4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას არ გამორიცხავს
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე, სადაც მისი და კიდევ 6 პირის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ჩახუნაშვილმა განაცხადა, დაკავებისა და გამართლების შანსები თანაბარია.
„მე ვამბობ ასე: 50/50-ზეა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაცვია ბრაზილიის ფორმა, მე ვარ იტალიისა და ბრაზილიის ქომაგი. როცა იტალია თამაშობს, იტალიისკენ ვარ, როცა ბრაზილია თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ. ახლა ვინაიდან იტალია არ თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ, საღამოს, 11:00 საათზე არის თამაში. ტელევიზორში, სად ვნახავ ბრაზილიის თამაშს, მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზორი ტელევიზორია. საბოლოო სიტყვაში ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა, გავშლი ყველაფერს, პუნქტობრივად ვიტყვი",- განაცხადა ჩახუნაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ.
აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
რაც შეეხება, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ. მათგან კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს კი, საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით.