რატომ შეზღუდა დიდმა ბრიტანეთმა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა?
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. ასაკრძალი პლატფორმების სიაშია: Instagram, YouTube , TikTok, Snapchat, Facebook , X (yofili Twitter). აკრძალვა არ გავრცელდება ჭჰატსAპპ-სა და შიგნალ-ზე. რაც შეეხება სხვა ონლაინსერვისებს, მაგალითად, თამაშებში (გამინგ), 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის ასევე შეიზღუდება მაღალი რისკის ფუნქციები, მათ შორის: პირდაპირი ეთერის (ლივესტრეამ) გამოყენება, უცხო ადამიანებს კი 17 წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. თუმცა მთავრობა აქვე განმარტავს, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს კვლავ შეეძლებათ ინტერნეტი გამოიყენონ: სწავლისთვის, ახალი ამბების მისაღებად, თამაშებისთვის, ოჯახის წევრებთან და ნაცნობ მეგობრებთან მესენჯერის საშუალებით კომუნიკაციისთვის.
ახალი რეგულაციები შეეხება ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებსაც. 18 წლამდე ასაკის პირებს აღარ ექნებათ წვდომა იმ AI-სერვისებზე, რომლებიც ძირითადად სექსუალური შინაარსის შეთავაზებაზეა ორიენტირებული. ცვლილებების ამოქმედება 2027 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.
მოუწევს თუ არა ყველა ზრდასრულ ადამიანს ასაკის დადასტურება, რათა გამოიყენონ ასაკობრივი შეზღუდვის მქონე სოციალური მედიის სერვისები? დიდი ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ ეს საჭირო არ იქნება, თუკი ზრდასრულის ანგარიში 16 წელზე მეტია არსებობს, მასზე მიბმულია საბანკო (საკრედიტო) ბარათი ან დაკავშირებულია ელფოსტის მისამართთან, რომლის ასაკიც უკვე სხვა გზით არის დადასტურებული. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ასაკის დადასტურების განსხვავებულ ვარიანტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დადასტურების ეფექტიან, ზუსტ, გამართულ და სამართლიან მეთოდებს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის მარტიდან მაისამდე ჩატარებულმა საზოგადოებრივი განხილვის შედეგებმა აჩვენა, რომ 10-დან 9 მშობელი მხარს უჭერს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას; ახალგაზრდების ორი მესამედი ეთანხმება, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა, სულ მცირე, ზოგიერთ სოციალურ მედიაპლატფორმაზე.
დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოში მსგავსი ინიციატივების შესაძლო დანერგვის შესახებ "კვირის პალიტრა" ანტრეპრენერსა და კონტენტკრეატორს ნინო დვალიძეს ესაუბრა. ის უშუალოდ იყო ჩართული დიდ ბრიტანეთში სამუშაო პროცესებში, რომელიც ახალი რეგულაციების მიღებას შეეხებოდა.
- სოციალურ მედიაზე ბავშვების წვდომის საკითხზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფსა და სხვადასხვა ორგანიზაციასთან საჯარო დისკუსიის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ-სტრიტზე ვიმყოფებოდი, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ასევე მქონდა შესაძლებლობა დეტალურად მესაუბრა სახელმწიფო მდივან ლიზ კენდალთან და მომესმინა, რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს მიდგომა სახელმწიფოს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მშობლებს.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. პირიქით, ეს არის მცდელობა, ბავშვებისთვის შეიქმნას ისეთი ციფრული გარემო, რომელიც მათ ასაკსა და განვითარების ეტაპს შეესაბამება. მთავრობა პასუხისმგებლობას მხოლოდ მშობლებს არ აკისრებს. წლების განმავლობაში მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ უკეთ უნდა ეკონტროლებინათ შვილები, მაშინ როდესაც სოციალური მედიის ბევრი პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანის ყურადღება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. დღეს სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შექმნან ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო. ბავშვების ნაწილი ყოველთვის შეეცდება შეზღუდვების გვერდის ავლას. თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ცვლიან სოციალურ ნორმებს და საზოგადოებრივ მოლოდინს. თუ აქამდე ნორმად ითვლებოდა, რომ 11-12 წლის ბავშვს შეიძლებოდა ჰქონოდა თიკტოკ-ის ან Iნსტაგრამ-ის პროფილი, ახლა შესაძლოა ნორმად იქცეს ის, რომ პატარებმა ბავშვობის დიდი ნაწილი სოციალური მედიის გარეშე გაატარონ.
- შეიძლება გახდეს დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარგი მაგალითი?
- საქართველოსთვის ეს ძალიან საინტერესო მაგალითია, თუმცა მისი პირდაპირი კოპირება რთული იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მშობლების ადვოკატირებას ძალიან დიდი როლი ჰქონდა. მოძრაობა "ბავშვობა სმარტფონის გარეშე" ამ თემაზე მუშაობდა და რვა თვეში 165 000-ზე მეტი ოჯახი გააერთიანა. დღეს მოძრაობაში დიდი ბრიტანეთის სკოლების 40%-ზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მზაობა ცვლილებებისთვის. ფაქტობრივად, პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნას მოჰყვა და არა პირიქით. ამიტომ საქართველოსთან პირდაპირი შედარება რთულია. თუმცა მთავარი გაკვეთილი, ჩემი აზრით, კონკრეტული კანონი კი არა, სწორედ ეს პროცესია - როგორ ერთიანდებიან მშობლები, სკოლები, ექსპერტები და სახელმწიფო ბავშვების ინტერესებისთვის. ჩვენი მიზანი არა ტექნოლოგიის აკრძალვა, არამედ - ბავშვების მომზადება უნდა იყოს იმისთვის, რომ მომავალში დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობით და უსაფრთხოდ გამოიყენონ ტექნოლოგიები. ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, შემოქმედებით ინსტრუმენტებზე და უსაფრთხო ონლაინ გარემოზე. პრობლემა ის პლატფორმებია, რომელთა ბიზნესმოდელი ბავშვის ყურადღების მაქსიმალურად შენარჩუნებასა და ეკრანთან რაც შეიძლება დიდხანს დატოვებაზეა აგებული. მათი დიზაინი ხშირად ისეთ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ეფუძნება, რომლებიც ბავშვებში არაჯანსაღი ჩვევებისა და დამოკიდებულების განვითარებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ მომწონს ბრიტანეთის მიდგომა. აქ საუბარია არა მხოლოდ შეზღუდვებზე, არამედ ალტერნატივების შექმნაზეც. სახელმწიფო გამოყოფს ფონდებს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეკრანის მიღმა მეტი საინტერესო აქტივობა გახდეს ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინვესტიცია იდება მედიაწიგნიერებაში, რადგან ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, როგორ მუშაობს სოციალური მედია, როგორ ამოიცნონ მანიპულაცია და როგორ დაიცვან საკუთარი თავი ონლაინსივრცეში. დიახ, რისკი არსებობს, თუ რეგულაცია მხოლოდ აკრძალვებზე იქნება დაფუძნებული. მაგრამ თუ მას თან ახლავს განათლება, უსაფრთხო ალტერნატივები და ასაკის შესაბამისი მიდგომა, მაშინ ეს არა შესაძლებლობების შეზღუდვა, არამედ ბავშვებისთვის უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნაა.
- საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გარკვეულ ჩატბოტებთან მოზარდების კომუნიკაციის შეზღუდვაზეც.
- მხოლოდ იმ ჩატბოტებზე იზღუდება წვდომა, რომლებიც ემოციური კომპანიონის როლს ასრულებენ, ცდილობენ ადამიანური ურთიერთობების იმიტაციას, ან ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, ურთიერთობები თუ პირადი პრობლემები, შესაბამისი ზედამხედველობისა და უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე. ბავშვები და განსაკუთრებით მოზარდები ასეთ სისტემებს სულ უფრო ხშირად აღიქვამენ არა როგორც ტექნოლოგიას, არამედ როგორც მეგობარს ან ემოციური მხარდაჭერის წყაროს. ხელოვნურ ინტელექტს არა აქვს პასუხისმგებლობა, ემპათია და ადამიანური განსჯის უნარი. მას შეუძლია ძალიან დამაჯერებლად ისაუბროს, მაგრამ არ შეუძლია ბავშვის ემოციური მდგომარეობის სრულად გაგება ან რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ჩემი ერთ-ერთი კითხვა სახელმწიფო მდივან ლიზ კენდალთან სწორედ ეს იყო. თუ დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ლიდერი იყოს, ხომ არ არსებობს რისკი, რომ ბავშვებისთვის გარკვეულ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვამ მათ მომავალ კონკურენტუნარიანობაზე იმოქმედოს? მისი პასუხი ძალიან საინტერესო იყო. კერძოდ, მიზანი არ არის ბავშვებს ხელოვნური ინტელექტი მოაშორონ. პირიქით, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა ხელოვნურ ინტელექტზე, ისწავლონ მისი გამოყენება და მზად შეხვდნენ მომავალს. შეზღუდვები შეეხება მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებისთვის მაღალი რისკის შემცველია ან მათი ემოციური მოწყვლადობით სარგებლობს.
მშობლების ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სოციალური მედიისა და სმარტფონების გამოყენება ბავშვებში იმდენად მასშტაბურად გაიზარდა, რომ ოჯახები ამ გამოწვევის წინაშე მარტო დარჩნენ. ამიტომ ისინი სახელმწიფოსგან აქტიურ ჩართულობას ელიან. ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებიც შიშობენ, რომ რეგულაციებმა შესაძლოა ბავშვებს გარკვეული შესაძლებლობები შეუზღუდოს. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, საზოგადოებაში ერთ საკითხზე თანხმობა სულ უფრო იზრდება: ბავშვების ონლაინუსაფრთხოება მხოლოდ ოჯახების პრობლემა აღარ არის. ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფოს, სკოლებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მშობლებს ერთობლივად ეხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია და არა დასასრული. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო მისი შედეგებისა და გავლენის შეფასება უკვე მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.
ქვეყნები, სადაც აკრძალვა უკვე მოქმედებს
ბავშვებისთვის სოციალური პლატფორმების აკრძალვის მიმართულებით ერთ-ერთი მკაცრი რეგულაციის მქონე ქვეყანა ავსტრალიაა. 2025 წლის 10 დეკემბრიდან მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მომსახურების შეთავაზება აეკრძალათ. კანონის დარღვევისთვის კომპანიებს 49,5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ.
მალაიზიამ 2026 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყო 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე ახალი ანგარიშების რეგისტრაციის აკრძალვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც სოციალური მედიის გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 15 წლად დააწესა. 15 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ როგორც პირადი ანგარიშების შექმნა, ისე პლატფორმების სრული ფუნქციებით სარგებლობა.
ჩინეთში მოქმედებს ე.წ. "არასრულწლოვნის რეჟიმი", რომელიც ბავშვის ასაკის მიხედვით ზღუდავს ეკრანთან გატარებულ დროს და სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებას.
ქვეყნები, სადაც ნაწილობრივი შეზღუდვები უკვე მოქმედებს
გერმანიაში 13-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება მხოლოდ მშობლების თანხმობით შეუძლიათ.
იტალიაში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშის შექმნა მხოლოდ მშობლის თანხმობით შეუძლიათ, ხოლო 14 წლის შემდეგ ასეთი თანხმობა აღარ არის საჭირო.
შესაბამის კანონპროექტს ამზადებენ ქვეყნები: საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, სლოვენია.
მარიამ ბუკია