ექიმების ბიომარანი ფაფრის მინდვრებიდან - კვირის პალიტრა

ექიმების ბიომარანი ფაფრის მინდვრებიდან

საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობა არავის უკვირს, მით უფრო, კახეთში, სადაც პრაქტიკულად ყველა მისდევს ამ საქმეს. ჩვენი რესპონდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდანაა და პროფესიით ექიმია. მარინა-მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე ექიმი-სტომატოლოგია, მისი მეუღლე თეიმურაზ რუაძე კი წარმატებული ანგიოქირურგი და ურთულეს ოპერაციებს ატარებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. რაც შეეხება მეღვინეობას, ამ საქმიანობაში ოჯახი 2020 წლიდან ჩაერთო, აწარმოებენ ბიოღვინოს, რომელიც არა მარტო საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოსწონთ.

მარინა-მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე:

- სამედიცინო კარიერა მივატოვე და მთელი ენერგია ამ საქმეს მივუძღვენი. ჩუმლაყში, ჩვენს მარანში, ქვევრის ბუნებრივ ღვინოს ვაყენებთ. ვენახები ახაშენის მიკროზონაში, ცნობილ ფაფრის მინდვრებსა და მიმდებარედ გვაქვს გაშენებული. პირველი ვაზი 2016 წელს ჩავყარეთ. 2019 წელს ნაყოფი რომ მოისხა, სრულად გავაცალეთ მწვანე ნაყოფი, რათა ფესვები უფრო ღრმად წასულიყო, მინერალები უკეთ აეღო და შემდგომში უმაღლესი ხარისხის ყურძენი მიგვეღო. პირველი სრულფასოვანი მოსავალი მომდევნო წელს ავიღეთ და ღვინოც დავწურეთ.

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ გაშენებული?

- ფაფრის მინდვრები ცნობილია საუკეთესო ხარისხის საფერავის მოსაყვან ადგილად და ჩვენც უპირატესობა მას მივანიჭეთ. ახლოსაა მეორე ნაკვეთიც, სადაც ხიხვი და რქაწითელი გვაქვს გაშენებული.

12c29885-27b1-436f-996d-3152a74de512-1781688067.jpg

- საერთოდ როგორ გაჩნდა იდეა, ექიმის ცხოვრება ასე მკვეთრად შეგეცვალათ და მეღვინეობა დაგეწყოთ?

- წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობასთან შეხება არ გვქონია. 2016 წელს ჩემს მეუღლესთან მოვიდა ადამიანი და იმ მიწის ნაკვეთის ყიდვა შემოგვთავაზა, რომლის არსებობაც კი მივიწყებული გვქონდა. რომ გამოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ნაკვეთი მეუღლეს მამამისისგან მემკვიდრეობით ერგო და ზუსტად ფაფრის მინდვრებზე მდებარეობდა. მივხვდით, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა და გადავწყვიტეთ, საფერავი გაგვეშენებინა. მოგვიანებით სხვა საგვარეულო ნაკვეთებიც მოვიკვლიეთ და იქ ხიხვი და რქაწითელი ჩავყარეთ...

თავიდან ეს ყველაფერი საკუთარი მოხმარებისთვის გვინდოდა, მაგრამ 2020 წელს იმაზე მეტი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა, ვიდრე გვჭირდებოდა. ყურძნის გაყიდვა არ გვინდოდა, ამიტომ სასწრაფოდ დავიწყეთ მარნის აშენება და ქვევრების შეძენა, რათა რთველს მომზადებული დავხვედროდით და პირველი მოსავალიც ქვევრებში ჩავწურეთ. ქვევრები იმერეთიდან, სოფელ ტყემლოვანიდან ჩამოვიტანეთ. უკვე წლებია, საუკეთესო შედეგს გვაძლევს. სულ 8 ცალი სხვადასხვა ტევადობის - 200-ლიტრიანიდან დაწყებული, 1,5 და 2-ტონიანით დამთავრებული. ზოგიერთ ქვევრს დასაწურად და დასაღვინებლად ვიყენებთ, ზოგს - შემდგომი გადაღებისა და ღვინის შესანახად. არის მადუღარი ქვევრები და არის შესანახი.

- საექიმო ფიციდან გამომდინარე, "არ ავნო", ხომ არ გადაწყვიტეთ ბიოღვინის დაყენება, რათა ღვინო მომხმარებლისთვის უვნებელი ყოფილიყო? რაში გამოიხატება ვენახის ბიომოვლა და რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- თავიდანვე გადავწყვიტეთ, ვენახისთვის ბიოპრეპარატებით მოგვევლო. როცა დავიწყეთ, არცთუ ბევრი იყო ნატურალური ღვინო, ძირითადად, ინდუსტრიული ჭარბოდა. კარგი ღვინის შეძენა თუ გინდოდა, ან ძალიან ძვირი უნდა გადაგეხადა, ან თავად უნდა დაგეყენებინა. რადგან ჩვენთვის დავიწყეთ ვენახის გაშენება, ამიტომ თავიდანვე ბიომიმართულებით ვიყავით დაინტერესებული. დღემდე მხოლოდ ბუნებრივი, სერტიფიცირებული ბიოპრეპარატებით ვწამლავთ. ქიმიური სასუქი არ შეგვაქვს, მიწის გამოსაკვებად ბალახით მულჩირებას ვარჩევთ.

გარდა ამისა, ჩვენი ნაკვეთების სპეციფიკური მდებარეობის გამო იქ ტრაქტორი ვერ შედის და ვენახებს დღესაც ცხენებითა და გუთნით, ტრადიციული წესით ვამუშავებთ, რაც უფრო ბუნებრივს ხდის პროცესს.

fe95813f-4f90-4653-9c54-1a173b96be48-1781688067.jpg

- რა ტექნოლოგიით აყენებთ ღვინოს - მხოლოდ ქვევრის მეთოდით თუ ევროპულსაც იყენებთ?

- პირველ წლებში ღვინოს მხოლოდ ტრადიციული კახური წესით, ქვევრში, სრულ ჭაჭაზე დაყოვნებით ვაყენებდით. თუმცა ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა უფრო მსუბუქი სტილის ღვინოებზეც, ამიტომ ბოლო სამი წელიწადია, ევროპული ტექნოლოგიაც დავნერგეთ. მაგალითად, ზოგ ღვინოს ჭაჭაზე მხოლოდ ორ-სამ კვირას ვაჩერებთ, ხოლო როზეს ღვინის შემთხვევაში - მხოლოდ ერთ საათს, რის შემდეგაც ვწურავთ. ქვევრიდან ამოღებულ ღვინოს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ვაყოვნებთ. ასევე დავიწყეთ ექსპერიმენტები, ფრანგული მუხის კასრებში საფერავის დავარგება და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ.

- ამ ყველაფერს გამოცდილებით სწავლობდით, თუ სპეციალური განათლებაც მიიღეთ?

- თავიდან ბევრს ვკითხულობდი, რჩევებს სხვა მეღვინეებს ვეკითხებოდი, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო მივხვდი, რომ საქმე საფუძვლიანად უნდა შემესწავლა, თან ევროპულზეც რომ გადავერთეთ, ამანაც მიბიძგა შესწავლისკენ. გავიარე დეგუსტაციისა და მეღვინეობის სხვადასხვა კურსი, მათ შორის, ანა გოდაბრელიძის მეღვინეობის კურსი. ცალ-ცალკე გავლილი მაქვს მეღვინეობა, მევენახეობა და დეგუსტაცია, ახლა კი კაჭრეთის კოლეჯში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მაღალი დონის პროგრამაა. მუდმივად განვითარების პროცესში ვარ. ვენახის მოვლასა და რთველში ოჯახის წევრები და ახლობლები არიან ჩართული, თუმცა სეზონურად მუშახელსაც ვქირაობთ.

- თქვენი შრომა, როგორც გავიგე, საერთაშორისო ასპარეზზეც დაფასდა.

- 2022 წელს ჩემს პირველივე გამოფენაზე "ვინექსპოჯორჯიაში" ჩემი ღვინით პირველივე დღეს იაპონელი ექსპორტიორი დაინტერესდა და ორ კვირაში პროდუქცია იაპონიაში წაიღო. ამან დიდი სტიმული მომცა. მოგვიანებით ტოკიოში გახლდით ბიო და ნატურალური ღვინოების გამოფენაზე, სადაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ღვინოებმა. ამის მერე იაპონიაში რესტორნებიდან, ღვინის ბარებიდან მეტი დაინტერესება წამოვიდა. ექსპორტიორმა პერსონალური დეგუსტაცია გამართა, სადაც ბევრი პროფესიონალი მოვიდა. იქვე მივიღეთ უამრავი შეკვეთა.

fb7eb27b-830d-4588-8ecb-260827aafd3d-1781688067.jpg

გარდა იაპონიისა, ჩვენი ღვინო ექსპორტით გადის ჰონკონგსა და დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობა მაქვს მიღებული ღაწ ჭინე-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, კოპენჰაგენში, პარიზსა და ბერლინში. ვმონაწილეობდი ლონდონის სხვადასხვა გამოფენაში.

2022 წელს "სომელიეს რჩეულის" ჯილდო მივიღეთ, 2023 წელს ბრიტანეთის საერთაშორისო კონკურსზე წარდგენილი 560-ზე მეტი ღვინიდან მხოლოდ 17-მა მიიღო ოქროს მედალი და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი იყო. ერთადერთი ქალი მეღვინე ვიყავი, ვისმა ღვინომაც ოქრო აიღო და ეს იყო ერთადერთი ბუნებრივი (ბიო) ღვინო გამარჯვებულებს შორის. ასევე მაღალი ჯილდოები მიიღო ჩვენმა ორმა ჭაჭამ, რომლებიც "გამორჩეულ გლეხურ ჭაჭად" აღიარეს.

ბუნებრივი ღვინის ასოციაციისა და ორგანიზაცია "ქალები ღვინის ინდუსტრიაში" წევრი ვარ და კიდევ სხვა ასოციაციის. სტუმრებს ხშირად ვეუბნები ხოლმე: "ეს არის პატარა მარანი დიდი საქმეებით". ჩვენი ღვინო ბოთლებში წელიწად-ნახევარზე ადრე არ ისხმება, რადგან ნატურალურ ღვინოს დავარგება სჭირდება. მიხარია, რომ ჩვენმა შრომამ ასეთი დიდი სტიმული მოგვცა. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა და მერე ამ საქმემ ისე ჩაგვითრია, რომ პროფესიად იქცა. არ ვჩერდებით და საინტერესო გეგმები გვაქვს.