სად ბინადრობს თბილისში გიურზა და როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან - კვირის პალიტრა

სად ბინადრობს თბილისში გიურზა და როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან

ცხელი ამინდები გამოვიდა და სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, ბევრი შეშფოთებულია, რომ თბილისის ქუჩებში პოულობენ გველებს. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, ისინი ოპერატიულად გადიან გამოძახების ადგილებზე და წელს მაისის ჩათვლით დაჭერილია 38 გველი. "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ გამოძახებებზე ოპერატიული რეაგირებაა, რა თქმა უნდა, სეზონზე იმატებს გამოძახებები, მათ შორის, ნაწილი ცრუგამოძახებაა. სააგენტო ყოველთვის მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება. 2025 წელს დაჭერილია - 210; 2026 წელს - 38 (მაისის ჩათვლით). სააგენტოს ჰყავს პროფესიონალი ჰერპეტოლოგი და მაშველები, რომლებიც ადგილზე მისვლას და საჭირო ღონისძიების გატარებას უზრუნველყოფენ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, ქვეწარმავლის შემჩნევისას არ სცადონ მისი თვითნებურად დაჭერა, აუცილებლად დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე 112-ის საშუალებით, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად მოახდინოს რეაგირება". რა სახეობის გველია გავრცელებული დღეს თბილისში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი კოტე ფხაკაძე გვესაუბრება.

- ბატონო კოტე, ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომ თბილისში ძალიან მომრავლდა ქვეწარმავლები, განსაკუთრებით გველები, რას იტყვით ამაზე?

- ეს პრობლემა ყოველ წელს არის, ძირითადად, გარეუბნებში, სადაც ადრე ველური ბუნება იყო, მერე იქ ელვის სისწრაფით გაჩნდა ქალაქი.

მშენებლობის დროს საძირკვლისთვის მიწა რომ გაითხარა, შეიძლება ქვების ქვეშ გამოსაზამთრებლად გველი იყო ჩასული და, რასაკვირველია, გამოჩნდებოდა. ბუნებაში ქვეწარმავალი იმაზე მეტი ვერ იქნება, რაც სჭირდება იმ ტერიტორიას. მათი რიცხვი არ იზრდება, უბრალოდ, ადამიანების რაოდენობა გაიზარდა დაუსახლებელ პუნქტებსა და ტყეებში. გაჩნდა მშენებლობები, ახალი დასახლებები, სადაც იქ მობინადრე გველებს გამოხშირავენ და შეავიწროებენ. ამიტომაც ნელ-ნელა შემცირდება მათი რაოდენობა.

- ვიდეოფირი გავრცელდა, რომელშიც ცინცაძის ქუჩაზე გველია. იქ როგორ აღმოჩნდა?

- მცურავი გველი, თუ არ ვცდები, ავტოსადგომში იპოვეს. ეტყობა, მანქანა სადღაც დაუსახლებელ ადგილას იყო გასული და შეიძლება გველი შეძვრა, მერე კი დაბრუნებული მანქანიდან გამოძვრა. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. მანქანა ბუნებაში ისეთ ადგილას უნდა გააჩერო, რომ გველის შეძრომის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ძალიან ხშირად უნახავთ გველები დიღომში, იქ, სადაც ტრაქტორების ბაზაა. ვთქვათ, რომელიმე ტრაქტორით გარდა­ბანში ამუშავებდნენ მიწას, სავსებით შესაძლებელია შეძვრეს გველი, იმიტომ, რომ იქ ტენიანობაა, სინესტე, მერე კი გველი ავტოსადგომში მოხვდა.

- ცინცაძის ქუჩაზე ნანახი გველი რამდენად საშიშია?

- უვნებელი, პირიქით, სასარგებლო გველია. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ - სადაც უშხამო გველს მოკლავენ, იქ აუცილებლად ძალიან დიდი ალბათობით დასადგურდება შხამიანი, იმიტომ, რომ შხამიან და უშხამო გველს შორის დიდი კონკურენციაა. გველებს ძალიან გამძაფრებული ყნოსვა აქვთ. იქ, სადაც უშხამო გველის სუნი დგას, შხამიანი არ მივა. უშხამო გველი უფრო მეტ მღრღნელს ჭამს, უფრო კონკურენტუნაურიანია, დღეში შეუძლია ხუთი ცალი მღრღნელი შეჭამოს. აქედან გამომდინარე, იმ ადგილებს ერიდება, სადაც სხვა გველების სუნი დგას. ასე რომ, განსხვავება უნდა ვისწავლოთ. გველი უვნებელი ქვეწარმავალია.

