"დედიკოს ბიჭიდან“ განმათავისუფლებლამდე და განმათავისუფლებლიდან ტირანამდე
ზოგიერთისთვის ის ბოროტი დიქტატორია, რომელსაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სიცოცხლე ციხეში უნდა დაესრულებინა. სხვებისთვის კი რევოლუციური გმირია, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ებრძოდა და დასავლურ იმპერიალიზმსა და ნეოკოლონიალიზმს ეწინააღმდეგებოდა. საკუთრივ მისი აზრით კი ის უდავოდ წარმატებული იყო. პირველ რიგში, მან ზიმბაბვეს დამოუკიდებლობა მოუტანა. რობერტ მუგაბე ხელისუფლებაში 37 წელი დარჩა, ბოლოს კი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი
95 წლის ასაკში გარდაიცვალა...
ქორწინება 41 წლით ახალგაზრდა მდივანზე
2017 წლის ნოემბერში, ჰარარეს ქუჩებში მისი იძულებითი გადადგომით ატეხილი აჟიოტაჟი იმეორებდა 37 წლის წინ გამართულ ზეიმს, როდესაც გამოცხადდა, რომ მუგაბე დამოუკიდებელი ზიმბაბვეს ახალი ლიდერი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარ ბინაში ბოლო დღეების მშვიდად გატარების უფლება მისცეს, ეს არ იყო ის დასასრული, რაზეც ყოფილი მასწავლებელი და ქვეყნის უმაღლესი ლიდერი ოცნებობდა - მუგაბე ხომ სულ ტრაბახობდა: "ჩემი ჩამოგდება შეუძლია მხოლოდ ღმერთს, რომელმაც დამნიშნა!"
ბევრი ზიმბაბველი მიიჩნევს, რომ მათი ლიდერი მეორე ქორწინების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა - 1996 წელს დაქორწინდა საკუთარ მდივანზე, გრეის მარუფუსზე, რომელიც მასზე 41 წლით უმცროსი იყო. ეს ქორწინება მოჰყვა მის საყოველთაოდ პატივცემული პირველი ცოლის, სალის გარდაცვალებას (1992 წელი). მუგაბეს მეგობრები თვლიდნენ, რომ ახალგაზრდა მდივანს პრეზიდენტზე დიდი გავლენა ჰქონდა და მის სიმდიდრეზე ნადირობდა...

მუგაბე როგორც ადამიანი
მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგჯერ გიჟად წარმოაჩენდნენ, ეს სიმართლისგან შორს იყო. მუგაბე უკიდურესად ჭკვიანი ადამიანი გახლდათ და მათ, ვინც არასაკმარისად აფასებდა, ეს საკუთარ თავზე მწარედ იწვნიეს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მუგაბემ თავისი "მარჯვე დიპლომატიით" დასავლეთი არაერთხელ შეარცხვინა.
პრეზიდენტის ყოფილმა პოლიტიკურმა მეტოქემ, დუმისო დაბენგვამ, რომელიც მოგვიანებით მისი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ზიმბაბვეს დამფუძნებელი მამის შესახებ განაცხადა: "ჩვეულებრივ ვითარებაში ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ როდესაც ბრაზდებოდა, სულ სხვანაირი ხდებოდა, თუ გზაზე გადაეღობებოდი, არ დაგინდობდა".
მუგაბეს დახასიათებისას დაბენგვამ ისიც აღნიშნა, რომ მათი ერთად მუშაობის პერიოდში, პრეზიდენტი ხშირად აძლევდა საშუალებას, პოლიტიკურ კამათში მისთვის მოეგო, ან მიდიოდა კომპრომისზე - ეს არ ჰგავდა დიქტატორის ქცევას!
