„მხოლოდ უკმაყოფილება ან შიდა დაპირისპირება სისტემის რღვევისთვის საკმარისი არ არის“
"ყველა ერთის წინააღმდეგ" - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში უნდობლობისა და შიშის ზრდა ხელისუფლების დასუსტებაზე მიუთითებს და ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას "ერთიანი ფრონტის" შექმნისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, "გარდაუვალი ბრძოლა" ვეღარ დაელოდება პარტიების გაერთიანებას, რადგან ქვეყანაში "ეროვნული გაერთიანების დრო" დადგა. აქვს თუ არა ოპოზიციას გაერთიანების რესურსი და მიანიშნებს თუ არა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები შიდა რღვევაზე, ამ საკითხებზე ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ვესაუბრეთ.
- გამორიცხული არაფერია, რადგან ასეთი ტიპის მმართველობა, როგორც წესი, აგებულია დაუნდობლობაზე, შიდა ინტრიგებსა და ძალაუფლების მკაცრ კონტროლზე. თუმცა მთავარი კითხვა ის არის, ეს პროცესი ხელისუფლების რღვევის წინა პირობაა თუ, პირიქით, ტოტალიტარული მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერების. მე უფრო მეორე ვერსიას ვხედავ. ასეთი სისტემის არსი სწორედ ის არის, რომ ძალაუფლება მაქსიმალურად ცენტრალიზებული იყოს და ხელისუფლებაში არ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი გავლენის ცენტრი. ტოტალიტარულ მოდელს არ სჭირდება ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც საკუთარი წონა ან ავტონომიური გავლენა ექნებათ. მას სჭირდება ერთი ცენტრი, ერთი გადაწყვეტილების მიმღები და დანარჩენების სრული დამოკიდებულება ცენტრზე.
თეორიულად, შიდა წინააღმდეგობები შეიძლება ოდესღაც რღვევის საფუძვლადაც იქცეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებაში რომელიმე ფიგურამ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს და დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.
მხოლოდ უკმაყოფილება ან შიდა დაპირისპირება სისტემის რღვევისთვის საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა არსებობდეს სუბიექტი, რომელსაც რეალური პოლიტიკური დარტყმის მიყენება შეუძლია. დღეს ასეთ მოცემულობას ვერ ვხედავ. ერთადერთი თეორიული ვარაუდი შეიძლება ირაკლი კობახიძის ფიგურას უკავშირდებოდეს. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ კობახიძის გარემოცვის წევრები მის მმართველობას განსაკუთრებით დადებით კონტექსტში წარმოაჩენენ. თითქოს ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ კობახიძის პერიოდში მმართველობა უფრო ეფექტიანი ან ნაკლებად კორუმპირებულია. ასეთმა ფორმულირებებმა შეიძლება ირიბად შექმნას კობახიძის ივანიშვილისგან გამიჯვნის შთაბეჭდილებაც. თუმცა, ამაზე შორს წასვლა ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპზე ხელისუფლებაში რღვევის რეალურ ნიშნებს ვერ ვხედავ.
- რამდენად რეალისტურია სალომე ზურაბიშვილის ვერსია, რომ "ეროვნული გაერთიანებისა" და "ერთიანი ფრონტის" იდეამ ხელისუფლების შეცვლა ან დასუსტება შეძლოს?
- ეს უფრო უტოპიური კონცეფციაა. გარდა ამისა, "ეროვნული ერთიანობა" უკვე გაცვეთილი პოლიტიკური ტერმინია. 90-იან წლებში მსგავსი მოწოდებები ეფექტიანი იყო, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკაში ამ ტიპის ლოზუნგები იშვიათად ამართლებს.
დღეს საზოგადოებას უფრო კონკრეტული იდეები და პროგრამები აინტერესებს, ვიდრე აბსტრაქტული მოწოდებები ერთიანობისკენ.
- რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთიანობის მიღწევას?
- იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი უნდობლობა აქვთ, ვიდრე საერთო ინტერესები. მათ შორის არ არსებობს საერთო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ბუნებრივ გაერთიანებას შექმნიდა. ქართული პოლიტიკის ისტორიაში გვქონია ფართო გაერთიანებები, მაგრამ ისინი არ ყოფილან თანასწორუფლებიანი.
2003 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის და შემდეგ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიქმნა ინკლუზიური გაერთიანებები, სადაც ერთი ძლიერი ლიდერის ირგვლივ ერთიანდებოდნენ სხვა პოლიტიკური სუბიექტები. ამიტომ, თუ ვინმე დღეს ერთიანობაზე საუბრობს, უნდა გვაჩვენოს ლიდერიც, ასეთი ფიგურა კი ოპოზიციაში არ ჩანს.
- როგორ აფასებთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და ნანუკა ჟორჟოლიანის ფიგურის წინ წამოწევას?
- "ნაცმოძრაობის" მთავარი პრობლემა ის არის, რომ პარტიას კვლავ სააკაშვილი მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ მხრივ პარტიის მართვის მოდელი გარკვეულწილად ჰგავს "ქართული ოცნების" მოდელს - ორივე შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები საპატიო თავმჯდომარეა. სააკაშვილი ცდილობს მოძებნოს ისეთი ფიგურა, რომელიც საზოგადოებაში დამატებით სიმპათიებს მოიზიდავს, თუმცა რეალური ძალაუფლება მის ხელში დარჩება. ერთგვარად, ეს ჩრდილოვანი მართვის შედარებით ლეგალური ფორმაა. განსხვავება ისაა, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და ბიძინა ივანიშვილს რეალური ძალაუფლება აქვს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი არც ხელისუფლებაშია და არც თავისუფალია, რაც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავს. მიუხედავად ამისა, "ნაცმოძრაობაში" მაინც კარგად ესმით, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მიზანი მხოლოდ მანდატების გარკვეული რაოდენობის მოპოვება არ არის. მისი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება, საკუთარი გათავისუფლება და საბოლოოდ პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი დაბრუნება. ამასთან, სააკაშვილი პრაქტიკულად არ აღიარებს ლიდერის ჩანაცვლების პოლიტიკურ კულტურას. ეს მიდგომა, სხვათა შორის, არც "ქართულ ოცნებაში" არსებობს. ორივე პარტიაში იცვლებიან ფორმალური ლიდერები, პრემიერ-მინისტრები თუ თავმჯდომარეები, მაგრამ რეალური პოლიტიკური ცენტრი უცვლელი რჩება. სწორედ აქ ჩნდება "ნაცმოძრაობის" მთავარი დილემა. ერთი მხრივ, პარტიას სჭირდება ახალი სახეები და ახალი ლიდერები, რათა ამომრჩევლისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. მეორე მხრივ, თავად სააკაშვილი არ არის მზად, უფრო გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა დაუშვას - ანუ წარმატებისთვის ლიდერის განახლებაა საჭირო, მაგრამ ეს თავად სისტემისთვის მიუღებელია.
- თქვენი აზრით, ნანუკა ჟორჟოლიანი მხოლოდ ამ მიზნით განიხილება?
- დიახ. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარტია ცდილობს საზოგადოებაში პოპულარული პირების წინ წამოწევას. ერთ დროს ასეთი ფიგურა სოფო ჯაფარიძე იყო, რომელსაც პანდემიის პერიოდში მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და სიმპათია ჰქონდა. შემდეგ ყურადღება ლევან ხაბეიშვილზე გადავიდა, როგორც ენერგიულ და მებრძოლ პოლიტიკოსზე. თუმცა ვერც ერთმა ამ ცდამ ვერ მოიტანა შედეგი. ახლა, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს საზოგადოებაში დაგროვილი აქვს სოციალური და მორალური კაპიტალი და ამან შეიძლება პარტიას დამატებითი მხარდაჭერა მოუტანოს. თუმცა აუცილებელია მას რეალური პოლიტიკური თავისუფლება ჰქონდეს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიდა მოდელიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია.
ხათუნა ბახტურიძე