„რუსულ ბატონყმობას არ შევეგუებით“: აფხაზ ოპოზიციონერებს კრემლი აღარ მოსწონთ?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: რა ხდება აფხაზეთში - კვირის პალიტრა

„რუსულ ბატონყმობას არ შევეგუებით“: აფხაზ ოპოზიციონერებს კრემლი აღარ მოსწონთ?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: რა ხდება აფხაზეთში

კრემლი ურჩი აფხაზი პოლიტიკოსების დასჯას აგრძელებს. სოჭის სასამართლომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს კან კვარჩიას დაუსწრებლად 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. კვარჩიას ბრალად ედება 2025 წლის ნოემბერში ადგილობრივი "არჩევნების" პერიოდში, სოხუმში რუსი პოლიტტექნოლოგების ოფისში შეჭრა და შეიარაღებული გაძარცვა. ამ საქმეზე კიდევ შვიდი აფხაზია ბრალდებული, თუმცა განაჩენი ჯერ მხოლოდ კვარჩიას გამოუტანეს.

განაჩენს სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციურმა გაერთიანებებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და გადაწყვეტილებას "პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო" უწოდეს, რომლის მიზანი "არასასურველი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და საზოგადოების დაშინებაა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ".

მათი შეფასებით, ბოლო ორი წელია რუსეთი და აფხაზეთის ხელისუფლება სისტემურად დევნიან იმ პირებს, რომლებიც მოსკოვის პოლიტიკას აკრიტიკებენ. განცხადებაში ნახსენებია ჟურნალისტებისა და აქტივისტების "აგენტებად" გამოცხადება და როსტოვის უნივერსიტეტის პროფესორის ირაკლი ბჟინავას დაპატიმრება.

მოსკოვმა ანტირუსული გამოხდომების გამო ოპოზიციური გაერთიანება "აიდგილარას" ლიდერი კან კვარჩია მიზანში 2025 დამდეგიდან ამოიღო. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. შემოდგომაზე ე.წ. ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც კვარჩია თანაგუნდელებთან ერთად რუსი პოლიტტექნოლოგების ოფისში შეიჭრა, რუსეთში მის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა. პარალელურად გამოძიება დაიწყო აფხაზეთშიც. დე ფაქტო სასამართლომ საქმის სხვა ფიგურანტებს გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდა. კვარჩიას მიმართ მსგავსი ზომა არ გატარებულა, რადგან ის "პარლამენტის წევრის" იმუნიტეტით სარგებლობს. პროკურატურა მისი იმუნიტეტის მოხსნას ითხოვდა, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კვარჩიას საქმის გარდა, აფხაზეთში უკმაყოფილებას იწვევს იურისტ ირაკლი ბჟინავას საქმეც. ის როსტოვში დააპატიმრეს, სადაც ლექციებს კითხულობდა და აფხაზთა სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. ბჟინავა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გაპროტესტების გამო დააკავეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში წინასწარ პატიმრობაშია. 3 ივნისს მისი საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლომ სხდომა გადადო.

"რუსულ ბატონყმობას არ შევეგუებით"

განაჩენის შემდეგ კან კვარჩიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მწვავე განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვი აფხაზეთს "მორჩილებას" სთხოვს, ხოლო რუსი ჩინოვნიკები აფხაზებს ზემოდან უყურებენ: "რუსები ისე გვექცევიან, თითქოს არაფერი და არავინ ვართ... თითქოს რუსეთი ნელ-ნელა მიექანება ბატონყმობის ხანაში, სადაც ხალხი უუფლებო და უძლურია. რუსები ამას მიიღებენ თუ არა, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკაში ამ სიტუაციას არ შევეგუებით".

კვარჩიას აზრით, რუსეთის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას იწვევს: "უგუნური ჩინოვნიკები მუდმივად პრეტენზიებს გვიყენებენ, ჩვენ ფულით გეხმარებით და თქვენ მორჩილები უნდა იყოთო, არ იქნება ასე... ჩვენ არ გვჭირდება რუსიფიკაცია... რუსული ეკონომიკური მოდელის ანალოგია მე არ მჭირდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ "არას" თქმა იმაზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ვიაროთ საკუთარი გზით".

