„ჩემს სოფელში იყო ჩემი სამოთხე და ახლა ძილში სულ იმას ვხედავ“ - კვირის პალიტრა

„ჩემს სოფელში იყო ჩემი სამოთხე და ახლა ძილში სულ იმას ვხედავ“

ალბათ, ტრაგედიების ყველაზე მტანჯველი განცდა უსამართლობის შეგრძნებაა, როდესაც ადამიანის ცხოვრება წამებში ინგრევა. ტყიბულის ოდესღაც მშვენიერი და აწ უკვე გამქრალი სოფელი კურსები დღეს ცხოვრების თავიდან დაწყების იმედით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ჯერ არ ჩანს. ნაქირავებ ბინებში შეყუჟული ადამიანები თავიანთ სახლ-კარს ღამით სიზმრებში ხედავენ, დღისით კი რეალობით იტანჯებიან. სტიქიამ გზა შინისკენ სამუდამოდ გადაკეტა, ხოლო ექიმ გოჩა ალფაიძის კარ-მიდამო უკვალოდ ამოშალა. მისი და მისი სოფლის ნაქირავები ბინის ფანჯრებიდან ჯერ სხვა გზა არ ჩანს... როგორ ცხოვრობს სოფელი, რომლის ნაშრომი მიწის ნაპრალებში ჩარჩა, ამის შესახებ მასთან საუბარი ძნელია, მაგრამ არა უიმედო.

- ბატონო გოჩა, თითქოს გადაიარა თქვენი სოფლის ტრაგედიის პირველმა ექომ. თითქოს მინელდა საზოგადოების ამაზე შფოთვა. თუმცა გაურკვეველი მომავლით დიდხანს არავინ უნდა იტანჯებოდეს. როგორ ცხოვრობთ.

- სამწუხაროდ, ისევ ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფომ ოქტომბრის ჩათვლით შეგვასახლა. გვპირდებიან, ნუ გეშინიათ, დაგაბინავებთო. ვნახოთ, იმდენად მცირე კომპენსაციაზეა ლაპარაკი, ამ თანხით დაბინავება შეუძლებელია. ახალი გადაწყვეტილებაა მისაღები და ვნახოთ, რა იქნება. ჭერი და მიწა ყველას გვჭირდება. როდესაც მთელი ცხოვრება მიწასთან ხარ, ეხები, დაფუსფუსებ, ვერასოდეს გაძლებ მის გარეშე.

ექიმი ვარ, ყოველდღე დავდიოდი სამსახურში, დიდი მეურნეობა არ მქონია, მაგრამ ფუტკარიც მყავდა და ბოსტანიც მქონდა. სოფელი მიწას იყო მიჯაჭვული, არ შორდებოდა და მის გარეშე ძალიან გაუჭირდა... ძალიან ძნელია სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც ახლა ჩვენს გულში ხდება. ერთი ჯოჯოხეთი ხომ უკვე გავიარეთ და შემდგომში, ალბათ, კიდევ გავივლით, როდესაც ჩვენს სოფელს ჩავუვლით და იქ ვეღარ მივალთ. ეს უზარმაზარი და გაუსაძლისი ტკივილია. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც თავისი მიწა არასოდეს დაუტოვებია. მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის ჩემი მიწიდან წასვლა რომ მნდომოდა, წავიდოდი, მაგრამ არ შემეძლო. რაც ვიშრომე, თავად მიწამ წაიღო ჩვენი ნაშრომი. ამ ტკივილს ვერაფერი მოგვიშუშებს. ჩემს სოფელში იყო ჩემი სამოთხე და ძილში სულ იმას ვხედავ. დღე არ არის, ჩემს სახლში, რომელიც აღარ არსებობს, გონებით არ ვიყო.

1000012101-1781453714.jpg

- სტიქია მარტში იყო, ახლა ივნისია და წინ არაფერი გაქვთ. ბევრი ვერ გაუძლებდა უსახლკარობას ისეთი მოთმინებით, როგორითაც თქვენ უძლებთ. კონტური მაინც არ გამოიკვეთა, რას გაძლევთ სახელმწიფო? ალბათ, თანასოფლე­ლებს ისევ ერთად ცხოვრება გსურთ, სოფელი ხომ ერთი სხეულივით არის, რომ­ლის დაშლა დამატებითი ტკივილია.

