„დედა, არასოდეს გისაყვედურებ, რომ მიმატოვე“ - მარიამ ბრეგვაძე, რომელიც საფრანგეთში გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
მარიამ ბრეგვაძე, რომელიც საფრანგეთში გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.
- მარიამ, თქვენი ბიოგრაფიით დავიწყოთ, რა იცით თქვენს გაშვილებაზე?
- დედაჩემმა და მამაჩემმა ნუცუბიძის ბავშვთა სახლიდან მიშვილეს. ხუთი თვის ვყოფილვარ მაშინ. გამზრდელი დედა ამბობს, 1987 წლის ნოემბერში წამოგიყვანეთო. ვინც დედას დაეხმარა ჩემს შვილებაში, მას ბევრჯერ სხვადასხვა გზით მივმართე, მაგრამ მითხრა, უმადური და დაუნახავი ხარ, დედამ და მამამ ყველაფერი მოგცეს და შენ მაინც გინდა ის იპოვო, ვინც ნაგავში გადაგაგდოო. ამ ქალის ქმარი ნუცუბიძის ბავშვთა სახლის მაშინდელ დირექტორთან მეგობრობდა.
ჩემები იმერეთში ცხოვრობდნენ, შვილი არ ჰყავდათ. ბაბუაჩემის გარდაცვალების დროს მამას უთხრეს, რატომ არ გინდა ბავშვი აიყვანო, გაზრდი და შენი შვილი იქნებაო. ასე დაიყოლიეს. შუამავალი ქალი დაჰპირდა, ბავშვი ქართველი და კარგი ოჯახისშვილი იქნებაო. სხვათა შორის, მამიდადაც მეკუთვნის, ვისზეც ახლა ვსაუბრობ.
რაღაც დღესასწაული იყო იმ დღეს, ჩემს გამზრდელ დედ-მამას მოუვიდათ თბილისიდან დეპეშა, ქართველი ბავშვი მოიყვანეს ბავშვთა სახლში, კარგი ოჯახისშვილია, დიდხანს ვერ შეგინახავთ, სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთო. ისინიც თბილისში ჩავიდნენ.
ვერსია ასეთია: ჩემი ბიოლოგიური დედა ძალიან ცდილობდა არ მივეტოვებინე, მაგრამ მშობლებს, რომლებიც ცნობილ ადამიანებად ითვლებოდნენ, არ უნდოდათ ოჯახის შერცხვენა და მოითხოვდნენ, ბავშვი მიეტოვებინა. ხუთი თვე თურმე ჩემთან ერთად სად აღარ იცხოვრა, თუმცა მამამისი სულ უთვლიდა, მიატოვე, თორემ არ მოგიშვებ სახლშიო. ასე აიძულეს ბავშვთა სახლში დავეტოვებინე. როგორც ვიცი, იმხანად ჯანმრთელობის პრობლემაც მქონდა, მან ასეთი არჩევანი გააკეთა, ან უნდა მეცოცხლა, ან რისკის ქვეშ იქნებოდა ჩემი სიცოცხლე, რადგან არ ჰქონდა ექიმთან მიყვანის და ჩემი შენახვის საშუალება. მალევე გამოჩნდნენ ჩემი ახალი მშობლები. მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი მშობლები მყავს და კარგ პირობებში გამზარდეს.
- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?
- 13 წლის ვიყავი, დედაჩემის დაქალმა მითხრა, ბავშვთა სახლიდან რომ მოჰყავდით, გამოსამშვიდობებლად შენი ბიოლოგიური დედაც იქ იყოო. ჩემები რომ მისულან, მათთვის უთქვამთ, ჯერ არ შეხვიდეთ ოთახში, დედა ემშვიდობებაო. ჩემი გამზრდელი დედა მაინც შესულა... მოგვიანებით დედაჩემმა მიამბო, რომ მომაწოდა ბავშვი, ტიროდა და მითხრა, დეიდა, მე შვილს არ წაგართმევთ, უბრალოდ, გთხოვთ, ძალიან მინდა მუსიკაზე ატაროთო. ეს მთხოვა და წავიდაო. მის მერე აღარავის უნახავს. ეს ამბავი ლეგენდაა თუ ნამდვილი, არ ვიცი.
13 წლისას სკოლაში წამომაძახეს, ნაშვილები ხარო. ჩანახატებს, ლექსებს ვწერდი და ქართულის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩემთვის საღამო გაემართა, რადგან ძალიან მოსწონდა ჩემი ჩანახატები. მაშინ ითქვა ასეთი ფრაზა, როგორ არ იქნება ნიჭიერი, მაგას არ იცით, როგორი მშობლები ჰყავსო? დედაჩემი და მამაჩემი გამორჩეული ხალხი არ არიან. მამას რესტორანი ჰქონდა, დედა ექთანი იყო, იმას არ ვამბობ, რამით ვინმეზე ნაკლები იყვნენ, მაგრამ გამორჩეული ადამიანის შვილიაო, მათზე არავინ იტყოდა.
ნაშვილებოო, ყველა ასე მეძახდა. არადა, იმ დროს ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. ის საღამო მარტო ვიყავი სახლში და ძალიან რთული იყო ჩემთვის - უცებ ყველაფერი გემხობა თავზე, ვეღარ იაზრებ, ვინ ხარ, ძალიან რთულია, მაგრამ მე მტკიცე ნებისყოფა მაქვს და დედ-მამისთვის არაფერი მითქვამს. მერე თვითონ იმ მეგობარმა ქალმა უთხრა დედას, შენმა შვილმა გაიგო, ნაშვილები რომ არისო. დედაჩემის პირველი სიტყვები იყო, უნამუსო და უმადური ხარ, როგორ კითხულობ, ვინ ხარ, ვინც გაგზარდეთ, ისინი ვართ შენი მშობლებიო. დედას ვთხოვე, ეთქვა სიმართლე, თუ შენ არ მეუბნები, მამაჩემს ვკითხავ-მეთქი. მაშინ მითხრა, თამარ ლეკიშვილი ხარ, ასე ეწერა შენს საბუთებშიო. ახლა მარიამ ბრეგვაძე ვარ. მერე ვკითხე, დაბადების წელი, თვე და რიცხვიც ხომ არ შეგიცვლიათ-მეთქი, არაო. დავიწყე ძიება, მაგრამ პატარა ხარ, პატარა ქალაქში ცხოვრობ, ისმენ ამბებს, ყველას თავისი ვერსია აქვს, ვერავინ ვერაფერს გეუბნება. ამ გაურკვევლობაში დიდხანს ვიყავი. რომ გავთხოვდი, ბევრი ვეცადეთ, ვინ არ ჩავრიეთ, რომ არქივი გაგვეხსნა და გაგვეგო, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები. ბევრი ძებნის შედეგ გვითხრეს, არაფერი იძებნება შენს სახელსა და გვარზეო. მოკლედ, ისე გატარდა საბუთები, თითქოს თავიდანვე მარიამ ბრეგვაძე დაიბადა.
მეორე ვერსიაც არის - დოკუმენტები დედამ გადამალა. ბავშვობიდან მახსოვს ძალიან დიდი ფაილი სოფლის სახლში, ეტყობა, შეეშინდათ, არ წამეკითხა და სადღაც გაქრა ის დიდი ფაილების წიგნი. წლების შემდეგ დედაჩემმა მითხრა, მაგაში შენზე ინფორმაცია იყო, მაგრამ დავწვი ისე, რომ არც მე წამიკითხავს, შიგნით რა ეწერაო. ვკითხე, რატომ არ წაიკითხე, არ გაინტერესებს, დედა ვინ იყო ან მამა-მეთქი? ამაზე მიპასუხა, მე ისე მოვკვდები, სიმართლეს არ გეტყვი და ჩემგან თუ ვერ გაიგებ, ვერც ვერავისგან გაიგებო. მამაჩემის ბიძაშვილმაც იცის სიმართლე, მაგრამ არ გააჩნია არანაირი სინანული, არანაირი გრძნობა. ბევრჯერ ვთხოვე დახმარება, ვპირდებოდი ანონიმურობასაც, მაგრამ ესღა მითხრა, შენ საწოლში ჩაგდებული გიპოვეთ ვიღაც ბავშვებთან ერთად, ჭუჭყიანი, კისერი გქონდა ჩამპალი, ავადმყოფი წამოგიყვანეს, გაჭამეს, გაგზარდეს და რას აკეთებ ახლა სანაცვლოდ, გინდა შენი მშობლები ანერვიულოო?
38 წლის ვარ და რამდენი წელი გავიდა სიმართლის ძებნაში.
