რაზე შეთანხმდნენ ამერიკა-ირანი და ვინ შეიძლება "ააფეთქოს" მშვიდობა?! - კვირის პალიტრა

რაზე შეთანხმდნენ ამერიკა-ირანი და ვინ შეიძლება "ააფეთქოს" მშვიდობა?!

18 ივნისს დისტანციურად განხორციელდა ხელისმოწერა იმ სამშვიდობო მემორანდუმზე, რომლის თაობაზეც დიდი წვალების შედეგად შეთანხმდნენ აშშ და ირანის ისლამური რესპუბლიკა...

მძიმე მოლაპარაკებების პერიოდში არა ერთხელ გავრცელდა ამ მემორანდუმის შესაძლო პუნქტები, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.

ქვემოთ გთავაზობთ აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14-პუნქტიან დოკუმენტს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოტოვიდეოკამერების ობიექტივების ქვეშ მოაწერა ხელი საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში, რის შემდეგაც ხელმოწერილი შეთანხმების ფოტო აშშ-მა ირანს გაუგზავნა. მემორანდუმს ხელი ირანის მხრიდან პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მოაწერა.

ასე გამოიყურება მემორანდუმის 14 პუნქტი:

1. ამერიკის შეერთებული შტატები, ირანის ისლამური რესპუბლიკა და მათი მოკავშირეები მიმდინარე კონფლიქტში ხელს აწერენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ შორის - ლიბანში. მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ დაიწყონ სამხედრო მოქმედებები ერთმანეთის წინააღმდეგ, თავი შეიკავონ ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან და დაიცვან ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს დებულებები კიდევ ერთხელ დადასტურდება საბოლოო შეთანხმებაში;

2. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ჩაერიონ ერთმანეთის შიდასაქმეებში;

3. მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაასრულონ მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებაზე მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, ურთიერთშეთანხმებით გაგრძელების შესაძლებლობით;

4. ხელმოწერისთანავე, შეერთებული შტატები დაიწყებს ირანის გარშემო საზღვაო ბლოკადის და ყველა დაბრკოლების მოხსნას, სრულად დაასრულებს მას 30 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, საზღვაო გადაზიდვები აღდგება ომამდელ დონემდე. შეერთებული შტატები ასევე იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების მიღწევიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანოს ძალები ირანთან ყველაზე ახლოს მდებარე რეგიონიდან;

5. ირანი უზრუნველყოფს სავაჭრო გემების უსაფრთხო და უბაჟო გადაადგილებას სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვაში. ეს რეჟიმი 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს. სრული ნორმალიზაცია მოსალოდნელია 30 დღის განმავლობაში, განაღმვისა და დაბრკოლებების მოხსნის შემთხვევაში;

6. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს რეგიონულ პარტნიორებთან ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების ფინანსური გეგმის შემუშავების მიზნით, რომლის ღირებულება მინიმუმ 300 მილიარდი დოლარი იქნება;

7. შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, თანდათანობით მოხსნას ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია, მათ შორის - გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სანქციები, ასევე, საკუთარი პირველადი და მეორადი სანქციები. ირანი ადასტურებს, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას;

8. გამდიდრებული მასალების საკითხი გადაწყდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ;

9. საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მხარეები ინარჩუნებენ სტატუს კვოს: ირანი არ ცვლის თავის ბირთვულ პროგრამას, შეერთებული შტატები არ აწესებს ახალ სანქციებს და არ ზრდის თავის სამხედრო ყოფნას;

10. სანქციების სრულად მოხსნამდე, შეერთებული შტატები ირანის ნავთობის ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე გამონაკლისებს ითვალისწინებს;

11. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, მოხსნას ირანის გაყინული და შეზღუდული აქტივები;

12. მხარეები შექმნიან სპეციალურ მექანიზმს შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის;

13. ძირითადი პუნქტების განხორციელების დაწყების შემდეგ, მხარეები იწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების დარჩენილ დებულებებზე;

14. საბოლოო შეთანხმება დამტკიცდება გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით.

ყველა ომს ჰყავს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც (თუმცა ზოგჯერ ასე გამოკვეთილი პოზიციები არც დგება), რა შეიძლება ითქვას, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა აშშ-ისრაელისა და ირანის 39-დღიან საჰაერო ომში?

თუკი მემორანდუმის 14-ივე პუნქტის ღრმა ანალიზს მოვახდენთ, შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ -ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ ომიდან დამარცხებული სულაც არ გამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა და ისრაელის მასობრივმა დაბომბვებმა მის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც დიდი ზიანი მიაყენეს...

