თანამედროვე დიქტატორი, რომლის ხელშეუხებლობა კონსტიტუციითაა გარანტირებული
თეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის თანამდებობას 1979 წლიდან იკავებს. კამერუნელი პოლ ბიიას შემდეგ ის მეორე ყველაზე დიდხანს მოღვაწე სახელმწიფო ლიდერია, მონარქების გამოკლებით. ობიანგს ბიძისა და წინამორბედი დიქტატორის, ფრანსისკო ნგუემას პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა ეკავა, მათ შორის ფერნანდო პოს კუნძულის (ახლანდელი ბიოკო) გუბერნატორის, ადამიანის უფლებების დარღვევით ცნობილი "შავი სანაპიროს" ციხის დირექტორისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები. 1975 წლიდან ის დიქტატორი ბიძის ადიუტანტი იყო, რისთვისაც პოდპოლკოვნიკის წოდება მიიღო... წინა ნომერში უკვე გიამბეთ, რომ 1968 წელს, როდესაც ეკვატორულმა გვინეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ობიანგის ბიძა, ფრანსისკო მასიას ნგუემა, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. 1979 წელს ობიანგმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო, დიქტატორი ბიძა დაამხო და ქვეყნის კონტროლი, პრეზიდენტისა და უმაღლესი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საკუთარ ხელში აიღო. 1982 წელს ქვეყანა ნომინალურად დაუბრუნდა სამოქალაქო მმართველობას. 1987 წელს ობიანგმა დააარსა ეკვატორული გვინეის დემოკრატიული პარტია (PDGE), რომელიც 1992 წლამდე ერთადერთი ლეგალური პარტია იყო. თეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო ავტორიტარ ლიდერად ითვლება. ის დღესაც ხელმძღვანელობს რეჟიმს, რომელიც ხასიათდება სისტემური კორუფციით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევითა და ნეპოტიზმით. ეკვატორულ გვინეას მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კონსტიტუცია ობიანგს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც მის ხელისუფლებას ფაქტობრივად, ლეგალურ დიქტატურად აქცევს.
ადრეული ცხოვრება
ესანგუის კლანის წევრი თეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგო დაიბადა 1942 წლის 5 ივნისს, აკოაკამში, რომელიც თანამედროვე გაბონის საზღვარზე მდებარეობს. ობიანგი ოჯახის ათი ვაჟიდან მესამე იყო. ობიანგის მშობლები გაბონიდან ეკვატორულ გვინეაში გადმოსახლდნენ, რათა გაჭირვებისთვის თავი დაეღწიათ. დედის გარდაცვალების შემდეგ ობიანგს და მის ძმებს მამა და დედინაცვალი ზრდიდნენ. მომავალმა პრეზიდენტმა დაწყებითი განათლება მიიღო კარდინალ სისნეროსის სასკოლო ჯგუფში, რის შემდეგაც სწავლა ეროვნულ კოლეჯში განაგრძო, სადაც შრომის ადმინისტრირების ხარისხი მიენიჭა, შემდგომ კი სწავლობდა ესპანეთში, სარაგოსას სამხედრო აკადემიაში.
გადატრიალება და მისი შედეგები
როდესაც მისმა წინამორბედმა, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა ფრანსისკო მასიას ნგუემამ საკუთარი ოჯახის რამდენიმე წევრის, მათ შორის ობიანგის ძმის მოკვლა ბრძანა, დიქტატორის გარემოცვამ ჩათვალა, რომ ის გაგიჟდა... ობიანგმა პრეზიდენტი ბიძა 1979 წლის 3 აგვისტოს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით დაამხო და გაასამართლა. დიქტატორს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 1979 წლის 29 სექტემბერს დახვრიტეს.
ობიანგმა განაცხადა, რომ მთავრობა სასტიკ და რეპრესიულ რეჟიმს მთლიანად შეცვლიდა. მართლაც, ქვეყნის ახალმა მეთაურმა გააუქმა წინა რეჟიმის ყველაზე რეპრესიული ზომები: მოხსნა სათვალის ტარებისა და ქრისტიანობის აკრძალვა, პოლიტპატიმრებისთვის გამოაცხადა ამნისტია და შეცვალა იძულებითი შრომის სისტემა. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ის მოჩვენებით დემოკრატიას აშენებდა...
აბსოლუტური ძალაუფლება
1982 წელს, შედარებით ნაკლებად ავტორიტარული კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო მმართველობას დაუბრუნდა, ობიანგი კი 7 წლის ვადით უკონკურენტოდ აირჩიეს პრეზიდენტად. 1989 წელს ის ხელახლა აირჩიეს - ისევ უკონკურენტოდ. მას შემდეგ, რაც სხვა პარტიებს ნომინალური ფუნქციონირების უფლება მიეცათ (1996-სა და 2002 წლებში), ის კვლავ გახდა პრეზიდენტი არჩევნებში მიღებული ხმების 98%-ით, თუმცა ეს არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა გაყალბებულად შეაფასეს. ობიანგი 2009 წელსაც პრეზიდენტი გახდა ხმების 97%-ით, კვლავ გაყალბებისა და კონკურენტების დაშინების ფონზე.
ახალმა კონსტიტუციამ პრეზიდენტს მისცა გარანტია, რომ არავის შეეძლო მისი პასუხისგებაში მიცემა საპრეზიდენტო მანდატის დაწყებამდე, დროს ან მის შემდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის. ასე რომ, "სამუდამო" პრეზიდენტი ხელშეუხებელიც გახდა!
ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობის აზრით, ობიანგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და რეპრესიული რეჟიმის პრეზიდენტია. ეკვატორული გვინეა კი არსებითად ერთპარტიული სახელმწიფო.
სიკვდილით დასჯის გაუქმება და ადამიანის უფლებები
2022 წლის სექტემბერში ობიანგმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამ ნაბიჯმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
2006 წელს ხელი მოაწერა წამების საწინააღმდეგო ბრძანებულებასაც, რომელიც ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ფორმას კრძალავდა.
2007 წელს Black Beach-ის ციხის მოდერნიზაციის ბრძანება გასცა, თუმცა, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, ადამიანის უფლებების დარღვევები ქვეყანაში კვლავ გრძელდება. Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ციხეებში ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევა დააფიქსირეს - ცემა, წამება, პატიმრების გარდაცვალება...
"ქვეყნის ღმერთი"
ქვეყანაში გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება მკვეთრად შეზღუდულია, მთავრობა შემზღუდველ პირობებს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასა და ფუნქციონირებაზეც. ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე აქტივისტი ხშირად ექვემდებარება დაშინებას, შევიწროებასა და ანგარიშსწორებას. ტოტალური კონტროლის ქვეშაა მედიაც.
2003 წელს სახელმწიფო რადიომ ობიანგი "ქვეყნის ღმერთად" გამოაცხადა, რომელიც "ყოვლისშემძლეა". რეპორტაჟში ასევე ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს შეუძლია მოკლას ისე, რომ პასუხისმგებლობის ან ჯოჯოხეთში მოხვედრის არ შეეშინდეს(!). 1993 წელს მანაც გააკეთა ბიძის (რომელმაც თავი ასევე ღმერთად გამოაცხადა) მსგავსი განცხადებები, თუმცა, ამის მიუხედავად, ობიანგი კვლავ წარმატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ერთგული კათოლიკეა. ის ვატიკანში ორჯერ მიიწვიეს: პაპმა იოანე-პავლე II-მ და მოგვიანებით პაპმა ბენედიქტ XVI-მ.
წინამორბედისა და სხვა აფრიკელი დიქტატორების კვალდაკვალ, როგორიცაა იდი ამინი და მობუტუ სესე სეკო, ობიანგმა საკუთარ თავს სხვა რამდენიმე აღმატებული ტიტულიც მიანიჭა. მათ შორისაა "დიდი კუნძულების ბატონი". ის საკუთარ თავს ასევე უწოდებს ელ ჯეფეს (უფროსს).
გარდა ამისა, ქვეყნის ბევრ შენობაში განთავსებულია პრეზიდენტის რეზიდენციები, ქალაქებში არსებობს ქუჩები, რომლებიც ობიანგის მიერ ბიძის დამხობას ეძღვნება და უამრავი ადამიანი ატარებს მის გამოსახულებიან ტანსაცმელს.
ახალი დედაქალაქი
2012 წელს ობიანგმა ბრძანება გასცა ახალი დედაქალაქის - სიუდად დე ლა პასის მშენებლობის შესახებ, რომელიც ადრე ოიალას სახელით იყო ცნობილი. მისი ადგილმდებარეობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეირჩა, რადგან 2004 წელს, ძველი დედაქალაქის იოლად მისაწვდომობის გამო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ პრეზიდენტში პარანოია გამოიწვია. ახალი დედაქალაქი პორტუგალიურმა არქიტექტურულმა ფირმამ დააპროექტა, სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერდნენ ჩინეთი, პოლონეთი, ბრაზილია და ჩრდილოეთი კორეა. თუმცა, მშენებლობას თან ახლდა შეფერხებები: გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერთ-ერთი სამთავრობო შენობის გადატანა მხოლოდ იმიტომ ბრძანა, რომ ხედი არ მოეწონა. ახალი დედაქალაქის მშენებლობა გააკრიტიკა ოპოზიციამ, თუმცა, ეკვატორული გვინეის მთავრობამ ქალაქში გადაბარგება 2017 წლის დასაწყისში დაიწყო, 2026 წელს კი ახალმა ძველი დედაქალაქი მალაბო მთლიანად ჩაანაცვლა.
კორუფცია
2020 წლის მონაცემებით, „Transparency International“-მა ეკვატორულ გვინეას კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით 16 ქულა მიანიჭა. CPI კორუფციის დონეს აფასებს სკალის მიხედვით, სადაც 0 კორუფციის ძალიან მაღალ დონეს აღნიშნავს, 100 - ძალიან დაბალს. 2023 წლის შეფასებით, ეკვატორული გვინეა 180 ქვეყნიდან 120-ე ადგილზე იყო. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ეკვატორული გვინეა 12 ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის სიაში შეიყვანა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“-მა კი ობიანგს "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კლეპტოკრატიული ცოცხალი ავტოკრატი" უწოდა.
პირადი სიმდიდრე
2003 წელს ობიანგმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა, სახელმწიფო ხაზინაზე სრული კონტროლი აეღო, რათა საჯარო მოხელეები კორუფციულ გარიგებებში არ შესულიყვნენ. ამის შემდეგ მან ვაშინგტონში, ერთ-ერთ ბანკში, საკუთარ და ოჯახის მიერ კონტროლირებად 60-ზე მეტ ანგარიშზე 500 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა, რის გამოც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ბანკს 16 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
2007 წლიდან ობიანგისა და რამდენიმე სხვა აფრიკელი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით. ობიანგი ეჭვმიტანილი იყო სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში საკუთარი და ოჯახისთვის სასახლეებისა და სხვა ფუფუნების საგნების დასაფინანსებლად.
ობიანგი, მისი კაბინეტი და ოჯახი, სავარაუდოდ, ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის არადეკლარირებელ შემოსავალს იღებენ ნავთობის წარმოებიდან, რომელიც ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი საუნჯეა.
ავტოკრატი პრეზიდენტი ასევე ფლობს სასახლეს შეერთებულ შტატებში, პოტომაკში, მერილენდის შტატში.
ფუფუნებისმოყვარე ოჯახი
ობიანგმა რამდენიმე დაპირება დადო ღია მმართველობის, კორუფციის შემცირების, გამჭვირვალობის გაზრდის, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ. თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისმა მთავრობამ ამ მიზნისკენ ძალიან მცირე ნაბიჯი გადადგა.
ეკვატორული გვინეის მოსახლეობა კვლავაც განიცდის სიღარიბესა და სოციალურ მომსახურებაზე არასაკმარის წვდომას. 1990-იან წლებში ქვეყანაში აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის საბადოებიდან შემოსული კოლოსალური შემოსავლების უდიდესი ნაწილი ობიანგსა და მმართველი ელიტის დანარჩენ წევრებს ჯიბეში მიაქვთ. წლების განმავლობაში დიქტატორი და მისი გარემოცვის წევრები - განსაკუთრებით მისი ერთ-ერთი ვაჟი, თეოდორო ნგუემა ობიანგ მანგე ("თეოდორინი"), არაერთხელ გახდნენ სხვა ქვეყნებში დაწყებული გამოძიების საგანი ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ექსცენტრიკული "თეოდორინი", რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, აშშ-სა და ევროპაში ფუფუნებაში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძვირად ღირებული კრისტალებით მორთული ხელთათმანიც კი აქვს, რომელიც ოდესღაც მაიკლ ჯექსონს ეკუთვნოდა...
შორენა ბიწაძე
წაიკითხეთ ასევე:
"შეშლილი პრეზიდენტი“, რომელმაც 150 ოპოზიციონერი შობის ღამეს მოკლა
"დედიკოს ბიჭიდან“ განმათავისუფლებლამდე და განმათავისუფლებლიდან ტირანამდე