მხოლოდ წითელმუცელა მცურავი ესხმის თავს ადამიანს, ისიც გამრავლების პერიოდში და თან შხამიანი არ არის. დანარჩენი გველი არ არის პრობლემა, პირიქით, ისინი მღრღნელებს ანადგურებენ. სადაც მღრღნელი არ არის, იქ გველი არ გაჩნდება.

ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი გველები არიან, სადღაც მანქანაში შეძვრა და მერე გამოძვრა. გველს იმდენი მტერი ჰყავს ქალაქში, ძაღლები, კატები, ფრინველები, მანქანები და ადამიანები, ქალაქში ძალიან რთულია მათი გამრავლება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს წავაწყდებით?

- დავიხიოთ ერთი ან რამდენიმე ნაბიჯით უკან, რადგან არ ვიცით, ის შხამიანია თუ უშხამო. თბილისი გიურზის გავრცელების ზონაა, ცოტა მაღალ ადგილებში - წყნეთში, წოდორეთში, კოჯორში - ცხვირრქოსანი გველებიც გვხვდება. ეს ორი გველი შხამიანია. გვხვდება კატისთვალა გველიც, მაგრამ ის ნახევრად შხამიანად ითვლება. მას უკანა კბილები აქვს შხამიანი და მოშხამვას ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ძირითადად ხვლიკებითა და პატარა ცხოველებით იკვებება და უვნებელია. აქედან გამომდინარე, რადგან შხამიანი გველებიც შესაძლებელია შეგვხვდეს თბილისში, რეკომენდებულია დავიხიოთ ნახტომის ზონიდან უკან - გველს დაახლოებით ორ მეტრამდე აქვს ნახტომი. შორიდან ვაკონტროლოთ გველი და დავრეკოთ 112-ში, მოვლენ მერიის ცხოველთა მონიტორინგის ჯგუფები და წაიყვანენ. უბრალოდ, მხედველობის არეალიდან არ უნდა გაუშვათ - ეს არის მთავარი.

აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ვთქვათ, გიურზის შეფერილობა და ცხვირრქოსანი გველგესლას შეფერილობა. თბილისში სხვა შხამიანი გველი გავრცელებული არ არის.

თუ შხამიანია გველი, ყოველ ხუთ წამში ერთხელ ან წამში ერთხელ იგრძნობთ მდგო­მარეობის გაუარესებას. არის ტკივილი, იწყება შეშუპება. ნაკბენი შეიძლება იყოს ერთი ან ორი წერტილი. შხამიან გველს ორი შხამიანი ეშვი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ერთი ააცილოს და ერთი ნახვრეტი იყოს. თუ ბევრი წვრილ-წვრილი ნახვრეტია, მაშინ შხამიანის ნაკბენი არ არის. გადაადგილებისას სისხლისა და ლიმფური სისტემის მიმოქცევა უფრო აქტიურდება და შხამი ორგანიზმს ადვილად ედება. ამ დროს მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება. თუ "დექსამეტაზონი" გვაქვს, ალერგიის შესამ­ცირებლად ისიც უნდა მივიღოთ. ნაკბენ ადგილს დამუშავებაც სჭირდება, რადგან შესაძლოა გველის კბილი იყოს ჩატეხილი. უნდა ვიცოდეთ, რომ გველი რომც მოკლა, მის მოჭრილ თავს ორი საათის განმავლობაში აქვს კბენის რეფლექსი და საშიშია. ამიტომ არ უნდა ეცადოთ მოკვლას, არ უნდა მიუახლოვდეთ და გამოიძახოთ შესაბამისი სამსახური.

- გველხოკერაც ბევრია სოფლებში და მას კლავენ...

