"მკვლელს მგონი შვიდჯერ უსვრია...შალო კომპანიის რიგითი თანამშრომელი იყო, დათო კი სულ 2 დღეა, რაც მუშაობდა..." - ხაშურში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტა - კვირის პალიტრა

"მკვლელს, მგონი, შვიდჯერ უსვრია... შალო კომპანიის რიგითი თანამშრომელი იყო, დათო კი სულ 2 დღეა, რაც მუშაობდა..." - ხაშურში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები

ხაშურში მომხდარი მკვლელობის უმძიმეს დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომპანია “ბილტმორის” ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულისთვის უკვე დაკავებულია ნიკოლოზ კილაბერიძე და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, სავარაუდოდ, სასამართლო დღეს იმსჯელებს. კილაბერიძის ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ გასროლის მომენტში ის აფექტურ მდგომარეობაში იყო.

ყველაფერი კილაბერიძეების კარიერიდან ,,ბილტმორის" წარმომადგენლების მიერ ქვიშა-ხრეშის გატანას მოყვა. ამ კომპანიას მანქანებით გაჰქონდა ქვიშა და ხრეში, კილაბერიძეები კი ითხოვდნენ ამის შეჩერებას, აცხადებდნენ, რომ ეს ტერიტორია მათი საკუთრება იყო. იძახებდნენ პოლიციას და მოითხოვდნენ, შეეჩერებინათ ეს პროცესი. თავად კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ მათ მოპოვებული ჰქონდათ უფლება ამ მასალის გატანის და ისინი აგრძელებდნენ ქვიშა-ხრეშის გატანას. შს სამინისტროც ადასტურებს, რომ ურთიერთშელაპარაკება „წარსულში არსებული დავის" გამო დაიწყო; ბრალდებულმა „ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაზიანებები მიაყენა 2 პირს, ორივე ადგილზე გარდაიცვალა და თავად ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". გარდაცვლილია კომპანია „ბილტმორის" ორი თანამშრომელი.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, შემთხვევამდე კილაბერიძემ ერთ-ერთ მეწილეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა მხოლოდ ერთ პირს ესროლა, ხოლო მეორე მამაკაცი, სავარაუდოდ, გამჭოლი ტყვიის შედეგად დაიღუპა. “ეტყობა, სამართალი რომ ვერ ნახა ნიკამ, დაურეკა ერთ-ერთ მეწილეს, რომ შეხვედროდა. შეხვდა და უთხრა, რომ ეს იყო მისი ტერიტორია, სთხოვა, რომ დაეტოვებინათ, გასულიყვნენ ტერიტორიიდან. ისევ შელაპარაკება მოხდა, ისევ ლანძღვა-გინება. არ შეიძლება იმის გამეორება, რასაც ისინი მას და მის ოჯახს აკადრებდნენ. აფექტურ მდგომარეობაში ამოიღო და ესროლა ერთ პიროვნებას. მასთან ერთად იმყოფებოდა მეორე პიროვნება. ნიკა ამბობს, რომ მეორესთვის არ უსვრია, მაგრამ გამჭოლი ტყვია იყო ეტყობა და მეორესაც მოხვდა და დაიღუპა. ნიკა მივიდა სახლში, იარაღი, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა, მაგიდაზე დადო, ამასობაში ჩვენ დაგვირეკა, ჩავედით, დარეკა 112-ში და უთხრა, მე იარაღიც სახლში მაქვს, არ გადამიმალავს, სახლში ვიმყოფები და მობრძანდითო. ხაშურის პოლიციის განყოფილება არის მხარე, ჩვენ ვადანაშაულებთ ხაშურის პოლიციას, როდესაც 4 თვეა, უკვე განცხადება დაწერილია და მიდის გამოძიება, აი, რა ზომამდე მიიყვანეს,” - ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

befunky-collage-2026-06-15t130411-1781515025.151.jpg

ფოტო: შალვა ენდელაძე

ჩვენთვის ცნობილი ხდება მოკლულების ვინაობა. ერთ-ერთი მოკლული, 34 წლის შალვა ენდელაძე ადიგენის სოფელ წანახიდან იყო. ის ამ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. როგორც ჩანს, სწორედ მას შეხვდა იმ დღეს მუშებისთვის ნაქირავებ ბინასთან ბრალდებული კილაბერიძე.

