საქართველოში ხილ-ბოსტეული კიდევ გაძვირდება?! - რას პროგნოზირებს ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

საქართველოში ხილ-ბოსტეული კიდევ გაძვირდება?! - რას პროგნოზირებს ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე

მსგავსი რეგულაციები და არაკომპეტენტური მიდგომა ნეგატიურ გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირების საკითხს.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება, ფასის სახელმწიფო რეგულირების წესსა და პირობებს კი საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ვახტანგ ბეჟიტაშვილის განმარტებით, ფასების ხელოვნურად დარეგულირების მცდელობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და რეალური შედეგის ნაცვლად, ბაზრის მონოპოლიზებისა და ფარული კარტელური გარიგებების რისკებს ზრდის.

მისივე შეფასებით, ბაზარზე ფასების ხელოვნური მატების ან მონოპოლიური ფაქტების გამოვლენა ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების, კერძოდ კი, კონკურენციის სააგენტოს პირდაპირი ვალდებულებაა.

„ფასების დარეგულირების ერთი ეპიზოდი უკვე ვიხილეთ, როდესაც შემსწავლელმა კომისიამ 100 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტი დადო და თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვნახეთ, ფასები როგორ „დარეგულირდა“.

მსგავსი რეგულაციები და არაკომპეტენტური მიდგომა ნეგატიურ გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე. თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ფასები ხელოვნურად, მაგალითად, 100%-ით იზრდება, ან ადგილი აქვს კარტელურ და მონოპოლიურ გარიგებებს, ამ ყველაფერს შესაბამისი კანონმდებლობა და სახელმწიფო უწყებები არეგულირებენ.

ქვეყანაში არსებობს ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ვალდებულები არიან, ეს ფაქტები გამოავლინონ და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ. ეს საკითხი პირდაპირ კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაშია და სწორედ მათ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი.

სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ სექტორში ზედმეტი რეგულაციებით შესვლა, სულაც არ ნიშნავს პროცესის გაჯანსაღებას ან იმას, რომ გარკვეულ პერიოდში ბაზარზე დაბალი ფასის მქონე, მაღალი ხარისხის პროდუქცია გვექნება.

პირიქით, მონოპოლიზებისა და ფარული კარტელური გარიგებების რისკი ასეთ შემთხვევაში უფრო იზრდება, რადგან იზღუდება თავისუფალი კონკურენციის პირობები.

მსგავს პირობებში, ნებისმიერ მაღალჩინოსანს ეძლევა შესაძლებლობა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს ის კომპანია თუ პროდუქცია, რომელიც მას სიმპათიას უჩენს, რომელზეც შესაბამისი სტრუქტურები მიუთითებენ, ან რომელიც უფრო მეტს გადაიხდის. შედეგად, ის გახდება ბაზრის მონოპოლისტი და ფასების მატება მერე ნახეთ.

განაგრძე კითხვა