როგორც კვარჩიამ განაცხადა, ის პროაფხაზი ლიდერია, რომელიც არ დანებებულა, არ გაყიდულა და არ წასულა კომპრომისზე. მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის კურატორი სერგეი კირიენკო: "ვინ არის კირიენკო, რატომ გახდა ის ჩვენი კურატორი? მე არ დამავიწყდება, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო და ჩვენთან საზღვრები დაიკეტა, მაშინ რატომღაც არ ფიქრობდა ჩვენზე?"

ოპოზიცია: "ვინ იქნება შემდეგი?"

ოპოზიციურ არხებზე განაჩენი რეპრესიების ახალ ტალღად შეფასდა: "რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი ინტერვიუში ამბობს, რომ სოჭის სასამართლოს განაჩენი გამოაფხიზლებს მათ, ვინც აფხაზეთში "ძალიან შორს წავიდა". ზატულინის განცხადება ცინიკურია და მიანიშნებს, რომ ეს ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს. გამოდის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა "ძალიან შორს წასვლაა?!" - წერს ოპოზიციური არხი "აიაშარა", ვეტერანთა ორგანიზაცია "აარუას" წევრი ასლან კობახია კი ამბობს: "ამოქმედდა მასშტაბური რეპრესიული მანქანა. ვინმეს ნამდვილად ჰგონია, რომ ასეთი ქმედება ჩვენს ურთიერთობებს წაადგება, თუ ეს დაშინებაა?!"

ოპოზიციონერი აქტივისტების აზრით, "რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ ექცევა მათ, ვინც ბედავს აფხაზეთის ინტერესების დაცვას და გამოხატავს საკუთარ აზრს... ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტი, არამედ სიგნალია ყველასთვის, ვინც არ ეთანხმება მოსკოვის პოლიტიკას: "აიმაღლებთ ხმას და დაისჯებით"!.. ჯერ ირაკლი ბჟინავა, ახლა კვარჩია. ვინ არის შემდეგი? და რამდენ ხანს უნდა მოვითმინოთ ეს უსამართლობა?"

ე.წ. სახელისუფლებო მედია: "რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიაა"

დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხებზე კვარჩია და მისი მომხრეები რადიკალებად და რუსუფობებად მონათლეს.

"ინსაიდერ აფხაზია" წერს: "კვარჩიას გასამართლების შემდეგ რადიკალებმა რუსების წინააღმდეგ პირდაპირი მუქარა დაიწყეს. ისინი აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ, რომ შემდეგ ჯერზე არასასურველ რუსეთის მოქალაქეებს "ჩუმად, შეუმჩნევლად" მოეპყრობიან. არა კამერის წინ, როგორც გასულ ჯერზე... ეს ადამიანები რუსოფობიის გაძლიერებისკენ ისწრაფვიან. რამდენად ლეგიტიმურია ძალადობისკენ ასეთი მოწოდებები?"

როგორც "სომვინი" წერს: "რადიკალებს, ბანდიტებსა და რუსოფობებს თანამედროვე პოლიტიკაში ადგილი არა აქვთ". "დამოუკიდებელი" მედია და კორუმპირებული პარლამენტის წევრები კვარჩიას კვლავ პატრიოტად და სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის დამცველად მოიხსენიებენ, მაგრამ რიგითი ხალხი ხვდება: რუსეთის ფედერაცია თავის მოქალაქეებს ბანდიტური უკანონობისგან იცავს. არავინ აპირებს კვარჩიას რუსეთის სამართალდამცავებისთვის გადაცემას, მაგრამ ამ კომიკოსს აფხაზეთის დატოვება ეკრძალება. რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა".

"კან კვარჩია სრულიად გაიხსნა. ის, რაც მანამდე მხოლოდ უახლოეს წრეს უთხრა, რის გამოც რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, გუშინ საჯაროდ განაცხადა. კანი პრაქტიკულად მზადაა, საკუთარი პირადი ინტერესებისთვის აფხაზეთი ქართველებს გადასცეს და რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭოს", - წერს "ამრა ლაიფი".

ვრცელი განცხადება გაავრცელა დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამაც, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გარანტიაა და სოხუმი მომავალშიც გააგრძელებს მოსკოვთან მოკავშირეობრივი ურთიერთობის გაძლიერების პოლიტიკას.