...მაგრამ რაღაც სერიოზულად შეიცვალა 2000 წელს, როცა მუგაბე მუქარაზე გადავიდა.„ის რამდენიმე კოლეგაზე კომპრომატებს აგროვებდა. მათ იცოდნენ, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირების შემთხვევაში სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებდნენ.“
ჩენ ჩიმუტენგვენდე, რომელიც პრეზიდენტ მუგაბესთან 30 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც პარტია ძANU-PF-ში, ასევე მთავრობაში, პრეზიდენტის შესახებ უარყოფითი ცნობებით გაოცებული იყო: "მასთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, არასდროს მინახავს, ვინმეს ცუდად მოპყრობოდა, ვინმეზე შური ეძია".
ჩიმუტენგვენდე თვლიდა, რომ ზიმბაბვეს ლიდერი დასავლურ მედიაში უსამართლოდ იყო დემონიზებული თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწების ჩამორთმევის გამო, რომლებსაც გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავდათ, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.
მუგაბე - მასწავლებელი
დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ პრეზიდენტმა შეძლო თეთრკანიან საზოგადოებასთან ურთიერთობის მოგვარება. 1980 წელს მუგაბემ მნიშვნელოვნად გააფართოვა განათლება და ჯანდაცვა შავკანიანი ზიმბაბველებისთვის და ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების გაცილებით მაღალ დონეს, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში. 1995 წელს მსოფლიო ბანკმა საკუთარ ანგარიშში შეაქო ზიმბაბვეს სწრაფი პროგრესი ჯანმრთელობისა და წიგნიერების სფეროში. ყოფილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ქვეყანას აფრიკაში წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მუგაბე პირადად ეხმარებოდა საკუთარ რეზიდენციაში განათლების არმქონე თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარებაში.
მეგობრები იხსენებდნენ, რომ ის ინტელექტუალი იყო, მოსწონდა ყველაფრის ახსნა, როგორც მასწავლებელს, მაგრამ შემდეგ რადიკალურად შეიცვალა - ისეთი ადამიანიდან, რომელიც ცდილობს არგუმენტებით დაგარწმუნოს, გადაიქცა ისეთად, რომელსაც შეუძლია ბანდიტები მოგიგზავნოს საცემად, თუ მას არ დაეთანხმები...

„პოლიტიკური კალკულატორი"
მართლაც, უკვე არსებობდა შემაშფოთებელი ნიშნები - ეთნიკური ჯგუფის განადგურება, რომელიც 1980-იან წლებში მუგაბეს მეტოქის, ჯოშუა ნკომოს სავარაუდო მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ეს ნიშნები, როგორც წესი, იგნორირებული დარჩა...
პრეზიდენტობის პირველ წლებში მუგაბე მართლაც ცდილობდა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. მან შემოიღო "ლიდერობის კოდექსი", რომელიც მინისტრებს დიდი ქონების ფლობას უკრძალავდა, თუმცა, მოგვიანებით თავადაც ფუფუნებაში ჩაეფლო...
2000 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც მუგაბეს კარიერაში, ასევე ზიმბაბვეს ისტორიაში. თებერვალში მთავრობამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული რეფერენდუმი წააგო. ოთხი თვის შემდეგ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე მუგაბემ პოპულარული ოპოზიციური პარტიის (რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული კამპანიასთან "არა") წინააღმდეგ პირადი მილიცია გაააქტიურა. ტელევიზიით გადაღებულმა კადრებმა, სადაც ჩანდა, როგორ დგანან რიგში თეთრკანიანი ფერმერები დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობისთვის (MDჩ) შემოწირულობის შესაგროვებლად, მუგაბეს საშუალება მისცა ოპოზიცია თეთრკანიანებისა და შესაბამისად, ბრიტანეთის მარიონეტებად წარმოეჩინა. მათ საკუთრებაში არსებული ფერმების დაკავებამ კი პრეზიდენტსა და მის მოკავშირეებს რამდენიმე მიზნის მიღწევის საშუალება მისცა: თეთრკანიანი თემის დასჯა "ღალატისთვის"; ოპოზიციისთვის დაფინანსების წყაროს წართმევა; ათასობით შავკანიანი გლეხის დაშინება, რომლებიც ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერებად ითვლებოდნენ; ოპოზიცია ვეღარ შეძლებდა სოფლებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას; მუგაბეს მხარდამჭერების ნდობის აღდგენა, რომელთაგან ზოგიერთი კარგავდა ნდობას მიწების გადანაწილების გამო; ახალი მხარდამჭერების მოზიდვა მიწის დარიგების დაპირებით (ზიმბაბვეში მიწის რეფორმის აუცილებლობის შესახებ დამაჯერებელი არგუმენტები არსებობდა, მაგრამ მისი განხორციელების წესი, ძირითადად, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული). საბოლოოდ, ძალადობის, დაშინებისა და არჩევნების გაყალბების მიუხედავად, 2000 წელს ოპოზიციურმა მოძრაობა MDჩ-მ პარლამენტში თითქმის იმდენივე ადგილი მოიპოვა, რამდენიც მმართველმა ძანუ-PF-მა. 2000 წელს კამპანია "არა"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლავმორ მადჰუკუმ, პრეზიდენტი მუგაბე "შესანიშნავ პოლიტიკურ კალკულატორად" შეაფასა, რომელმაც თავისი ტაქტიკა სიტუაციას მოარგო.
