცით, რომ სამოქალაქო დავები დიდხანს გრძელდება. რადგან უცხოელია, შესაძლოა თუ არა სასამართლოში დაჩქარდეს პროცესი. ექსპერტიზა ზარალზე გაკეთებული მაქვს, რას მირჩევთ?
- ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამოქალაქო დავაში სასამართლო, როგორც წესი, ვერ აუკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს დატოვებას მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების სარჩელია შეტანილი. ქვეყნის დატოვების აკრძალვა არის პირის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და სამოქალაქო პროცესში ასეთი ღონისძიება კანონით, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საშუალება, პრაქტიკულად არ გამოიყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. თუ ექსპერტიზა უკვე ჩატარებული გაქვთ და ზარალის ოდენობა დადგენილია, სარჩელთან ერთად მიზანშეწონილია დააყენოთ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა. შუამდგომლობაში უნდა მიუთითოთ, რომ მოპასუხე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (თუ მართლაც ასეა), არსებობს ქვეყნიდან გასვლისა და ქონების გასხვისების რეალური რისკი, ხოლო საქართველოდან მისი გასვლის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმის მითითება, რომ მოპასუხე უცხოელია, არამედ იმის დასაბუთება, რომ არსებობს აღსრულების გართულების რეალური საფრთხე. სასამართლო პრაქტიკაშიც არაერთხელ აღინიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა თავისთავად ავტომატური საფუძველი არ არის, თუმცა უცხოელის სტატუსი ერთ-ერთ გარემოებად შეიძლება შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთად. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ მოპასუხეს საქართველოში აქვს ბინა, ავტომობილი, საბანკო ანგარიში ან სხვა აქტივი, ეს აუცილებლად უნდა მიუთითოთ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში. რაც უფრო კონკრეტულად მიუთითებთ ქონებას, მით უფრო იზრდება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შანსი. რაც შეეხება საქმის დაჩქარებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის დაჩქარებულ განხილვას მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა პრაქტიკაში, თუ არსებობს მტკიცებულებების დაღუპვის ან აღსრულების გართულების საფრთხე, შესაძლებელია სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოთ საქმის ოპერატიულად განხილვის შესახებ, თუმცა სასამართლო არ არის ვალდებული ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ყველაზე ეფექტური გზა იქნება სარჩელის შეტანა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და პარალელურად სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა.
ვართ სოციალურად დაუცველები, მყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და სახელმწიფო გვიხდიდა თანხას, ვცხოვრობთ სხვის ბინაში, ჩვენს სახელზე არანაირი ქონება არ არის, გარდა ჩემი მეუღლის 1.800- ლარიანი ხელფასისა. იყვნენ სოციალური სააგენტოდან და გამიუქმეს დახმარება. მივედი სააგენტოში, მაგრამ მიზეზსაც არავინ მეუბნება. ახლა მაქვს გასაჩივრებული ისევ სააგენტოში, თუ ისევ უარი მივიღე, რა შეიძლება გავაკეთო? შესაძლოა თუ არა სასამართლოს მივმართო?
- თუ სააგენტოს გადაწყვეტილებაზე უარყოფით პასუხს მიიღებთ, თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ადმინისტრაციული სარჩელით შეგიძლიათ მოითხოვოთ დახმარების აღდგენა და დაგროვილი თანხის ანაზღაურება.
- მეორედ ქორწინების პერიოდში მშობლისგან ჩუქებით გადმომეცა ბინა. მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან. ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ქონება როგორ განაწილება ჩემს შვილსა და მეორე ქმარს შორის? ანდერძი მაქვს დაწერილი ჩემს შვილზე, რადგან ჩემს სახელზეა რეგისტრირებული ბინა, როგორც აღვნიშნე, ქონება ჩემი მშობლებისგან გადმომეცა.
- მშობლებისგან ჩუქებით მიღებული ბინა წარმოადგენს თქვენს ინდივიდუალურ საკუთრებას და არა მეუღლეთა თანასაკუთრებას. თუ თქვენ გაქვთ მშობლებისგან ჩუქებით მიღებული ბინა და შედგენილი გაქვთ ანდერძი, რომლითაც მთელ ქონებას თქვენს შვილს უტოვებთ, თქვენი მეუღლე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, შეიძლება იყოს სავალდებულო წილის უფლების მქონე პირი. სავალდებულო წილი წარმოადგენს მემკვიდრეობის სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას, რომელიც ზღუდავს მამკვიდრებლის თავისუფლებას, მთლიანად ჩამოაშოროს მემკვიდრეობას თავისი უახლოესი ოჯახის წევრები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს ანდერძის არსებობის შემთხვევაშიც კი ეკუთვნით სავალდებულო წილი, თუ ისინი მემკვიდრეობის გახსნის მომენტისთვის ცოცხლები არიან. სავალდებულო წილის ოდენობა შეადგენს იმ კანონიერი წილის ნახევარს, რასაც შესაბამისი პირი მიიღებდა ანდერძის არარსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ჯერ უნდა განისაზღვროს, ვინ იქნებოდნენ კანონისმიერი მემკვიდრეები და რა წილი შეხვდებოდათ თითოეულ მათგანს, ხოლო შემდეგ ამ წილის ნახევარი გამოითვლება როგორც სავალდებულო წილი. მაგალითად, თქვენს შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, ანდერძის არარსებობის შემთხვევაში ორივე მიიღებდა მემკვიდრეობის ნახევარს. ასეთ შემთხვევაში მეუღლის სავალდებულო წილი იქნება ქონების ერთი მეოთხედი, რადგან მისი კანონიერი წილის ნახევარი სწორედ 1/4-ს შეადგენს. ამიტომ, თუნდაც ანდერძით მთელი ქონება მხოლოდ შვილზე გქონდეთ დატოვებული, მეუღლეს უფლება ექნება მოითხოვოს სავალდებულო წილი. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო წილის უფლება ვრცელდება არა მხოლოდ მამკვიდრებლის მიერ შეძენილ ან ერთობლივ ქონებაზე, არამედ მის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბინა მშობლებისგან ჩუქებით მიიღეთ და იგი მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს, არ გამორიცხავს მეუღლის უფლებას სავალდებულო წილზე. მემკვიდრეობის გახსნის შემდეგ მემკვიდრეობით მასაში შედის მამკვიდრებლის მთელი ქონება, მათ შორის ჩუქებით მიღებული ბინაც, და სწორედ ამ ქონებიდან განისაზღვრება სავალდებულო წილი. ამასთან, სავალდებულო წილი ავტომატურად არ გადადის შესაბამის პირზე. დაინტერესებულმა პირმა უნდა განაცხადოს თავისი უფლების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსაც მიმართოს. თუ ასეთი მოთხოვნა არ იქნება დაყენებული, ანდერძი ჩვეულებრივ აღსრულდება მისი შინაარსის შესაბამისად. აღსანიშნავია ისიც, რომ სავალდებულო წილის უფლების დაკარგვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, მაგალითად, როდესაც პირი მიჩნეულია უღირს მემკვიდრედ. ასეთ შემთხვევებს სასამართლო აფასებს და მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას შეიძლება პირს ჩამოერთვას მემკვიდრეობის მიღების უფლება. ამრიგად, ანდერძი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მამკვიდრებელმა სრულად გამორიცხოს მეუღლე, შვილი ან მშობელი მემკვიდრეობიდან, რადგან მათ კანონით დაცული აქვთ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. ამიტომ მემკვიდრეობის დაგეგმვისას ყოველთვის გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ანდერძის შინაარსი, არამედ სავალდებულო წილის შესახებ ნორმებიც.