ქართველი გოგონა აფრიკაში - ვინ არის მისი მეუღლე და რა ტრადიციებზე იზრდებიან მისი შვილები?
ულამაზესი ლანდშაფტები, თვალუწვდენელი მდელოები, ორ ოკეანეს შორის მოქცეული ქვეყანა,
თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით - ეს სამხრეთi აფრიკაა და ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრ საოცარ ამბავს ია მირიანაშვილი გვიამბობს. სამი წელია, რაც ია აფრიკაში, მეუღლესa და ორ ულამაზეს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს... როგორ აღმოჩნდა ქართველი გოგონა ჯერ ჩინეთში, შემდეგ სამხრეთ აფრიკაში? როგორია მისი აფრიკული ცხოვრება, ვინ არის მისი მეუღლე და რა ტრადიციებზე იზრდებიან მისი შვილები? - ამის შესახებ ია თავად გვიამბობს.
- ჩემი აფრიკელი მეუღლე საქართველოში გავიცანი. 2010 წელი იყო, მაგისტრატურას ვასრულებდი და პარალელურად მოსწავლეები მყავდა ინგლისურ ენაში. "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროექტის ფარგლებში საქართველოს ინგლისურენოვან მასწავლებელთა ჯგუფი ესტუმრა, ისინი მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ და საჯარო სკოლებში ასწავლიდნენ. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც. ჩვენ გახლდით მისი მასპინძელი ოჯახი კახეთში. სამწუხაროდ, ენდი დიდხანს არ დარჩენილა საქართველოში, თუმცა, მისი წასვლიდან 3 წლის განმავლობაში სოციალური ქსელით მუდმივად ვწერდით ერთმანეთს. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ბედი ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, რაშიც დიდი როლი ითამაშა პროფესიის სიყვარულმა და საერთო ინტერესებმა. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ჩვენი ცოდნის გაზიარება. ენდი საქართველომდე სხვა ქვეყნებშიც ასწავლიდა ინგლისურ ენას, მათ შორის - ჩინეთში. ქორწინების შემდეგ სამ სხვადასხვა კონტიტენტზე ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილება შევიძინეთ. ახლა, 11 წლის შემდეგ რომ მკითხოთ, უდავოდ იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი.
- როგორი იყო თქვენი მოლოდინები აფრიკაში გამგზავრებამდე და რა დაგხვდათ იქ?
- სიმართლე გითხრათ, აფრიკაზე დიდად კარგი წარმოდგენა არ მქონდა. თუმცა ვიცოდი, რომ სამხრეთi აფრიკა ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო ამ კონტინენტზე და ასეც აღმოჩნდა. გარდა ამისა, აქ დამხვდა ძალიან თბილი და უშუალო ხალხი, მრავალფეროვანი ეთნიკური წარმომავლობის, სადაც ოფიციალურად 11 სახელმწიფო ენაა. ძირითადი მოსახლეობა ზულუს და ქოზას ტომის წარმომადგენლები არიან, ასევე ჰოლანდიიდან ჩამოსულები, რომლებიც ცალკე - აფრიკანელ რასად ჩამოყალიბდნენ. ასევე შეხვდებით პორტუგალიელებს, ბერძნებს, ინდოელებს, აფრიკის კოლონიზაციის დროს ჩამოსული ევროპელების შთამომავლებს. სამხრეთ აფრიკაში დამხვდა ულამაზესი ლანდშაფტები, თვალუწვდენელი მდელოები, ორ ოკეანეს შორის მოქცეული ქვეყანა, ტურიზმის დიდი პოტენციალით, თბილი კლიმატითა და გრძელი მზიანი დღეებით. აქ მრავალფეროვანი სამზარეულო და საინტერესო ხალხია. არ ვიცი, მეტი რა ვინატრო?
- როგორც მითხარით, თქვენი მეუღლე ჰოლანდიელია. როგორია ჰოლანდიურ-ქართული ოჯახის აფრიკული ცხოვრება?
