ზეითუნის, სიმინდის თუ მზესუმზირის?
როგორ შევარჩიოთ ზეთი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა? ამ საკითხზე გვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული:
- როდესაც მაღაზიაში შევაბიჯებთ, უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება ზეთი, რომლის შეძენას ვაპირებთ: შესაწვავად, სალათებზე ცივად მოსახმელად თუ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მოსამზადებლად. თუ პროდუქტის შეწვა გვსურს, მაშინ რაფინირებული ზეთი უნდა შევიძინოთ, რადგან ასეთ ზეთს ე.წ. კვამლის წერტილი უფრო მაღალი აქვს. რას ნიშნავს "კვამლის წერტილი"? - ეს არის ტემპერატურა, რომლის დროსაც ზეთი წვას და მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწყებს. თითქმის ყველა რაფინირებული ზეთისთვის "კვამლის წერტილი" ძალზე მაღალია, ამიტომ მათი წვა ან მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება ზიანის მომტანი არ არის. შესაბამისად, თუ პროდუქტის შეწვას აპირებთ, რაფინირებული ზეთი უნდა შეიძინოთ.
- ბევრს ჰგონია, რომ რაფინირებულ ზეთს ისევ არარაფინირებული სჯობს, რადგან ნაკლებად გადამუშავებულია...
- ნულოვანი რისკის მქონე სურსათი მსოფლიოში არ არსებობს. ყველა პროდუქტს გარკვეული დონის საფრთხე ახლავს, მაგრამ როცა ამა თუ იმ პროდუქტს დანიშნულების მიხედვით ვიყენებთ, ის ნაკლები საფრთხის შემცველია. ზეთის შემთხვევაში ზომიერება უნდა დავიცვათ:
როდესაც ზეთი ბოლს გაუშვებს, ესე იგი, კვამლის წერტილს უკვე გადააჭარბა და ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
- რა მოხდება თუ მცენარეული ზეთის ნაცვლად ერბოს ან სხვა ცხიმს გამოვიყენებთ?
- ცხოველური წარმოშობის ცხიმსაც აქვს მინუსები, მასში ქოლესტერინის შემცველობა ძალზე მაღალია მაშინ, როცა მცენარეულ ცხიმებში ქოლესტერინი არ არის.
- ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველა ზეთი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, მავნე და უხარისხოა...
- ეს არ არის მართალი. ბევრჯერ შეუმოწმებიათ და დარღვევები მხოლოდ ერთ-ორ ნიმუშში აღმოუჩენიათ. ცხადია, ყველა ზეთი, რომელიც ჩვენს მაღაზიებსა და ბაზრობებზე იყიდება, ვერ გადამოწმდება, მაგრამ თუ შეძენისას გონივრულად მოვიქცევით, უხარისხო პროდუქციაში თანხის გადახდა არ მოგვიწევს. მთავარია, სანდო მწარმოებლის გამოშვებული იყოს, თუმცა მთავარი მაინც სწორი გამოყენებაა. თუ არასწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა უნიკალური პროდუქტიც კი საზიანო აღმოჩნდეს. მაგალითად, კახური ზეთი, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია, არარაფინირებულია, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ სალათებში შეიძლება. კახურ ზეთში რაღაცის შეწვა სასურველი არ არის, მაგრამ უმეტესობა სწორედ ამ მიზნით იყენებს. ის, რომ პროდუქტი სოფლისაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ნატურალური და უვნებელია.
- მაღაზიებში იყიდება რამდენიმე დასახელების მზესუმზირის ზეთი, რომელსაც ქართული ეტიკეტი აქვს. ამგვარი ზეთი მართლა ქართული წარმოებისაა?
- არც ერთი მზესუმზირის ზეთი ქართული არ არის. ერთადერთ ზეთს ფოთში აწარმოებდნენ და ისიც, დიდი ხანია არ შემხვედრია. უმრავლესობა ან უკრაინაშია დამზადებული, ან რუსეთში. გაითვალისწინეთ,
ზეთს ტაფაზე რომ დაასხამთ, მაშინვე შიშხინი არ უნდა დაიწყოს და წვეთები აქეთ-იქით არ უნდა გაფანტოს. ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ოდენობით წყალს შეიცავს და სათანადოდ არ არის დამუშავებული.
