სად ბინადრობს თბილისში გიურზა, როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან და რას ვაკეთებთ, თუ ქვეწარმავალმა გვიკბინა - კვირის პალიტრა

სად ბინადრობს თბილისში გიურზა, როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან და რას ვაკეთებთ, თუ ქვეწარმავალმა გვიკბინა

ცხელი ამინდები გამოვიდა და სოციალურ ქსელში არა ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ადამიანები თბილისში ქვეწარმავლების გამოჩენის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვეუბნებიან, ისინი ოპერატიულად გადიან გამოძახების ადგილებზე და წელს, მაისის ჩათვლით, დაჭერილია 38 გველი.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ გამოძახებებზე ოპერატიული რეაგირებაა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ სეზონზე იმატებს გამოძახებები, მათ შორის, გარკვეული ნაწილი ცრუ გამოძახებაა. სააგენტო ყოველთვის მზად არის, მოახდინოს მყისიერი რეაგირება. 2025 წელს დაჭერილია - 210; 2026 წელს დაჭერილია - 38 (მაისის ჩათვლით). სააგენტოს ჰყავს პროფესიონალი ჰერპეტოლოგი და მაშველები, რომლებიც ადგილზე მისვლას და საჭირო ღონისძიების გატარებას უზრუნველყოფენ. გამოძახებები, ძირითადად, უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის - გველხოკერაზე. მოსახლეობას მოვუწოდებთ, ქვეწარმავლის შემჩნევისას არ სცადონ მისი თვითნებურად დაჭერა, ასეთ დროს აუცილებლად დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე 112-ის საშუალებით, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად მოახდინოს რეაგირება”, - ასეთ განმარტებას აკეთებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

რა სახეობის გველია გავრცელებული დღეს თბილისში, როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უშხამო ქვეწარმავალი, როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩაში გველის პოვნის შემთხვევაში? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი კოტე ფხაკაძე გვესაუბრება.

725067160-1518435786638170-1426407294921540712-n-1781766653.png
წითელმუცელა მცურავი

- ბატონო კოტე, ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომ თბილისში ძალიან მომრავლდნენ გველები..

- ეს პრობლემა ყოველ წელს დგება. საუბრობენ, რომ გველების მომრავლების პრობლემაა, მაგრამ პროცენტულობით რომ ავიღოთ, თბილისის მასშტაბით, ეს შემთხვევები ფიქსირდება, ძირითადად, გარეუბნებში. ეს ტერიტორია იყო ველური ბუნება და ელვის სისწრაფით იქ გაჩნდა ქალაქი. იქ შეიძლება გამოსაზამთრებლად ქვების ქვეშ გველი იყო ჩასული, ამოიღეს "კატლავანი" და გამოჩნდა გველი.

პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ გველების რაოდენობა მცირდება. გველი ბუნებაში ისედაც არის. ჩვენ სადაც ვსახლდებით, იქ დღეს თუ ვხედავთ იმ გველს, ხვალ აღარ იქნება ის რაოდენობა. პრობლემა არ არსებობს, რომ რაოდენობამ რაღაც ნორმას გადააჭარბოს...

726220206-1611340350613404-1014449116533531216-n-1781766653.png
ცხვირრქოსანი გველგესლა

- მაგალითად, ცინცაძის ქუჩაზე გადაღებული იყო გველის კადრები. იქ როგორ აღმოჩნდა, თუ მარტო ველურ ბუნებაში ბინადრობს?

- დიახ, თუ არ ვცდები, ავტოსადგომში რომ იპოვეს, ეგ იყო მცოცავ-მცურავი გველი. ეტყობა, მანამდე, მანქანა სადღაც დაუსახლებელ ადგილას იყო გასული, შესაძლოა, გველი შეძვრა მანქანაში... ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. მანქანა ბუნებაში ისეთ ადგილას უნდა გააჩერონ, რომ გველის შეძრომის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი - ბალახებში, ბუჩქებში არ უნდა გააჩერონ მანქანა. დიღომშია გველების დაფიქსირების ძალიან ხშირი შემთხვევა, იმიტომ, რომ მანდ ტრაქტორების ბაზაა. ვთქვათ, გარდაბანში ამუშავებენ მიწას ტრაქტორით, მერე დადებენ ლაფეთზე, წამოიღებენ და ამ დროს, ტრაქტორში შემძვრალია გველი, იმიტომ, რომ იქ ტენიანობაა, სინესტეა, სიმხურვალეა...

726908058-896083782749556-4023413813723832089-n-1781766654.png
კატისთვალა გველი

- ცინცაძეზე რაც იპოვეს, ის რამდენად საშიშია?

- უვნებელია და პირიქით - სასარგებლო გველია. ძალიან მნიშვნელოვანია - სადაც უშხამო გველს მოკლავენ, იქ შემდეგ ძალიან დიდი ალბათობით დაიბუდებს შხამიანი გველი. მათ შორის დიდი კონკურენციაა. სადაც უშხამო გველის სუნი დგას, იქ შხამიანი არ მიდის. უშხამო გველი უფრო მეტ მღრღნელს ჭამს, უფრო კონკურენტუნარიანია, დღეში შეუძლია ხუთი ცალი მღრღნელი შეჭამოს...

ასე რომ, განსხვავება უნდა ისწავლონ ადამიანებმა - გველი ჩვეულებრივი ცხოველი, უვნებელი ცხოველია. ერთადერთი არის წითელმუცელა მცურავი, რომელიც თავს ესხმის ადამიანებს, ისიც - გამრავლების პერიოდში. ის შხამიანი არ არის. დანარჩენი გველები არ არის პრობლემა, პირიქით, მღრღნელებს ანადგურებენ - სადაც მღრღნელი არ იქნება, იქ გველი არ გაჩნდება.

725663472-1715252419506004-8704896342975378457-n-1781766654.png
გიურზა

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს წავაწყდებით?

- -დავიხიოთ რამდენიმე ნაბიჯით უკან, იმიტომ, რომ არ ვიცით, ის შხამიანია თუ უშხამოა. თბილისში გიურზის გავრცელების ზონა არის ცოტა მაღალ ადგილებში - წყნეთი, წოდორეთი, კოჯორი. იქ ცხვირქოსანი გველებიც გვხვდება, ეს ორი გველი არის შხამიანი, კატისთვალა გველიც გვხვდება, მაგრამ ის ნახევრადშხამიანად ითვლება, რომელსაც უკანა კბილები აქვს შხამიანი და მოშხამვას ვერ ახერხებს. ის, ძირითადად, ხვლიკებით, პატარა ცხოველებით იკვებება და საერთოდ უვნებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ შხამიანი გველებიც შესაძლებელია შეგვხვდეს თბილისში, რეკომენდებულია, რომ გამოვიწიოთ უკან - დაახლოებით, ორ მეტრამდე აქვს ნახტომი. გველთან ახლოს არ უნდა ვიყოთ, შორიდან ვაკონტროლოთ ის ვიზუალურად და დავრეკოთ 112-ში...

რაც შეეხება გიურზებს - ის თბილისში გვხვდება ბოტანიკურ ბაღშიც, ტაბახმელაში და დიღმის მასივში რამდენჯერმე დაიჭირეს, ის ტრაქტორების გამო იყო. გარჩევა უნდა ვიცოდეთ - შხამიანი გველი ძალიან ნელა გადაადგილდება უშხამო გველისგან განსხვავებით.

(სპეციალურად საიტისთვის)