თბილისური „ალექსეევკა“ - კვირის პალიტრა

თბილისური „ალექსეევკა“

ყველგან, მათ შორის, თბილისშიც, არის ადგილები, რომლებიც საუკეთესოდ გვიმტკიცებენ, რომ "დრონი მეფობენ და არა მეფენი". ასეთად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ე.წ. ალექსეევკის დასახლებები, სადაც რუსეთი მოძულებულ რუს მოსახლეობას ასახლებდა. ამ "ალექსეევკებიდან" ერთი გარდაბანში, მეორე - თეთრიწყაროში, მესამე კი თბილისის შემოგარენში მდებარეობს. მართალია, უდიდესმა ნაწილმა "ალექსეევკები" დატოვა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ნაწილმა ჩვენი ქვეყანა გულწრფელად შეიყვარა და სამშობლოდ აქცია.

1000012076-1781456487.jpg

ბევრს სმენია თბილისის ალექსეევკაზე, მაგრამ შესაძლოა ასევე ბევრს ის არც უნახავს, რადგან თბილისიდან საკმაოდ მოშორებულია და მხოლოდ ერთადერთი მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: ავტობუსის მძღოლები ამ თითქმის უცვლელ დასახლებას ზედმიწევნით იცნობენ და შემხვედრებს ზოგჯერ ხელის აწევითაც ესალმებიან. თუკი დაინტერესდებით, სწორედ ისინი გეტყვიან, რომ ამ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე რუსი ეროვნების მოსახლეობა უკვე დიდი ხანია სხვებით ჩანაცვლდა (გამონაკლისის გარდა), მათგან კი მხოლოდ პატარა, ე.წ. რუსული სახლები დარჩა. სხვათა შორის, ადგილობრივებიდან ბევრს გულწრფელად სწყდება გული ამაზე, კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ისინიც დროის მსხვერპლი აღმოჩნდნენო. მათი ციცქნა სახლები კი დღემდე შეღებილია ასევე ე.წ. რუსული ფერების საღებავებით: მკვეთრი ცისფრითა და ყვითლით, დაჟანგებულ ჭიშკრებზე შემორჩენილი საბჭოთა ფოსტის სანიშნეებით, რომელთა მიღმა, ეზოში, ეკიდა ფოსტის ყუთი, სადაც ფოსტალიონი გაზეთებს ჩააც­ურებდა ხოლმე. ზოგიერთ ჭიშკარზე შერჩენილია ავ თვალთან ბრძოლის სიმბოლო - ცხენის ნალი. იცოცხლე, "კაჩკაში" შებმული ცხენები აქ მცხოვრებ რუსებს ბლომად ჰყავდათ. სიტყვა "კაჩკაც" სწორედ მათი დატოვებულია, რასაც ბევრი ისევ ჯიუტად უწოდებს ქართულ ურიკას. და რაც მთავა­რია: ამ ციცქნა სახლების ეზოებში თითქ­მის ყველგან ხვიარა ვარდებია გაბმული. ყველა ფერის და ყველა ჯიშის, რაც აქაურ რუს მოსახლეობას თურმე ყველას ედგა თავიანთი რუხი ყოფის გასალამაზებლად. ეს სახლების ახალ პატრონებსაც მოეწონათ და დაიტოვეს.

1000012025-1781456487.jpg

ვინ სახლობს დღეს თბილისის ალექსეევკაში? უმეტესად ქართველები, რომლებმაც დუხჭირი ცხოვრების გამო აქაურობას ბევრი ვერაფერი შემატეს. ასევე სომხური მოსახლეობა, რომელიც ხელოსნობას ეწევა. თბილისის ალექსეევკის "კოლორიტი" კი დასახლებაში ერთი ძველი სახლის ეზოში შესახლებული თხების ფერმაა, სადაც თხების პატრონი შვილებთან ერთად ცხოვრობს და ადგილობრივები ძალიან ემადლიერებიან, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს უფასოდ ასმევს თხის რძესო. სხვათა შორის, იმერელი ყოფილა და ძალიანაც მინდოდა გამეცნო, მაგრამ სახლში მხოლოდ თხები დამიხვდნენ, რომლებთანაც მართალია ვერ შევედი, მაგრამ ღობის ჭუჭრუტანიდან გადავიღე...

ჰო, ალექსეევკაში ერთ-ერთი სიძველე ოთხი 70 წლის ფიჭვია, რომლებიც საბედნიეროდ არავინ მოჭრა. ალბათ, იმიტომ, რომ მათ ძირში პატარა სკამი იყო და ზედ დომინო მუდამ გაშლილი. ახლა კი ისედაც არავინ მოაჭრევინებს - თბილისის მერიამ, მართალია, საკანალიზაციო სისტემას ვერ გაგიკეთებთ, ისევ ძველებური ტუალეტებით ისარგებლეთ, მაგრამ მაგ ოთხ ფიჭვს თვალისჩინივით მოვუვლითო.

ეთერ ერაძე