"ხიდების ომი" და ბლოკირებული ყირიმი - უკრაინელები დიდი შურისძიებისთვის ემზადებიან?! - კვირის პალიტრა

"ხიდების ომი" და ბლოკირებული ყირიმი - უკრაინელები დიდი შურისძიებისთვის ემზადებიან?!

ჩონგარის, პერეკოპის, არმიანსკის ხიდების დასახელება მკითხველს შეიძლება ბევრ არაფერს ეუბნება, მაგრამ ეს სწორედ ის მთავარი სამი გადასასვლელია, რომლებიც უკრაინის მატერიკულ ნაწილს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს და რომლებსაც უკრაინული კამიკაძე-დრონები ბოლო დღეებია სისტემატურად უტევენ.

ერთი შეხედვით, კიევი, რომელსაც ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია და მისი დაბრუნება სურს, რატომ უნდა ბომბავდეს მასთან დამაკავშირებელ ამ ხიდებს? საქმე ის არის, 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ამარაგებენ სწორედ ამ სატრანსპორტო დერეფნით, რომელიც რუსეთის დონის როსტოვში იწყება და დასავლეთისკენ გადის უკრაინის ოკუპირებულ მარიუპოლზე, მელიტოპოლზე და მიდის ანექსირებული ყირიმის სიმფეროპოლამდე.

მართალია, რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე ასევე ააშენა სამანქანო და სარკინიგზო ხიდი ტამანიდან ქერჩამდე, მაგრამ ეს ხიდი უკრაინელებმა სამჯერ ძალიან დააზიანეს, რის შემდეგაც რუსულ მხარეს აკრძალული აქვს საავტომობილო ხიდზე სატვირთო მანქანების მიმოსვლა, რადგან ახალი დივერსიების ეშინია.

კიდევ არის ერთი გზა ყირიმის ოკუპანტი რუსეთიდან მოსამარაგებლად საზღვაო ბარჟების საშუალებით, მაგრამ ეს ძალზე სახიფათოა, რადგან უკრაინულმა საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებმა რამდენიმე რუსული ბარჟა დააზიანეს, ამასთან, ზღვაში დიდი ღელვის დროს ისინი არ დაცურავენ.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას ანექსირებული ყირიმის აეროპორტებში, ის ომის პირველი დღეებიდანვე შეწყვეტილია და მხოლოდ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თუ დაფრინავენ და ისიც დიდი შიშით, რადგან რუსეთმა ყირიმის აეროდრომებზე უკვე დაკარგა რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი უკრაინელთა საჰაერო დარტყმების გამო. ასე რომ, როსტოვიდან სიმფეროპოლამდე უკრაინის ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზები მთავარი მომმარაგებელი არტერიაა როგორც ანექსირებული ყირიმის მოსახლეობისთვის, ისე სამხრეთ ფრონტზე მოქმედი რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვისაც.

თავდაპირველად უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა "ნოვოროსიად" წოდებულ ამ ავტომაგისტრალზე მოძრავ ბენზინმზიდებზე დაიწყეს საჰაერო ნადირობა, რაც უკრაინის არმიის მოქმედების ახალ ტაქტიკად გამოიკვეთა. ფრონტის სიღრმეში, 100-150 კმ-ზე, არსებობს ოპერატიული ზურგი, სადაც ხდება სამხედრო ლოჯისტიკის ძირითადი ოპერირება _ ღრმა ზურგიდან იქ საავტომობილო კოლონებითა და სარკინიგზო ტრანსპორტით იგზავნება საბრძოლო მასალები და საწვავი, რომლებიც შემდეგ ნაწილდება სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა მძღოლებიც ცდილობენ ისე მიაღწიონ ფრონტისპირა "რუხ ზონამდე", რომ არ გახდნენ მოწინააღმდეგის ჰაერში მოდარაჯე კამიკაძე-დრონების საკბილო და თუკი ეს მაინც მოხდა, დანაკლისი იქნება მხოლოდ ორი-სამი მანქანა და არა მთელი საავტომობილო კოლონა.

