"ზანგეზურის დერეფანი აღარ აშენდება!..“ - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: "როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკის ჯარი ზანგეზურში ჩადგება და ავტობანს დაიცავს ? ეს ზღაპარია..."
კვირის ბოლოს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების დეტალები გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტში თვალშისაცემია აშშ-ირანის ასიმეტრიული დათმობები. დოკუმენტი აშკარად ორ ენაზე საუბრობს - აშშ-ის ვალდებულებები ზუსტია, თარიღები დაკონკრეტებული: საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღეში, გაეროსა და ატომური ენერგიის სააგენტოს სანქციების თანდათანობითი გაუქმება, სამასმილიარდიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა, გაყინული აქტივების გათავისუფლება - ეს ხელშესახები დათმობებია. სამაგიეროდ, როცა ირანის ვალდებულებებამდე მივდივართ, ენა უეცრად ბუნდოვანდება: "ირანი ადასტურებს, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას". ეს წინადადება ყოველგვარი ვერიფიკაციის მექანიზმის გარეშე აჩენს ეჭვებს, ხოლო ის, რომ უკვე დაგროვილი გამდიდრებული მასალის ბედი მერვე პუნქტში მთლიანად მომავალზეა მინდობილი, ეჭვებს უფრო აღრმავებს. მოლაპარაკების ენაზე ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა ხელშესახები სიკეთეები გაცვალეს რეპუტაციულ ვალდებულებებზე - ფული, ვაჭრობა და სანქციების მოხსნა სწრაფად გაიცემა, ბირთვული თავშეკავება კი რჩება დეკლარაციად, რომელსაც გაურკვეველ მომავალს ანდობენ... ანუ გამოდის, მოგებული მაინც ირანია: სანქციების სრული დემონტაჟი, სამასი მილიარდი დოლარი რეკონსტრუქციისთვის, ნავთობის ექსპორტზე გამონაკლისები გარდამავალ პერიოდშივე და აქტივების გათავისუფლება - ეს ეკონომიკური ჟანგბადია რეჟიმისთვის და სანაცვლოდ ვერიფიცირებადი ბირთვული შეზღუდვა კი არა, მხოლოდ ამის დაპირება სთხოვეს. ირანმა მოახერხა ის, რასაც დიპლომატიაში "დროის ყიდვა" ჰქვია - მე-9 პუნქტის სტატუს-კვო მას ბირთვული პროგრამის შენარჩუნების უფლებას აძლევს, სანამ საბოლოო შეთანხმება მიიღწევა. ცხადია, "სანამ" შეიძლება განუსაზღვრელად გაიწელოს...
ამერიკა კი მოიგებს საზღვაო ესკალაციის შეჩერებას, ფრონტების, მათ შორის ლიბანის დაცხრომას და სამხედრო ჩართულობის შემცირებას, ეს ვაშინგტონს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. პრობლემა კი ისაა, რომ ეს მოგება დროებითია, რადგან თუ ირანის ბირთვული "თავშეკავება" დაუმტკიცებელი დარჩება, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ სივრცეში ეს დათმობები მარტივად გადაიქცევა "დათმობად მტრის წინაშე".
გარდა ამისა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა თანმიმდევრობით შესრულდება პირობები. დოკუმენტი მოითხოვს, რომ ჯერ აშშ-მ მოხსნას ბლოკადა და სანქციები, ბირთვული საკითხი კი გადადებულია, ანუ ხელშესახები დათმობები წინ უსწრებს ვერიფიცირებად შეზღუდვებს. ეს კლასიკური "ჯერ ვინ"-ის დილემა პრობლემას ირანის სასარგებლოდ წყვეტს. სამოცდღიანი ფანჯარა, რომელშიც საბოლოო შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული, რეალურად ტესტია, შეძლებს თუ არა აშშ ამ პერიოდში ისეთი ვერიფიკაციის რეჟიმის გამოძალვას, რომელიც დაუბალანსებს ადრე გაცემულ დათმობებს. თუ ვერა, შეთანხმება გადაიქცევა ასიმეტრიულ გარიგებად, რომელშიც ერთმა მხარემ უკვე გადაიხადა, მეორემ კი მხოლოდ პირობა დადო...
