ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული სიმბოლოები დიდ სკანდალს იწვევს
"საქართველო", "ქართველები", ქართული დროშა თუ ქართული სიმღერა - ქართულთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმბოლო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღესაც დიდ სკანდალს იწვევს. რამდენიმე კვირის წინ აფხაზებმა საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს გაგრაში ჩასულ რუს ტურისტ ქალს საქართველოს დროშიანი ქუდის ტარებისთვის, ხოლო გასულ კვირას ცხინვალელმა ოსებმა ბოდიში მოახდევინეს ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს, ქართულ-ოსური ქორწილის მაყრიონს, მანქანებიდან ქართული დროშების ფრიალის გამო.
"ბოდიშის სკამზე"
ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი სკანდალი 8 ივნისს დაიწყო, როდესაც ტელეგრამარხ "აპსნი იახიამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც სოჭელი ტურისტი და ბლოგერი ქსენია ალიპოვა ბოდიშს იხდის. მიზეზი ვარდისფერი პანამაა, რომელზეც საქართველოს დროშა, საქართველოს რუკა და ინგლისური წარწერა "Gგორგია" იყო გამოსახული. ვიდეომიმართვაში ალიპოვა ამბობს, რომ 1-ლ ივნისს გაგრაში დასასვენებლად ჩავიდა, 14 დღით იქირავა საცხოვრებელი და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა შვებულების ამსახველ მოკლე ვიდეოებს, სადაც მას ახურავს ვარდისფერი პანამა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა. "მე რაიმე პოლიტიკური მინიშნება არ მიგულისხმია. პირიქით, ვაღიარებ, რომ აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა... ბოდიშს ვიხდი", - ამბობს ალიპოვა. ვიდეოში ის სკამზე ზის, გვერდით კი სწორედ ის ქუდი დევს, რომლის გამოც სკანდალი ატყდა.
ტელეგრამარხის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულდროშიანი ქუდით ქალი "აფხაზეთის რესპუბლიკის" ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში ადგილობრივებმა შენიშნეს, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ბოდიშის ვიდეო მალევე გაავრცელეს სხვა აფხაზურმა ტელეგრამარხებმაც. აფხაზები წერდნენ, რომ "ეს პროვოკაციაა" და საქართველოს დროშა მათთვის "ექსტრემისტული სიმბოლოა". ნაწილი მოითხოვდა, რომ ქალი არა მხოლოდ შავ სიაში შეეყვანათ, დაეკავებინათ კიდეც: "მას პატიმრობა უნდა მიესაჯოს, რატომ გაუშვეს მხოლოდ ბოდიშით?..."
"ბოდიშის მოხდის" წარმოდგენა აფხაზეთში გაზაფხულზეც დაიდგა. 10 აპრილს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომ დააკავეს სოჭის მკვიდრი ნინა ბრონიკი და მისი 18 წლის ვაჟი ტიმურ უგუროვი, რომლებიც სოხუმში ნათესავების სანახავად პირადი მანქანით ჩავიდნენ. განცხადების თანახმად, გამვლელებმა შეამჩნიეს, რომ სოხუმის შესასვლელთან აღმართულ სტელასთან დედა-შვილი საქართველოს დროშით ფოტოებს იღებდა და "უსაფრთხოების სამსახურს" შეატყობინეს. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ წარმოშობით სოხუმიდანაა, ომის დროს გადავიდა სოჭში საცხოვრებლად და ახლა დასთან მიდიოდა სტუმრად. შვილი ამტკიცებს, რომ ფოტო "დაუფიქრებლად" გადაიღო. ორივე აცხადებს, რომ "არ ჰქონდათ განზრახული აფხაზი ხალხის განაწყენება და მათი ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა" და გულწრფელად იხდიან ბოდიშს. ბოდიშის შემდეგ ისინი აფხაზეთიდან გააძევეს, თუმცა კომენტარებში ბევრი წერდა, რომ დეპორტაცია საკმარისი არ იყო: "თუ ასეთ წვრილმან პროვოკატორებს დააპატიმრებენ, სხვა აღარ გაბედავს აფხაზების შეურაცხყოფას".
დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხ "ამრა ლაიფზე" რამდენიმე უკმაყოფილო პოსტი მიეძღვნა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებლის მიხეილ კვატაშიძისა და აფხაზი ახალგაზრდების კონტაქტებს ტიკტოკზე. "მიხეილ კვატაშიძე არის ადამიანი, ვინც დაურ ბუავა გადაიბირა. ის ფოტოებზე იმ ხალხთან ერთადაა, ვინც ჩვენი აფხაზი ხალხი გაანადგურა... ახლა კი კვატაშიძე ურთიერთობს, საჩუქრებს უგზავნის და ფულს ურიცხავს აფხაზებს, მათ შორისაა დიანა აგრბა სოფელ ბზიფიდან; ასევე, ლარისა ხუპორია, რომელიც არავის აძლევს მასზე ცუდის თქმის უფლებას; ფატიმა ცკუა, რომელიც აქედან წავიდა და იქ ცხოვრობს, მაგრამ თავს აფხაზს უწოდებს... არის ვიდეოები, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საჯაროდ განიხილავენ თემებს და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მიუღებელია აფხაზი საზოგადოებისთვის", - წერს არხი. იმავე არხზე გამოქვეყნდა მოწოდებები იმ პირთა დასჯის შესახებაც, რომლებიც საჯარო სივრცეში ქართულ სიმღერებს უსმენენ. "ჩვენს დედაქალაქში მოძრაობს და უსირცხვილოდ უკრავს ქართულ სიმღერებს ახუბა ჰამიდა... რატომ აქვთ აფხაზებს ასე მოქცევის უფლება? რატომ არ იბარებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში? თუ ჩვენ არ ვრეაგირებთ, ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ ყველაფერი მივიღოთ", - წერს ტელეგრამარხი.
ქართული თემის გარშემო მორიგი დისკუსია ოპოზიციონერი "დეპუტატის" კან კვარჩიას პრესკონფერენციის შემდეგაც დაიწყო. კვარჩიამ, რომელსაც რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვი, ასევე განაცხადა, რომ თბილისმა და სოხუმმა წარსულის კონფრონტაციული მიდგომები უნდა გადალახონ, რომ სამხედრო დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების დრო დასრულებულია და აუცილებელია თბილისთან კავშირების დამყარებაზე ფიქრი. ამ განცხადებებს აფხაზ საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ქართული დროშები ქართულ-ოსური ქორწილიდან
14 ივნისს ოსურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ვიდეო, როგორ ფრიალებს საქართველოს დროშები ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილის მაყრიონის მანქანებიდან. მოგვიანებით რამდენიმე ახალგაზრდა ქუჩაშიც ცეკვავს ქართული დროშებით ხელში. ვიდეოში ერთ-ერთ ავტომობილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნებიც აქვს. ამ ვიდეოფირს ცხინვალში მწვავე რეაქცია მოჰყვა, წერდნენ, რომ ეს ღალატია. ტელეგრამარხებზე მოითხოვდნენ, რომ დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს დაედგინათ ავტომობილის მფლობელის ვინაობა და მისთვის "მოქალაქეობა" შეეწყვიტათ. კომენტარებში გამოჩნდა მანქანის მფლობელის ძმა, რომელმაც დაწერა, რომ მანქანა მეგობარმა ითხოვა ქორწილისთვის და მისი ძმა კადრებში არ იყო. მეორე დღეს გავრცელდა ახალი ვიდეო, რომელშიც ქორწილში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა ბოდიშს იხდის. "ბოდიშს ვუხდი სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს იმის გამო, რომ ოსურნომრიანი მანქანიდან ქართულ დროშას ვაფრიალებდი. ეს აღარ განმეორდება", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და მას მანქანაზე უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა აქვს მიმაგრებული.
მეორე ახალგაზრდა აცხადებს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან ეთნიკური შუღლის გაღვივება. "ეს იყო არასწორი. ყველას კარგად ესმის, რა მოხდა 1992 და 2008 წლებში. მინდა ბოდიში მოვიხადო ვიდეოსთვის", - ამბობს ის.
"ჩემზე ამბობენ, რომ ვიღაცების "ვერბოვკას" ვაკეთებ"
მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი: - აფხაზ ახალგაზრდებს ტიკ-ტოკიდან ვიცნობ. სხვადასხვა თემაზე საჯაროდ ვმსჯელობთ. თუ ქართველს კარგად ესაუბრები, აფხაზების გარკვეულ წრეებში ეს დიდ ნეგატივს იწვევს. სამ თვეში ერთხელ ჩამოუვლიან ხოლმე და ჩემთან ურთიერთობას უკრძალავენ ამ ხალხს, თუმცა ნაწილი მაინც აგრძელებს ჩემთან საუბარს. მე საჯაროდ ვლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან მოდის, თუმცა ამ თემებზე თავად საუბარს ვერ ბედავენ. საუბარი მხოლოდ კან კვარჩიამ გაბედა, მისი ბოლო პრესკონფერენცია ხმაურიანი იყო. ვცდილობ ახალგაზრდებში საქართველოს თემა დავაბრუნო და ეს გამომდის. თავად აფხაზები ხუმრობენ, აფხაზეთში მიმდინარე ამბებს მიშა კვატაშიძისგან, დაურ ბუავასა და დავით ჟვანიასგან ვიგებთო. ტიკ-ტოკზე ჩვენს ვიდეოებსა და ლაივებს დიდი გამოხმაურება აქვს, რაც აფხაზეთში რადიკალურ წრეებში არ მოსწონთ. ამიტომაც ამბობენ, რომ ახალგაზრდებში დესტაბილიზაცია შემაქვს და ვიღაცების "ვერბოვკას" ვაკეთებ, თუმცა ეს სიმართლე არ არის... ახლა ამ ადამიანების გაშავება მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ქართველთან ურთიერთობენ. მაგალითად, ჰამიდა ახუბა ტიკ-ტოკზე ვიდეოებს აქვეყნებს და ხშირად ფონად ქართულ მუსიკას იყენებს. ენგურს აქეთაც ხშირად გადმოდის... ფატიმა ცკუა რუსთავში ცხოვრობს. 2004 წელს გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ დარჩა. მაშინ სოცქსელები არ არსებობდა, თუმცა ტელევიზიებს მისგან ინტერვიუც ჰქონდათ აღებული. სამი შვილი ჰყავს, მარტო ზრდის და სოციალურად დაუცველია... აფხაზებს ჰგონიათ, რომ დაურ ბუავა მე გადავიბირე. დაურს ეყო სითამამე, საქართველოში გადმოსულიყო და აქაურ რეალობაზე საჯაროდ ელაპარაკა. ამან გააღიზიანა სეპარატისტები. ის 2021 წლის ბოლოს გადმოვიდა. მანამდე მის ბლოგს ვადევნებდი თვალს. კულტურულად საუბრობდა და მისგან ნეგატივი არ მოდიოდა. როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, დამირეკა, ზუგდიდში ვარ, თბილისში წამოსვლა მინდაო. თბილისში დავხვდი, დავაბინავე და რამდენიმე დღე ქალაქს ვათვალიერებინებდი. ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც ერთად გადავიღეთ, გმირთა მოედანზე იყო. იქ დაურმა თქვა, რომ აქ ქართველი მეომრები არიან დაკრძალული და მსგავსი ომი აღარ უნდა განმეორდეს. ამის შემდეგ აფხაზებმა მოღალატედ შერაცხეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს...
დაურის შემდეგ გადმოვიდა დათო ხაჯიმბა. შემდეგ ვინც გადმოდიოდა, ან დაურს უკავშირდებოდა, ან მე. გადმოვიდა რუსლან გამისონიაც, ასევე ახალგაზრდა გვარად ადლეიბა - აფხაზეთში ყველა მოღალატედ შერაცხეს. არიან სხვებიც. ზოგი პირადი პრობლემების გამო გამოიქცა, ზოგი ფინანსური მიზეზებით.
- სახელმწიფოსგან დახმარება ან დასაქმების პროგრამა თუ არსებობს, რაც მათ გადმოსვლას წაახალისებდა?
- მსგავსი მექანიზმი არ არსებობს. რასაც ვახერხებთ, პირადი ნაცნობობით ხდება. მაგალითად, დათო ხაჯიმბა მშენებლობაზე მუშაობს. როგორც ვიცი, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და დევნილის სტატუსიც. სხვებიც, ასე თუ ისე, ახერხებენ თავის გატანას. ძალიან ბევრს სურს გადმოსვლა, მაგრამ მთავარი პრობლემა საბუთებია. მოქალაქეობის მიღება ჭიანურდება. მაგალითად, რუსლან გამისონია უკვე მესამე წელია საქართველოს მოქალაქეობას ელოდება. ძლივს გააქვს თავი - ხან ვინ ეხმარება, ხან ვინ. ზოგჯერ შიმშილობს კიდეც. ხშირად ვამბობთ, რომ აფხაზები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ როდესაც აქ ჩამოდიან, მოქალაქეობას არ ვაძლევთ. მათ ნეიტრალური პასპორტები აქვთ და გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.
- ქართული სიმბოლოების გამო აგრესია ისევ ძლიერია აფხაზეთში?
- რუს ბლოგერს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქართულდროშიანი ქუდის გამო საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, ახლა უთქვამს, რომ ამ თემაზე პოდკასტის ჩაწერას აპირებს. ის პირველად არ ყოფილა აფხაზეთში, ამიტომ იქ ბევრს მიაჩნია, რომ გამიზნულად დადიოდა ქართული სიმბოლიკით, რათა აჟიოტაჟი გამოეწვია. აფხაზეთში ქართულ სიმბოლოებს აქტიურად ებრძვიან. ამ დღეებში ერთმა აფხაზმა დაწერა, რომ ფსოუდან შემოსულ მოტოციკლს სანომრე ნიშნებზე ქართული დროშის სტიკერი ჰქონდა მიკრული. მესაზღვრეებმა არაფერი უთხრეს, მაგრამ ადგილობრივმა აფხაზმა შეამჩნია და სტიკერი მოახსნევინეს. მსგავსი შემთხვევა ცხინვალის რეგიონშიც მოხდა - ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს ქართულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოახდევინეს. თუმცა ვლადიკავკაზში ქართული კულტურა საკმაოდ პოპულარულია. თავისუფლად იყიდი ქართულ დროშას, ხშირად გაიგებ ქართულად ლაპარაკს, ქართველი მომღერლებიც მართავენ კონცერტებს. მაისში "ბრავო მეტეხმა" გამართა კონცერტი, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ მღეროდნენ მსმენელები ქართულ სიმღერებს. ამან ცხინვალში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, თუმცა თავად ვლადიკავკაზში მცხოვრებ ოსებს ქართულ კულტურასთან პრობლემა არა აქვთ, პირიქით, ბევრს ის ძალიან მოსწონს.
ეკატერინე ბასილაია