ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან - "გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და..."
გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, საზოგადოებას აცნობებს.
გარდა ამისა, ხოშტარია წერს, რომ მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე „სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი“.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე, მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.
რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს.
და ბოლოს, მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ,“ - წერს ხოშტარია.
"ინტერპრესნიუსი"