- მეუღლის წინაპრები ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკაში. მამის მხრიდან ჰოლანდიელია, ხოლო დედა საკმაოდ ცნობილი გერმანული გვარის წარმომადგენელია. ჩვენი აფრიკული ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა, მალე გვბეზრდება ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრება. ჩინეთში 7 წელი ვიყავით, საქართველოში 2 წელი და სამხრეთ აფრიკაში 3 წელია ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ ვერ ამოვწურეთ ამ ქვეყნის საოცარი ადგილების მონახულება. კულტურათა სხვაობა ხანდახან იჩენს თავს, მაგრამ როცა ორი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას და გააზრებული აქვს კულტურული თავისებურებები, მით უმეტეს, როცა ორივე ჩვენგანს ერთმანეთის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის სურვილებს, საჭიროებებს, ეს იქნება ბავშვების აღზრდა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები.
ოჯახში თანაბრად გვაქვს გადანაწილებული მოვალეობები. მეუღლე თუ სადილს გვიმზადებს, მე იმ დღეს ჭურჭლის რეცხვა მევალება და პირიქით.
- როგორი მენტალობით და ტრადიციებით ზრდით შვილებს და ზოგადად, როგორია თქვენი ოჯახური ტრადიციები? მაგალითად ურთიერთობები ოჯახის უფროს წევრებთან, დედამთილ-მამამთილთან?
- ბავშვებს ვზრდით ქრისტიანულად, არ ვკარგავ მნიშვნელოვან ქართულ ტრადიციებს. ორივე ჩვენს მშობლიურ ენებს ვასწავლით და თანაბრად ვართ ჩართული მათ განათლებასა და განვითარებაში. ბავშვებს ვუნერგავ მშობლებისა და უფროსების პატივისცემას. ხასიათზე რომც არ იყოს, ვალდებულია გაიღიმოს და უფროსს მიესალმოს, მოიკითხოს. ეს არ უნდა ხდებოდეს ნაძალადევად, ამის მაგალითს მშობლები უნდა ვაძლევდეთ. ვფიქრობ, მთავარი ბალანსის დაცვაა, ჩემს ქართულ სიმკაცრეს, მტკიცე ხასიათს მეუღლე ანეიტრალებს და ცდილობს, ბავშვებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეს, არჩევანის უფლება დაუტოვოს. საბოლოოდ, იმედი მაქვს, ასეთი მიდგომებით დისციპლინაც ყალიბდება და შინაგანად თავისუფალი ბავშვები იქნებიან.
- როგორია აფრიკაში ადგილობრივი აბორიგენების და შემდეგ ჩამოსული ხალხის ურთიერთობები?
- ადგილობრივი აფრიკული ტომებისა და ჩამოსული ევროპელების ურთიერთობა საკმაოდ კომპლექსურია, რაც სათავეს აპარtეიდის დროიდან იღებს. ეს იყო დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში - სამხრეთ აფრიკაში იყო აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერის მიხედვით. წლების შემდეგ კი მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ნელსონ მანდელას სათავეში მოსვლის მერე ფერადკანიანებმა თავიანთი მიწები დაიბრუნეს და თეთრკანიანების შევიწროება დაიწყეს. ბოლო 17 წლის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე 3 000 ბური მოკლეს, რის გამოც ისინი 22 ქვეყანაში გაიფანტნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ღარიბულად ცხოვრობენ და თეთრკანიანებს ისინი დასაქმებული ჰყავთ. დღეს მოსახლეობის ორივე მხარე პოზიტიურად არის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები კონფლიქტური სიტუაცია იყოს. ბავშვები ერთად სწავლობენ სკოლებში, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ... ის, რაც აერთიანებთ, არის რაგბი. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს. სხვათა შორის, წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დღეს ქვეყანაში ისეთი ერთიანობა სუფევს, უკეთესს ვერ ინატრებთ.