"გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი, არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ურეკში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ეხმარებოდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭია, როგორც გვითხრეს, ისინი ექსკურსით იყვნენ ჩასულები და წყალში შესვლა გადაწყვიტეს, სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი.
“როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აჭარაში მარნეულიდან იყვნენ ჩასულები. ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში, სამწუხაროდ ერთი დაიღუპა, დანარჩენები მაშველებმა გადაარჩინეს და გამოიყვანეს ზღვიდან. ზღვის სეზონი უკვე დაწყებულია, შედიან ზღვარში მოქალაქეები, გვყავს დამსვენებლებიც და სამაშველოც მობილიზებულია. მაშველებმა გამოიყვანეს ზღვიდან ის სამი ახალგაზრდა და ერთი დაიღუპა, არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა. დღეს ზღვა ძალიან წყნარი იყო, არც ღელავდა, არც არაფერი და გამიკვირდა ეს ამბავი რომ გავიგე, ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. ფაქტი მოხდა მეგობრობის სანაპიროზე. სავარაუდოდ არ იცოდა ცურვა და არის ვარაუდი, რომ გული აქვს გახეთქილი შიშისგან. ზუსტად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თვითონ ის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, არის საბანაო ადგილი. ჩვეულებრივი სანაპირო ზოლია. ყველგან მობილიზებული არიან მაშველები, დაახლოებით ცხრა კოშკურაა და ასევე ცალკე არიან მოძრავი მაშველები, კატერები, სკუტერები, კვადროები, ყველაფერი მობილიზებულია ყველანაირად. 1-ელი რიცხვიდან უკვე აკონტროლებენ მაქსიმალურად სიტუაციას. არის ხალხმრავლობაც, დამსვენებლებიც არიან და არიან ტურისტებიც, ექსკურსიების ხალხიც”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე.
ბატონი დავითი ადრე მაშველად მუშაობდა და კარგად იცის როგორ თავგამოდებით ცდილობენ მაშველები ადამიანების გადარჩენას.
“ყოფილი მაშველი ვარ და პირველ რიგში მოვუწოდებ ყველას, მიაქციონ ყურადღება, როცა მითითებას იღებენ სამაშველო ჯგუფიდან და მათი მითითებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეც ცურვა ვიცი, ეს სიტყვები ამოიღონ საერთოდ. მითითებებს იმ დროს იძლევიან მაშველები, როცა აკრძალულია, ან არის ცუდი დინება, ან არის ღელვა, ან ელოდებიან შტორმს. სამწუხაროდ, ქართველებს გვიჭირს იმის შესრულება, როცა ვიღაცა გვისწორებს. პირველ რიგში, ეს ხდება მათი უსაფრთხოებისთვის. კარგ ამინდში მაშველი მითითებას ვერ მისცემს იმიტომ, რომ როცა წყნარია ზღვა, არა აქვს უფლება მაშველს მოქალაქეს აუკრძალოს ცურვა. მეორე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში მოქალაქე, რასაც სამწუხაროდ არ ითვალისწინებენ. არადა გახურებულ სხეული იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც იწვევს მერე ჰაერის უკმარისობას და გულის გახეთქვას, ეს არის სამწუხაროდ მიზეზი იმის, რომ ალკოჰოლის ქვეშ არ უნდა შეხვიდე ზღვაში, მიუხედავად იმისა, ზღვა არის თუ არა წყნარი, არის იმის საშიშროებაც კიდევ, რომ ალკოჰოლის ქვეშ მყოფი ადამიანი საერთოდ არ შეიძლება სანაპირო ზოლში იყოს. არც ცხელ ქვიშაზე და არც მზის სხივებს არ უნდა უყურებდეს, თუნდაც წყალში არ შევიდეს, შეიძლება იგივე სიტუაცია გამოიწვიოს, მისთვის ეს მზის სხივებიც არის, საშიში, როცა ნასვამია ადამიანი. ორგანიზმი ისედაც ხურს, შიგნიდან ალკოჰოლის ქვეშ მყოფი და გარედან იგივე ტემპერატურას იღებს, ეს იწვევს საშიშროებას. მეტსაც გეტყვით, არ შეიძლება ასევე ცხელ ქვიშაზე ორსული ქალიც იყოს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ ჩვენ ორსულს ზღვის სანაპიროზე.
ჩემი 16 წლიანი სამაშველო გამოცდილების პერიოდში არა ერთი შემთხვევა ყოფილა, ორსული ქალი ნაპირზე წყალშივე წაქცეულა, ხმელეთზეც დაღუპულა. ყოფილა სამწუხაროდ, არ ვიცავთ ამ წესებს. სავარაუდოდ, არ იცოდა ცურვა გარდაცვლილმა, ოთხივე არიან მარნეულიდან, როგორც ვიცი სომეხი ეროვნებით, მაგრამ მარნეულში მცხოვრები ბიჭია გარდაცვლილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”, - ამბობს მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)