"ქართველებს ლამაზი ქალები გყავთო, გვეუბნებოდა, ქართულ სიმღერაზე გაგიჟდა" - იტალელი კინოლეგენდა საქართველოში და ფარაჯანოვის ოინი - კვირის პალიტრა

"ქართველებს ლამაზი ქალები გყავთო, გვეუბნებოდა, ქართულ სიმღერაზე გაგიჟდა" - იტალელი კინოლეგენდა საქართველოში და ფარაჯანოვის ოინი

1988 წლის მარტში მოსკოვი-თბილისის ღამის რეისით თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა. მოგვიანებით ამ ვიზიტს ქართველები დიდხანს გაიხსენებენ, რადგან სწორედ 1988 წელს საქართველოში პირველად და მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა იტალიური კინოლეგენდა მარჩელო მასტროიანი. აეროპორტში მას ქართული დელეგაციის წევრები და უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა, მათ შორის იყო მსახიობი იმედა კახიანი, რომელიც"მასტროიანის ქართულ არდადეგებზე გვიამბობს.

"მარჩელო კინოკავშირის მოწვევით ჩამოვიდა. ელდარ შენგელაიამ შეგვახვედრა და ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. ის ყველა დროის საუკეთესო მსახიობი იყო. ჩამოვიდა და, გეგონებოდათ, აგერ ქუთაისიდან ჩამოვიდა კაი ქართველი კაცი, არავითარი პრანჭვა... სხვათა შორის, სხვა დროსაც ჩამოსულან დიდი ვარსკვლავები, მაგრამ ზოგი ჩაის არ სვამდა, ზოგიც ხორცს არ ჭამდა, მარჩელო კი თითქოს აქ იყო გაზრდილი, ჩვენი ძმაკაცი გეგონებოდათ, კარგად ჭამა, ღვინოც სვა, ქალიც ჰყავდა თან ჩამოყვანილი. შემდეგ მისმა თანმხლებმა პირმა გვითხრა, ასე ცხოვრობს იტალიაშიცო, დროს ტარებასაც ასწრებს და თავის საქმესაც აკეთებსო. ლაღი, თავისუფალი კაცი იყო, ყურადღებიანი, არანაირი ყოყოჩობა და ამპარტავნობა. იმ რამდენიმე დღეში არმაზში წავიყვანეთ ჩვენს მეგობართან, მცხეთაშიც გვყავდა, ჯვარზე, თბილისში ელდართან. ყველგან დავატარებდით, სადაც დავდიოდით."ქართველებს ლამაზი ქალები გყავთო, გვეუბნებოდა, ქართულ სიმღერაზე გაგიჟდა.

f6fbdf20-face-459d-a836-f138c1a8600a-1781613951.png

მარჩელო საქართველოში სამი დღე დარჩა. სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა მისი ფილმების ჩვენება, შემდეგ ფარაჯანოვმა თავის უბანში წაიყვანა. გაგიჟდნენ მისი უბნელები, მარჩელო რომ დაინახეს. წარმოიდგინეთ, გაიხედავ და მარჩელო მოდის შენს ქუჩაზე, სადღაც მთაწმინდაზე. ფარაჯანოვი ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობდა, ამიტომაც გზას ფეხით გაუყვნენ, ამ დროს ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდა, მარჩელო ჩამოვიდაო და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. სერჟიკას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და იქ მიიყვანა მარჩელო, მაგარი დრო გაატარეს. ფარაჯანოვის მეზობელ ქალს უგონოდ უყვარდა მარჩელო და ქეიფის შემდეგ, ღამით, სერჟიკამ მარჩელო რომ გამოაცილა, იმ ქალს ფანჯარაზე მიუკაკუნა, გამოდი, მარჩელო მოგიყვანეო. ნამძინარევმა ქალმა ფანჯრიდან რომ გამოიხედა, კინაღამ გული წაუვიდა, ეგონა, ელანდებოდა.

სერჟიკა საოცარი ხელოვანი იყო. ერთხელ მე და ელდარ შენგელაია გვიან ღამით მივედით, შევდივართ და რას ვხედავთ - ბელა ახმადულინა, ოთარ ჭილაძე, ოთარ იოსელიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, ვინ აღარ დაგვხვდა. ზოგი პატარა მაგიდასთან იჯდა, ნაწილი საწოლზე იყო ჩამომჯდარიყო.

მარჩელომ საქართველოში რამდენიმე საგაზეთო ინტერვიუ მისცა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ნანა თუთბერიძესთან სატელევიზიო ეთერი იყო, რომელიც ისტორიამ შემოინახა.

განაგრძეთ კითხვა