ჰორმუზის სრუტის გახსნის ეფექტი: დაიწევს თუ არა ფასები?!
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებას გლობალურ ბაზარზე უკვე მოჰყვა შედეგები - აშშ დოლარი გამყარდა და გაიაფდა ნავთობპროდუქტები. დაუბრუნდება თუ არა ფასები ომამდელ ნიშნულს მსოფლიო ბაზარზე ან რა ტენდენციებია მოსალოდნელი, როგორ აისახება ეს ქართულ ეკონომიკაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ფასების შემცირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ინიციატივა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნიკოლოზ ალავიძეს ვესაუბრებით.
- ამ დოკუმენტის საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაჩქარევია, რადგან პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა და მის გარშემო ბევრი სპეკულაციაა. თუმცა პირველი მოლოდინები ცალსახად დადებითია - ეს მყისიერად აისახა საფონდო ბირჟებსა და ნავთობის ფასებზე, რამაც ბაზარს სტაბილიზაციისკენ უბიძგა.
საქართველოს პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. ომის დაწყებამდე ირანთან ყოველთვის უარყოფითი სავაჭრო სალდო გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მცირე იყო. 2024 წელს ირანიდან იმპორტი 250 მილიონ დოლარზე ნაკლებს შეადგენდა, ხოლო ჩვენი ექსპორტი 35-36 მილიონს არ აღემატებოდა და ისიც ძირითადად არამატერიალური ხასიათის იყო. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოლოდინი, რომ მიმდინარე მოვლენების შემდგომ პერიოდში ირანთან ვაჭრობა ან ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად გაიზრდება. ამ კუთხით ირანი ჩვენთვის ბევრს არაფერს შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან, ურთიერთობა უკიდურესად გააფუჭა.
აქ ბევრად მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ასპექტი - ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე, რა ადგილს მიუჩენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამერიკა-ირანის ღერძს არ ეხება. საუბარია ამერიკისა და მისი მოკავშირეების გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, სადაც სომხეთი, როგორც ირანის უშუალო მეზობელი, უკვე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. ამიტომაც ამ მოცემულობაში უნდა დავაკვირდეთ, რა კონტექსტში აღმოჩნდება საქართველო. ჩვენი პოზიცია ეკონომიკურ ჭრილში ცალსახად საფრთხის შემცველია. მთავარია, როგორ შეაფასებენ ამ საფრთხეს გლობალური აქტორები და როგორ მოხდება მისი ასახვა ტერიტორიული თუ სატრანზიტო დერეფნების ეფექტურობის კუთხით.
სანქციების არიდების თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაცია ისედაც შელახულია, ხოლო ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი აღარ არსებობს და კომუნიკაციაც გაწყვეტილია. შესაბამისად, ირანთან ურთიერთობების გაცოცხლებისა და ვაჭრობის გახსნის შემთხვევაშიც კი, ამ რეპუტაციული ზიანის გამო, ძალიან გაგვიჭირდება სოლიდური ადგილის დაკავება გლობალურ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც სატრანზიტო დერეფნების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს.
ეს პროცესი თავისით არ იმუშავებს - მასში მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები არიან ჩართული, ხოლო არსებულ კონიუნქტურაში ქართული კომპანიების ინტეგრაცია, მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
- კონკრეტულად ჰორმუზის სრუტის გახსნას რა გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე და შედეგად, საქართველოზე?
- გლობალური ფასების დასტაბილურება პირდაპირ აისახება ნავთობისა და ლოჯისტიკის საერთაშორისო ღირებულებაზე. ამ კლების ტენდენცია ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზეც უნდა აისახოს, თუმცა ეს დიდწილად ადგილობრივი ბიზნესების კეთილსინდისიერებაზეცაა დამოკიდებული.
ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ მიწოდების შემცირება და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რამაც ბაზრის ბევრ მოთამაშეს ზიანი მიაყენა. თუმცა გარკვეულმა ტრეიდერებმა წინასწარ მომზადებული მარაგების ხარჯზე მოკლევადიანი დიდი მოგებაც ნახეს. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კრიზისმა ახალი რეალობა და მოთხოვნები გააჩინა. სრუტის გახსნა ამ პროცესს არ შეაჩერებს. პირიქით, რისკების დაზღვევის მიზნით, კიდევ უფრო გააქტიურდება მუშაობა ალტერნატიული ლოჯისტიკური მარშრუტების განვითარებაზე.
აქ საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პოზიციონირებას მოახდენს ქვეყანა გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე. თუმცა ამ ახალ დერეფნებს ცივილიზებული სამყარო ავითარებს, რომელთანაც "ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დაპირისპირებაშია.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, გლობალურად შემცირდება საწვავის, სასუქების, მინერალებისა და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ჩვენს ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. პოზიტიურ ეფექტს ველოდებით ტურიზმშიც - საავიაციო ნავთობის გაიაფება გამოიწვევს ავიაბილეთების ფასების კლებას და ავიარეისების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრისთვის, რომელიც მეტწილად დაბალბიუჯეტიან ვიზიტორებზეა ორიენტირებული. ეს დადებითი გავლენა იქნება ირიბი - ბუნებრივი გლობალური გაუმჯობესებისა და არა ჩვენი კონკრეტული ძალისხმევის შედეგი.
- საქართველოში ფასებია ყოველთვის პრიორიტეტული და კონკრეტულად რა შეიძლება გაიაფდეს ან გაძვირდეს?
