ილია თოფურია: გზა შეზლონგების დალაგებიდან თეთრ სახლამდე - "არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ის, ვინც უშვებს, რაღაც დაემართოს და ის, ვინც თავად აიძულებს მოვლენებს, რომ მოხდეს"
რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველოსა და, ალბათ, სპორტის ყველა მოყვარულის ყურადღება თეთრი სახლისკენ იყო მიმართული, სადაც ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსოფლიოს წინაშე წარდგა. UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ქართველი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯს შეხვდა. ილია თოფურიამ 17 წაუგებელი სერია დაასრულა. ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ მან ტიტული დათმო და UFC-ის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი გახდა.

ძალიან მძიმე ორთაბრძოლისას ქართველ-ესპანელმა „მატადორმა“ მძიმე დაზიანებები მიიღო. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია 2026 წელს ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება. "მატადორი" არენიდან სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა კი რეაბილიტაციას სახლში გაივლის.

სპორტსმენს ორივე მხარეს ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა გადაადგილების (წანაცვლების) გარეშე. ეს არის საბოლოო სამედიცინო დასკვნა, რომელიც მისი გარემოცვიდან გავრცელდა.
ვინ არის ილია თოფურია?
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სკოლაში დაიწყო ვარჯიში.
15 წლის ასაკში საცხოვრებლად ესპანეთში, ალიკანტეში გადავიდა, სადაც საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით Climent Club-ში დაიწყო ვარჯიში. 2015 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა პროფესიონალურ შეჯიბრში.
ილიას ოჯახს, რომელიც წლებია, ემიგრაციაში ცხოვრობს, საქართველოსთან საკმაოდ მძიმე წარსული აკავშირებს. მისი ოჯახი აფხაზეთიდან გახლავთ და აფხაზეთის ომში ოჯახის წევრებიც დაკარგა.
„21 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ ადამიანში უდიდესი რესურსი არსებობდა, რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი იცის. ასე რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ხალხი იმ უდიდეს ტკივილს ვერ გაუძლებდა... დედაჩემს 19 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მე ორსული და დაქვრივებული დავრჩი... მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მთელი ძალა მოიკრიბა და წინ გაგვიძღვა. როცა დედას ვუყურებდი, ისეთ სიმტკიცეს ავლენდა, მრცხვენოდა, რომ მეტირა.
ჩემი ძმა სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩემს მეუღლესთან ერთად დაიღუპა. მეუღლე 24 წლის გახლდათ... ისინი ერთად დაკრძალეს... როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ნერვიულობისგან სპაზმები მეწყება, რაც აფხაზეთმა დამიტოვა...“ - იხსენებს ინგა ბენდელიანი მძიმე წარსულს.

ჩემპიონის ბაბუა იუზა კერესელიძე კი ილიას ბავშობასა და აფხაზეთის პერიოდს იხსენებს:
„ილია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში დაიბადა. 4 თვის იყო, პირველად რომ ვნახე, მე და ჩემი მეუღლე გერმანიაში ჩავედით. შვილიშვილი ხელში რომ ავიყვანე, იმ წუთიდან ეს ბიჭი სულ ბედნიერებას მჩუქნის. როცა ცოტა დრო გავიდა და წამოიზარდა, სადაც მივდიოდით, ილია ყველგან თან დაგვყავდა. იმ ადამიანებთან, ვისთანაც გერმანიაში ყოფნისას ჰქონდათ ურთიერთობა, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი დღემდე მეგობრობენ. მართალია, ჩემები ესპანეთში ცხოვრობენ, ისინი გერმანიაში დარჩნენ, მაგრამ ჭირსა და ლხინში სულ ერთად არიან, რაც ძალიან მახარებს.
ილია საქართველოში რომ ჩამოვიდა, 7 წლის იყო, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდი გახლდათ. მაშინ ილიას მშობლები გერმანიაში იყვნენ. მე რუსთავში კერძო სახლი მქონდა, ილია და მისი უფროსი ძმა სანდრო ჩემთან ცხოვრობდნენ. ეზოში ყველანაირი ხილი მქონდა და სულ ვცდილობდი, ჩემი ბიჭებისთვის შრომა შემეყვარებინა. ზაფხულობით დილაადრიან ვაღვიძებდი, ეზოში გამყავდა და ორივეს მსუბუქ საქმეს ვავალებდი, ჩემთან ერთად შრომობდნენ.

ჭუბერის უღელტეხილი გვაქვს გადმოვლილი. მაშინ ილიას უფროსი და, მარიამი 2 წლის და 6 თვის იყო, ანა - 7 თვის. სოხუმელები ვართ, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდით, ჩვენი მისამართი მშვიდობის ქუჩის 131 იყო. რუსებმა აფხაზეთი რომ აიღეს, მაშინ სოფელ დრანდაში ვიმყოფებოდით, დაბომბვას ძლივს გადავურჩით. მარიამი მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე. ჩემმა მეუღლემ, ნათესავებმა ყველამ ეს გზა გამოიარა. სოფელი მაჭარკა რომ დაიბომბა, ჩვენ დაბომბვას 10-12 წუთით გავასწარით, თორემ რუსი ჯალათები ისეთი გავეშებულები იყვნენ, შესაძლოა, ვერც გადავრჩენილიყავით, მე და ჩემი ოჯახი იქ ამოვწყვეტილიყავით. დიდი სიმწარე გამოვიარეთ“, - იხსენებს მატადორის ბაბუა.

"ჩემი რუსთაველი მეუღლე ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო", - აღნიშნავს ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია.

ილია მამა ზაზა თოფურია ბიზნესმენია. ის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის შვილის გვერდითაა. ქართველი მებრძოლის გვერდით მუდამ არიან დედმამიშვილები - ძმა ალექსანდრე თოფურია, რომელიც ილიას გუნდშია და დები. სწორედ ალექსანდრემ გააჩერა თეთრ სახლში გამართული ბრძოლა, რა დროსაც ილიამ მძიმე დაზიანებები მიიღო.
ბავშვობის წლებს მედიასთან თავად ილიაც იხსენებს:
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს ძმასთან ერთად ესპანეთში ჩამოვედი, რადგან ჩემი მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. ამის უკანაც დიდი ისტორიაა, თუ როგორ ჩამოვედით და რა ხდებოდა მანამდე. სპორტში რომ დავიწყეთ ვარჯიში, ჩვენ მოვდიოდით მოკრძალებული ოჯახიდან, სადაც სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური კავშირი არასდროს გვაკლდა, მაგრამ ეკონომიკური რესურსები საკმაოდ მწირი იყო. ამიტომ, უნდა გვემუშავა, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდოდა.
ალიკანტეს პლაჟზე შეზლონგების დალაგებით დავიწყეთ მუშაობა, რადგან მე და ჩემი ძმა სულ ვვარჯიშობდით და ვასპარეზობდით. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში შეჯიბრებებზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გჭირდება. ვმუშაობდით და პარალელურად ვვარჯიშობდით თითქმის პროფესიონალურ დონეზე - როცა უმაღლესი დონის ტურნირებზე გადიხარ, მაქსიმუმი უნდა გაიღო და ამავე დროს - უნდა იმუშაო. რთული იყო, მაგრამ ამავე დროს - ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, ცხოვრება გიწყობს გამოცდებს და სწორედ მანდ ჩანს, ადამიანთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნები. როგორც ყოველთვის ვამბობ, არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ისინი, ვინც უშვებენ, რომ რაღაცები დაემართოთ და ისინი, ვინც თავად აიძულებენ მოვლენებს, მოხდეს. მე ყოველთვის ვცდილობდი მცოდნოდა, საით მივმართავდი ჩემს ცხოვრებას", - ამბობს მებრძოლი.
ილია თოფურიას პირადი ცხოვრება
ქართველი ჩემპიონის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესო გახლდათ. მას რამდენიმე თვის წინ გვერდს ჯორჯინა უზკატეგუი უმშვენებდა. ჯორჯინა სატიტულო ბრძოლის დროსაც ილიას გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა სწორედ მან მიულოცა. თუმცა მედიაში მოულოდნელად გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია ჯორჯინასა და ილიას დაშორების შესახებ. რამდენიმეთვიანმა სასამართლო პროცესებმა ილიას კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა:

"მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით გადავდო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. თუმცა, როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს შენს ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც ამას პირადად უნდა გაუმკლავდე", - წერდა მაშინ თოფურია. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სასამართლო დავა დასრულდა და ილია ოქტაგონს ისევ დაუბრუნდა.

ძალიან მცირე ინფორმაცია ვრცელდება ილიას პირველ მეუღლეზე, რომელიც ილიას ვაჟის, ჰუგოს დედაა. ის ესპანელი პილარ კასანოვაა. პილარის "ფეისბუქ"-გვერდზე ილიასთან გადაღებული ფოტოები იძებნება...
ესპანელ-ქართველი "მატადორის" MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. მას 17 გამარჯვება და 1 წაგება აქვს.
(სპეციალურად საიტისთვის)