"ევროკავშირი თბილისთან დაკავშირებით არ გადადის რადიკალურ ნაბიჯებზე, რადგან...“
ევროპარლამენტის მორიგმა რეზოლუციამ და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე განახლებულმა დისკუსიამ საქართველო-დასავლეთის ურთიერთობის საკითხი კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში. მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქართველოს მიმართ ევროპელი პარტნიორების უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს, ბრიუსელში კვლავ ისმის კითხვები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირთან დიალოგის განახლებას ცდილობს და მზად არის იმ საკითხებზე მსჯელობისთვის, რომლებიც ბოლო პერიოდში თბილისსა და ბრიუსელს შორის უთანხმოების საგნად იქცა, მათ შორის "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ. რამდენად შეიძლება ეს განცხადება ურთიერთობების დათბობისა და დიალოგის აღდგენის ცდად შეფასდეს, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან და რა გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესები ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება.
- ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუმცა დღეს უფრო მნიშვნელოვანია რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. სამწუხაროდ, ურთიერთობების გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც დიდ სახელმწიფოებს მცირე ქვეყნებში საკუთარი ინტერესები აქვთ და მათ გათვალისწინებას მოითხოვენ. სწორედ ამ კონტექსტში ისმის ბრალდებები საქართველოს მიმართ, თითქოს ქვეყანა ზედმეტად არის დაახლოებული რუსეთთან, ჩინეთთან ან ირანთან, ან სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობს. ჩემი შეფასებით, ამ ბრალდებების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურ ფაქტებზე მეტად პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს ეფუძნება.
- თუ ვაღიარებთ, რომ დასავლეთთან საქართველოს ისედაც რთული ვითარება აქვს, მაშინ რა ლოგიკა დგას დასავლელ ლიდერებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე და ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებების უკან?
- დიახ, დიპლომატიაში ემოციური განცხადებები იშვიათად იძლევა სასურველ შედეგს. საქართველოსთვის უფრო ეფექტიანი იქნებოდა მოქნილი და პრაგმატული დიპლომატია. ამ მხრივ საინტერესო მაგალითია აზერბაიჯანი, რომელმაც წლების განმავლობაში მოახერხა ურთიერთობების დაბალანსება სხვადასხვა გავლენიან ძალასთან. მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, ბაქომ ისეთი პოლიტიკური და დიპლომატიური სისტემა შექმნა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უზრუნველყო. აზერბაიჯანის ერთადერთი უპირატესობა ენერგეტიკული რესურსები იყო, თუმცა მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს წარმატებას. მათ ეფექტიანად გამოიყენეს დიპლომატიური, ეკონომიკური და სხვა ინსტრუმენტები. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია მსგავსი გამოცდილების გათვალისწინება. სხვათა შორის, მოქნილი დიპლომატიის მაგალითები ჩვენს ისტორიაშიც არაერთია, მათ შორის გიორგი ბრწყინვალის მმართველობის პერიოდში.
- ევროკავშირისგან განსხვავებით, აშშ-ის მიმართ განსხვავებული მოლოდინი არსებობდა, თუმცა რჩება განცდა, ვაშინგტონი არ ცვლის პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ.
- საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მართლაც არ ჩანს, თუმცა, თუ გლობალურ გეოპოლიტიკურ სურათს შევხედავთ, შეიძლება განსხვავებული სურათი დავინახოთ. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ევროკავშირსა და ამერიკას შორის სერიოზული დაპირისპირებაა, თუმცა ეს უფრო გარეგანი პოლიტიკური აღქმაა, ვიდრე რეალური სტრატეგიული დაშორება. მთავარია არა საჯარო რიტორიკა, არამედ ის, რა ხდება კულუარებში და რამდენად არიან ეს ქვეყნები ერთმანეთზე დამოკიდებული.
დღეს აშშ-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონს, როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ სივრცეს. შესაბამისად, საქართველო მნიშვნელოვანი რგოლია.
ევროკავშირის შემთხვევაშიც მსგავს სურათს ვხედავთ: შესაძლოა არსებობდეს კონკრეტულ ხელისუფლებებთან პოლიტიკური უთანხმოებები, მაგრამ საქართველო, როგორც რეგიონული სეგმენტი, დასავლეთისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული სიფრთხილეც ამაზე მიანიშნებს - მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, დასავლეთი არ გადადის რადიკალურ ნაბიჯებზე. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობაში დროთა განმავლობაში დასავლეთის რიტორიკა იცვლებოდა, იყო უფრო მკაცრი ეტაპებიც, თუმცა შემდეგ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომები შეიცვალა. ამასთან, დღეს აშშ რამდენიმე გლობალურ კრიზისზეა კონცენტრირებული, მათ შორის უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთის პროცესებზე. ამიტომაც ზოგიერთ რეგიონზე ერთმნიშვნელოვანი და სწრაფი პოლიტიკის გატარება რთულდება.
- როგორია დღეს ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში და რა ტენდენციებს აჩვენებს სომხეთის მაგალითი ამ პროცესებში?
- სომხეთი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს აღწევს, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას. რუსეთი ამ ეტაპზე სხვა პრობლემებით არის დაკავებული, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სომხეთისთვის აღარ მოიცლის.
უკვე ჩანს გარკვეული ნაბიჯები, მაგალითად, ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეზღუდვა ან ენერგეტიკული ფაქტორებით ზეწოლის შესაძლებლობა. მომავალში შესაძლოა ენერგორესურსების მიმართულებითაც გაჩნდეს დამატებითი ბერკეტები. ასევე რჩება სენსიტიური თემები, მათ შორის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საკითხები და ენერგომომარაგების დამოკიდებულება რუსეთზე. მთელი რიგი სხვა საკითხებიც კვლავ ღიაა, ისევე როგორც ყარაბაღის თემა, რომელიც საბოლოოდ დახურული არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ ნაკლებად სარწმუნოა, თითქოს ფაშინიანმა, რომლის არჩევნებიც დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას აჩენს და რომლის შესახებაც ეუთოს დამკვირვებლებსაც კრიტიკული შეფასებები აქვთ, ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. ჩემი ინფორმაციით, ცარუკიანთან არსებობდა გარკვეული შეთანხმება არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში, რომლის მიხედვითაც მას უნდა შეესრულებინა ე.წ. ჯიბის ოპოზიციის როლი. თუმცა ამ შეთანხმებაზე უარის თქმის შემდეგ მისი პოლიტიკური შედეგი ოთხ პროცენტამდე შემცირდა. შესაძლებელია ციფრები ოდნავ განსხვავებულიც ყოფილიყო, მაგრამ ამას არსებითი გავლენა არ ექნებოდა, რადგან პოლიტიკური ბალანსი მაინც იგივე დარჩებოდა. ამ ფონზე ხშირად ისმის შეფასება, რომ ფაშინიანის ხელისუფლებისთვის ეს პროცესი გათვლილი ნაბიჯი იყო. საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა კონსტიტუციის სწრაფი ცვლილება, მაშინ როცა დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვერ ხერხდება სწორედ უმრავლესობის არქონის გამო. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციიდან გარკვეული ჩანაწერების ამოღებას, რაც ბაქოს ერთ-ერთ მოთხოვნად განიხილება და რასაც, თავის მხრივ, უკავშირდება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყარაბაღის საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება და ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაც ვერ დაიწყება. ფაშინიანს ზანგეზურის ამოქმედება ნამდვილად სურს, თუმცა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, რადგან ის დაკავშირებულია როგორც კონსტიტუციურ ცვლილებებთან, ისე ყარაბაღის საკითხის გადახედვასთან. ფაშინიანი ცდილობს ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდეს, რათა არ გამოიწვიოს ელექტორატის ნაწილის მკვეთრი რეაქციები.
- როგორ ხედავთ საქართველოს როლს სატრანზიტო სივრცეში?
- საქართველოს როლი უკვე განსაზღვრულია - მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტის შემადგენელი რგოლია. საქართველოს გარეშე ეს პროცესი ვერ განხორციელდება, ამიტომ პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პოზიცია უკავია... ზოგი "ზანგეზურის დერეფანს" ეძახის, ზოგი "ტრამპის მარშრუტს", თურქული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ერდოღანის პარტიას უჭერენ მხარს, უკვე "თურანის დერეფანს" უწოდებენ - ამ დერეფანს გაცილებით მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველო უფრო თავისუფალია პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლისგან.
ცუდია, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ დღეს ჩვენი დასავლელი თუ აღმოსავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ბევრად მკაფიო და განსაზღვრულია, ვიდრე ამ დერეფნის საკითხი: ვგულისხმობ იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს მკაფიო რეალობა - არსებობს ოკუპანტი და ეს მიდგომა საერთაშორისო დონეზე უკვე ჩამოყალიბებულია, რაც შეეხება დერეფანს, ჯერ არავინ იცის, საბოლოოდ ვინ გააკონტროლებს მას. ამიტომაც ეს საკითხი ღიაა. ამ ფონზე საქართველოს ტერიტორია უფრო "სტაბილურ" და პროგნოზირებად სივრცედ ჩანს, რადგან ნაკლებად არის დამოკიდებული გაურკვეველ პოლიტიკურ ნარატივებზე.
ხათუნა ბახტურიძე