"რუსეთი სჯის ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც გადადგამს"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი:

- რუსეთი სჯის ყველა იმ სეპარატისტ ლიდერს, ვინც მის წინააღმდეგ თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს. გასულ წელს კან კვარჩიასა და კიდევ ორ პირს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს გამაფრთხილებელი ნაბიჯი იყო. კვარჩია ამის შემდეგაც არ გაჩერდა, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ "სხვა ქვეყნის დეპუტატია", 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთი კვარჩიას დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ის და მისი გუნდი აპარტ-ოტელების მშენებლობის ეწინააღმდეგებიან. კვარჩიასთან დაკავშირებით მოსკოვმა სერიოზული საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა, სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება ცნობები კვარჩიას წარსულ საქმიანობაზე - ახალგაზრდობის დროინდელ ხულიგნობაზე, სახელმწიფო ქონების მითვისებაზე და სხვა. რა არის ამაში სიმართლე და რა არა, შეფასება გამიჭირდება, თუმცა კვარჩია რომ ქუჩის ბიჭი იყო, ეს რუსების გარეშეც ვიცით.

კვარჩიას პრესკონფერენცია პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნა იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ პროაფხაზი პოლიტიკოსია და ამით მიანიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფები პრორუსულ ძალებს წარმოადგენენ. სხვათა შორის, საქართველოც ახსენა, დაგვარიგა ჭკუა, რომ თურმე ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომები აფხაზეთის მიმართ და არსებულ რეალობას შევეგუოთ. კვარჩიას ახასიათებს ასეთი ტიპის გამოსვლები. ერთი რამეს მინდა ხაზი გავუსვა - კვარჩიამ მიაღწია იმას, რომ ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სახეა. თუ ცოტა ხნის წინ ადგურ არძინბაც პოზიციონირებდა ამ კატეგორიაში, დღეს არძინბა ჩაანაცვლა კვარჩიამ.

- სისხლისსამართლებრივ დევნა კვარჩიას პოლიტიკურ ქულებს შესძენს და შეძლებს პროაფხაზის იმიჯი მომავალ წლის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გამოიყენოს?

- აფხაზ საზოგადოებაში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ანტირუსულ განწყობებს ღიად გამოხატავს, ამიტომ ეს საქმე მას დამატებით ელექტორალურ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად ვერ მოუტანს. თუმცა კვარჩიამ მოახერხა დასამახსოვრებელ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევა. ახლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რომ მოინდომოს კრასნოდარის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამას სერიოზული ამბავი მოჰყვება. მისი დაჩაგვრის შემთხვევაში დიდი რეაქცია იქნება. აფხაზების თვალში კვარჩია აფხაზეთის ინტერესების განსაკუთრებული დამცველია და ადრე ე.წ. მთავრობაში ყოფნის დროს სხვა ჩინოვნიკებთან ერთად რუსულ მაყუთს რომ ყლაპავდა, უკვე აღარავის ახსოვს.

სინამდვილეში, რუსეთსაც არ სჭირდება კვარჩიას ციხეში ჩასმა. მთავარი სადამსჯელო ღონისძიება უკვე გატარებულია - კვარჩია რუსეთში ფეხს ვეღარ შედგამს, რადგან იქვე დააკავებენ. ეს ნიშნავს, რომ ის აფხაზურ სივრცეშია ჩაკეტილი, რაც პირადად მისთვის დიდი დარტყმაა. ერთადერთი გამოსავალი აქვს, აიღოს ნეიტრალური დოკუმენტი საქართველოში და სადაც უნდა იაროს. ეს ხუმრობით... პრესკონფერენციაზე კვარჩია ამბობდა, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, სამართლებრივი გზით წავიდეო. გეგონება, რევოლუციის მოწყობას აპირებდა მოსკოვში და გააკავეს. ყველამ იცის, რომ ეს განცხადება არაფრის მომცემია და მისთვის გამოტანილ განაჩენს არავინ შეცვლის.

- ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

- ამის თქმა რთულია, მაგრამ ცალსახაა, რომ ყველა ცნობილ ფიგურას, ვინც რუსეთის წინააღმდეგ წავა, მოსკოვი პასუხს მოსთხოვს. აფხაზეთში რუსეთს კონკრეტული ინტერესები და გეგმები აქვს. ერთ-ერთი მათგანია აპარტ-ოტელების პროექტი. კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი არ მოისვენებს, ვიდრე ამ გეგმას ხორცს არ შეასხამს, იმდენი ფული აქვს ამაში ჩაყრილი.

ეკატერინე ბასილაია