"პალატაში რომ შემოვიდა, ვიცანი, გამიღიმა... უწმინდესის დალოცვისთანავე აზრზე მოვედი"
"სიყვარული, ეს მაინც აუხსნელი გრძნობაა, ბევრი შინაარსი აქვს", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია. როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, როგორი მამაა და რა შემთხვევაში აღარ შეუძლია პატიება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1982 წლის 20 იანვარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი, მეექვსე კლასიდან მქონდა ეს სურვილი, რომელიც ჩემში უცნაურად "დაიბადა". სკოლაში 9 აპრილის საღამოსთვის ემზადებოდნენ, მე არ ვიცოდი, კარი შევაღე, ვიკითხე, აქ რა პონტია-მეთქი? მოდი, მოდი, კარგი პონტიაო. მივედი და ძალიან მომეწონა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.
- ჩემზე ამბობენ...
- უხერხული თუ არ იქნება, ვიტყვი, რომ სულ დადებითი შეფასებები მესმის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- თითქმის არაფერს შევცვლიდი.
- ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი...
- იმ წელს, როდესაც რუსთაველის თეატრის დასში ამიყვანეს, დასასვენებლად ქობულეთში ვიყავი.
ზღვაში მყოფს შემაცია, თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ნაპირზე გამოვედი, მერე კი აღარაფერი მახსოვს... თვალი რომ გავახილე, ჩემი სახელიც არ ვიცოდი, სად ვიყავი, როდის დავიძინე, როდის გავიღვიძე. თურმე მთელი თვე მძინებია. ქობულეთიდან თბილისში გადმომიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერ დაადგინეს, რა მოხდა, ეს მდგომარეობა რამ გამოიწვია. სადაც მე ვიწექი, იქ ერთი მოძღვარიც იწვა და მის მოსანახულებლად პატრიარქი მობრძანებულა. მისი უწმინდესობისთვის ჩემს შესახებაც უამბიათ. უთქვამს, აუცილებლად ვინახულებო, მაგრამ საავადმყოფოდან ისე გასულა, დავიწყებია. მანქანაში ჩაჯდომა რომ დაუპირებია, მაშინ გახსენებია და უკან შემობრუნებულა. პალატაში რომ შემოვიდა, ვიცანი, გამიღიმა: "ბაჩო, გამარჯობა!". უწმინდესის დალოცვისთანავე აზრზე მოვედი. მითხრა, მე წავალ, ვილოცებო და ლოცვების წიგნი მეც დამიტოვა. უწმინდესის პალატიდან გასვლისთანავე ჩემს გონებაში ყველაფერი დალაგდა. ეს სასწაული არ არის?
წლების შემდეგ მომეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა და ვუთხარი, მე ის ბიჭი ვარ, თქვენ საავადმყოფოში რომ მოინახულეთ და დალოცეთ-მეთქი. კვლავ გამიღიმა, ჩემი სახით მფარველი ანგელოზი გამოგეცხადა, მან გიშველაო... ამ ამბის გახსენებას ყოველთვის დიდი ემოცია ახლავს.
- როგორც ვიცი, ერთი ადამიანი თქვენც გყავთ გადარჩენილი.
- მეუღლესთან ერთად სანაპიროზე ვსეირნობდი, მეტეხის ხიდთან გოგონა იდგა, რომელსაც პოლიციელი ელაპარაკებოდა. რატომღაც ამ გოგოს დავუძახე, მაგრამ ახლაც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. პოლიციელმა მითხრა, ეს გოგო მარტო არ დატოვოო. მასთან ერთად გვიანობამდე ვისეირნეთ, ვისაუბრეთ, წესიერი ადამიანი ჩანდა. მერე თქვა, რუსთავში ვცხოვრობ, ახლა სახლში ვეღარ წავალო. ქუჩაში ხომ არ დავტოვებდით, შინ წამოვიყვანეთ. რომ გათენდა, გამოგვიტყდა, წუხელ თავი უნდა მომეკლა, თქვენ გადამარჩინეთო. ალბათ, ჩვენი სახით მასთანაც მფარველი ანგელოზი მივიდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ოჯახი, ეს ჩემთვის უპირველესია. ვისურვებ, უფრო კარგი მამა ვიყო, მეტი დრო მქონდეს, თუმცა ხარისხიანია ყველა წუთი, რომელსაც ერთად ვატარებთ. ვგრძნობ, რომ მათთვის ფასეული მამა ვარ, მეგობრებიც ვართ... თავად პატარა ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, 6 წლის ვხდებოდი, დედა იყო ჩემი კარგი მეგობარი და ვიცი, ეს მეგობრობა ბავშვისთვის რას ნიშნავს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ხმა. 2003 წლიდან ვმუშაობ გახმოვანებაზე და ზოგჯერ ადამიანები ვერ იგებენ, ჩემი ხმა საიდან ეცნობათ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- მიზანდასახული ვარ. თუ ვიტყვი, რომ ეს უნდა გავაკეთო, იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაუზარელი ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ბევრი რამ. რომ შემძლებოდა, რაღაც სხვის შეცდომებზეც მესწავლა, ძალიან კარგი იქნებოდა. ვიღაც კი გეუბნება, ცეცხლში ხელი არ ჩაყო, დაგეწვებაო, მაგრამ სანამ არ დაგეწვება, ამ სიმწარეს ვერ იგებ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- მივხვდი, რომ იყო უნებლიე შეცდომა და არა დაგეგმილი, განზრახ ჩადენილი. პატიება რამდენჯერმე შემიძლია, მერე - აღარ, იმ დონეზე ცივდება, იყინება და ითიშება ურთიერთობა.
