„ილიამ გარისკა და ...“ - კვირის პალიტრა

„ილიამ გარისკა და ...“

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ბუნებრივია, ქომაგის ყურადღებაც ოკეანის გაღმა მდებარე სტადიონებისკენ არის მიმართული, თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის, ბოლო დღეების მთავარ თემად "თოფურია-გეიჯის" ორთაბრძოლა რჩება. ბევრისთვის მოულოდნელად, თეთრ სახლში გამართული უპრეცედენტო საღამოს მთავარ ბრძოლაში, UFC-ის (შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტური ჩემპიონატი) ორი წონის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან სკანდალურად წააგო და ამერიკელს მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი გადააბარა. ამ სახეობის ექსპერტს, "იუთუბერს" კაკი ყიფშიძეს ამ ბრძოლაზე და მასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე ვესაუბრეთ:

- ყველაზე კარგად, დამარცხების მიზეზები თვითონ ილიამ იცის. თუმცა, ჩემს მოსაზრებას მეც გაგიზიარებთ: პირველ რაუნდში, გეიჯის ძალიან "ეშმაკური" დარტყმის შემდეგ, ილიამ თვალზე საკმაოდ მძიმე ჭრილობა მიიღო. დაფარული დარტყმა იყო და ერთი შეხედვით, არ ჩანდა - მუშტი მოარტყა თუ გაშლილი თითი. ორთაბრძოლისას თვალში დარტყმები ხშირია, მაგრამ პირველივე რაუნდში გაგეჭრას და ისე დაგიზიანდეს, რომ ვეღარ ხედავდე - იშვიათი. არ გამიკვირდება, თუ ეს "ბინძური", სპეციალურად თვალის დასაზიანებლად გამიზნული დარტყმა იყო, თუმცა ამის დამტკიცება ახლა რთულია.

მესამე რაუნდში კიდევ ერთხელ დაუმიზნა, თუმცა ილია პირველივე რაუნდში მიხვდა, რომ მომდევნო რაუნდებში თვალის დაზიანება კიდევ უფრო გაიზრდებოდა, გაცილებით სერიოზულ პრობლემაში გადაიზრდებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, სასწორზე ყველაფერი დაედო, ბრძოლა მეორე რაუნდში დაესრულებინა. შესაბამისად, მთელი ის ენერგია, რაც 25 წუთისთვის ჰქონდა გადანაწილებული (და მე მჯერა, რომ ილია ხუთი რაუნდის საბრძოლველად მზად იყო!), თოფურიამ ჩადო საოცრად ეფექტიან, MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და დომინანტურ რაუნდში. ეს იყო აბსოლუტური ფოიერვერკი, სრული დომინაცია, ვერც ვხვდები, რა ძალამ გადმოხედა ჯასტინ გეიჯს, როგორ გადაურჩა იმ შეტევებს... ნოკაუტს თითქმის აღარაფერი აკლდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ილიას ენერგიის უდიდესი ნაწილიც ამან შეიწირა... როცა ქართველი მებრძოლი დგომში არ დარჩა, დარტყმები არ გააგრძელა, მეტოქეს "პარტერში" ჩაჰყვა და ჭიდაობა გადაწყვიტა, უკვე ცხადად შეეტყო, რომ მთელი ენერგია იმ კომბინაციის დროს გასცა... თოფურიამ უძლიერესი დარტყმების მთელი სერია შეასრულა მეტოქის ღვიძლსა, ელენთასა და თავში, მაგრამ გეიჯმა სასწაულებრივად გაუძლო, არ "დაფინიშდა" და მესამე რაუნდს ქართველზე ენერგიულად შეხვდა. ამას ისიც დაემატა, რომ მესამე რაუნდში ილიას თვალში კიდევ ერთხელ მოარტყა ფრჩხილი... შეიძლება დაღლილი იყო, მაგრამ ხედავდე და ამის ხარჯზე მოახერხო რეაგირება, ანდა - ვერ ხედავდე, მაგრამ სუნთქვა და გამძლეობა გქონდეს და ბრძოლის გაგრძელება ამის ხარჯზე მოახერხო, მაგრამ მესამე რაუნდში ილია თოფურია ვეღარც ხედავდა და არაქათგამოცლილიც იყო.

722665607-18240420898309034-7893456152932054077-n-1782051803.jpg

- ნესტოების შეშუპების გამო, ილიას სუნთქვაც უჭირდა. ამერიკელი კი, თითქოს "მეორე სუნთქვა" გაეხსნაო, გაცილებით ენერგიულად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა დოპინგის შესაძლო მოხმარებასთან დაკავშირებული ეჭვი.

- რატომღაც, არსებობს მოსაზრება, რომ UFC მკაცრად აკონტროლებს ორგანიზაციაში აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას. სინამდვილეში, ვინც ამას აკონტროლებდა, ის ორგანიზაცია (USADA - აშშ-ის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო) სწორედ რომ მკაცრი კონტროლის გამო დაითხოვეს! მიზეზად კონორ მაკგრეგორის შემოწმებები მოიტანეს - რას ერჩით, ასე ხშირად რატომ ამოწმებთო და... USADA-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. მის ნაცვლად, შეიქმნა მთლიანად UFC-ის ქოლგის ქვეშ არსებული ორგანო, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე საუბარიც კი სასაცილოა. (!) დანა უაითს რომ ჰკითხო, UFC-ის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია ჯონ ჯონსი. ჯონსი, რომელიც ხუთჯერ (!) არის გამოჭერილი და დაჯარიმებული აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის! დანა უაითისთვის არავითარ მორალურ წინაღობას არ წარმოადგენს, რომ მებრძოლი, რომელსაც ის "ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად" მოიხსენიებს, სტეროიდებს მთელი კარიერის განმავლობაში მოიხმარდა. იმის ნაცვლად, რომ აქცენტი გააკეთოს სპორტსმენებზე, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს არასდროს გაჰკარებიან, GOAT-ს (ყველა დროის საუკეთესო) უწოდებს დოპინგის მოხმარებისთვის ხუთჯერ დაჯარიმებულ მებრძოლს.

- და ამის შემდეგ ვინმეს დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ გამორიცხულია ჯასტინ გეიჯი აკრძალული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო?!

- ასეთი რაღაცები კულისებს მიღმა ხდება და თუ მოინდომეს, ისე გააკეთებენ, ვერავინ გაიგებს. ისეთივე სისულელეა იმის მტკიცება, რომ ჯასტინ გეიჯი ილიასთან ბრძოლის დროს "სუფთა" იყო, როგორც იმაზე ლაპარაკი, თითქოს ილია თოფურიამ ორთაბრძოლა "გაყიდა". ორივე ეს მოსაზრება ერთიმეორეზე დიდი სიბრიყვეა!

volkanovski-4-1782051803.jpg

- მატჩამდე ილია ხაზგასმით ამბობდა, რომ გეიჯს მაქსიმუმ მეორე რაუნდში დაამარცხებდა. თანაც, მხოლოდ კრივით - ჭიდაობის გარეშე! შეიძლება ითქვას, რომ ის თავისივე სიტყვების "მძევლად" იქცა? ფაქტია, რომ თოფურია მართლაც ჯიუტად ცდილობდა ბრძოლა დგომში, საფირმო დარტყმით დაესრულებინა...

- მე მაინც მგონია, რომ ორთაბრძოლის მიმდინარეობისას, პირველ რაუნდში მომხდარმა ილიას აგრძნობინა, რომ მეორე რაუნდში ბოლომდე გარისკვა, ბრძოლის ბედის სასწორზე შეგდება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, ეს სპორტია, სადაც ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის საქმე. მგონია, რომ მეორე რაუნდში ილიამ გადაწყვიტა, სანამ ენერგია და მხედველობა ჰქონდა, მთელი ძალით მიეტანა იერიში და შეხვედრა ვადამდე დაესრულებინა. ფაქტობრივად, შეასრულა კიდეც ამოცანა, მაგრამ... სტეროიდები დაეხმარა ჯასტინს თუ სხვა რამ, ფაქტია, რომ გაუძლო თოფურიას უძლიერეს დარტყმებს, რაუნდის ბოლომდე გაძლო და მესამე რაუნდში მოწინააღმდეგეზე გაცილებით ენერგიულადაც გამოიყურებოდა.

- მსაჯებზე რას იტყვით?

- რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე მოსაზრება, თითქოს მეორე რაუნდის ბოლოს გეიჯმა დანებების ნიშნად დაარტყა ხელი, მსაჯებმა კი ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს. სინამდვილეში, როგორც რაუნდის წინ ეხებიან ხოლმე მეტოქეები მუშტებით ერთმანეთს, აქაც იგივე ჟესტი იყო - რაუნდი დასრულდა, წამოვდგეთო. მარცხს მსაჯებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ორთაბრძოლის შეწყვეტაც ექიმმა მოითხოვა და არა რეფერიმ, თუმცა მარკ გოდარდი თვითონ მივიდა ილიასთან და უთხრა - ექიმს ნუ უსმენ, გადაწყვიტილება შენ მიიღეო. ზოგადად, როცა მებრძოლს თვალს დაუზიანებენ და ვეღარ ხედავს, ბრძოლა ჩერდება. მაგრამ ეს იყო თეთრ სახლში მიმდინარე ივენთი, რომელსაც ექიმის გადაწყვეტილებით ვერ გააჩერებდნენ... ფაქტია, რომ მეტოქემ თოფურიას არალეგალური დარტყმებით დაუზიანა მხედველობა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ორთაბრძოლის მსვლელობაზე (თუმცა არ მინდა, ყველაფერი ამას დავაბრალო). მჯერა, რომ ილია ოქტაგონზე კიდევ უფრო ძლიერ მებრძოლად დაბრუნდება. აქამდეც თითქმის სრულყოფილი მებრძოლი იყო, მაგრამ ეს შეხვედრა დიდი გაკვეთილი იქნება მისთვის, ამიერიდან გაითვალისწინებს, რომ მოწინააღმდეგის ბოლომდე დაფასება აუცილებელია.

- ფიქრობთ, რომ ზედმეტმა თავდაჯერებამ, მეტოქის დაუფასებლობამ და ორთაბრძოლის აუცილებლად პირველ-მეორე რაუნდში დასრულების სურვილმა ილიას დათვური სამსახური გაუწია?!

- ამ თავდაჯერების გარეშე ილია ილია ვერ იქნებოდა! ჰქონდა კიდეც თავდაჯერების საფუძველი, თუმცა, მოწინააღმდეგის სათანადოდ არდაფასებამ თავისი როლი შეასრულა. ისიც სათქმელია, რომ ოქტაგონზე გაბრაზებული გასვლა შეცდომაა. არასწორია, ორთაბრძოლის დროს შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა სიბრაზე იყოს. ეს ილიამ კარგად იცის, მაგრამ შეუძლებელია, ის ყველაფერი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა თოფურიას ცხოვრებაში, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ ასახულიყო.

- ილიამ გეიჯს გამარჯვება მიულოცა და უთხრა, რომ მათი დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა.

- ნაკლებად სავარაუდოა, ილია თოფურია რინგზე 2027 წლის გაზაფხულზე ადრე დაბრუნდეს, მიღებული დაზიანებების გამო, UFC-ის სამედიცინო დეპარტამენტმა, ნახევარი წლით გეიჯსაც აუკრძალა ოქტაგონზე გასვლა. ამიტომაც, შესაძლოა, მეტი ორთაბრძოლა აღარც გამართოს... ილია აუცილებლად დაბრუნდება და დაბრუნდება იმაზე უფრო ძლიერი და გამოცდილი, ვიდრე აქამდე იყო.

დარწმუნებული ვარ, სერიოზული დაზიანებების მიუხედავად, ილია არც მეხუთე რაუნდში დანოკაუტდებოდა. თუმცა, ბრძოლა წაგებული იყო და ჯანმრთელობის გაცილებით მძიმე დაზიანების რისკის გამო, ალექსანდრე თოფურიამ აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

- პიმბლეტსა და ცარუკიანს თუ არ ჩავთვლით, ილიას მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათი ყველამ დააფასა.

- სერიოზულ ინტერვიუში არმან ცარუკიანმაც თქვა, რომ ბრძოლა მესამე რაუნდში უნდა შეჩერებულიყო, რადგან თოფურია ვეღარ ხედავდა, მაგრამ ილია ნამდვილი მეომარია და ბრძოლა გააგრძელაო. ის ხუმრობები, რასაც არმანი იყენებს ხოლმე, ე.წ. "თრეშ-თოქის" (მოწინააღმდეგეების სიტყვიერი "ბრძოლა" რინგს მიღმა) ნაწილია და საბოლოო ჯამში, გამოყენებული იქნება თოფურია-ცარუკიანის შესაძლო ორთაბრძოლის უკეთ "გასაყიდად".

ვოლკანოვსკი: „რევანშს ილია თოფურია მოიგებს“

ალექსანდრ ვოლკანოვსკი, UFC-ის მებრძოლი, რომელიც ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში ნოკაუტით დაამარცხა:

"ილიას ბრძოლის სწრაფად დასრულება სურდა, რის გამოც ზედმეტად გარისკა. მართალია, საწყის წუთებში გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამ აგრესიის გამო ბევრი მძიმე დარტყმა მიიღო. ეს ტრავმები რაუნდიდან რაუნდში გროვდებოდა და ძალას აცლიდა. როდესაც გეიჯისნაირ გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლის სასწრაფოდ, ერთი დარტყმით დასრულებას ცდილობ და ეს არ გამოდის, საკუთარ რიტმს კარგავ. ილია ჯიუტად მიიწევდა წინ და თავდაცვას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რამაც საბოლოოდ ფიზიკურად მთლიანად გამოფიტა. თოფურიას საფირმო, ზუსტ და სწრაფ ორმაგ დარტყმებსაც კი გეიჯი მზად დახვდა. ილიას დარტყმის მომენტში ის სხეულით უკან ან გვერდზე იხევდა, რითაც დარტყმის ძალას საგრძნობლად აქრობდა. მართალია, ეს დარტყმები მას მაინც ხვდებოდა, მაგრამ გასათიშად და დასაცემად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამავდროულად, როდესაც ილია წინ მიიწევდა, უკან დახევისას გეიჯი წინ გამოწვდილი სწრაფი, მოულოდნელი დარტყმებით სარგებლობდა და თოფურიას სახეზე მძიმე ტრავმებს აყენებდა. თუ ის სწორ ტაქტიკას აირჩევს, ამ მარცხისგან ბევრ რამეს ისწავლის. რევანშს ილია მოიგებს. ეს სულაც არ აკნინებს ჯასტინს - ილია ამ ბრძოლაშიც ტყუილად არ იყო ფავორიტი. უბრალოდ, თუ ილია ასე აღარ იჩქარებს, დისტანციას უკეთ გააკონტროლებს და თავის ჩვეულ სტილში ხაფანგებს დაუგებს, ის მოწინააღმდეგეს აუცილებ­ლად დაიჭერს. ამჯერად კი ზედმეტი აგრესია ძვირად დაუჯდა".