რატომ თქვა უარი რუსუდან ფეტვიაშვილმა ილია მეორეს ორ მნიშვნელოვან შეთავაზებაზე და როგორ იხსენებს შიო მესამესთან პირველ შეხვედრას? - ისტორიები, რომლებიც მხატვარს არსად მოუყოლია
რუსუდან ფეტვიაშვილი: „როგორც დედამ მოგვილოცა ილია მეორის აღსაყდრება, ისე მივულოცე ჩემს ძმიშვილებს მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა“
„...ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი პირველად კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს. ჯერ კიდევ მორჩილი იყო, როდესაც სახარების მინატურებზე ვმუშაობდი. თავმდაბალი, მშვიდი ადამიანი დამამახსოვრდა, ძალიან აქებდა ჩემი მეგობარი მონაზონი. ვიცოდი, რომ კარგ ოჯახში აღიზარდა და ძალიან განათლებული ადამიანია. ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. როგორც დედამ მოგვილოცა მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრება, ისე მივულოცე ტელეფონით ჩემს ძმიშვილებს - ნატალის და თომას მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა...“ - ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი - რუსუდან ფეტვიაშვილი... მან ვრცელ ინტერვიუში პატრიარქის - ილია მეორის შესახებ ის ისტორიები გაიხსენა, რაზეც ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია...
- მეუფე შიო საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს, რომელსაც თქვენ ესწრებოდით... რას იტყოდით ახალ პატრიარქზე?
- დიახ, მე სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი. კანდიდატები ძალიან საინტერესოდ გამოვიდნენ: რა პრობლემები არსებობს, რა უნდა იყოს აღმოფხვრილი. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი... ყველამ ვიცოდი, რომ ხმის უმრავლესობით მეუფე შიო იმარჯვებდა და ასეც მოხდა, ყველამ მივულოცეთ. მოკლე, ლაკონური სიტყვით გამოვიდა, მაგრამ ყველაფერს მოიცავდა მისი სათქმელი...
ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი პირველად კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს. ჯერ კიდევ მორჩილი იყო, როდესაც სახარების მინატურებზე ვმუშაობდი. თავმდაბალი, მშვიდი ადამიანი დამამახსოვრდა, ძალიან აქებდა ჩემი მეგობარი მონაზონი. ვიცოდი, რომ კარგ ოჯახში აღიზარდა და ძალიან განათლებული ადამიანია. ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. როგორც დედამ მოგვილოცა მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრება, ისე მივულოცე ტელეფონით ჩემს ძმიშვილებს - ნატალის და თომას მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა. მათაც ძალიან გახარებულებმა მიპასუხეს, ჩვენც გილოცავთო. ჯერ პატარები არიან, 10 და 4 წლის, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟით მომილოცეს. ვულოცავ შიო მესამეს აღსაყდრებას მთელი გულით. ვუსურვებ, საქართველოსთვის და ქართველებისთვის დიდი შესაძლებლობები გაეხსნას, მსოფლიო თანამეგობრობაში ლამაზი, წარმატებული, ბრწყინვალე ნიშის მოძიებისთვის.

- პატრიარქს -ილია მეორეს როდის შეხვდით პირველად?
- როდესაც მისი უწმინდესობის აღსაყდრება მოხდა, დედაჩემმა მოგვილოცა, ამბობდა, დღეიდან ჩვენ საოცრად განათლებული და ნათელი ადამიანი გვყავს პატრიარქადო... 12 წლის ასაკში ჩემი ნამუშევრების გამოფენა ბავშვთა ხელოვნების გალერეაში გაიმართა, პატრიარქი გამოფენაზე მობრძანდა და რეზიდენციაში მიგვიპატიჟა. ეს შეხვედრა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ძალიან ხატოვნად დამამახსოვრდა. მახსოვს, როგორ მთხოვეს, მოვმზადებულიყავი. მონაზონმა მასწავლა, ხელები როგორ უნდა დამეჭირა, მაგრამ ისე ვერაფრით გავაკეთე და პროტესტის გრძნობაც კი გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მორწმუნე ვიყავი, ჩემი წინაპრები 17 თაობა დეკანოზები, სასულიერო პირები იყვნენ, მე თვითონ ასეთ ვიწრო ჩარჩოებს ვერ ვეჩვეოდი. დღეს ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, აბსოლუტურად აღარ მეხამუშება, მაგრამ 12 წლის ასაკში ასე არ ვფიქრობდი... მისი უწმინდესობა იმდენად დიდი ადამიანი იყო, ვინც როგორი დამოკიდებულებით მიდიოდა, ზუსტად ისე ხვდებოდა. ჩემსკენ ომახიანი ნაბიჯებით გამოემართა და ხელი ღონივრად ჩამომართვა. ზუტად ისე მიმიღო, როგორ მე ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ლამაზი გიშრის ჯვარი მაჩუქა, ვერცხლში ჩასმული, დაწნული, რომელიც მალახიტის კოლოფში იყო ჩასმული. ამ ჯვარს დღემდე ვატარებ. ასევე მაჩუქა ნუსხახუცურით დაწერილი დავითნი. უკვე ვიცოდი ასომთავრული, კარგად ვწერდი და ვკითხულობდი და რადგან მისმა უწმინდესობამ მითხრა, ნუსხაცურიც ისაწვლეო, მისი ხათრით ვისწავლე... ვინაიდან მალე პარიზში მივდიოდით, მითხრა, შენ არასოდეს იმის გამო არ ხატო, სადმე რომ წახვიდე, ან გასამრჯელო მიიღო, ხატვა შენთვის იმდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, სხვა რამემ არ გადააჭარბოსო. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ვერც წარმომედგინა სხვანაირად ყოფილიყო, მისი ნათქვამს სულ ვითვალისწინებდი. იმ დღესვე შემომთავაზა, საპატრიარქოს სატრაპეზოს მოხატვა. მაშინ სიონის გვერდით იყო საპატრიარქო. ძალიან გამიკვირდა, ჩემთვის ვიფიქრე, 12 წლის ბავშვმა სატრაპეზო როგორ უნდა მოვხატო-მეთქი. სხვათა შორის ამის შესახებ საჯაროდ პირველად ვამბობ.
- შემდეგ ხომ არ ინანეთ, პატრიარქოს თხოვნა რომ ვერ შეასრლეთ?
- მოზრდილ ასაკში რომ შემოეთავაზებინა, რასაკვირველია დავთანხმდებოდი. მაშინაც დიდ კედლებზე უკვე ნამუშევარი მქონდა, მთელი სახლი 7 წლის ასაკში მოხატული, მაგრამ სატრაპეზოს მოხატვას ვერ შევძლებდი. შინაგანად არ მქონდა ამის მზაობა. პატრიარქი ძალიან მომეწონა, შემიყვარდა, მაგრამ ჩემი თავი ამ დიდი საქმისთვის უღირსად ჩავთვალე. ეს შეგრძნება ძალიან კარგად მახსოვს და ჩემს თავს ვერ ვუსაყვედურებ. პატარად და ბავშვად თავს არასოდეს ვთვლიდი, მაგრამ ამ შემოთავაზების დროს ვიგრძენი რომ ძალიან პატარა ვიყავი.
- შემდეგ თქვენ უდიდესი მისია დაგეკისრათ, სახარებაზე მუშაობა... რა გახსენდებათ განსაკუთრებულად იმ პერიოდიდან?
- როდესაც სახარებაზე ვმუშაობდი, მისი უწმინდესობა სვანეთში წავიდა და სხვებთან ერთად მეც წამიყვანა. დიდი ჯგუფი იყო მონაზვნების, მღვდლების, მგალობლების. პატრიარქი სვანეთში უდიდესი სიყვარულით მიიღეს...მახსოვს სვანეთში ძველი ტურბაზასავით იყო დიდი შენობა, სადაც ყველანი განვთავსდით. საკმაოდ მოვლილი გარემო იყო, შენობას დიდი აივანი ჰქონდა. იქ საღამოობით ჩემთვის მისტერიული მოვლენა იყო: უშგულის მაღალი მთები, განათებული კოშკები, მთვარე, ვარსკვლავები და ყოველ საღამოს ყველანი რომ აივანხე ვიყავით. სანთლების შუქზე ძილისწინა ლოცვები, ფსალმუნები იკითხებოდა. მგალობებიც იყვნენ წამოსულები და გალობის ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს იყო ბიბლიური გარემო! მეგონა, რომ პირველ საუკუნეში ვიყავი, ძველი ქრისტიანები რომ ერთად იკრიბებოდნენ და ღია ცისქვეშ ლოცვას აღავლენდნენ. დაუვიწყარია ის დღეები ჩემთვის. დაახლოებით 30 წლის წინ იყო და დღემდე ყველაფერი ძალიან ნათლად მახსოვს... საერთოდ, სვანეთში ყოფნა იყო დაუვიწყარი, მისი უწმინდესობა სადაც მიდიოდა, ეკლესიებს ყველგან უღებდნენ. ძირითადად დახურული იყო ეკლესიები, რადგან ხატები არ დაზიანებულიყო და ფრესკები მართლაც საოცრად შენახული იყო. შემდეგ ოჯახში მოვხვდით, სადაც თამარ მეფის ტრიპტიხი ინახებოდა, რომლითაც თამარ მეფე დადიოდა და თავის ჯარს ლოცავდა. რომ გამოაბრძანეს, ახლოს ვერ მივედი, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იყო და მომერიდა. თუმცა მთავარი იყო, ამ უმნიშვნელოვანესს მოვლენას რომ დავესწარი... პატრიარქი ძალიან ახლობლურად იყო ყველასთან. ერთ სივრცეში ვტრაპეზობდით, ერთ სივრცეში ხდებოდა ლოცვა. შემდეგ ვერტმფრენით გადაგვაფრინეს მთაში, ლამარიას ეკლესიაში. ვერტმფრენით მგზავრობა განსაკუთრებულად მახსოვს. იმდენად ახლოს მის უწმინდესობასთან არასოდეს ვოფილვარ. სულ ექვსი ადამიანი ვიყავით და ამდენად ცოტა ხალხში მეც მოვხვდი, უბედნიერესი ვიყავი. რაც შეეხება ლამარიას ეკლესიას, ირგვლივ ისეთი ჰაერია, ადამიანი დიდხანს ვერ ძლებს. მე, მაგალითად, სუნთქვა გამიჭირდა, რადგან მგონი ალპური ზონა იყო. ახლოს არცერთი ბალახი, მცენარე არ ჩანდა, იქვე იყო თეთნულდი და ასეთ სასწაულ ადგილას იდგა პატარა ეკლესია, ისიც მოხატული.
- შემდეგ, გამოფენებზე სადაც არ მიდიოდით, პატრიარქს კვლავაც ხვდებოდით წასვლის წინ?
- დიახ, პატრიარქისგან ყოველთვის კურთხევას ვიღებდი, სადაც არ მივდიოდი. უწმინდესი ყოველთვის მეუბნებოდა, არ დარჩე, უკან დაბრუნდიო... მეც ბავშვობიდან ისეთი დამოკიდებულება მქონდა - „..არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა...“ ყოველ დილით რომ ლოცვასავით მახსენდებოდა. თუმცა ადამიანი რომ იზრდები, მაინც ცვდება ეს ყველაფერი და თითო-ოროლა სიტყვა ამხელა პიროვნებისგან წაშველებული სტიმულს გაძლევს.
- არასოდეს გიფიქრიათ, საზღვარგარეთ დარჩენილიყავით?
- საზღვარგარეთ დარჩენა მაშინაც კი არ მიფიქრია, როცა საქართველოში უმძიმესი სიტუაცია იყო. 90-იან წლებში კანადიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა, სასახლეში ცხოვრება, მოდების სახლთან თანამშრომლობა, მაგრამ ძალიან დიდ ინვესტიციას დებდნენ ჩემში და მოქალაქეობა უნდა მიგვეღო. მაშინ იმდენად ადვილი იყო მოქალაქეობის მიღება, ყველა იღებდა. მახსოვს, კატეგორიული უარი განვაცხადეთ მე და ჩემმა მეუღლემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ყველა მიდიოდა. ვფიქრობდი, ვიღა რჩება ამ ქვეყანაში და თუ ყველა ასე წავედით, ვიღას დარდი იქნება ეს ქვეყანა მეთქი... უარი ვთქვი, რადგან ვთქვათ, თუ ვიღაც ჩემთვის საყრდენი იყო, მეც ვიღაცეებისთვის საყრდენი ვიყავი. ასე ფიქრობდა ჩემი მეუღლეც და მე ვთვლი, რომ ეს სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო. არ მინდა ვინმემ იფიროს, თითქოს განვიკითხავ, რატომ წავიდა, მისთვის ის გადაწყვეტილება იყო სწორი და ჩემთვის ეს. ნამდვილად უფრო ადვილია წარმატებას მიაღწიო, როცა იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ადვილად გიღებენ, ჩასულს კი უფრო ნაკლებად. კუს ნაბიჯებით, ნელნელა გიწევს თავის დამკვიდრება. მიუხედავად ამ ყველაფრისა სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს. როცა იცი, რომ მართალი ხარ შენს საქმეში, ნელა, მაგრამ ყველაფერს აღწევ.
- მეუღლე ახსენეთ... როდესაც ტრაგედია დაგატყდათ თავს და მეუღლე გარდაგეცვალათ, თუ შეხვდით პატრიარქს?
- პატრიარქმა მომისამძიმრა, წერილი გამომიგზავნა, თვითონ ვერ მობრძანდა, რადგან 6 წლის წინ მას ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა. პატრიარქის ძალიან დიდ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. დიდი ხანიც რომ გასულიყო და ვერ მენახა, სულ ვიცოდი, რომ მის ლოცვებში ვიყავი მოხსენიებული. ამის იმედი სულ მქონდა... მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლის ავადმყოფობი მთლიანად მოცული ვიყავი, სიმართლე გითხრათ, არავინ გამხსენებია, დახმარება მეთხოვა. ყველაფერი ჩეს თავზე ავიღე. დღე და ღამე ვმუშაობდი და ღმერთი მიგზავნიდა იმ ადამიანებს, რომლებიც ნახატებს ყიდულობდნენ. დღე თავზე ვადექი, ღამე ვმუშაობდი, იმ პერიოდში შეიძლება ითქვას, საერთოდ არ მეძინა. პატრიარქს ცოტა მოგვიანებით შევხვდი, ქტიტორთა საბჭოში ვიყავი, საბჭოს წევრებში ვიყავით - ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მე, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, ეკა კვაჭანტირაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი.. ყოველ თვეში გვიწევდა შეხვედრა.
- თქვენი ბოლო შეხვედრა როგორ გახსენდებათ?
- პატრიარქთან ჩემი ბოლო შეხვედრა იყო, როცა ჩემმა მეგობარმა, დედა თებრონიამ გარდამოხსნა ჩემი ოდიკის მიხედვით მოქარგა. ეს მისი უწმინდესობისთვის გავაკეთე დიდი ხნის წინ. ჩვენი ბოლო შეხვედრა იმით იყო დასამახსოვრებელი, ბოდბეში ტაძრის მოხატვა შემომთავაზა. ბოდბის ახალი მონატერი შენდებოდა, მითხრა რომ უნდა მომეხატა და თან ამიხსნა, რომელი ეკლესიის, ფრესკების მიხედვით, ჯგუფი ამეყვანა, რომელიც ჩემთან ერთად იმუშავებდა. ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდა, მაგრამ არც ეს შემოთავაზება შედგა. ჩემი მეუღლე უკვე ძალიან ავად იყო და გამიჭირდებოდა შესრულება და თან ისე აღმოჩნდა, რომ უკვე დაწყებული იყო იმ ეკლესიის მოხატვა...მაშინვე ვიფიქრე, ღმერთო ამ ყველაფერს როგორ შევძლებ-მეთქი. ჩემი მეუღლე უკვე იმდენად ავად იყო, ყოველ ორ დღეში დიალიზზე დავდიოდით. ეს მისი უწმინდესობისთვის არ მითქვამს. ჩავთვალე, რომ ყველაფერი ისე გამოვიდოდა, როგორც საჭირო იყო. პატრიარქმა რამდენჯერმე მაკურთხა ეკლესიის მოხატვაზე, მაგრამ რატომღაც არცერთხელ არ გამოვიდა.
(სპეციალურად საიტისთვის)