ტრამპს 80 წლის იუბილე ნეთანიაჰუმ ჩაუშხამა ბეირუთის დაბომბვით, რითაც ისრაელს აშშ-ირანის შეთანხმების ჩაშლა უნდა სურდეს...
დღეს, 14 ივნისს დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდა, რისი აღნიშვნაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს თავის სტილში სურდა,კერძოდ კი ამერიკულ-ირანული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დამთხვევით,მაგრამ ამ შეთანხმებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ,რაც ისრაელმა „ჰეზბოლაზე“ შურისძიების მოტივით დღეს კვლავ დაბომბა ბეირუთი...
ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ირანთან სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Trump Social-ზე წერს.
„ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საფრთხეებისგან, მაგრამ თავდასხმა, რომელზეც ის პასუხობდა, ძალიან მცირე და უაზრო იყო, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და არ უნდა შეაფერხოს ეს მნიშვნელოვანი პროცესი“, - აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში.
„ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში, მათ შორის ლიბანში, და ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს მოქმედება. ისრაელის მხრიდან ლიბანის რომელიმე წერტილში აღარ უნდა იყოს თავდასხმები, მაგრამ ასევე არ უნდა იყოს თავდასხმები სხვა მხარისგან, მათ შორის „ჰეზბოლასგან“, ისრაელის წინააღმდეგ. შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ლამაზი მშვიდობის დასაწყისი - ნუ ჩავაფლავებთ ამ შესაძლებლობას!“- წერს ტრამპი.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რომლის სამიზნე, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ მებრძოლები იყვნენ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით თავდასხმა მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანელმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა აჩვენებს, რომ აშშ-ს არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
„თუ არ გაქვთ ნებისყოფა და უნარი, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები, ამ გზის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია“, - დაწერა მან X-ზე.
ამასთან, ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, მოჰამედ ჯაფარ ასადიმ განაცხადა, რომ ისრაელის დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.
,,ბარაკ ჰუსეინ ობამას ირანთან შეთანხმება (JCPOA) მარტივი, ლამაზი, გლუვი გზა იყო ბირთვული იარაღისკენ, რომელიც ირანს ექვსი წლის წინ ექნებოდა და აქამდე დიდი ხნის წინ გამოიყენებდა. ირანთან ჩემი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა, კედელია ბირთვული იარაღისკენ! რეალურად, მათ აღარ უნდათ ბირთვული იარაღი, არც ექნებათ ის არც შესყიდვით, არც განვითარებით და შეძენის რაიმე სხვა ფორმით. შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და ხელმოწერიდან დაუყოვნებლივ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის იქნება ღია. ირანთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან განსხვავებული და უკეთესია ვიდრე წინა ადმინისტრაციების.
ობამას მიერ მათთვის ასობით მილიარდი დოლარის, მათ 1.7 მილიარდი დოლარის ნაღდი ფულით, გადახდისგან განსხვავებით, ფული არ იქნება გადახდილი. საჭირო დროს, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, [ირანში] შევალთ და ბირთვულ მტვერს ავიღებთ, რომელიც ჩვენი შესანიშნავი B-2 ბომბდამშენებისა და მათი ბრწყივნალე პილოტების წყალობით გრანიტის ძლიერი მთების ქვეშაა ჩამარხული, და გავანადგურებთ მას ან ირანში ან შეერთებულ შტატებში. მოუთმენლად ველით ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან ერთად მუშაობს მომავალში. იმედია, ეს პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად მოხდება. თუ არა და საბოლოო ალტერნატივა გვაქვს, რომელიც, იმედია, აღარასდროს იქნება გამოყენებული!” - წერს ტრამპი.
რამდენიმე საათში შეიძლება მართლაც შედგეს აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა დისტანციურ რეჟიმში,მაგრამ იმის ბოლო და დადასტურებული ვარიანტი,რასაც ხელი უნდა მოეწეროს, ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა...
თუმცა,ირანული მხარე აცხადებს,რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს აშშ-ების მხრიდან ირანზე დაწესებული ნავთობსანქციების მოხსნას და ეტაპობრივად ირანის კუთვნილი იმ 25 მლრდ დოლარის გადაცემას თეირანისთვის,რომლეიც წლებია „გაყინულია“ დასავლეთის ბანკებში.
თავის მხრივ ირანი უარს განაცხადებს ბირთვული იარაღის შექმნაზე ან მის შეძენაზე.თეირანი აღარ გახსნის ახალ ბირთვულ ობიექტებს და აღარ გაამდიდრებს ურანს,ხოლო უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის გამდიდრების პროცენტის შემცირებას დაიწყებს ამერიკულ მხარესთან ერთად ირანის ტერიტორიაზევე.
ეს ინფორმაცია არ ატარებს ოფიციალურ სახეს და ჯერ კიდევ უცნობი რჩება აშშ-სა და ირანს შორის ხელმოსაწერ დოკუმეტში გათვალისწინებულია თუ არა ირანის ბალისტიკური რაკეტების პოტენციალის შემცირება და თეირანის პირობა,რომ აღარ დაეხმარებიან „ჰეზბოლასა“ თუ „ჰამასს“ ანუ ის,რაც ასე სურს ისრაელს.
რამდენიმე საათში გაირკვევა საერთოდ ხელი მოეწერება თუ არა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ამ ხელშეკრულებას და რა ეწერება თავად დოკუმენტში,მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ეჭვი იმისა,რომ ისრაელს არანაირად არ სურს,რომ ასეთი შეთანხმება შედგეს ამერიკელებსა და ირანელებს შორის და შეუძლია „ჰეზბოლას“ ისევ დაარტყას ბეირუთში,რაც დროში გადაწევს შეთანხმების მიღწევას ან საერთოდ ჩაშლის ამერიკულ-ირანულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს,რაც ნეთანიაჰუს მხრიდან ტრამპისთვის წინ დადებულ „ნაღმად“ აღიქმება...