როდის შეძლებს ოპოზიცია არჩევნების მოგებას?! - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: "არაფერს ახალს არ ამბობენ, ერთსა და იმავეს ღეჭავენ, თან თითქმის ერთი და იმავე სიტყვებით" - კვირის პალიტრა

როდის შეძლებს ოპოზიცია არჩევნების მოგებას?! - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: "არაფერს ახალს არ ამბობენ, ერთსა და იმავეს ღეჭავენ, თან თითქმის ერთი და იმავე სიტყვებით"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მორიგი პოლიტიკური რყევების ეპიცენტრშია - პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც ექსპრეზიდენტმა მოქმედ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, ფაქტობრივად, უნდობლობა გამოუცხადა, პარტიაში გაუგებრობის ახალი ტალღა წარმოშვა. სწორედ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე ამ მწვავე სტრუქტურულ კრიზისზე ვთხოვეთ აზრის გამოთქმა ჩვენს რესპონდენტს, პოლიტოლოგ სანდრო თვალჭრელიძეს. ჩვენს ინტერვიუში ასევე ვრცლად განვიხილავთ ხელისუფლების მიერ საზოგადოების პოლარიზების ცდებსა და ევროპასთან ჩვენს უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობას.

- ვიდრე თქვენს წამოჭრილ საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა "პალიტრანიუსში" გაკეთებულ ჩემს განცხადებაზე, რომელსაც სულ სხვა ინტერპრეტაცია მიეცა, განმარტება გავაკეთო. მე ვთქვი მარტივი რაღაც - ბოლნისის რაიონში მიმდინარეობს ძიება და აღმოჩენები და ამ რაიონს ოქროს მოპოვების თვალსაზრისით აქვს უზარმაზარი პოტენციალი-მეთქი... და არა მარტო იქ. ოქროს მოპოვების პერსპექტივები მთელ საქართველოში არსებობს: უზარმაზარი პერსპექტივაა სვანეთში, ქვემო და ზემო რაჭაში, თრიალეთის ქედზე, აჭარაში და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და შესაძლებლობა, რომ გავხდეთ ერთ-ერთი უდიდესი ოქროს მომპოვებელი ქვეყანა. ჩემი ეს ნათქვამი რატომღაც ვიღაცებმა ისე გაიგეს, თითქოს ვთქვი, რომ ოქროს საბადოები უკვე აღმოჩენილია. არა, ბატონო, მე ვილაპარაკე პერსპექტივასა და პროგნოზებზე. მინდა ეს კარგად გაიგოს ყველამ.

ქართველი ბიზნესმენები კრიპტოვალუტასა და ნახმარ მანქანებში კი არ უნდა დებდნენ ფულს, არამედ უნდა ჩადონ ამ საქმეში - საძიებო სამუშაოებში, მათ გარანტირებულად ექნებათ 10-ჯერ მეტი მოგება, ოღონდ ამას მრავალი ათეული მილიონის ინვესტიციები სჭირდება.

აქვე ვიტყვი, დიდი სირცხვილია, რომ საქართველოში მომუშავე, პრაქტიკულად, უკლებლივ ყველა ნორმალური, დიდი სამთო კომპანიის მფლობელები და აქციონერები არიან უცხოელები და თანაც, ძირითადად, რუსები.

ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ წამოჭრილ საკითხს - პროცესებს "ნაციონალურ მოძრაობაში". მე მესამე კლასში მასწავლეს ერთი კანონი - "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება". მე მგონია, ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ კანონის კლასიკური მაგალითია - როგორც არ უნდა ეცადონ ცვლილებებს, მეჩვენება, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას აღარ მისცემს. უმრავლესობისთვის ის მიუღებელია, ისევე როგორც "ქართული ოცნება" და ამას ნანუკა ჟორჟოლიანი თუ სხვა ვინმე ვერაფერს უშველის.

იმისთვის, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს, - ამას ვამბობ სულ, - აუცილებელია ახალი სახეები. ამ პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ, ტელევიზორს ვთიშავ, აღარ შემიძლია ამათი ყურება! არაფერს ახალს არ ამბობენ, ერთსა და იმავეს ღეჭავენ, თან თითქმის ერთი და იმავე სიტყვებით, 15 წელია, ერთსა და იმავეს ამბობენ. სირცხვილი არ არის, როცა ნუგზარ წიკლაური ლაპარაკობს წამებაზე და გვეუბნება, ჩვენ უნდა მოვიდეთ, რომ წამება მოისპოსო? თითქოს არ გვახსოვდეს ციხის კადრები, თითქოს არ იყო გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა ციხეში მყოფ ადამიანებზე და ა.შ. მან ეს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით თქვა, შესაბამისად, აქვე გეტყვით, რომ არ შეიძლება ყველაფერზე - ადამიანის ბედზე, მის ჯანმრთელობაზე ააგო შენი პოლიტიკური დისკურსი, ამორალურია ეს. ჰერაკლიტემ თქვა, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. გადაიფურცლა ის ფურცელი, ახალი ფურცლით უნდა დავიწყოთ პოლიტიკური ცხოვრება.