- ვიბნევი...
- ბანკში. თეატრის იქეთ რამე საქმეს თუ ვაკეთებ და წარმოდგენა არ მაქვს, ყველგან ვიბნევი.
- ვნანობ...
- რომ დრო ცოტათი ფუჭად გამოვიყენე, ალბათ, მეტის გაკეთება შემეძლო.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- რთულია, მაგრამ თუ გამოვედი, საშინელი ადამიანი ვხდები. ისეთი, საკუთარი თავის შორიდან შეხედვა რომ არ გინდა.
- სიყვარული ეს...
- მაინც აუხსნელი გრძნობაა. ქალის და კაცის სიყვარულზე თუ ვილაპარაკებთ, ეს არის არა ცოლი, არა მეუღლე, არამედ მეორე ნახევარი. შენი უსიტყვოდ რომ ესმის, შენს გასაკეთებელს რომ აკეთებს და პირიქით... ოღონდ ეს ხდება დაუმადლებლად, დიდი თავისუფლებით.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ბაღში ვიყავი, მინდოდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, ჩავხუტებოდი და ლოყებზე მეკოცნა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, კიდევ მასზე ვფიქრობდი. ბაღის შემდეგაც მიყვარდნენ გოგონები და მე არავის ვუყვარდი. საკუთარ თავზე ამის გამო ვხუმრობდი კიდეც. მეათე კლასში ვიყავი, ერთმა გოგომ რომ მითხრა, მეც მიყვარხარო და გავოგნდი, ნამდვილად-მეთქი?
- მაკვირვებს...
- ბევრი რამ... მაგრამ ძალიან მომწონს შავ-თეთრი ლოგო, შავ ნაწილში თეთრი წერტილებით და პირიქით... პარალელს ვავლებ შექსპირის ფრაზასთან: "ბოროტებაშიც არის სიკეთე და სიკეთეშიც ბოროტება"...
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მდინარის საპირისპიროდ მივცურავდი, ახლა უფრო ხშირად მდინარეს მივყვები.
- რომელი უფრო საინტერესოა?
- რაღაც ექსტრემალურს, რასაც 18-20 წლის ასაკში აკეთებ, 40-ს რომ გასცდები, ხვდები, რომ ახლა სხვაგვარად მოიქცეოდი. მდინარის საპირისპიროდ კი არა, ნაპირისკენ გავცურავდი, ამოვიდოდი და ფეხით ავუყვებოდი. ცხოვრების გამოცდილებით ხვდები, რომ ბევრი გამოსავალი არსებობს, უბრალოდ, მაშინ ვერ ხედავ.
- მეშინია...
- ის ადამიანებიც არ დავკარგო, რომლებიც ისედაც ცოტანი დამრჩნენ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ტელეფონთან ურთიერთობის გამო. ან არ ვიღებ, ან გათიშული მაქვს. მოწერილს ერთი კვირის მერე ვნახულობ, ნახვას აზრი რომ აღარ აქვს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ვერ ვიტყვი, რომ რამე ვერ გავბედე. სიმაღლის შიში მქონდა და ალპინიზმზე შევედი. კუბოს თავსახურს შორიდან რომ ვუყურებდი, მაკანკალებდა და მიცვალებულს შევეხე. რისი შიშიც მქონდა, ყველაფერი დავძლიე, ამას შეგნებულად ვაკეთებ.
- თავისუფლება არის...
- თავის ფლობა. ბავშვობაში დედას მეგობარმა მითხრა, თავისუფლებაა, როცა საკუთარ თავს იმის გაკეთებას მოსთხოვ, რაც ძალიან გეზარება, მაგრამ აუცილებელიაო. თავისუფალია ყველა, ვინც საკუთარ თავში დამოკიდებულების (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) დაძლევის ძალას პოულობს.
- როცა მარტო ვარ...
- ფიქრებით მარტო მაინც არ ვარ - მეგობრები, ახლობლები, ამბები - სულ თავში "დაფრინავენ".
- მენატრება...
- დრო, როცა უფრო მეტი მშვიდობა და ადამიანებს შორის თბილი ურთიერთობა იყო. მომავლისკენ ყურება არ მიყვარს. "გიმკითხავებ" არ მაინტერესებს, მინდა ამბებს რეალობაში აღვიქვამდე.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- გიორგი შალუტაშვილმა (ჩემი პედაგოგი იყო ალეკო მახარობლიშვილთან ერთად) პირველ ლექციაზე გვითხრა, არ ვიცი, რამდენი თქვენგანი გამოვა მსახიობი, მაგრამ ვეცდები, გასწავლოთ ადამიანობა. მსახიობობა პროფესიაა, ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყო, მერე კარგი მსახიობი.
- ბოლოს გეტყვით...
- მშვიდობა არ მოგკლებოდეთ, სიყვარული და ნათელი თვალები!
მოამზადა
თამუნა კვინიკაძე