„როგორი კეთილშობილი ადამიანი იყო შალვა, ძალიან ზრდილობიანი და კარგი ბიჭი, უსალმოდ გვერდით რომ არ ჩაგივლიდა. არ ვიცი, რატომ გაიმეტეს ასე სადისტურად, ძალიან შემძრა ამ ამბავმა, ამბობენ, რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილიო. მკვლელს მგონი 7 ჯერ გაუსვრია. შალო, როგორც ვიცი, ამ კომპანიაში რიგითი თანამშრომელი იყო. ამ დავასთან, რასზეც საუბრობენ, მას რა შეხება უნდა ჰქონოდა?! წავიკითხე სოციალურ ქსელში ამ კომპანიის დირექტორის - ოვაკინიანის ინტერვიუ, სადღაც ამბობს, ეს ტყვიები ჩემთვის იყო განკუთვნილი, მოკლულები მუშები არიან, 30 და 35 წლის ბიჭები. ამ ახალგაზრდა ბიჭებს მკვლელთან საერთო არაფერი ჰქონდათო. ის მეორე ბიჭი, რომელიც შალვასთან ერთად მოკლეს, ის ახალგაზრდა ბიჭი, ორი დღის ჩამოყვანილი მყავდა და მკვლელი საერთოდ არც იცნობდაო. ადამიანს ასე რომ იმეტებ, უნდა დაისაჯოს მკვლელი, უნდა ჩაალპონ ციხეში. რა ქნას ამ ბიჭების ოჯახებმა ახლა”, - ამბობს ენდელაძის ახლობელი.

რაც შეეხება მეორე მოკლულ ახალგაზრდას, ის 30 წლის დავით გოგიჩაშვილია, რომელსაც, თურმე, კომპანიაში სულ 3 დღის წინ ჰქონდა მუშაობა დაწყებული და წესით, არანაირი შეხება ამ კონფლიქტთან არ უნდა ჰქონოდა.

“მოგვიკლეს უკარგესი ბიჭი, დათო გოგიჩაშვილი. უკეთილშობილესი ადამიანი, ძალიან მშრომელი ბიჭი, მამით ობოლი, დედამისი ემიგრაციაშია და ამ მწარე რეალობის წინაშეა დღეს ოჯახი. დათო გორში ცხოვრობდა, არ იყო დაოჯახებული. საშინელება მოხდა, ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, შოკიდან ჯერაც ვერ გამოვსულვართ. არ ვიცი, როგორ გაიმეტეს ეს მშრომელი ბიჭი მოსაკლავად. ფიზიკურად მუშაობდა იქ, სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად რასაც ახლა განვიცდით. მკვლელს ციხეში გაუშვებენ, ცოცხალი იქნება, მაგრამ მოკლულებს, მათ ოჯახებს რა ეშველებათ, დათოს ოჯახს ვინ რას ეტყვის, რატომ მოკლეს ეს ალალი და უბოროტო ბიჭი, რატომ მოუკლეს დედას?! რა საშინელ უსამართლობაში გვიწევს ცხოვრება. უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ვიღაცების დავებს. როგორ გაუძლოს დედამ, ღმერთმა გააძლიეროს, მაგრამ სამძიმარი როგორ ვუთხრათ? სულ უდანაშაულო ადამიანს რას ერჩოდნენ, როგორი ღიმილიანი ბიჭი მოგვიკლეს ცივსისხლიანმა მკვლელებმა, არ ვიცი, რა ვთქვა, ” - ამბობს ჩვენთან საუბარში მომხდარით შეძრული დათოს მეზობელი.

719098525-1011933671338035-321446143877048579-n-1781512332.jpg

ფოტო: დავით გოგიჩაშვილი

დათოს დედამ ემიგრაციაში გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. როგორც ვნახეთ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბრალდებულის ადვოკატები აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებდნენ, რომ განუკითხაობამ მიიყვანა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. მათ ამ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი მოკლული ბიჭის, დათო გოგიჩაშვილის ძმა, გიგა გოგიჩაშვილი:

“დღეს, როდესაც ოჯახები უმძიმეს ტკივილს განვიცდით და ერთ-ერთი მოკლული ჩემი ძმაა, განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელია ზოგიერთი ადვოკატის განცხადებების მოსმენა, რომლებიც ტრაგედიის არსის გადაფარვას ცდილობენ და საზოგადოების ყურადღებას სხვა მიმართულებით მიმართავენ. სანამ ჩვენ საკუთარ გარდაცვლილებს ვგლოვობთ, ისინი საუბრობენ კომპანიებს შორის ურთიერთობებზე, ხელშეკრულებებზე, პროცედურებსა და სხვა საკითხებზე, თითქოს მთავარი პრობლემა ეს იყოს. არა, ბატონებო და ქალბატონებო - დღეს მთავარი საკითხი ერთია: ადამიანები დაიღუპნენ. ერთ-ერთი მოკლული ჩემი ძმაა. ვუსმენ განცხადებებს და მიჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის ფონზე, აქცენტი კეთდებოდეს კომპანიების ინტერესების დაცვაზე და არა იმაზე, რატომ ვერ იქნა დაცული ადამიანის სიცოცხლე? როგორ შეიძლება ტრაგედიის მეორე დღეს საუბრის მთავარი თემა ბიზნეს-დავა იყოს და არა - დაღუპული ადამიანები? ადვოკატის პროფესია პირველ რიგში, პასუხისმგებლობას გულისხმობს, პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, დაზარალებულების წინაშე და სიმართლის წინაშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანების სიკვდილი უკანა პლანზე გადადის, ხოლო წინა პლანზე კომპანიების რეპუტაცია და ინტერესები გამოდის. დღეს არ არის დრო დაზარალებულების ტკივილის გაუფასურების. არ არის დრო იმის მტკიცების, ვის ვისთან რა ხელშეკრულება ჰქონდა. არ არის დრო ტრაგედიის ფორმალურ იურიდიულ დავამდე დაყვანის. დღეს არის დრო პასუხების: რატომ დაიღუპნენ ადამიანები? ვინ იყო ვალდებული მათი უსაფრთხოების დაცვაზე? იყო თუ არა დაშვებული შეცდომები ან დარღვევები? და ვინ აგებს პასუხს იმ შედეგზე, რომელმაც რამდენიმე ოჯახს ყველაზე ძვირფასი ადამიანი წაართვა? სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, ნებისმიერი მცდელობა, ტრაგედიის ცენტრიდან ადამიანების სიკვდილი გაქრეს და მისი ადგილი კომპანიების ინტერესებმა დაიკავოს, საზოგადოებაში სრულიად სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ჩემთვის ეს საქმე არ არის კომპანიებს შორის დავა. ეს საქმე არის ჩემი ძმის სიცოცხლე, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება. და სანამ სიმართლე არ დადგინდება, არავის აქვს მორალური უფლება, ამ ტრაგედიის მნიშვნელობა შეამციროს ან მეორე პლანზე გადაიტანოს. ერთ-ერთი მოკლული ჩემი ძმა იყო. ამას ვერც ერთი განცხადება და ვერც ერთი ადვოკატის ინტერვიუ ვერ შეცვლის”, - წერს მოკლულის ძმა სოციალურ ქსელში.

ჩვენ ვცადეთ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა ასევე მოკლულ ენდელაძესთან დაკავშირებით, დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ წანახში, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელ დღეს მიმდინარეობდა. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ბრალდებული კილაბერიძე ახლა ციხეში დაელოდება სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს.

(სპეციალურად საიტისთვის)