- საქართველოში ფასების ნელ კლებას უფრო მეტად სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს, ვიდრე ობიექტური. მართალია, მცირე ეკონომიკისა და მასშტაბის ეფექტის უქონლობის გამო პროდუქციის შესყიდვა ბევრად ძვირი გვიჯდება, ვიდრე მრავალმილიონიან ბაზრებს, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც შიდა ლოჯისტიკაა, კერძოდ, დაგრძელებული და არაეფექტიანი მიწოდების ჯაჭვები, რაც პროდუქტის დამატებით ღირებულებას ხელოვნურად ზრდის. ამას ემატება ბიზნესის ბუნებრივი ქცევაც -
კერძო სექტორი ყოველთვის მიისწრაფვის მოგების მაქსიმიზაციისკენ და როცა გარემო პირობები ხელს უწყობს, ის მარჟების დათმობას არ აპირებს, რაც სავსებით ლოგიკურია. ამასთან, კერძო ბიზნესი საკუთარ ინფრასტრუქტურას კი აუმჯობესებს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს მასშტაბური საავტომობილო თუ სარკინიგზო ქსელების გამართვას, რაც სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა.
წლებია, ქვეყანაში არ ხდება ბიუროკრატიული ინსტრუმენტების ჰარმონიზაცია, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები იმდენად გაჭიანურდება ხოლმე, ხშირად დასრულებამდე ქრება. სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა და ჩავარდნა ქმნის იმ მიზეზშედეგობრივ მანკიერ წრეს, რის გამოც საქართველოში ფასების დასტაბილურება სერიოზულად ფერხდება.
- დასავლურ მედიაში ბოლო დღეებში გაჩნდა სტატიები, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმებმა რუსეთის ენერგოგადამმუშავებელ სექტორს ისეთი ზიანი მიაყენა, რომ რუსეთს საკუთარი მოხმარებისთვისაც კი იმპორტი უწევს. რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს და რაც მთავარია, რა გავლენა ექნება საქართველოში ენერგორესურსებზე?
- რუსეთში შექმნილი კრიზისი დიდ პრობლემებს აჩენს მიწოდების ჯაჭვში. აქამდე რუსეთიდან იმპორტი წმინდა პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბევრი მწარმოებელი არ ხვდებოდა სანქციებში, ხოლო გეოგრაფიული სიახლოვე ტრანსპორტირების კონკურენტულ ხარჯსა და პროდუქტის ადეკვატურ ხარისხს განაპირობებდა. შესაბამისი კონტაქტებისა და საბრუნავი კაპიტალის მქონე ბიზნესებს ეს ლეგიტიმური პროდუქცია ქვეყანაში სტაბილურად შემოჰქონდათ. თუმცა რუსეთი ამ ეკონომიკურ პოტენციალს შეუქცევადად კარგავს, რაც გლობალური შოკის პარალელურად, მძიმე დარტყმა იქნება საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენი ღირებულებითი ჯაჭვის დიდი ნაწილი სწორედ მასზე იყო გადართული. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ეკონომიკურ აქტივებს ყოველთვის პოლიტიკურ იარაღად იყენებდა, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სარეზერვო გეგმა თუ ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროები. ამ თემაზე წლებია მხოლოდ თეორიული საუბრები გვესმის, რეალურად კი არაფერი გაკეთებულა, რის გამოც ბიზნესი ისევ მოკლევადიან მოგებაზე დარჩა ორიენტირებული.
შექმნილ რეალობაში სასწრაფოდ მოგვიწევს ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა. ვინც ეს დივერსიფიკაცია უკვე მოახდინა, მომგებიან პოზიციაშია, ხოლო დანარჩენებს ფასდათმობებზე წასვლა მოუწევთ, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებს უფრო გააძვირებს. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ჩვენ მხოლოდ ორ მთავარ მომწოდებელზე - რუსეთსა და აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული. აზერბაიჯანთანაც, გასაიდუმლოებული ხელშეკრულებების გამო, სტრატეგიული პოზიციები დათმობილი გვაქვს. ყველაზე დიდი აბსურდი კი ის არის, რომ ალტერნატიულ დასავლურ ბაზრებზე მაშინ გვიწევს ფიქრი, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მათ პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური ომი გამოუცხადა.
- ანუ ფასების შემცირებას საქართველოში არ უნდა ველოდოთ?
- საქართველოში ფასების გაიაფების მოლოდინი გამორიცხულია. მთავარი საკითხი ის არის, თუ როგორ შევხვდებით ფასების ამ მერყეობას. ინფლაციასა და ფასების ზრდას ყოველთვის ეკონომიკის გაძლიერებით, პროდუქტიულობის გაზრდითა და ქვეყანაში მეტი მყარი ვალუტის (დოლარის) შემოდინებით ებრძვიან და არა პოპულისტური განცხადებებით თუ სადღეგრძელოებით.
რაც შეეხება სურსათის ახალ სააგენტოს, რეალურად ის კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფასების ზრდას. ახალი უწყება გააჩენს დამატებით ბიუროკრატიულ რეგულაციებს, რომლებიც კანონმდებლობის დონეზე გახდება სავალდებულო, ნებისმიერი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი კი ავტომატურად ზრდის პროდუქტის თვითღირებულებასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ეს, საბოლოო ჯამში, ბაზარზე ისევ სამომხმარებლო ფასების მატებით აისახება.
რუსა მაჩაიძე