ლუდი, როგორც ხელოვნება
ზაფხულის მცხუნვარე დღეები ახლოვდება და მასთან ერთად იწყება ლუდის სეზონიც - დრო, როცა ეს ცივი, ქაფიანი სასმელი ყველაზე მეტად გვიზიდავს. თუმცა, ლუდის სმა მხოლოდ გემოსა და განწყობის ამბავი როდია, მას თავისი წესები, ტრადიციები და ეტიკეტი გააჩნია. ლუდის სმასაც გააჩნია თავისი წესები, ერთგვარი კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღესაც ინარჩუნებს თავის ხიბლს. სწორედ ახლა, როცა მისი სეზონი კარს მოგვადგა, ლუდის სმის ხელოვნებაზე გესაუბარებით.
ლუდი ერთ-ერთი უძველესი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც მარცვლეულის (ხშირად ქერის) დუღილის შედეგად მიიღება და მისი ისტორია ათასობით წელს ითვლის, მას ჯერ კიდევ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში ამზადებდნენ. დღეს ლუდის უამრავი სახეობა არსებობს: მსუბუქი და გამაგრილებელი ლაგერი, უფრო მდიდარი და ხილის ნოტებით გამორჩეული ელი, მომწარო გემოსა და ციტრუსოვანი არომატებით ცნობილი IPA (ინგლისური წარმოშობის ლუდის სტილი, რომელიც გამოირჩევა სვიის მაღალი შემცველობით,), ნაზი და ოდნავ ტკბილი ხორბლის ლუდი, ასევე მუქი, შოკოლადის ან ყავის არომატებით მდიდარი სტაუტი და პორტერი. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ლუდს განუმეორებელს.
ლუდის სმას თავისი წესები და ტრადიცია გააჩნია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ჩეხეთსა და გერმანიაში ლუდი ყოველდღიური ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ სიმბოლოდაც კი მიიჩნევა. ჩეხეთში ლუდის ჩამოსხმის გამორჩეული წესი არსებობს, მას "ჰლადინკას" უწოდებენ. მას შეიძლება ვუწოდოთ ლუდის ჩამოსხმის ხელოვნება, სადაც ქაფი ხდება სასმლის განუყოფელი ნაწილი და არა უბრალოდ ზედაპირული დეკორაცია. გერმანელები ტრადიციულად დიდ კათხებით სვამენ ლუდს, თუმცა აქცენტი ხარისხსა და სიამოვნებაზე კეთდება და არა სწრაფ დალევაზე.
ბელგიაში ლუდის თითოეულ სახეობას ხშირად საკუთარი, სპეციალური ფორმის ჭიქა აქვს და მისი გამოყენება კულტურის ნაწილად მიიჩნევა. ლუდს ხშირად ღვინის მსგავსად აგემოვნებენ - აფასებენ არომატს, ფერსა და გემოს.
იაპონიაში ლუდს ხშირად პატარა ჭიქებით სვამენ და მიღებულია, რომ სხვამ უნდა ჩამოგისხას ლუდი. ინგლისურ პაბებში ლუდი სოციალური ცხოვრების ნაწილია. აქ უპირატესობას ელსა და სტაუტს ანიჭებენ. მექსიკაში ლუდს ლაიმითა და მარილით მიირთმევენ, რაც მას განსაკუთრებულად გამაგრილებელ ეფექტს სძენს.
საქართველოში ლუდის კულტურა მხოლოდ თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებას არ უკავშირდება. ქვეყნის მთიან რეგიონებში, კერძოდ კი, ხევსურეთში, ფშავსა და თუშეთში ლუდს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკულტო დატვირთვა გააჩნდა. სპეციალურად ხატობისა და რელიგიური დღესასწაულებისთვის მოხარშული "ხატის ლუდი" რიტუალის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და თემის ერთიანობის, პატივისცემისა და სულიერი კავშირის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ლუდის სმისა და მირთმევის წესები
ლუდის სმისას უპირველესად ყურადღება გავამახვილოთ ჭურჭელზე. ბოკალები და კათხები შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული, მაგრამ ეს მასალა აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს. გერმანელების დიდ ნაწილს უყვართ მეტალის კათხები, ფრანგებსა და ბელგიელებს - მინის, ჩეხები უპირატესობას კერამიკას ანიჭებენ, პოლონეთსა და უკრაინაში ვხვდებით ხის ჭურჭელს. ისე კი, დღეს ყველაზე უფრო გავრცელებულია მინის გამჭვირვალე კათხები. ასე უფრო მეტი საშუალება გაქვთ შეაფასოთ სასმელის გამჭვირვალება და მისი ფერი. ამავე დროს, უპირატესობა ეძლევა ისეთ კათხებსა და ბოკალებს, რომლებსაც თავი შევიწროებული აქვს, რათა ლუდმა ნაკლებად დაკარგოს ძალა. ლუდის ქაფი მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ არის. ის ქმნის დამცავ ფენას, რომელიც არომატს და გემოს ინარჩუნებს, ამცირებს ჟანგვის პროცესს და სასმელს "ცოცხლად" ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ ქაფს ხშირად "ლუდის გვირგვინს" უწოდებენ.
ლუდის დასხმაც ხელოვნებაა. სასმელი 2,5 სმ-ს სიმაღლიდან, ცენტრის მიმართულებით უნდა ჩავასხათ. ამავე დროს, უნდა აცადოთ ქაფს ჩაბრუნება, ადროვოთ ცოტა ხანს და შემდეგ გაავსოთ სპეციალურ ნიშნულამდე, ანუ დაახლოებით ჭურჭლის ¾ -ზე. ზოგიერთი სახეობის ლუდი უნდა ჩაასხათ კათხასა თუ ბოკალში კედლის მხრიდან და ამ შემთხვევაშიც დავაცადოთ ქაფს ჩაბრუნება. დროდადრო გავასწოროთ სასმისი, დავაცადოთ და ასე შევავსოთ თანდათანობით. ზოგიერთი სახეობის, მაგალითად "პლზენის" ლუდის ჩამოსხმას სჭირდება არანაკლებ 7 წუთი. ბელგიაში, საფუვრიანი ხორბლის ლუდის ჩამოსხმისას, ბოკალს ასველებენ, რათა ცოტა შეამციროს ქაფწარმოქმნა. ბავარიაში, პირიქით, მიღებულია მაღალქაფიანი ლუდის მიტანა.
როგორ ვსვამთ ლუდს?
ლუდი უნდა დაილიოს დასხმისთანავე. არსებობს ლუდის სმის კლასიკური წესი, ე.წ. სამი ყლუპი. თავიდან პატარა ყლუპებით ისმება სასმლის ნახევარი, შემდეგ - პაუზა, რათა დავაგემოვნოთ, კარგად შევიგრძნოთ გემო, შემდეგ კი შევსვათ ბოლომდე.
ლუდის ტემპერატურა უნდა იყოს 6-დან 12°-მდე, ბუნებრივია მისი სახეობის გათვალისწინებით. საყინულეში ზედმეტად გაცივების შემთხვევაში ლუდი აიმღვრევა და ნაწილობრივ დაკარგავს გემოვნურ ხარისხს. არც მისი შეთბობა შეიძლება, რადგან ეს არ გამოაცოცხლებს მას, თუმცა არსებობს ლუდის სახეობები, რომელსაც სვამენ შემთბარს. ასეთია, მაგალითად, მუქი ინგლისური ლუდის ზოგიერთი სახეობა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუქი ლუდის სმა ძირითადად წლის ცივ პერიოდზეა განსაზღვრული. ზაფხულში კი, როცა ცხელა, მიღებულია ღია ფერის შეგრილებული ლუდი.
ღია ფერის ლუდთან ერთად მისატანებლად საუკეთესო ვარიანტია ყველი, ჩიფსები, სნეკები, მრავალფეროვანი სასუსნავი - მარილიანი თხილეული, კრეკერი, ნივრიანი კრუტონები, კრევეტები, კიბორჩხალა. რაც შეეხება დამარილებულ, შებოლილ ან გამშრალ თევზს, იგი ახშობს ლუდის გემოს და სიამოვნებას მიიღებთ არა ლუდისაგან, არამედ თევზის გემოსაგან.
მუქი ლუდი საუკეთესო სახით მოგევლინებათ ცხელ კერძებთან ერთად, თევზისა და ხორცის ცივ და ცხელ სალათებთან.გერმანიასა და ჩეხეთში ლუდის საუკეთესო მისაყოლებელი ძეხვეული, ღორისხორცის კერძები და სოსისებია.
ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისას ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ღია და მუქი ფერის ლუდი ერთად არ ისმება, ვერც ერთის გემოს ვერ შეიგრძნობთ და ლუდის სმით ვერავითარ სიამოვნებას ვერ მიიღებთ, თანაც მეორე დღეს თავის ტკივილი შეგაწუხებთ. ასევე არასასურველია ლუდის შერევა სხვა ალკოჰოლურ სასმელთან. ეს უფრო ლოთობაა, ვიდრე დროის ტარება.
ქეთი ადეიშვილი