"ასეთი სიგიჟე გაუგონარია..." - რას ამბობს ნიკა გვარამია მისი შეურაცხყოფისთვის მოქალაქის დაჯარიმების ფაქტზე
გიორგი გედენიძე ჩემთვის „ფეისბუქზე“ მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ - არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც გვარამია აღნიშნავს, „ასეთი სიგიჟე გაუგონარია“.
„მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის „ფეისბუქზე“ მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.
არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან. მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო „იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე?
თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4-ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლ-შვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ....ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, - წერს გვარამია.
"ინტერპრესნიუსი"