ამბები კომპოზიტორთა სახლის ეზოდან და ლევან აბაშიძის ბედისწერა
"იღბლიანი კაცი ვარ, ისეთი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე", - ამბობს მსახიობი გიორგი გურგულია და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს.
რეზო ლაღიძე და ბიძინა კვერნაძე

- მოსეშვილის ქუჩის 8 ნომერში, კომპოზიტორთა სახლში ისეთი ადამიანების მეზობლად ვცხოვრობდი, როგორებიც იყვნენ ბიძინა კვერნაძე, შოთა მილორავა, სულხან ცინცაძე, რეზო ლაღიძე... მათთან სტუმრად მოდიოდნენ ჯანსუღ კახიძე, გოგი ცაბაძე... იმ დროისთვის აღირებული და პატივსაცემი კიდევ ბევრი პიროვნება. ჩვენს ეზოში საოცარი ამბები ხდებოდა, ხშირად ქეიფობდნენ... დღემდე მომყვება ის წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც მათ ჩემზე მოხდინეს.
რეზო ლაღიძე ინდური ფილმის პერსონაჟის სახელს, ჯაგას მეძახდა. ის ბაბუას უახლოესი მეგობარი იყო, ყურძნის დაწურვას მასწავლიდნენ. რეზოს შეეძლო 17-18 ლიტრი ღვინო დაელია, 12 ლიტრის მირთმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ზოგჯერ სუფრებზე თავისი ღვინით მიდიოდა. იცით, ღვინო როგორ მიჰქონდა? მეორე სართულზე ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც ინსულტი მიიღო და სიარული უჭირდა, დამიძახებდა, ჯაგა, ამოდი, მომეხმარეო. ჩემოდნის ფორმის ოცლიტრიანი ჰქონდა, რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, დიპლომატი მოაქვსო. ამ დროს ღვინის "კანისტრა" იყო, მანქანამდე მიტანაში ვეხმარებოდი. რამდენჯერმე თურმე დაშაქრული ღვინო დაალევინეს და მას შემდეგ თავისი ღვინით დადიოდა.
- ღვინოს თავად აყენებდა?
- დიახ, ჩვენ კარგად მოწყობილი, დიდი სარდაფი გვქონდა, საწნახლით, საწურით, ყველა საჭირო ატრიბუტით. რეზო და ბაბუას კახეთიდან რქაწითელი ჩამოჰქონდათ. დღესასწაული იყო, როგორ იწყებდენ წურვას, მერე მაჭრობა, ღვინოს გადაღება, ბოლოს რეზოს თავისი ღვინო მიჰქონდა, ბაბუა თავის წილს იტოვებდა. იცით, რეზო ლაღიძე როგორი პატრიოტი კაცი იყო? თავის სამშობლოზე რომ ლაპარაკობდა, თვალები უცრემლიანდებოდა. ძალიან განათლებული იყო. სულ თამადობდა, ყველა მიმართულებით შეეძლო შთამბეჭდავი ყოფილიყო...
"ვოლგა" ჰყავდა, ცუდი ჩვევაა, მაგრამ საჭესთან ნასვამი ჯდებოდა. რომელი ინსპექტორი აკადრებდა, არ დაჯდეო, მოტოციკლეტებით წინ ჩაუდგებოდნენ და სახლამდე ასე აცილებდნენ... ბუნებაზე გიჟდებოდა, თევზაობა უყვარდა, ეზოში ბადეებს ქსოვდნენ და მთელი ამბავი იყო... ეს სათევზაოდ წასვლაც მხოლოდ თევზის დაჭერა ხომ არ იყო, იქ ცეცხლს ანთებდნენ, სუფრას ამზადებდნენ, სხვაგვარად ურთიერთობდნენ.
- სათევზაოდ ერთად ყოფილხართ?
- არაერთხელ. ბიძინა კვერნაძის შვილი, გოგი, ჩემი მეგობარია, საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ, მაგრამ სათევზაოდ რომ მიდიოდნენ, ყველაზე ხშირად მე დავყავდი, გოგი ცოტათი წუწუნა იყო, ამბობდა, სახლში მინდა, დავიღალეო. მე ამტანი ვიყავი, ტყეში დაძინებაც უპრობლემოდ შემეძლო.
ბიძინა კვერნაძეს გამორჩეული იუმორი ჰქონდა, ისეთს იტყოდა, ხალხი ცრემლებამდე მიჰყავდა, ეხვეწებოდნენ, გაჩერდი, აღარ შეგვიძლიაო. ერთი კაცი აღფრთოვანებული ეუბნებოდა, ბატონო ბიძინა, სტალინი და მიხეილ სააკაშვილი თურმე ერთ დღეს ყოფილან დაბადებულები, იცითო? ბიძინა არც დაფიქრებულა, ისე მიუგო: მაგას ჰქვია, "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"...
ეზოში გაშლილი სუფრებიდან, შინ რომ ბრუნდებოდნენ, ეს ბუმბერაზი კომპოზიტორები ფორტეპიანოს მიუსხდებოდნენ ხოლმე... ხალისიანი დრო იყო, სულ მისვლა-მოსვლა, ამის დროც ჰქონდათ და საშუალებაც.
რეზო ლაღიძის შთაგონება ბუნება იყო, სულიერ საზრდოს იღებდა, მერე კი შედევრებს წერდა, მარტო მისი "თბილისო" რად ღირს. საოცარი კინომუსიკა აქვს შექმნილი, უნიჭიერესი კაცი იყო. კომპოზიტორთა საზოგადოება რეზოს განსაკუთრებულ პატივს სცემდა, ვაჟკაცური ბუნების იყო.
ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მეზობლები ჩიოდნენ, გვაწუხებს, სულ დაძვრება, ფანჯარა ჩაგვიმტვრია... რეზო გადმოდგებოდა ხოლმე, სწორედ მაგისგან გამოვა კაცი, აბა, თქვენი მუდო შვილებისგან არაფერი არ გამოვაო (იცინის). ცელქი რომ ვიყავი, მოსწონდა, ამბობდა, ბავშვი ცელქი და ინტერესიანი უნდა იყოსო, ამ სიცელქეში ნიჭიერებას ხედავდა, თურმე ბავშვობაში თავადაც ასეთი ყოფილა. მამაშვილური დიალოგი ჩვენს შორის არაერთხელ ყოფილა... გოგი, მე და ჩვენი თანატოლები სიგარეტს ვიპარავდით ხოლმე და ჩუმად ვეწეოდით. კომპოზიტორთა სახლის ეზოში პატარა ფანჩატური იყო, მაგიდებით, იქ რომ ვეწეოდით, ბოლი გადიოდა და ხვდებოდა, რასაც ვაკეთებდით. დამიძახებდა ხოლმე, ჯაგა, მოდი აქ, იცოდე, "ბიჩოკი" არ მოწიოო და იმ დროისთვის საუკეთესო სიგარეტის კოლოფს ჩამომიგდებდა ხოლმე.
ლევან აბაშიძე

- 10 სკოლა მაქვს გამოცვლილი, თითქმის ყველა უბანში ვსწავლობდი და ძალიან ბევრი კლასელი და მეგობარი მყავდა, მაგრამ ლევან აბაშიძე ჩემი ცხოვრების გამორჩეული ადამიანი იყო. მასაც ბავშვობიდან ვიცნობდი. არ არსებობდა, სადმე ვყოფილიყავით, ლევანი შემოსულიყო და ყურადღება არ მიექცია. ეს არ იყო მხოლოდ კარგი გარეგნობის დამსახურება, შინაგანად განსხვავებული ბიჭი იყო, სიცოცხლე უყვარდა, ცხოვრება უხაროდა, გოგონებს მაგნიტივით იზიდავდა. ძალიან ფაქიზი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე ადამიანი იყო... აფხაზეთში წასვლა სამჯერ გადავაფიქრებინე, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავიდა, წავიდა და წავიდა...
"არა მეგობაროს" რომ ვიღებდით, ლევანს პარალელურად სხვა ფილმში იღებდნენ. რეჟისორმა თავიდან იმ ფილმის გადაღება ლევან უჩანეიშვილთან ერთად დაიწყო, მერე ლევანი ამერიკაში წავიდა და აღარ დაბრუნდა, რის გამოც შუა გადაღებებამდე მისულს ახალი მსახიობის პოვნამ მოუწია. ამ როლზე საბოლოოდ ლევანი დაამტკიცა. "არა მეგობაროს" გადაღებიდან ლევანი ამ ფილმზე სამუშაოდ ზღვაზე წავიდა, იქიდან რომ ჩამოვიდა, მეძებდა, მაშინ ხომ მობილური ტელეფონები არ იყო, ვერ მიპოვა, რომ ვეპოვე, ალბათ მეც აფხაზეთში ამოვყოფდი თავს ან კიდევ ლევანს არ გავუშვებდი...
