"ქვეყანა “რეანიმაციულ განყოფილებაშია““ - რას აცხადებს დავით უსუფაშვილი
ქვეყანა სტაბილურად მძიმე ვითარებაშია. ხელისუფლება უკვე დიდი ხანია შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ აქვს და ქვეყანას მხოლოდ პრობლემებს უქმნის."სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება დაახლოებით ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ავადმყოფზე იტყვიან ხოლმე, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაშია. სამწუხაროდ, ხელისუფლება უკვე დიდი ხანია შეუქცევადად დაადგა საკუთარი თავის და ქვეყნის ჩიხში შეყვანის გზას. ადრე თუ გვიან ხალხს ექნება ამ ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ აქედან გამოსავალი არ აქვს. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი როგორმე უნდა დავასრულოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ მოისპო ეს გზა და გამოსავალს ვერ ნახულობს, ქვეყანას მხოლოდ პრობლემას უქმნის”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები სრულიად ფსკერზეა დაცემული და „ერთი-ორი შეხვედრა ზარ-ზეიმად“ მიაჩნიათ.
„მექმნება სრულიად დასაბუთებული განცდა იმის შესახებ, რომ „ოცნების“ ხელისუფლების ვიწრო წრეში, სადაც გადაწყვეტილებები მწიფდება, ასე მსჯელობენ: „ტრამპი ხომ ევროკავშირთან კონფრონტაციაშია, ნატო-სთან ურთიერთობები დაძაბულია, ეს ის ვითარებაა, როცა ჩვენ თუ კიდევ უფრო ანტიევროპულები გავხდებით, ამით მას „მესიჯს" გავუგზავნით, რომ აი, ჩვენც წინააღმდეგი ვართ ასეთი ევროპის“. ამ დონის მსჯელობა არ არის გამორიცხული მათი მხრიდან, როდესაც გამოსავლის ძებნის ნაცვლად მეტად და მეტად ძაბავენ ურთიერთობას ბავშვური გათვლებით, რომ იქნება ტრამპს ამით მაინც მოაწონონ თავი.
აშშ-სთან ურთიერთობას რაც შეეხება, მოდით, ამავე ხელისუფლების პირველი წლები გავიხსენოთ, რა სტანდარტზე და რა სიმაღლეზე იყო ურთიერთობა და სადამდე დაეცა. ახლა სრულად ფსკერზე დაცემული ურთიერთობების ფონზე, რაღაც დონეზე გამართული ერთი-ორი შეხვედრა უკვე დიდი ზარ-ზეიმად მიაჩნიათ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ურთიერთობები იყო უმაღლეს დონეზე. მე პირადად, წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდიოდი ვაშინგტონში და ვხვდებოდი პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ქალბატონ ნენსი პელოსს, ხოლო ახლა დერეფანში რომელიმე კონგრესმენს გადაეყრებიან, სურათს გადაიღებენ და ამბობენ: „აი, ხომ დათბა ურთიერთობაო“. დათბა კი არა, სამწუხაროდ, აშშ უყურებს და ხედავს, საქართველო არის გაეროში 200-ზე მეტ ქვეყანას შორის ერთ-ერთი, რომელთაგან ერთი-ორი ქვეყნის გარდა ყველასთან აქვს ურთიერთობა. ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ურთიერთობა დათბა და გათბა?”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.