"არის მომენტები, როდესაც ის დაუნდობლობას ირჩევს, ზოგჯერ კი კეთილშობილებას... ვითარების მიხედვით რეაგირებს, რა არის მისთვის საუკეთესო", - განუცხადა მადჰუკუმ BBC-ს.

ეკონომიკური ვარდნა
ოპონენტების აზრით, შესაძლოა, მუგაბეს კარგად არ ესმოდა, რა ზიანს აყენებდა ზიმბაბვეს ეკონომიკას თეთრკანიანებისთვის მიწების ჩამორთმევა, მაგრამ სანამ პრეზიდენტი იქნებოდა, მას ეს არ ადარდებდა. ეკონომიკა კი ვარდნას განაგრძობდა... მუგაბეს 28-წლიანი მმართველობის შემდეგ, რესურსებით მდიდარი, თვითკმარი ქვეყანა ნანგრევებად იქცა. ინფლაციამ წარმოუდგენელ მაჩვენებელს - 231%-ს მიაღწია და ახალგაზრდა ზიმბაბველებმა უკმაყოფილება იმ ქვეყნიდან გაქცევით გამოხატეს, რომლის გასათავისუფლებლადაც თავის დროზე მათი პრეზიდენტი იბრძოდა. თუმცა მუგაბემ ამ კრიზისულ მდგომარეობაშიც კი მოახერხა კონკურენტების დამარცხება და ხელისუფლებაში კიდევ ცხრა წელი დარჩა.
"დედიკოს ბიჭი"
როდეზიაში (ძველი ზიმბაბვე), სადაც მუგაბე გაიზარდა, ძალაუფლება 270 000 თეთრკანიანის ხელში იყო კონსოლიდირებული, 6 მილიონი აფრიკელის ხარჯზე. მათი კანონები დისკრიმინაციას უწევდა შავკანიან უმრავლესობას, ძირითადად საარსებო წყაროზე მომუშავე ადგილობრივ ფერმერებს.ისინი იძულებული ხდებოდნენ, მიეტოვებინათ წინაპრების მიწები და გადასახლებულიყვნენ ქვეყნის მშრალნიადაგიან და მცირენალექიან პერიფერიებში, ყველაზე ნაყოფიერი მიწები კი თეთრკანიან ფერმერებს რჩებოდათ... მიწის საკუთრების აღდგენა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომელმაც მუგაბე ხელისუფლებაში მოიყვანა.
როგორც ამბობენ, დურგლის ვაჟი ბავშვობაში მარტოსული იყო და დროის დიდ ნაწილს კითხვაში ატარებდა. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, მაშინ მუგაბე მხოლოდ 10 წლის იყო, დედა დეპრესიაში ჩავარდა, პატარა ბიჭი კი ყველაფერს აკეთებდა დასახმარებლად. ამის გამო სკოლაში დასცინოდნენ და "დედიკოს ბიჭს" ეძახდნენ.
საბოლოოდ, მუგაბემ მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო და 1958 წელს სამუშაოდ წავიდა განაში (მაშინ განა გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა საჰარის სამხრეთით, რომელიც კოლონიური მმართველობისგან გათავისუფლდა). მისი განელი მეუღლის, სალის, და განელი ლიდერის, კვამე ნკრუმას პანაფრიკული გამოსვლებით შთაგონებულმა მუგაბემ გადაწყვიტა იმავესთვის საკუთარ სამშობლოში მიეღწია.
1960 წელს, ზიმბაბვეში დაბრუნების შემდეგ, მან დაიწყო კამპანია შავკანიანთა დისკრიმინაციის დასასრულებლად, რის გამოც ბრალი დასდეს ამბოხებაში და ათი წლით დააპატიმრეს. ციხეში ყოფნისას მისმა მხარდამჭერებმა კონტროლი აიღეს ძANU-ზე - თეთრკანიანთა მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლ უდიდეს პარტიაზე და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუგაბე მის ლიდერად დანიშნეს.
"მას უყვარს ძალაუფლება"
მას შემდეგ, რაც მუგაბემ 1980 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, თეთრკანიან მოსახლეობასთან შერიგების პოლიტიკას დაადგა. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ განაცხადა: "თუ ჩემი მტერი იყავი, ახლა ჩემი მეგობარი ხარ. თუ გძულდი, ვერ გაექცევი იმ სიყვარულს, რომელიც მე მაკავშირებს შენთან და შენ - ჩემთან". მან იან სმიტს, ყოფილ თეთრკანიან პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მუგაბეს ერთადერთი ვაჟის დაკრძალვაზე დასასწრებად ციხიდან გაშვებაზე უარი უთხრა, ერთდროულად პარლამენტის წევრად და ფერმერად დარჩენის საშუალება მისცა. თუმცა, მისი ყოფილი თანამებრძოლები ამბობდნენ, რომ მაშინ მუგაბეს სუსტი ძალაუფლება ჰქონდა და მიხვდა, რომ ყოფილ მტრებთან ურთიერთობები უნდა დაელაგებინა.
თუ მუგაბე პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ნაკლებად თავდაჯერებული იყო და არასდროს იღებდა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სხვებთან კონსულტაციების გარეშე, მოგვიანებით ძალაუფლება იმ დონემდე გაიმყარა, რომ მისი ხმა ერთადერთი გახდა, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა!
"ჯადოსნური ბინოკლები"
მუგაბეს პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი უახლოესი მოკავშირეები იყვნენ ისინი, ვისთან ერთადაც მან დამოუკიდებლობისთვის პარტიზანული ომის სირთულეები გადაიტანა. ისინი მხარში ედგნენ პრეზიდენტს საარჩევნო მარათონის დროსაც, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი მოღალატის იარლიყს აკრავდნენ. ეს კი იყო იარლიყი, რომელსაც შეიძლება დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯა მოჰყოლოდა. მოგვიანებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ სოფლებში გაგზავნეს პარტია "ზანუს" შეიარაღებული მებრძოლები. ოპერაცია მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას მოიცავდა: ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ არსებობდა "ჯადოსნური ბინოკლები", რომლებსაც შეეძლოთ იმის დადგენა, თუ ვის მისცემდნენ ხმას. როგორც ჩანს, იდეოლოგიური დამუშავების ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 1980 წელს "ზანუს" პარტია პარლამენტში დიდი უპირატესობით გავიდა. მან პარტია "ზაპუ"-სთან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა, თუმცა კონკურენტებს შორის დაძაბულობა ორი წლის შემდეგ ღია ძალადობაში გადაიზარდა. "ზაპუს" ლიდერი ჯოშუა ნკომო გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულეს და ჩრდილოეთ კორეის მიერ გაწვრთნილი მეხუთე ბრიგადა მის მშობლიურ რეგიონში, მატაბელელენდში გაგზავნეს. ოპერაცია "გუკურაჰუნდის" დროს, რაც ნიშნავს "ადრეულ წვიმას, რომელიც ნაგავს რეცხავს", 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა... საბოლოოდ, დამარცხებული ნკომო კვლავ დათანხმდა ძალაუფლების გაზიარებას მტერთან, რათა დასრულებულიყო ძალადობა მის მშობლიურ რეგიონში.
მუგაბეს პოლიტიკური რეიტინგი 2008 წელს დაეცა, როდესაც პარტია MDC-ის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ ის საპრეზიდენტო არჩევნებში ლამის დაამარცხა, თუმცა, ოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ იყო დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუგაბე გადადგომის პირას იყო, თუმცა ეს ჭორი აღმოჩნდა, ის არსად წასვლას არ აპირებდა... არმია და მილიცია თავს დაესხნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ლტოლვილი გახდა. სისხლისღვრის შესაჩერებლად ცვანგირაიმ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.
ზიმბაბვეს ეკონომიკა ვარდნას განაგრძობდა და ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ჰარარეში ხალხი ქოლერით იღუპებოდა... ძლიერი ზეწოლის შედეგად, მუგაბე დათანხმდა კოალიციური მთავრობის შექმნას თავის დიდი ხნის მეტოქესთან, MDC-ის ხელმძღვანელობით ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ცვანგირაის რეპუტაცია სერიოზულად შეარყია მუგაბესთან მისმა თანამშრომლობამ - პრეზიდენტი ყოველთვის ახერხებდა ჩვენებას, რომ ქვეყანაში პირველი ის იყო. 2013 წლის არჩევნებისთვის მუგაბეს აღარ სჭირდებოდა ძალის გამოყენება გამარჯვებისთვის. მან კიდევ ერთხელ აჩვენა პოლიტიკური ლავირების შესანიშნავი უნარი და ხელისუფლებაში დარჩა მანამ, სანამ 2017 წელს საბოლოოდ არ აიძულეს გადამდგარიყო.
"ინგლისელი ჯენტლმენი"
2000 წლიდან ბრიტანეთზე თავდასხმების მიუხედავად, მუგაბე გარკვეულწილად "ინგლისელი ჯენტლმენის" განსახიერება იყო. როგორც წესი, უნაკლო მუქ კოსტიუმებსა და ჰალსტუხს ატარებდა მანამ, სანამ არ ურჩიეს, რომ საარჩევნო კამპანია ახალი ვარცხნილობითა და საკუთარი სახის გამოსახულებიანი ფერადი ტანსაცმლით წარემართა, როგორც ამას ბევრი სხვა აფრიკელი ლიდერი აკეთებდა... პრეზიდენტის სასახლეში სტუმრებს ყოველთვის ჩაით უმასპინძლდებოდნენ. მუგაბე კრიკეტის დიდი თაყვანისმცემელიც იყო. "კრიკეტი ხალხს ცივილურს ხდის და ჯენტლმენებად აყალიბებს. მინდა, ზიმბაბვეში ყველამ ითამაშოს კრიკეტი. მინდა, ჩვენი ქვეყანა ჯენტლმენების ერი გახდეს", - ამბობდა მუგაბე.
მკვდრეთით აღმდგარი...
მუგაბემ განათლება მიიღო იეზუიტებთან. სავარაუდოდ, სწორედ იქ ჩამოუყალიბდა ცხოვრებისადმი ფხიზელი დამოკიდებულება - ის თავს იკავებდა ალკოჰოლისა და ყავისგან და ძირითადად ვეგეტარიანელი იყო. მუგაბეს მეორე მეუღლემ, გრეისმა, თქვა, რომ ის დილის 5:00 საათზე იღვიძებდა იოგას ვარჯიშისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც მან 95 წლამდე იცოცხლა.
თუმცა, მრავალი წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა მუდმივი სპეკულაციის თემა იყო. 2008 წელს ჭიკილეაკს-ის მიერ გავრცელებულ ამერიკულ დეპეშაში ვარაუდობდნენ, რომ მუგაბეს კიბო დაუდგინეს და სამიდან ხუთ წლამდე სიცოცხლე დარჩა.
წინასწარმეტყველება სიკვდილის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. თავის 88-ე დაბადების დღეზე მუგაბემ ხუმრობით აღნიშნა, რომ მან "ქრისტე დაამარცხა", რადგან ის უკვე მერამდენედ მოკვდა და აღდგა...
სახელმწიფო გადატრიალება
2017 წლის 6 ნოემბერს მუგაბემ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამან გააძლიერა სპეკულაციები, რომ ის პოლიტიკურ მემკვიდრედ ცოლის, გრეისის დანიშვნას აპირებდა. გრეისი მმართველი პარტიის ძველ წევრებში ძალიან არაპოპულარული იყო. 2017 წლის 15 ნოემბერს ზიმბაბვეს ეროვნულმა არმიამ მუგაბე მის ლურჯსახურავიან სასახლეში შინაპატიმრობაში აიყვანა.
პარტიამ მუგაბეს ულტიმატუმი წაუყენა, - გადამდგარიყო მეორე დღის შუადღემდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებდნენ. იმ საღამოს ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას პრეზიდენტმა უარი თქვა გადადგომაზე. საპასუხოდ, პარლამენტის წევრებმა 2017 წლის 21 ნოემბერს წარადგინეს იმპიჩმენტის რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც. კონსტიტუციის შესაბამისად, ორივე პალატა ერთობლივ სხდომაზე რეზოლუციის განსახილველად შეიკრიბა. თუმცა, დებატების დაწყებიდან რამდენიმე საათში, წაიკითხეს მუგაბეს წერილი, რომელშიც ის გადადგომას აცხადებდა, რაც დაუყოვნებლივ ძალაში შევიდა... გადადგომამდე მუგაბესა და მის მეუღლესთან დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, ის და მისი ნათესავები სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავისუფლდებოდნენ, მისი ბიზნესინტერესები ხელუხლებელი დარჩებოდა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მიიღებდა. მუგაბეს მიენიჭა სრული დიპლომატიური სტატუსი და სახელმწიფო ხარჯებით უზრუნველყოფილი ხუთსაძინებლიანი ბინა, 23-მდე თანამშრომლითა და პირადი ავტომობილით. მას ასევე მიეცა უფლება შეენარჩუნებინა ბიზნესწილები და სხვა სიმდიდრე, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას დააგროვა.
ავადმყოფობა და სიკვდილი
მუგაბე სინგაპურში მკურნალობდა. 2019 წლის 6 სექტემბერს ის გლენიგლსის საავადმყოფოში გარდაიცვალა 95 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ გახმაურებულა, ზიმბაბვეს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მნანგაგვამ, ნიუ-იორკში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მუგაბეს შორსწასული კიბო ჰქონდა და ქიმიოთერაპია არაეფექტური გახდა.
როგორ დაამახსოვრდებათ მუგაბე? როგორც ზიმბაბვეში ამბობენ, 2000 წლამდე პრეზიდენტს კარგი რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით მის მიმართ ნდობა რადიკალურად შეიცვალა. მან თავისი პოლიტიკური მემკვიდრეობა გაანადგურა. როგორც მის სამშობლოში ვარაუდობენ, ხალხს ის ადამიანების დევნით, არჩევნებში ძალადობითა და სამოქალაქო ომებით დაამახსოვრდება...
მუგაბეს ფრაზები:
ერისადმი მიმართვა, 1980 წელი:
"თუ ჩემი მტერი იყავი, ახლა ჩემი მეგობარი ხარ. თუ გძულდი, ვერ გაექცევი იმ სიყვარულს, რომელიც მე შენთან მაკავშირებს და შენ - ჩემთან".”
2008 წლის საარჩევნო კამპანია:
"მხოლოდ ღმერთი, რომელმაც დამნიშნა, მომხსნის თანამდებობიდან!"
2012 წელი, მისი 88-ე დაბადების დღე:
"საერთოდ არ დალიოთ, არ მოწიოთ, ივარჯიშეთ და მიირთვით ბოსტნეული და ხილი".
შორენა ბიწაძე