- თუმცა, ბატონო სანდრო, ეს ახალი ფურცელი არა და არ ჩანს, რაშიც დიდი წვლილი აქვს მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრების საშუალებას არავის აძლევს... ამ თვალსაზრისით ოპოზიციაც სცოდავს, არა მგონია, ან მათ მოსწონდეთ ახალი მოთამაშის გამოჩენა...

- იცით, რაშია საქმე? ეს ხელისუფლებაც ქართველი ერის ნაწილია. გაიხსენეთ, როგორი პირობები იყო კომუნისტების დროს, მაგრამ მაინც გაჩნდნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ზურაბ ჭავჭავაძე... გაჩნდა იმიტომ, რომ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. აი, როცა აბსოლუტურად გაუსაძლისი გახდება ცხოვრება, ვფიქრობ, ახალი ადამიანები მაშინ გამოჩნდებიან. ეტყობა, ჯერ მოთმინების ფიალა არ არის ბოლომდე ავსებული. ხალხი ფიქრობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია, მე ორი კაპიკი, ლუკმაპური ვიშოვო, ჩემს მეზობელთან ერთად თითო ჭიქა დავლიოო, ოღონდ ავიწყდებათ, რომ როცა თვრებიან, ერთმანეთს ხოცავენ. ეს არის ქართველი საზოგადოება. რა ვქნათ, ასეთები ვართ, ეს გვარგუნა წილად ბედმა და უფალმა. ძალიან წინააღმდეგობრივი ერი ვართ. ერთი მხრივ, ძალიან ნიჭიერები, მეორე მხრივ, ზარმაცები, მუდმივად თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილით სავსენი, მაგრამ, იმავდროულად, არ გვინდა სამოქალაქო წესები დავიცვათ და კანონს ბოლომდე დავემორჩილოთ. აი, ეს არის ქართველი საზოგადოება - ერთმანეთს ვკლავთ და მოყვასის ნაცვლად, მტრები მოგვყავს ინვესტორებად.

- ელენე ხოშტარია ახსენეთ და, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხოთ ამ თემასაც. ადამიანი, რომელიც პლაკატის დაზიანების გამო გამოკეტეს ციხეში, თანაც საკმაოდ რთული დიაგნოზით, შეიძლება ითქვას, საკუთარი ჯანმრთელობის მძევლად აქციეს. რატომ იქცევიან ასე? ბოლოს და ბოლოს, ჰუმანურობის აფიშირებისთვის მაინც ხომ შეიძლება გამოუშვან ციხიდან, რათა სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება ჰქონდეს?

- ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ეს დამოკიდებულება და სრულიად გაუგებარიც. განსაკუთრებით მიკვირს იმ მოსამართლეების, რომლებსაც გამოაქვთ ასეთი განაჩენები. არ ვიცი, არ უნდათ ამ საზოგადოებაში ცხოვრება? არ უნდათ მათმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ? როგორ უნდა გამოიხედოს თვალებში იმ ადამიანმა, რომელმაც, მაგალითად, გოგი ჩახუნაშვილს ხუთი წელი მიუსაჯა? მისმა შვილებმა როგორ უნდა გამოყონ თავი საერთოდ საზოგადოებაში? თან რა ახალგაზრდები არიან, თუმცა უკვე კონფორმისტებად ჩამოყალიბებულები მხოლოდ დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ასე ცხოვრობდე, არ მესმის. გავიგე, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, მაგრამ ნუთუ სულ არ შერჩათ სინდისის ძაფი? აქვე უნდა ვთქვა, რომ ასეთია რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც სპეციალურად აძლევენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს - დააკვირდით, სულ ერთი და იგივე გვარ-სახელები გვესმის... არადა, ბევრ იურისტს ვიცნობ, მათ შორის მოსამართლეებსაც, რომლებიც წესიერი ხალხია.

ახლა ცალკე მინდა ვთქვა ორი სიტყვა ძალიან დამსახურებულ ექიმ გოგი ჩახუნაშვილზე. ის არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემი კოლეგა, მეც ვიცე-პრეზიდენტი ვარ. უწესიერესი კაცია, ბავშვობიდან ვიცნობ და ამ ადამიანზე არც ერთი აუგი სიტყვა არ გამიგია. წაიკითხავდით ამირან გამყრელიძის პოსტს, მე მაგაზე კარგად ვერ ვიტყვი და ყველა სიტყვაში ვეთანხმები. მართლმსაჯულება, პირველ რიგში, სამართლიანი უნდა იყოს! ტყუილად კი არ თქმულა, როდესაც გამოგაქვს განაჩენი, შენ ადამიანის პიროვნულობაც უნდა გაითვალისწინო. დარწმუნებული ვარ, განაჩენი გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციებში და სტრასბურგამდეც მივა საქმე. ის ხუთი წელი ნამდვილად არ იქნება ციხეში. ჩაერთვება საერთაშორისო საზოგადოება, ნელ-ნელა აქტიურდება სამეცნიერო საზოგადოებაც. ის საერთაშორისო კლასისა და ცნობადობის ექიმი და მეცნიერია.