- სხვათა შორის, გველხოკერა გველის წიწილებსაც ჭამს. სადაც გველხოკერაა, იქ სხვა გველის არსებობის ნაკლები ალბათობაა.

- როგორ უნდა დამუშავდეს ტერიტორიები, რომ გველი არ მიეკაროს?

- გოგირდის შემცველი ნივთიერებე­ბით. საერთოდ, ჯობია მოვაწესრიგოთ ტერიტორია, რათა არ იყოს სამშენებლო ნარჩენები, შესაძრომები, ბუჩქები, მოვ­ლილ ეზოებში გველის გაჩენის ალბათობა ნაკლებია. თუ ვინმეს ეზო აქვს, შეიძლება ციცარი იყოლიოს, ის აუცილებლად დაინახავს და აკრიახდება, პატრონს შეატყობინებს, რომ რაღაც საფრთხეა. გველებს კატებიც ებრძვიან, შეგვიძლია ღამის მტაცებელი მფრინველების დასაჯდომებიც გავაკეთოთ ეზოებში, სადაც ბუ ჩამოჯდება და ინადირებს გველებზე. ხშირად არის ეზოებში გველხოკერა, იგივე ხვლიკი და ნუ მოკლავთ. ჩვეულებრივად მივიღოთ, როგორც სხვა ცხოველი, ხვლიკი გველის გაჩენის ალბათობას ამცირებს.

გიურზა თბილისში, ბოტანიკურ ბაღშიც გვხვდება. მთელი თბილისი უკვე გიურზის გავრცელების ზონაა, ტაბახმელაშიც და დიღმის მასივშიც რამდენჯერმე დაიჭირეს.

უნდა ვიცოდეთ, რომ უშხამოსგან განსხვავებით, შხამიანი გველი ძალიან ნელა გადაადგილდება.

222-1782059203.jpg

თუ გველმა გვიკბინა, რას ვაკეთებთ?

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა ქნას, თუ გველმა უკბინა.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი, რომელთაგან შხამიანი გველების გავრცელების არეალებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 138 000-მდე იღუპება, ხოლო დაახლოებით სამჯერ მეტს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ამპუტაციის ჩათვლით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გველის მიერ დაკბენილთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სამედიცინო სერვისების ნაკლოვანებისა და მოსახლეობისგან ხელმიუწვდომლობის გამო ძალიან პრობლემურია. ასევე პრობლემურია შხამიანი გველის შხამის საწინააღმდეგო ანტიტოქსინებისა და იმუნოგლობულინების წარმოების მოცულობაც. მსოფლიოში 600 სახეობამდე გველია, რომლთა 70% შხამიანია.

საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს. გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად, გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონული ლიმფადენოპათია. შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება: კანზე გველის კბილის ნიშანი; სისხლმდენი ჭრილობა; მხედველობის ბუნდოვნება; დაკბენის ადგილის წვა; კრუნჩხვა; დიარეა; ოფლიანობა; გრძნობის დაკარგვა; ცხელება; წყურვილის შეგრძნება; კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა; გულისრევა, გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში; პულსის აჩქარება; მწვავე ტკივილი; ნაკბენის შეშუპება.

გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის ნაკბენისას ყოვლად დაუშვებელია: ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა; ნაკბენი არის გაკვეთა; მოწვა; ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება; ლახტის დადება; ყინულის დადება; სპირტიანი სასმლის მიღება; არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი...

დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ პლედი; კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს - ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს, კბენა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან. თუ კბენა მოხდა ხელის არეში, მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება; თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო; რეგულარულად აკონტროლეთ ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა; თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოჰკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში. მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა. სამედიცინო დაწესებულებებში გველის ნაკბენის შემთხვევაში მკურნალობისთვის გამოიყენება მონო (თუ გველის სახეობა იდენტიფიცირებულია) და/ან პოლივალენტური (თუ სახეობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა) გველის შხამის საწინააღმდეგო შრატები. რაც შეეხება პრევენციას, მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს, არ ეცადოთ მისი ხელში აღება, ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არაა შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არა გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი. ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის გაღიზიანებით. თუ ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა). თუ თან გაქვთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ".