"ეს ქალბატონი თავის გადასარჩენად უტიფარ ტყუილებსაც კადრულობს"
"მინდა ბოდიში მოვუხადო ბიძინა ივანიშვილს"
"თუ ლაზაშვილი არ იქნება, ამით არხს არაფერი მოაკლდება"
"ახლა არხზე აუდიტი მიმდინარეობს და გაირკვევა, არის თუ არა პრეტენზიები ძველ ხელმძღვანელობასთან"
"არ ვაპირებ ჩემი სახელი ელიაშვილის ამბიციებს შევწირო და შეურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო"
"იქნებ ლუბა ელიაშვილმა ნაკლები დრო დაუთმოს ადამიანების ლანძღვას და მეტი საქმეს, რადგან თუ
ეს საქმე არ გამოუვიდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება"
ნათია ლაზაშვილმა "მე-9 არხი" რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში დატოვა. "შეუძლებლად მიგვაჩნია მუშაობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიასა და ფერმას", - განაცხადა ჟურნალისტმა. ჩვენთან ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ კომენტარი არც ერთ მედიასაშუალებასთან არ გაუკეთებია, თუმცა, "კვირის პალიტრისთვის" გამონაკლისი დაუშვა:
- ამ დღეებში გამოქვეყნდა გელაპის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, საიდანაც დასტურდება, რომ არჩევნების წინ მაყურებელთა დიდი ნაწილი "მე-9 არხის" ინფორმაციას ენდობოდა, რასაც მათი ინფორმირებული არჩევანი მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ თბილისში "რუსთავი 2"-საც კი ვუსწრებდით. ეს მაშინ, როდესაც გვიწვავდნენ აპარატურას, დევნიდნენ და აშანტაჟებდნენ ჟურნალისტებს. ამას იმ ახალი დირექტორის საყურადღებოდ ვამბობ, რომელმაც განაცხადა, რომ ურეიტინგოები ვიყავით და ჩვენს ჟურნალისტურ სტანდარტს "სნობურიც" კი უწოდა.
რაც შეეხება არხის დატოვებას, მიზეზი ბევრია და ყველა ერთ ადამიანს, არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უკავშირდება.
პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რატომ გამოაცხადა მოსვლიდან მეორე დღესვე ლუბა ელიაშვილმა რეორგანიზაცია დასრულებულად, მაშინ როცა არც კი დაწყებულა და არ არის ცნობილი არხის ბედი? მით უმეტეს, რომ არ არის გარკვეული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. სწორედ საბჭომ უნდა შეარჩიოს დირექტორატი და არა პირიქით, დირექტორმა მოიყვანოს თავისთვის კომფორტული ბორდი. ამის მცდელობა ელიაშვილს, როგორც ჩანს, უკვე აქვს, რადგან განგვიცხადა, რომ ყველა ბორდთან არ ითანამშრომლებს. ასევე გაუგებარი დარჩა, რატომ ლუბა ელიაშვილი, რომლის ავტორიტეტიც ყველაზე ნაკლებია იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, რომლებსაც შესაძლოა კახა ბექაური შეეცვალათ? ელიაშვილის მეუღლეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, როდესაც პრემიერი გრძნობს უხერხულობას თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის გამო, დირექტორსაც უნდა უქმნიდეს უხერხულობას ის ფაქტი, რომ მეუღლე იუსტიციის საბჭოს წევრი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. ივანიშვილი სწორედ იმიტომ ამბობს უარს "მე-9 არხზე", რათა არ დარჩეს მცირე ეჭვიც კი, რომ მან, როგორც პრემიერმა, შესაძლოა საკუთარი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს კონკრეტული მედიასაშუალება. ბექაურის ელიაშვილით ჩანაცვლება კი ამ ეჭვის გაფანტვას ვერ მოემსახურება.
ელიაშვილმა ამ კონტექსტში და საკუთარი თავის გასამართლებლად ჩემი მეუღლე ახსენა, ისიც სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდაო. დიახ, ასე იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე ვიყავი რიგითი ჟურნალისტი და არა რომელიმე ტელევიზიის დირექტორი და როდესაც ჩემი მეუღლე სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, სწორედ იმ ძალას ვაკრიტიკებდი, ვინც მაშინ ქვეყანას მართავდა, რასაც ვერ ვიტყვი ლუბა ელიაშვილზე - მის კარიერაში ასეთ ფაქტებს ვერ ვიხსენებ. ჩემი რჩევაა, ლუბა ელიაშვილმა ნაკლები დრო დაუთმოს წასული ადამიანების ლანძღვას და მეტი საქმეს, რადგან თუ ეს საქმე არ გამოუვიდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. ამით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას და ამტკიცებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება მას ებაროს ასეულობით ადამიანის ბედი. ნაცვლად იმისა, არხის რეიტინგზე იზრუნოს, ლანძღვით აპირებს თავის დამკვიდრებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნათია ლაზაშვილის სახელის ხსენებით აპირებს ბეჭდური მედიის გვერდებზე მოხვედრას. ვწუხვარ, თუ აქამდე ამის დანაკლისი ჰქონდა. ელიაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ სხვა ჟურნალისტებსაც ვაიძულებდით არხის დატოვებას. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია! ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერც "რუსთავი 2"-ზე და ვერც "მე-9 არხზე" ამას ვერ იტყვის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჯგუფურად არ ხდება და ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, სად და ვისთან სურს მუშაობა. არ ვაპირებ ჩემი სახელი ან ნდობის ხარისხი ელიაშვილის კარიერულ ამბიციებს შევწირო და შურაცხმყოფელ განცხადებებში შევეჯიბრო.
- თქვით, რომ ფარულ ჩანაწერებში ნათქვამი "არხის ნგრევა" დაიწყო. რა იგულისხმეთ?
- არაფერს ვამტკიცებ. ყველამ იცის, რომ ასეთი ჩანაწერები არჩევნებამდე გავრცელდა. ავთენტურია თუ არა, ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. მე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე და ვთქვი, რომ მოხდა დამთხვევა. ფაქტია, რომ ლუბა ელიაშვილის მოსვლას მოჰყვა არაერთი თანამშრომლის წასვლა არხიდან და, ფაქტობრივად, იმის ნგრევა, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან რთულ ვითარებაში ვაშენებდით. ასეთი ჩანაწერის შემდეგ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო მისი მიზნების კეთილსინდისიერებაში. ნგრევა ადვილია, შენება კი ბევრად რთული.
- ხელმძღვანელობამ თუ შემოგთავაზათ დარჩენა?
- "ვისაც არ გინდათ, წადით, არ მჭირდება თქვენი დროებით დარჩენა, დღესვე მოვიყვან შემცვლელს", - მე უფრო ასეთი განცხადებები მოვისმინე. არხზე ვნებათაღელვა ელიაშვილის მოსვლისა და მისი თათბირის შემდეგ დაიწყო. ვცდილობდით მფლობელს სცოდნოდა, რატომ არ გვსურდა ელიაშვილთან თანამშრომლობა. პროდიუსერებს მისი ჩარევის მცდელობის რამდენიმე ფაქტი უკვე ჰქონდათ. გავაკეთე განცხადება, რომ რეორგანიზაციამდე დავრჩებოდით ტელევიზიაში, მაგრამ იმავე საღამოს ელიაშვილმა თქვა, რომ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ეს განცხადება და გააკეთა სხვა მაპროვოცირებელი განცხადებები, რათა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა.
"მე-9 არხზე" იმ პერსპექტივით მივედი, რომ ვიწყებდით ახალი ტელევიზიის შექმნას, რომელსაც გრძელვადიანი გეგმები და პრეტენზია ექნებოდა, რომ უნდა ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი. მნიშვნელოვანი იყო, ვინ უხელმძღვანელებდა კომპანიას და რა ჟურნალისტურ სტანდარტებზე იქნებოდა ლაპარაკი. დღეს პირველად ვაცხადებ, რომ მაშინ კომპრომისზე წავედი, რადგან თავდაპირველად ლაპარაკი იყო სხვა ხელმძღვანელ პირებსა და მუშაობის სულ სხვა პირობებზე, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, რადგან საჭირო იყო იმ ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა და ჩემი თუნდაც პატარა ავტორიტეტის გამოყენება, რომ დანგრეულიყო "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდა. გარწმუნებთ, მაშინ რომ ყოფილიყო ელიაშვილის კანდიდატურაზე ლაპარაკი, ბევრი პროფესიონალი, მათ შორის - მეც, არ მივიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ. მე მაქვს უფლება, არ მინდოდეს იმ ადამიანთან მუშაობა, რომლის შეხედულებები, პრინციპები, წარსული კარიერაც ჩემთვის მიუღებელია. ის არ არის ავტორიტეტი იმ ველზე, სადაც ცდილობს თავის დამკვიდრებას. რაც შეეხება ბექაურის დარჩენა-არდარჩენას არაფერს ვამბობ, რადგან კახამ იმის შიშით, რომ საბოტაჟში დაადანაშაულებდნენ, ვერ შეძლო ვერც საკუთარი თავის და ვერც თანამშრომლების დაცვა. ელიაშვილს შეეძლო უარი ეთქვა ამ პოსტზე და ასპარეზი დაეთმო სხვა პროფესიონალისთვის, ვისაც მეტი ნდობა ექნებოდა. მის ადგილზე თავს არ ჩავიგდებდი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. მე ეს გავლილი მაქვს: თავის დროზე ნიკა ტაბატაძე ჩაანაცვლეს აბსოლუტურად არაპროფესიონალი კობა დავარაშვილით და საბოლოოდ "რუსთავი 2"-ში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
- ამ ამბიდან რამდენიმე დღეში მეორე სამწუხარო ამბავი შეგემთხვათ, კახეთში თქვენი სახლი დაიწვა.