ამის მტკიცების საშუალებას იძლევა თუნდაც ამ მემორანდუმის ის პუნქტები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ „შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს რეგიონულ პარტნიორებთან, ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების ფინანსური გეგმის შემუშავების მიზნით, რომლის ღირებულება მინიმუმ 300 მილიარდი დოლარი იქნება“, „შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, თანდათანობით მოხსნას ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია, მათ შორის - გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სანქციები, ასევე, საკუთარი პირველადი და მეორადი სანქციები“ და „ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, მოხსნას ირანის გაყინული და შეზღუდული აქტივები“…

ანუ აიათოლების რეჟიმი მიიღებს იმას, რისი არქონაც უდიდეს ფინანსურ პრობლემებს უქმნიდა ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ამერიკულ და ევროპულ ბანკებში გაყინული იყო 24 მლრდ დოლარის ირანული აქტივები და ამასთან მოეხსნება ყოველგვარი შეზღუდვა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე, რაც ირანის ბიუჯეტის მთავარ შემავსებელ საშუალებას წარმოადგენს.

ჰორმუზის სრუტეს ირანი, რა თქმა უნდა, გახსნის - ეს მის სტრატეგიულ ინტერესებშიცაა და არც 2-მილიონდოლარიან გადასახადს დაუწესებს ამ სრუტეში გამავალ, ნედლი ნავთობით დატვირთულ სუპერტანკერებს, მაგრამ სამაგიეროდ, ირანი ომანთან ერთად, სავარაუდოდ, აამოქმედებს „თურქულ ვარიანტს“ და ჰორმუზის სრუტეში გამავალ ყველა გემს დაუწესებს სალოცმანო და სხვა ტექნიკური მომსახურების გადასახადს, როგორც ამას თურქეთი საუკუნეზე მეტია, ბოსფორის სრუტეში ახორციელებს, ისე კი, ბუნებრივ სრუტეებში (როგორსაც ბოსფორისა და ჰორმუზის სრუტეები წარმოადგენენ) გადასახადის დაწესება საერთაშორისო საზღვაო კანონით აკრძალულია, განსხვავებით სუეცისა და პანამის ხელოვნური არხებისგან.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ „ირანი ადასტურებს, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას“, „საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მხარეები ინარჩუნებენ სტატუს კვოს: ირანი არ ცვლის თავის ბირთვულ პროგრამას, შეერთებული შტატები არ აწესებს ახალ სანქციებს და არ ზრდის თავის სამხედრო ყოფნას“ და „...დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ შორის - ლიბანში…არ დაიწყონ სამხედრო მოქმედებები ერთმანეთის წინააღმდეგ, თავი შეიკავონ ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან და დაიცვან ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ - ეს სწორედ ის პუნქტებია, რის გამოც ამ მემორანდუმის რეალური განხორციელება შეიძლება... ჩაიშალოს...

ჩაშალოს ძალზე უკმაყოფილო ისრაელმა იმით, რომ მემორანდუმში არ ჩაიწერა ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გამოტანა, ირანის ბალისტიკური რაკეტების ფრენის სიშორის შეზღუდვა ათას კმ-მდე, სამაგიეროდ, დაფიქსირდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა...

ამ მემორანდუმს მეორე მხარესაც დარჩა დიდად უკმაყოფილო, ძალზე გავლენიანი ძალები, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლების ნაწილის სახითაც, რომლებიც თვლიან, რომ თეირანს ბევრად უფრო მეტი დათმობა უნდა მოეთხოვა პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი იმის გამო, რომ ძალის გამოყენებით ვერ შეძლო ჰორმუზის სრუტის გახსნა, რაც აისახა ნავთობის მსოფლიო ფასის თითქმის გაორმაგებაში და რაც რეალურად დაემუქრა ტრამპის პოლიტიკური რეიტინგის სრულ ჩამოქცევას, მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლის თვალში...

ასე რომ აშშ-ისა და ირანს შორის გაგების მემორანდუმს რეალურად ორი დიდი მოწინააღმდეგე გაუჩნდა ისრაელისა და ირანელი გენერლების სახით, რომლებიც ფარულად ან სულაც ღიად შეეცდებიან მისი შესრულების ტორპედირებას...

სამაგიეროდ კი მსოფლიომ ამოისუნთქა - დღეს დილიდან ნედლ ნავთობზე მსოფლიო ფასი მნიშვნელოვნად დაეცა...