ბოლო დღეებში გააქტიურებული უკრაინული "სიახლე", რომელმაც რუსი ოკუპანტების "აქილევსის ქუსლის" ანუ სუსტი მხარის გახსნა უნდა განაპირობოს, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სისტემატური შეტევები დაიწყეს ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ის სიღრმეში, რომელიც ფრონტიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით, ოკუპირებულ უკრაინულ გზებზე მოდის, რომლებსაც აქტიურად იყენებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ფრონტის მოსამარაგებლად. უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა დაიწყეს ინტენსიური საჰაერო დარტყმები რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებული ყირიმისკენ, ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალ სახმელეთო დერეფნის ავტოტრასაზე, რამაც ნაწილობრივ შეაფერხა მოძრაობა და გაართულა რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება ყირიმში და ამასთან, გააჩინა საწვავის მწვავე დეფიციტიც. ბოლო ერთ კვირაში უკრაინის გენშტაბმა ანალოგიური საჰაერო ოპერაციები გადაიტანა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სიღრმეშიც და ფრონტის ხაზიდან აღმოსავლეთით, 150 კმ-ით დაშორებულ ასფალტირებულ გზაზე არხეინად მოძრავი რუსული სამხედრო "კამაზებისა" და "ურალების" მძღოლები საქარე მინასთან მოულოდნელად უკრაინულ დრონს აღმოაჩენენ და... მანქანებზე გარდა პირდაპირი შეჯახებისა, უკრაინულმა დრონებმა ამ გზებზე დაიწყეს მინიატიურული ნაღმების ჩამოყრა, რომლებზეც სწრაფად გადავლისას აფეთქების ტალღა გლეჯს საბურავს და მანქანა ყირავდება, ზოგიერთი დრონი კი ასფალტირებულ გზაზე ფანტავს წაწვეტებულ ლითონის ღეროებს, რომლებიც საბურავებს ხვრეტენ, მანქანების ნაკადი ჩერდება და ხერგავს ტრასის ორივე მხარეს, რის შემდეგაც კამიკაძე-დრონების უკრაინელ ოპერატორებს უადვილდებათ გაჩერებული მანქანების მწკრივში "მსუყე" სამიზნეების _ ბენზინმზიდების აუჩქარებლად ამორჩევა. ეს ახალი მეთოდი, კერძოდ, ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ის სიღრმეში მოწინააღმდეგის სამხედრო და სამოქალაქო ლოჯისტიკის მნიშვნელოვნად შეფერხება, გაცილებით დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს ფრონტის ხაზზე პუტინის არმიის შემდგომ წინსვლაზე.

ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან შემაერთებელ ჩონგარის, პერეკოპისა და არმიანსკის ხიდებზე საჰაერო შეტევა უკრაინელმა სამხედროებმა სამი წლის წინაც სცადეს, როდესაც 2023 წლის ზაფხულში იწყებდნენ მთავარ კონტრშეტევას სამხრეთ მიმართულებაზე, მაგრამ ჩანაფიქრი მაშინ ვერ გამოუვიდათ. არ გამოუვიდათ განა იმიტომ, რომ ბრიტანული რაკეტები ვერ ხვდებოდნენ ხიდებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ძვირად ღირებულია და უკრაინულ მხარეს მათი შეზღუდული რაოდენობა ჰქონდა. ახლა კი ამ ხიდებზე სისტემატური საჰაერო დარტყმებია სამამულო წარმოების და ბევრად იაფი კამიკაძე-დრონების საშუალებით, რომლებიც უკრაინის გენშტაბს საკმარისად აქვს და შეუძლია ასეთი ხშირი შეტევებით სამივე ხიდი ხანგრძლივად დაბლოკოს, ისევე როგორც მათ გვერდით სწრაფად გაწყობილი საპონტონო ხიდები.

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების სრული დაბლოკვა, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს ოკუპანტი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად დასუსტებას, რომ შეინარჩუნოს ის.