- ეს იყო ორი საუკუნის მამაპაპისეული ულამაზესი სახლი, რომელიც პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი და რომლის მსგავსიც კახეთში იშვიათია. ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი და ჩემი ნაწილი. ამიტომაც ახლა თავს ისევე განადგურებულად ვგრძნობ, როგორც ეს სახლი. არ დარჩა არაფერი, არც ერთი ნივთი, მათ შორის საგვარეულო რელიკვიები, მხოლოდ აგურის კედლებია შემორჩენილი. ისე ცუდად ვარ, ვერც კი ჩავდივარ ამ საცოდაობის სანახავად. მამაჩემმა ორი ბინა გაყიდა, რომ ამ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა, როგორიც მისმა წინაპრებმა დატოვეს. ეჭვი რომ რამეში შევიტანო, შეიძლება შეთქმულების თეორიაში გადავიდე, რაც არ მჩვევია. თუმცა, ფაქტია, რომ სახლში არავინ იყო და ისიც ფაქტია, რომ ბოლო მოვლენები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ხანძრის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პროვოკაცია, ვიღაცას უნდოდა ესარგებლა ჩემი არხიდან წამოსვლით, რათა გაჩენილიყო ინსინუაციების საფუძველი.
- სხვა ტელევიზიებიდან შემოთავაზება არ ყოფილა?
- არა. ვრცელდება ჭორები, თან სახელდება კონკრეტული გვარები, ვინც ამბობს, რომ "მე-9 არხიდან" წამოსულ ჟურნალისტებს სხვა ტელევიზიები დაბლოკავენ. ამაზე მეღიმება და მხოლოდ ერთი ფრაზა მომდის თავში, - Deja Vu, რადგან ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა მაშინ, როდესაც "რუსთავი 2" დავტოვეთ. ასე რომ, ეს იმათი გავრცელებული მგონია, ვინც ვერ გასცდა "ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტარული მართვის მეთოდებს. მათი სტილი ასეთი იყო: "თუ ეწინააღმდეგები, მისი მტერი ხარ". დარწმუნებული ვარ, ეს არ მოდის "ქართული ოცნების", მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მინდა ბოდიში მოვუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან შესაძლოა ასე მოინათლა, რომ მე ის ჩემი გადაწყვეტილებით ფაქტის წინაშე დავაყენე, თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანია მოწმე, რომ არაერთხელ ვცადე მისთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ამბავი მიტანილი და ბოლომდე ახსნილი არ იყო, ვითარების განმუხტვა ეთერიდანაც კი ვცადე. მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მედიის თავისუფლების ისეთივე გარანტი იქნება, როგორიც მთელი 8 თვე ერთი კონკრეტული მედიასაშუალების - "მე-9“არხის" თავისუფლად მუშაობის გარანტი იყო. ვიცი, რომ ის პატივს სცემს პიროვნების თავისუფლებას და საკუთარი პრინციპების ერთგულ ადამიანებს. სწორედ ამიტომ, იმედია, სწორად გაიგებს, რატომ ვერ შევძელი ლუბა ელიაშვილთან თანამშრომლობა.
ლუბა ელიაშვილი ლაზაშვილის ბრალდებებს პასუხობს:
- დააკონკრეტოს, რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ ვცრუობ. ვის ვუთხარი და როდის, ლაზაშვილი ჟურნალისტებს არხის დატოვებისკენ მოუწოდებს-მეთქი. იმ ადამიანს ჰკითხეთ, ვისაც გულისხმობს, ასეთი რამ ვუთხარი თუ არა.
- მან თქვა, რომ რეორგანიზაციამდე აპირებდა დარჩენას. თქვენ კი გითქვამთ, არავის დროებით დარჩენა არ მჭირდებაო.
- თუ არ ვცდები, მან პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ. ვიდრე ეთერში შევიდოდა, მადლობა გადავუხადე, რომ დანარჩენებს არ აჰყვა და რჩებოდა.
მომავალი გვიჩვენებს, ვინ გადაარჩინა არხი და ვინ აჰკიდა გაურკვეველი გადაწყვეტილებებით უამრავი პრობლემა. ეს არხი უკვე გადარჩენილია, აქ უამრავი კარგი ადამიანი მუშაობს და თუ ნათია ლაზაშვილი არ იქნება, ამით არაფერი მოაკლდება. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ჩიხვაძე დაბრუნდა და სიამოვნებით მივიღეთ უკან. მანამდე იმედა დარსალია დაბრუნდა და საინფორმაციოს უფროსად დაინიშნა.
- ლაზაშვილი ამბობს, რომ თქვენს კანდიდატურას თანამშრომლების წინააღმდეგობა მოჰყვა.
- კერძო სტრუქტურაში დირექტორის შეცვლა მხოლოდ მფლობელის გადაწყვეტილებაა. ახლა არხზე აუდიტი მიმდინარეობს და მფლობელი გაარკვევს, ხომ არა აქვს კიდევ რაიმე პრეტენზია ყოფილ ხელმძღვანელობასთან.
ქეთი საგინაშვილი