- კანონს თუ მივყევით, არსებობს 2013 წელს დადგენილი თანხები დევნილები­სთვის. ამ ოდენობით აბსურდია რაიმის შეძენა. Aახლა მოთმინებით ველოდებით ახალ გადაწყვეტილებას კომპენსაციაზე, რომ გზას დავადგეთ. თუმცა ერთი კი არის, რაც და როგორც არ უნდა მოგვცენ, შეუძლებელია ჩვენი სულიერების ნაყოფი აგვინაზღაურდეს, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი განცდები, ყველაფერი, რაც ადამიანს აცოცხლებს, მიწამ შთანთქა. სოფლის დაშლის მომენტიც ძალიან გვიჭირს. სოფელი ერთიანობაა დროით, წინაპრებით, ჭირითა და ლხინით. იმღამინდელ ჯოჯოხეთსაც რომ გადავურჩით და რომელიმე ჩვენგანი არ შეეწირა, ესეც სოფლის დამსახურებაა. ტრაგედია გამთენიისას დატრიალდა, როდესაც ადამიანს ყველაზე ღრმა ძილით სძინავს, მაგრამ ერთმა რომ გაიღვიძა, დანარჩენებიც გააღვიძა და სანამ ყველა სამშვიდობოს არ დაიგულა, მანამდე ეხმაურებოდნენ ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ ყველას საკუთარი თავი ჰყავდა გადასარჩენი და სიკვდილი ფეხდაფეხ მოსდევდა... მე ბიძაშვილმა დამირეკა. თავად მოხუც მეზობელს გაუღვიძებია, სახლი ირყევა და მიშველეო. მივიდა, კაცი სახლიდან გაიყვანა და მერე მე დამირეკა, ხომ გაქვს მშვიდობაო. თავიდან ვერც მივხვდი, რას მეუბნებოდა, რა ხდება-მეთქი? ამის მერე გავ­ვარდი გარეთ. შუქი აღარ იყო, დაძრულ მიწას უკვე წაქცეული ჰქონდა ელექტრობოძები, ამიტომ ფარანი მოვძებნე და გარეთ გავედი. მრავალჯერ ვახსენე სიტყვა `ჯოჯოხეთი~ და სწორედ ეს იყო, რაც დავინახე... ჯოჯოხეთში გავიღვიძე. გუგუნსა და ხეტყის ლეწვასთან ერთად, წამში აღვიქვი, რომ ეზოდან ჩანჩქერი იყო დაკარგული. ეს ჩანჩქერი სახლის გვერდით ჩამომდინარე ღელიდან მოვაწყვე, პატარა ტოტი გამოვიყვანე და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან დავუშვი. იმავე წამს მივხვდი, რომ ღელე დაძრულმა მიწამ და ხეტყემ გადაღობა, სულ ცოტა ხანში კი ის შეიძლება დატრიალებულიყო, რაც რაჭაში მოხდა - შეგუბებული წყალი გადმომსკდარიყო, ღვარცოფი წამოეღო და მთელი სოფელი წაელეკა. მაშინვე სამაშველო სამსახურში დავრეკე. მადლობა ღმერთს, ბიჭები ძალიან მალე მოვიდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ პირუტყვი ავხსენით ბაგიდან - გამწარებულები ბღაოდნენ.

ჩვენი სოფლის მთა აღარ არსებობს, ნაპრალებად არის დაშლილი და ნაპრალებში ტბებია დამდგარი. სამაგიეროდ, მეორე მთა გაჩნდა. დაახლოებით 6 მეტრი სიმაღლის იქნება, არადა, ის ვაკე ადგილი იყო. საბედნიეროდ გადავრჩით, ტბის წყალმა კი ბუნებრივი გზა იპოვა და სოფელში გადარჩენილ ერთადერთ სახლში ჩაედინება.

სხვა 59 სახლი დაზიანდა. ჩემი ბიძაშვილის სახლი 200 მეტრის მოშორებით იდგა და მისი ნანგრევები ახლა ჩემი ყოფილი სახლის ქვემოთ არის ჩამოტანილი. თავად ჩემი სახლი აღარ არსებობს, გაქრა ავტომანქანიანად. მეორე ავტომანქანაც გვყავდა, ის კი იდგა ერთხანს, მაგრამ მერე ისიც წყალმა დაფარა.

1000012100-1781453713.jpg

- ვისი სახლიც ჯერ კიდევ დგას, მან თუ გამოიტანა სახლიდან ნივთები?

- ფასეული არავის არაფერი გამოუტანია. გზა არ არის და მაცივარს ან გაზქურას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებ.

- იმის მიუხედავად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაინც ბედნიერები ხართ, რომ ყველანი გადარჩით.

- ჩვენ გადავრჩით, ბავშვები გადარჩნენ და ეს სასწაულია, ამიტომაც მადლობა უფალს. ამ ჯოჯოხეთს ჩემი შვილები ასცდნენ, მაგრამ ვინ იცის, მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, მე და ჩემი მეუღლე თუ ჩავიმარხებოდით, ალბათ, ჩვენი შვილები ჩვენს საფლავსაც ვერ იპოვიდნენ და ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ექნებოდათ. ან როგორ იპოვიდნენ, თავად ჩემს სახლსაც ვერ ვპოულობ. თითქოს ვიცი, სადაც იდგა, მაგრამ სახლიც გამქრალია. ტკივილი სამუდამოდ რჩება, მაგრამ არის იმედი, რომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ და საყვარელი ადამიანების ცქერა შეგვეძლება.