- ამირან გამყრელიძე ახსენეთ და, მან გოგი ჩახუნაშვილზე საუბრისას მთავრობას ჰკითხა, რატომ მიდიხართ ამგვარი გადაწყვეტილებებით საზოგადოების კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციაზეო?

- მიდიან იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" არსებობის არეალი გათიშული და დანაწევრებული საზოგადოებაა. როგორც კი ცოტა მშვიდდება ვითარება ქვეყანაში და რაღაც ხდება, რაც საზოგადოებას აერთიანებს, მაშინვე იგონებენ რაღაცას, რომ ადამიანები გათიშონ და ერთმანეთს დააპირისპირონ. მხოლოდ ამით დგას ფეხზე "ქართული ოცნება". სხვა გზა, პრაქტიკულად, არ დარჩათ.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან... ამათი პოლიტიკის შემხედვარე თავის დროზე ვამბობდი, მალე ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის გარდა წასასვლელი არსად გექნებათ-მეთქი. აგერ, მართლდება ჩემი სიტყვები.

ჩვენი პრემიერი დიდი ამბით სტუმ­რობდა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს საგარეო კურსის მთავარი პრიორიტეტი.

- მინდა შევეხოთ ევროპარლამენტის ძალიან მწვავე რეზოლუციას. მოგეხსენებათ, უკვე საუბარია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ჯერჯერობით დიპლომატიური პასპორტებისთვის, მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მალე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მთელი ქვეყნისთვის გაუქმება. სხვათა შორის, ბევრი ჩვენში ამ რეზოლუციაშიც ელოდა ამაზე მინიშნებას.

- მე არ ველოდი და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში არ მოხდება. სხვა მხრივ, ამ რეზოლუციაში ჩემთვის მოულოდნელი აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. ორი ხისტი პოზიცია ერთმანეთს ეჯახება. მოდი, ვაღიაროთ, ევროკავშირიც საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა. თქვა თავის დროზე ჩერჩილმა, დემოკრატია ძალიან ცუდია, მაგრამ ჯერ უკეთესი ვერაფერი მოიგონესო. ზუსტად ასეა - არ არის ევროკავშირი იდეალური, მაგრამ ჩვენთვის მასზე უკეთესი გზა არ არსებობს... მათაც აქვთ შეცდომები... მიმაჩნია, რომ იქ რომ უკეთესი დიპლომატები და პოლიტიკოსები იყვნენ დღეს, აქამდე აიძულებდნენ "ქართულ ოცნებას" წაეღო უკან ეს იდიოტური კანონები, რომლებიც ბოლო ხანს მიიღეს. შეძლებდნენ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ამას ორმხრივი კეთილი ნება სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ირანთან მოხერხდა საერთო ენის გამონახვა და "ქართული ოცნება" რა გახდა?! პოლიტიკაში ულტიმატუმებით ლაპარაკი არ შეიძლება. ნებისმიერი ულტიმატუმი, ძირითადად, კონფლიქტამდე მიდის. თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი არ მიდის რადიკალურ ნაბიჯებზე და მთელ ქვეყანას არ უუქმებს უვიზო მიმოსვლას.

საქმე ისაა, რომ მას სჭირდება საქართველო და მისი მოქალაქეები. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივება. თუ ნიჰილიზმი გაღვივდა, მორჩა, შეუქცევადი პროცესები დატრიალდება.

- საქართველოს ხელისუფლების ორმაგი სტანდარტის რიტორიკაზეც მინდა გკითხოთ. რას ნიშნავს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღე ტრადიციულად ევროპისა და ევროკავშირის ლანძღვით იწყება, საღამოს კი ისეთი განცხადებები შეიძლება მოვისმინოთ, რაც 17 მაისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მოგვახსენა - მან ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა: "ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის "გამჭვირვალობის კანონის" თაობაზე"...

- ჩემი აზრით, მზადდება ნიადაგი "ქართულ ოცნებაში" წამყვან პოზიციებზე სხვა ხალხის მოსვლისთვის, თან ამ წინააღმდეგობრივი განცხადებებით მაგალითს იღებენ ტრამპისგან. როგორც ის არაფერს ერიდება - დილით ერთს ამბობს და საღამოს მეორეს - ესენიც ასე არიან… და ჰგონიათ, ყველაფერი გაუვათ. შეიძლება ევროკავშირი ძალიან მოუქნელია, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფასეულობებზეა დაფუძნებული. სტრატეგიულად, იმისთვის, რომ ხარისხობრივად და თვისებრივად შეიცვალოს მიდგომა და განახლდეს დიალოგი ევროსტრუქტურებთან, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხის მოსვლა და ჩემი აზრით, ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს გურუს. ვფიქრობ, რაღაც მომენტში შეიძლება თვითონაც დაბრუნდეს ხელისუფლებაში.