გლობალურ გეოპოლიტიკურ ჭადრაკზე ამ შეთანხმებას გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, ვიდრე უბრალოდ ორმხრივი კონფლიქტის მოგვარებაა - სანქციების მოხსნა, ნავთობის გლობალურ ბაზარზე ირანის დაბრუნება და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია - სამივე პირდაპირ ეხება მოსკოვის ინტერესებსა და ვეტოს, რადგან ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება რუსეთის ფასებს დაარტყამს. ამიტომაც ირანის საერთაშორისო სისტემაში რეინტეგრაცია შესაძლოა სერიოზული სტრატეგიული დარტყმა აღმოჩნდეს მოსკოვისთვის. ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზებით თეირანი კარგავს მოტივაციას, იყოს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პარტნიორი და სანქციების გვერდის ავლის ჰაბი. ჩინეთი კი, რომელიც აქამდე სარგებლობდა ირანის იზოლაციით და მის ნავთობს უზარმაზარი ფასდაკლებით ყიდულობდა, კარგავს ენერგეტიკულ მონოპოლიას, რაც ასევე არ უნდა ჯდებოდეს პეკინის ინტერესებში. რას შეცვლის აშშ-ირანის შეთანხმება, ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- დაიწყო ომი, გამოცხადდეს ირანის უპირობო კაპიტულაციაო. რა თქმა უნდა, არანაირი უპირობო კაპიტულაცია არ ყოფილა. შეთანხმებაში არის პუნქტი, სადაც საუბარია ადგილობრივი ქვეყნების სუვერენულ უფლებებზე ჰორმუზის სრუტეში. ფაქტობრივად, ეს მინიშნებაა, რომ ირანს შეუძლია კონტროლი დაამყაროს ჰორმუზის სრუტეზე.
ომამდე მასზე კონტროლი არ ჰქონდა, იზოლირებული იყო. ახლა კი, როცა უნდა და გაუხარდება, იმ დღეს დაბომბავს ისრაელს ან რომელიმე არაბულ სახელმწიფოს. ომამდე და ომის შემდგომ განსხვავება უზარმაზარია. კი, მიიღო ზარალი, მაგრამ მერე რა? ეს ხომ არ არის რეჟიმი, რომელიც თავისი მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული? ვიღაცები ზარალს რომ უთვლიან, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორია ირანის გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონში ამ ომის შემდეგ - გაიზარდა თუ შემცირდა? ფაქტია, გაიზარდა და მისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ხომ ერთ-ერთი უძველესი იმპერიაა, ლამის ჩინეთის ცივილიზაციის ასაკის. ისინი ასეთ რაღაცებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ.
- რა შედეგები ექნება ყოველივე ამას როგორც აშშ-ისა და ირანისთვის, ასევე რეგიონისთვის და საზოგადოდ, საერთაშორისო დონეზე?
- ჩემი აზრით, თუ ამერიკა მოახერხებს ირანთან ურთიერთობის დალაგებას, მისთვის კარგი იქნება, მაგრამ ამაში ხელს უშლის ისრაელის ფაქტორი. თუმცა ხომ არ შეიძლება, ისრაელის გამო რეგიონში თითქმის ყველა გადაკიდებული გყავდეს?
ირანი ხდება გავლენიანი მოთამაშე, რომელსაც ამიერიდან მარტივად შეუძლია ზეწოლა მეზობლებზე, მათ შორის, შანტაჟის გზითაც. ომის დროს მან ყველას დაანახა, რომ შეუძლია ყველას მისწვდეს. ჩანს, რომ ამის პოლიტიკური ნებაც აქვს. დღეს ირანი სულ სხვა ქვეყანაა. შარშან იზოლირებული იყო და მასთან ურთიერთობას თუ თანამშრომლობას ყველა ერიდებოდა, ახლა კი ყაზახეთთან გააფორმა შეთანხმება, როგორც გავიგე, პირველი მერცხალიც გამოჩნდა...
აქამდე ყველას ეგონა, რომ ხელის ერთი კვრა და რეჟიმი ჩამოიქცეოდა. ხელის კვრა კი არა, მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ მოხდა, ირანი გადარჩა...
- თუ ირანს თავისუფლად ვაჭრობის საშუალება მიეცემა, ჩინეთი ხომ ვეღარ ისარგებლებს ირანის ნავთობით, რომელსაც უზარმაზარი ფასდაკლებით ყიდულობდა?
- ეს პრობლემა იქნება. ჩინეთი ახლა პრივილეგირებულ მდგომარეობაშია - რუსეთისგანაც იაფად ყიდულობს და ირანისგანაც. ამიტომ აშშ-ის ირანთან მორიგება, ცხადია, ჩინეთის ინტერესებში არ შედის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ აშშ-ირანის მორიგების პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება... ამერიკა, სხვათა შორის, ვიეტნამთანაც მორიგდა, ამას დრო დასჭირდა, მაგრამ მაინც. ახლა ვიეტნამი ამერიკის პარტნიორია ჩინეთის წინააღმდეგ, არადა, მასთან საშინელი, გაცილებით უარესი ომი ჰქონდა.
- ამ ამბების პარალელურად უკრაინა ბომბავს მოსკოვს და იწერება სტატიები, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. შეიძლება აშშ-ირანის შეთანხმებამ გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის მიმართულებაზეც და რაიმე შეიცვალოს?
- არა მგონია. ეს ორივე მხარის გამომფიტავი ომია. მოსკოვის დაბომბვა, რა თქმა უნდა, საშინელი დარტყმაა პუტინის იმიჯსა და რეჟიმის პრესტიჟზე, მაგრამ უშუალოდ ფრონტზე, დონბასში, სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ იცვლება, პირიქით. კონსტანტინოვკა უკვე ალყაშია. ეს ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური კვანძია და მისი აღების შემდეგ რუსებს დონბასისკენ წინსვლა გაუადვილდებათ. დონბასი ძალიან გამაგრებული რეგიონია. თუ რუსეთმა ხელში ჩაიგდო, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება იქიდან ახალი შეტევა დაიწყონ და რუსები გაცილებით მარტივად წავლენ წინ. სწორედ ამიტომ არის დონბასის დათმობა სახიფათო და, ცხადია, უკრაინას ეს არ უნდა.
- აშშ-ირანის ეს შეთანხმება ევროპისთვის რა შანსებს აჩენს?
- ევროკავშირს, ცხადია, ირანის გამოსვლა იზოლაციიდან ხელს აძლევს, რადგან უკრაინისთვის ყველას მეტი დრო და რესურსი დარჩება.
- ჩვენი რეგიონისთვის რა იცვლება? ზანგეზურის დერეფანს რა ბედი ელის?
- ზანგეზურის დერეფანი ახლა არ აშენდება, მით უმეტეს, როცა ირანი ომიდან ასეთი გაძლიერებული გამოვიდა. ეს პროექტი ხომ სრულიად ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს. ის მთლიანად ირანის საზღვრის გასწვრივ უნდა გავიდეს და ირანი ამას დაუშვებს? რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს იქ კორიდორის განვითარებას და ჩადებს ფულს მშენებლობაში, როცა გვერდით ისეთი ირანია, რომელსაც ნებისმიერ მეზობელზე დარტყმის მიყენება შეუძლია?
ამერიკა იქ ჯარებს არ ჩააყენებს. მან საზღვაო ქვეითები იმ კუნძულზეც კი არ გაგზავნა, სადაც შეიძლებოდა გაეგზავნა, კუნძული რომ აეღო. როგორ წარმოგიდგენიათ, ამერიკის ჯარი ზანგეზურში ჩადგება და დაიცავს სამოქალაქო კომპანიებს, რკინიგზას ან ავტობანს? ეს ზღაპარია, მით უმეტეს, მილსადენებზე საუბარი, რაზეც ფაშინიანი საარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდა, არ ვიცი, საიდან მოუვიდა ეს ფანტაზია.
- საქართველოს როლი როგორი იქნება, დერეფნის ფუნქცია შენარჩუნდება?
- საქართველოს როლი დარჩება იგივე, რაც იყო. თავიდანვე გაზვიადებული იყო ეს პანიკა, თუნდაც იმიტომ, რომ ზანგეზურზე გზის, რკინიგზისა და ავტობანის მშენებლობა რომც დაიწყონ, ამას წლები დასჭირდება, მით უმეტეს, იქ ძალიან პრობლემური რელიეფია... საერთო ჯამში, საქართველოსთვის სიტუაცია უარესობისკენ არ შეიცვლება. ომის დროს სიგიჟით თავი არ გამოგვიჩენია, მშვიდად მოვიქეცით, არავინ გადაგვიმტერებია და ეს უკვე მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. როცა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხარ, ქვეყანამ სწორედ ეს უნდა გააკეთოს - არავინ გადაიმტეროს. ეს მოხერხდა და ძალიან კარგია!
რუსა მაჩაიძე