- რომელი ზეთი სჯობს - მზესუმზირის თუ სიმინდის?
- თუ ხარისხის მიხედვით ვიმსჯელებთ, მათ შორის მინიმალური სხვაობაა, ფასში კი განსხვავება დიდია. სიმინდის და მზესუმზირის ზეთს მხოლოდ გემო და შემადგენლობა აქვს განსხვავებული, ამის გამო ზედმეტი თანხის გადახდა არ ღირს.
- ბევრ ოჯახში მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლეს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ამის თაობაზე რას იტყვით?
- ძალიან კარგია, თუ ასე მოვიქცევით, მაგრამ მზესუმზირის ზეთი გაცილებით ბიუჯეტურია, ამიტომ მარტივი გამოსავალია, რომ ის სწორად, დოზირებულად გამოვიყენოთ და სხვადასხვა ცხიმით ჩავანაცვლოთ. მაგალითად, Kკარაქი კარგი პროდუქტია, მაგრამ ძალიან მალე იწვება, ამიტომ კარაქს და ზეთს ერთმანეთს თუ შეურევთ, წვის ტემპერატურა გაიზრდება და კარაქი სწრაფად არ დაიწვება. მცენარეული ცხიმები ცხოველური ცხიმით რომ ჩავანაცვლოთ, ეს სწორი გამოსავალი არ არის, რადგან ერბოს, კარაქისა და ცხოველური ცხიმების ხშირი გამოყენება სხვა პრობლემებს გამოიწვევს.
- ზოგიერთი დიასახლისი ცდილობს კერძებიც კი ცხიმის გარეშე მოამზადოს, ეს კარგი გამოსავალია?
- ესეც კარგი მეთოდია, რომელიც პერიოდულად უნდა გამოვიყენოთ. ბევრ ოჯახში გრილს იყენებენ, თუმცა არის მოსაზრება, რომ ყოველთვის გრილზე შეწვაც რისკს შეიცავს, შესაბამისად, ამაშიც ზომიერება უნდა დავიცვათ. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო, რომელსაც ბევრი არ ითვალისწინებს:
ერთხელ გამოყენებული ზეთის მეორედ გამოყენება არ შეიძლება.
- ზეითუნის ზეთის სწორად გამოყენებაზეც გვიამბეთ.
- სალათებისთვის არარაფინირებული ზეთის გამოყენება ჯობს, რომელშიც თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია ზეთისხილის საუკეთესო თვისებები, ამიტომ ყველაზე ბუნებრივი და სასარგებლო პროდუქტია. რაფინირებული ზეითუნის ზეთი რამდენიმე ეტაპს გადის, რომ ნარჩენებისგან გაიწმინდოს, ამიტომ ისიც შესაწვავად გამოდგება. მომხმარებლები ჩივიან, რომ არარაფინირებულ ზეითუნის ზეთს ხშირად ნალექი უჩნდება და თითქოს ამღვრეული ხდება, მაგრამ ეს ზეითუნის ზეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
- რომელ ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია შემოდის საქართველოში.
- რუსეთსა და უკრაინაზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამ ქვეყნებისა, ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული ზეთიც იყიდება. ზეითუნის ზეთები ევროპული ქვეყნებიდან შემოდის - ძირითადად, ესპანეთიდან და იტალიიდან, მაგრამ მათ სულ სხვა ხარისხი აქვს, შესაბამისად, ფასიც მაღალია. კარგია, რომ ქართული წარმოების ზეითუნის ზეთიც გვაქვს და როგორც მწარმოებლები ამბობენ, ის ხარისხიანი და საიმედოა. რომელ ზეთს შეიძენს, ეს უკვე მყიდველის არჩევანზეა დამოკიდებული.
ხათუნა ჩიგოგიძე