მრავალმხრივი უნარები, მიღწევები და სამი ენა - ვინ არის ჩემპიონი გოგონა, რომელმაც დიაგნოზს აჯობა
ნინო ჭანტურიძე საოცრად განვითარებული, აქტიური, მუსიკალური და სპორტული გოგონაა. ბევრი სხვადასხვა უნარი აქვს და რეალიზებული თინეიჯერია. როგორ შეძლო ეს, საერთოდ როგორი გოგონაა, მის ამბავს, მისი დედიკო, ინგა ლოლაძე გვიყვება. ქალბატონ ინგას ნინოს ცხოვრებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.
მრავალმხრივი უნარები, მიღწევები და სამი ენა- ნინო ახლა 17 წლისაა. როგორც უკვე იცით, მას დაუნის სინდრომი აქვს. ამ ეტაპზე აქტიურად არის დაკავებული ძიუდოთი - ადაპტირებულ ძიუდოში ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედალოსანია... გარდა ამისა, უკრავს ვიოლინოზე. საოცარი ის არის, რომ ვიოლინოს ყიდვის სურვილი თავად გაუჩნდა და ფულიც კი თავად შეაგროვა. ახლა კერძო პედაგოგთან დადის და პატარ-პატარა მელოდიებს უკრავს. ასევე დადის ცეკვაზე „სუხიშვილების აკადემიაში“ - ეს ჯგუფი იქ სპეციალურად ორგანიზაცია „მზის შვილების“ ბენეფიციარებისთვის შეიქმნა. ცეკვა ნინოს ჰობია, ძალიან უყვარს და საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ძალიან უყვარს ხატვაც, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ პროცესით თავად არის კმაყოფილი. სტუდია „ლურჯა ცხენებში“ სიმღერაზე დადის, სადაც სტუდიის კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერში ჩაერთოს. ამასთანავე, სამ ენაზე საუბრობს: ქართულად, ინგლისურად და პოლონურად.

ოჯახური გარემო, მოტივაცია და ყოველდღიური შრომა
- ამ ყველაფერს როგორ მიაღწიეთ? რა თქმა უნდა, ეს თავად ბავშვის სურვილისა და ინტერესის დამსახურებაა, თუმცა, როგორია ამ პროცესში თქვენი როლი?
- ეს მხოლოდ ჩემი როლი არ არის. ნინოს დაბადებიდანვე ჩვენს ოჯახში ასეთი დამოკიდებულება იყო: არავითარი აქცენტი დაუნის სინდრომზე. ნინო ჩემს უფროს გოგონასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც მასზე მხოლოდ წლინახევრით არის უფროსი. აბსოლუტურად ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და ერთად სწავლობდნენ. მყავს უფროსი დისშვილებიც, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ - სინდრომზე ოჯახში საუბარიც კი არ ყოფილა, ნინოსგან ითხოვდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეეძლო.