მოსკოვიდან დაწყებული მოსკოვშივე უბრუნდება - კვირის პალიტრა

მოსკოვიდან დაწყებული მოსკოვშივე უბრუნდება

2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების ბრძანება მოსკოვიდან გაიცა, იმ მოსკოვიდან, რომელიც გასულ კვირას რამდენიმე დღე გადაბმულად იბომბებოდა ანუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მისივე წამოწყებული ეს საშინელი ომი სახლში უბრუნდება.

რუსეთ-უკრაინის ომის 1 580-ე დღისთვის 1 500 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე შექმნილია ერთგვარად პატური სიტუაცია - რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ აქვთ იმის თავი, მთელ ფრონტზე შეუტიონ და წინ მნიშვნელოვნად გაიჭრან, ხოლო უკრაინის დამცველებს ჯერ კიდევ არ მოუგროვებიათ ისეთი რესურსები, რომ ძლიერი კონტრშეტევები წამოიწყონ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.ასეთ დროს კი ამ ორი ქვეყნის რამდენიმეწლიან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების წინა პლანზე გამოდის "საჰაერო ომი" და დარტყმების ძირითადი სამიზნეები ხდებიან ერთმანეთის ქალაქები და მათ შორის დედაქალაქებიც.

გასულ კვირას ამ ომში ისტორიული ფაქტი მოხდა - უკრაინამ პირველად შეუტია რუსეთის ტერიტორიას ათასი კამიკაძე-დრონით, მათ შორის ორასი დრონით მოსკოვზე, რითაც გადააჭარბა ერთ საჰაერო ოპერაციაში მონაწილე დრონების რიცხვით აგრესორ რუსეთს. ანუ გამოჩნდა ერთგვარი გამოსავალი უკრაინისთვის, რომ აგრესორს მიაყენოს მტკივნეული საჰაერო დარტყმები და მათ შორის მის დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინული არმია ჯერ კიდევ ვერ ფლობს საბრძოლო ინიციატივას. გარდა ამისა, საშუალო სიშორის კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენებით უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეტავს იმ ლოჯისტიკურ დერეფნებს, რომლებითაც მარაგდებიან რუსეთის საოკუპაციო ძალები ფრონტზე.

ამასთან, რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე, ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალ სახმელეთო დერეფანში რუსულ ბენზინმზიდებსა და სარკინიგზო შემადგენლობებზე გახშირებული შეტევები სერიოზულ პრობლემას უჩენს კრემლს იმის საფრთხითაც, რომ უკრაინელებმა ანექსირებული ყირიმი შეიძლება ნახევარკუნძულიდან "კუნძულად" აქციო, ანუ მთლიანად გადაკეტონ მარიუპოლი-მელიტოპოლის ტრასა და რუსი ოკუპანტები დარჩნენ მხოლოდ ყირიმის ხიდის ამარა, რომელიც უკრაინელებმა სამჯერ უკვე ააფეთქეს.

ასეთ არცთუ მარტივ სიტუაციაში აღმოჩენილ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არც საერთაშორისო ასპარეზზე უდგას დარი, რადგან ევროპელი პოლიტიკური ლიდერების დიდი "შეგონებების" შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტი მგონი "ფხიზლდება", აღარ მოითხოვს უკრაინელი კოლეგისგან დონბასის არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად დათმობას და შეიძლება სერიოზული შეიარაღების მიყიდვაც კი განაახლოს უკრაინისთვის ევროპიდან დაფინანსების სანაცვლოდ. რაღა რჩება გამძვინვარებულ პუტინს, რომელსაც რამდენიმე დღე გადაბმულად სამარცხვინოდ უბომბავდნენ დედაქალაქს და მოსკოვის კორპუსების თავზე დაუსჯელად დაფრინავდნენ უკრაინული კამიკაძე-დრონები?

მოსკოვის სისტემატური დაბომბვის "სირცხვილის" მოსაწმენდად პუტინს არცთუ ისე ბევრი საპასუხო შურისმაძიებელი გამოსავალი რჩება. ჩვეულებრივი არსენალიდან პუტინის არმიამ ყველა სახისა და ტიპის იარაღი გამოიყენა ამ ომში, მათ შორის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები "ორეშნიკიც" კი და დარჩა ატომური წყალქვეშა ნავებიდან სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების გაშვება კიევისკენ, რაც თითქმის გამორიცხულია, რადგან ეს მძიმე რაკეტები მხოლოდ ბირთვული ქობინებით არიან აღჭურვილი, ხოლო მათ ნაცვლად თუჯისგან დამზადებული იმიტატორი ქობინების გამოყენება კრემლს მისცემს ისეთივე სასაცილო შედეგს, რაც "ორეშნიკების" გაშვებამ მოიტანა. უფრო მოსალოდნელია, მოსკოვზე მოხშირებული საჰაერო შეტევების გამო შურისძიებისთვის პუტინმა გასცეს ბრძანება, რომ უკრაინის მსხვილი ქალაქების და მათ შორის დედაქალაქ კიევის უფრო მეტად დასანგრევად გამოიყენონ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებზე ბევრად იაფი, თუმცა არანაკლებ თუ მეტად ძლიერიც კი, პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბები, რასაც რუსეთის ავიაცია დიდი ხანია იყენებს ფრონტის ხაზზე უკრაინელების თავდაცვითი ზღუდეების წინააღმდეგ და ეს მეტ-ნაკლები წარმატებით გამოსდის, რადგან როდესაც 500, 1 500 და მითუმეტეს 3 000 კგ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი ეცემა სამიზნიდან ათიოდე მეტრის რადიუსში, მისი აფეთქების ძალას არათუ ბლინდაჟი, ბეტონირებული ბუნკერიც კი ხშირად ვერ უძლებს.

ადვილი წარმოსადგენია, რა ტრაგედია დატრიალდება, თუკი ასეთივე ბომბებს რუსული ბომბდამშენები უკრაინის საზღვრისპირა ხარკოვისა და სუმის საცხოვრებელი კორპუსებისკენ მასირებულად გაუშვებენ, რისი თვალნათელი მაგალითებიც რუსული ბელგოროდის სახით გვაქვს, როდესაც რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს რამდენჯერმე ჩამოუვარდათ პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბები, მათ უკრაინის ტერიტორიამდე ვეღარ მიაღწიეს და ბელგოროდში კორპუსებთან აფეთქდნენ.

კიევიდან ყველაზე ახლოს ბრიანსკის ოლქია, ორასიოდე კმ-ში, და საბედნიეროდ, რუსმა კონსტრუქტორებმა ჯერ ვერ შეძლეს "ესწავლებინათ" პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბებისთვის ამ სიშორეზე ფრენა, თუმცა 90 კმ-ით დაშორებული ბელარუსის საზღვრიდან ეს ტექნიკურად შესაძლებელია.