ლუკაშენკომ ზელენსკის ბოდიში მოუხადა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი მაინც დაემუქრა ბელარუსს...
„შეიძლება, მე სადმე გადავამლაშე და თუკი ეწყინა ვოლოდიმირ ალექსადროვიჩს, მე ბოდიშს ვუხდი ამ სიტყვების გამო“-ასეთი განცხადება გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკონ საუდის არაბეთის ტელეარხისთვის „ალ-არაბიასთვის“ მიცემულ ინტევიუში, რითაც შოკში ჩააგდო რუსი და ევროპელი პოლიტიკოსებიც და თავად ბელარუსის მაცხოვრებლებიც, რადგან თავისი 32 წლიანი მმართველობის განმავლობაში არავის სმენია, რომ ლუკაშენკოს ამგვარად, სახალხოდ მოეხადა ბოდიში ვინმესთვის...
საბოდიშოდ კი საქმე ბელარუსის პრეზიდენტს მას შემდეგ გაუხდა, როდესაც 29 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პუტინთან ერთად მყოფმა ლუკაშენკომ რუსულ ტელევიზიას ინტერვიუში ასევე ყველას გასაგონად თქვა - „შეიძლება იქ რაღაც მოხდა, მან რაღაც მოსწია... და იწყებს ასეთი განცხადებების გაკეთებას...“, როდესაც ლუკაშენკოს მხედველობაში ჰყავდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც რუსული პროპაგანდა სპეციალურად ისედაც უქმნის „შავ იმიჯს“, რომ უკრაინის პრეზიდენტი თითქოს ნარკოდამოკიდებულია...
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მიიღო ბელარუსი კოლეგის ბოდიში, მაგრამ მაინც დაემუქრა ლუკაშენკოს...
„პირად წყენას არ ვიღებ და არ ვბრაზდები,მაგრამ ვერ ვაპატიებ,რომ ბელარუსი მონაწილეობას იღებს რუსეთის საჰაერო შეტევებში უკრაინის წინააღმდეგ“- განაცხადა ზელენსკიმ.
„ბელარუსში კოშკებზე რეტრანსლიატორებია დამონტაჟებული. რუსული თუ ბელორუსული, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ლუკაშენკოს ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ორ რეგიონში, არის აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის მოსახლეობას ცეცხლს უგზავნის. შეუძლია თუ არა მას ამის მოშორება? ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამისთვის. თუ არა, ჩვენ გავაკეთებთ“, -დაიმუქრა ზელენსკიმ .
„ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი საწვავის მიმწოდებელია. დარწმუნებული ვარ, ლუკაშენკო ამას შეაჩერებს“-დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის, რომ რუსული კამიკაძე-დრონები „გერან-2“-ები ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაზე სამიზნეებზე ზუსტად გასასვლელად იყენებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვართან მოქმედ რადიორეტრანსლიატორებს, არახალი ამბავია.
მათი მწყობრიდან გამოყვანა რთული არ არის, მაგრამ ამისთვის უკრაინულმა დრონებმა უნდა გადაკვეთონ ბელარუსის საზღვარი და ისე ააფეთქონ ეს რადიორეტრანსლიატორები, მაგრამ ეს უკვე უკრაინა-ბელარუსის ომის დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს,რაც არანაირად არ უნდა აწყობდეთ კიევში, სადაც ისედაც თავზესაყრელად აქვთ მოსაგვარებელი პრობლემები.
უკრაინასთან პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის საშიში პერსპექტივა არც ბელარუსის პრეზიდენტს ხიბლავს დიდად და იმავე „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში ხაზს უსვამს...
„...თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება, რუსეთისთვის ფრონტის ხაზი „1500 კილომეტრით გაიზრდება“ და „ჩვენ და რუსები ვერ შევძლებთ ამ ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფას“.
პოლიტიკოსმა ასევე აღიარა, რომ ბელარუსი „სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად დაუცველია“ და უკრაინელი სამხედროების „სრული თვალთახედვის არეალშია“, ამიტომ, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას მოისურვებენ, „ძირითადი სასიცოცხლო ობიექტები თავდასხმის ქვეშ იქნებიან“. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასევე აღიარა ის ფაქტი, რომ ბელარუსის, როგორც ხალხი, ასევე სამხედროები უარყოფენ ომს და არ სურთ მასში მონაწილეობა.
რამდენად მოეწონება „დიდ ძმას“- რუსეთის პრეზიდენტს ლუკაშენკოს ეს საქვეყნოდ გაცხადებული ბოდიში ზელენსკის მიმართ,უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ცდილობს თავის თამაშს,მათ შორის ევროპასა და ტრამპის ამერიკასთან მიმართებაშიც და იმდენი ჭკუა ჰყოფნის, რომ თავისი ქვეყანა ისეთივე „ომის ჭაობში“ არ ჩაძიროს, რაც მისმა „დიდმა ძმამ“-პუტინმა თავისი გაუთვლელობითა და ამპარტავნობით უკვე დამართა რუსეთს...