9 აპრილის დილით რუსთაველზე ლამის მომკლეს, დარბევა რომ დაიწყო, გოგონები გამომყავდა, ვიღაცამ ნიჩბით თავი გამიხეთქა, მხედველობა ამერია, თავად გამოსაყვანი გავხდი, მაშინ გადამარჩინეს... ლევანი იმ დროს ჰოლანდიაში გადაღებაზე იყო, მერე სინანული ჰქონდა, მაშIინ თავისი ხალხის გვერდით რომ ვერ იდგა. ისეთი პატრიოტი წინაპრების შთამომავალი იყო, მისი ბაბუებისთვის ბრძოლა უცხო არ იყო. აფხაზეთში ვითარება რომ აირია, სულ ამბობდა, იქ ომია და როგორ არ უნდა ჩავიდეო? ლევანის მეუღლე მიკა ფეხმძიმედ იყო. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ დაწერა, მიკას ლევანმა და დედამისმა მუცელი მოაშლევინესო, რაც სისულელეა. მანანა (ლევანის დედა) მიკას ეუბნებოდა, რომ ადრე იყო შვილის გაჩენა, სტუდენტები იყვნენ, კარიერაზე ეფიქრათ... მაშინ ლევანი გადაღებაზე იყო, მანანამ რაღაცნაირად დაითანხმა და მიკამ ორსულობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ამ ამბის გაგება ლევანისთვის ბოლო წვეთი იყო, საბოლოოდ მიეღო გადაწყვეტილება, ომში წასულიყო. დედამისი კარში ჩაუწვა, არ წახვიდეო, მაგრამ... გადააბიჯა და წავიდა. რომ არა ბავშვის ამბავი, ვფიქრობ, ფეხმძიმე ცოლს არ მიატოვებდა.
იმ ფილმს, რომელშიც ლევანი "არა, მეგობაროს" გადაღებების პარალელურად თამაშობდა, უცნაური ბედი დაჰყვა. ლევანი რომ გარდაიცვალა, ისევ შუამდე მიყვანილი იყო გადაღება და რეჟისორი იძულებული გახდა, შეეწყვიტა. მერე ამ როლზე სხვა ბიჭი დაამტკიცეს და ისე მოხდა, რომ იმ ბიჭმა თავი მოიკლა...
ლევანის წასვლა ჩემი თაობისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. როგორც ვიცი, ააფეთქეს. მაშინვე სხვადასხვა ვერსიები ითქვა. იქ მებრძოლებსაც შევხვდი, მაგრამ მათგანაც რამდენიმე ვერსია მოვისმინე, სიმართლე ბოლომდე მაინც უცნობია.
ლევანის წასვლით გულში ამოუვსები ადგილი დამრჩა. ჩემი თაობა ძალიან დაიჩაგრა, ომები, არეულობა, ნარკოტიკი, იარაღი, საძმოები, ათასი სისულელე... საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ალბათ 10-მა პროცენტმაც ვერ მოახერხა. არადა, ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.
ლევანის გახსენებამ დამასევდიანა. ამ ერთი ინტერვიუსთვის ეს ამბები საკმარისია. გასახსენებელი ბევრი მაქვს - თენგიზ არჩვაძე ბიძად მეკუთვნოდა, რამაზ ჩხიკვაძესთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა. ინოლა გურგულია ჩემი მამიდა იყო, საოცარი ქალბატონი. საზღვარგარეთიდან ვინმე პატივსაცემი თუ ჩამოდიოდა, ინოლას აცნობდნენ... ის სუფრები და სიმღერები ცალკე დღესასწაულები იყო. ლოს-ანჯელესში ინოლას სახელობის კლუბი ვნახე, ამერიკელები და ქართველებიც ყოველდღიურად იკრიბებიან, უსმენენ ინოლას მუსიკას და ინტელექტუალური საუბრები აქვთ. ინოლას თავის თანამედროვე ბევრ უცხოელთან ჰქონდა ურთიერთობა. მან ინგლისურ და ფრანგულ ენებზე საუბარი შეეძლო.
იღბლიანი კაცი ვარ, ასეთი ადამიანების გარემოცვაში რომ გავიზარდე, თუმცა მაშინ მე ეს ჩვეულებრივი ამბავი მეგონა და სათანადოდ ვერც კი ვაცნობიერებდი.
თამუნა კვინიკაძე