ნატო რუსეთის თავდასხმას მოელის, მაგრამ რას დაუპირისპირებს?
რამდენად რეალურია, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში ჩართულმა რუსეთმა პარალელურად იფიქროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმაზეც?
ყოველ შემთხვევაში, ნატოში სერიოზულად ბჭობენ, რომ 2029 წელს ან უფრო ადრე რუსეთი შეიძლება თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყანას. ეს გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატოს მოკავშირეებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას ნატოს ტერიტორიას მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე.
"2029 წელი - ეს გერმანული პროგნოზები არაა. ეს სადაზვერვო მონაცემებია, რომლებიც ნატოს ფარგლებშია შეთანხმებული. ნატოს 32-ვე პარტნიორი თანხმდება, რომ 2029 წელს რუსეთს შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს", - განაცხადა ფროიდინგმა.
გამოდის, მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი სერიოზულად განიხილავს იმ საფრთხეს, რაც აღმოსავლელი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისგან შესაძლებელია დაემუქროს მის წევრ ქვეყნებს უახლეს სამ წელიწადში ან კიდევ უფრო ადრე.
მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი იმ რეალობას, რაშიც დღეს იმყოფება სწორედ რუსეთის ფედერაცია, რომელიც მეხუთე წელია ჩართულია უკრაინასთან ფართომასშტაბიან და სისხლისმღვრელ ომში, რომელშიც აგრესორი რუსეთის არათუ უპირობო გამარჯვება აღარც განიხილება, არამედ თავისივე დაწყებული ეს ომი რუსეთისავე ტერიტორიის სიღრმეში ყოველღამ უბრუნდება უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო დარტყმების სახით?
პასუხი ამაზეც აქვს გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალ კრისტიან ფროიდინგს: "რუსეთმა შესაძლოა მსგავსი ქმედებები უფრო ადრეც დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის უკვე მეხუთე წელი იწყება და კიევი ამბობს, რომ მოსკოვმა 1.3 მლნ კაცი და დიდი რაოდენობის ტექნიკა დაკარგა".
ხომ არ არის ყოველივე ეს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ერთგვარი ეშმაკური ჩანაფიქრი, რათა ევროპის მოსახლეობა შეამზადონ იმისთვის, რომ ნატოს ქვეყნებმა ბიუჯეტებიდან ბევრად მეტი დახარჯონ თავდაცვით პროექტებსა და შეიარაღების შესყიდვაზე, ვიდრე ამომრჩევლების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე?
რა თქმა უნდა, უამისობაც არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპამ ჯერ ვარშავის პაქტისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისუფლად ამოისუნთქა, ჩათვალა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და მკვეთრად გაზარდა დაფინანსება მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რაც პირდაპირ მისწრება იყო ათეულობით მილიონი ევროპელი პენსიონერისთვის. სამაგიეროდ, ევროპის წამყვანი ქვეყნების, უპირველესად კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის თუ იტალიის სამხედრო მრეწველობამ დეგრადაცია განიცადა, ხოლო ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნა სახიფათოდ დაბალ დონემდე დაეცა.
ამის პარალელურად საბჭოთა კავშირის ნანგრევებში ჩატოვებული რუსეთის სამხედრო პოტენციალი ნელ-ნელა იზრდებოდა, რაც „მთვლემარე“ ევროპას გამოეპარა, ან საგანგებოდ „დახუჭა თვალი“ და დღეს მიიღო ის, რაც მიიღო - რუსეთის ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხის რეალობა. თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წარმატებით“ ჩაამთავრებენ ამ წელს უკრაინის ფრონტზე პუტინის საოკუპაციო ძალები და ვინიცობაა ისე არ მოხდეს, ფრონტის ყოველდღიურ ცნობებში უფრო ხშირად გაიელვოს რუსული ქალაქების სახელებმა, მოსკოვის ჩათვლით.
და მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც არ შეიძლება გამორიცხვა, რომ რუსეთის "მუდმივმა პრეზიდენტმა"“ გარისკოს და პატარა „გამარჯვებითი ომის“ დაწყება სცადოს ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე. ამაში იგულისხმება შეჭრა ნატოს აღმოსავლეთით მდებარე და სამხედრო თვალსაზრისით ბევრად სუსტ პოსტსაბჭოთა ესტონეთისა თუ ლატვიის ტერიტორიაზე, რომლებსაც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ან სულაც ლიეტუვაზეც გალაშქრება, ოღონდ უკვე ლუკაშენკოს ბელარუსის დახმარებით.
ასეთი ქმედებით პუტინი ვერ შეძლებს მათ სრულ დაპყრობას, მაგრამ უზარმაზარ ნაპრალს გააჩენს თავად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რადგან დიდია შანსი, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ტანკების შესაჩერებლად სამხედრო ძალის გამოყენება ნატოს სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ გაბედოს რუსეთისგან შესაძლო საპასუხო ბირთვული დარტყმების დიდი შიშის გამო.