მამამ არ იცის, რომ ბიოლოგიურ დედას ვეძებ. მადლობელი ვარ ჩემი გამზრდელი მშობლების. ახლა ისინი ჩემთან არიან საფრანგეთში, არაფერი აკლიათ, მაგრამ ძალიან მინდა მოვძებნო ბიოლოგიური დედა. მე ხომ იმისთვის არ ვეძებ, რომ მასთან წავიდე. საქართველოში ცხოვრებას არც ვაპირებ, უბრალოდ, ძალიან მინდა გავიგო, ვინ ვარ, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე?!
ჩემს ბიოლოგიურ დედას ნებით არ მივუტოვებივარ. უბრალოდ, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. თუ ოდესმე შევძლებთ, რომ ერთმანეთს შევხვდეთ, ჩემი სათქმელი მარტო ეს იქნება: "მიყვარხარ, დედა, და არასოდეს გისაყვედურებ რომ მიმატოვე".
იქნებ ვინმეს მოუსმენია ეს ისტორია, რომ ნუცუბიძის ბავშვთა სახლში დატოვა დედამ 1987 წელს დაბადებული გოგონა. იქნებ ახსოვს ვინმეს მომენტი, თურმე დედა ტიროდა, როცა შვილს დაემშვიდობა...
- გამზრდელმა ოჯახმა ფული გადაიხადა?
- ვფიქრობ, გადაუხადეს, მაგრამ არა დედას. მშვილებელი ფულს ყველა ვარიანტში იხდის. ჩემი ნათესავი ერთი ტომარა პურის ფქვილის სანაცვლოდ იყიდეს. ის გამზრდელმა დედამ მიიყვანა იმ სოფელში, საიდანაც წამოიყვანეს. უთხრა, აი, ეს არის შენი ბიოლოგიური დედ-მამა, ესენი შენი დედმამიშვილები არიანო. იმ გოგოსგან განსხვავებით, მე არც ის ვიცი, აღმოსავლეთ საქართველოდან იყო ჩემი ბიოლოგიური დედა თუ დასავლეთიდან. ვიღაცამ ისიც მითხრა, აკადემიკოსი თუ კომპოზიტორი იყო ვინმე ლეკიშვილი, რომლის შვილსაც შეემთხვა ასეთი რაღაც და დაატოვებინეს ბავშვიო. ისიც საეჭვოა, რომ გამქრალია ჩემი საბუთები. რომ არა ვიღაცის გავლენა, ასე მარტივად ვერ გააუქმებდნენ ყველაფერს.
სააგენტოში დავიწყე თამარ ლეკიშვილის ძებნაც, იმ წლებში არის თუ არა ამ სახელით და გვარით ვინმე დაბადებული. მეუბნებიან, რომ ამ სახელით და გვარით გოგონას დაბადება ჩანს, თუმცა სხვა ინფორმაციას არ გვაწვდიან.
ჩემი საბუთები ისეა გაკეთებული, თითქოს თავიდანვე მარიამ ბრეგვაძე დაიბადა. მშობლებადაც ჩემი გამზრდელები არიან მითითებული. რადგან ასეთ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, მივმართავ საზოგადოებას, ჩემს თანატოლებს, უფროსებს, იქნებ გეცნოთ ეს ისტორია, ან სანათესაოში ვიღაცამ მოჰკრა ყური თუნდაც უფროსების მონათხრობს. დამეხმარეთ სიმართლის გარკვევაში. ჩემი პატარა სოფელი წირქვალი ჭიათურის რაიონშია და იქნებ იქაურებმა იციან სიმართლე.
- იქნებ სჯობს, ისევ მამას ჰკითხოთ.
- მამაჩემი ღრმა დეპრესიაშია. 75 წლის არის, გარდაეცვალა ძმა, ძმისშვილი, ანტიდეპრესანტებზეა და ძალიან ვცდილობთ არაფერზე ინერვიულოს. მამაჩემს იმხელა ამაგი აქვს ჩემზე, ვერაფერს ვეტყვი. დედა თავისებური ქალია, შეიძლება ზედმეტად არც ჩაეძია, როცა მიშვილეს...
- თქვენს დღევანდელობაზეც გვიამბეთ.
- მყავს ორი არაჩვეულებრივი ბიჭი. საფრანგეთში 2015 წელს ჩამოვედით, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები. საფრანგეთში ექვსთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლემ მიმატოვა, დავრჩი უცხო ქვეყანაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არ მქონდა ტელეფონი, წვდომა სოციალურ ქსელებთან და ჩემი ყოველი დღის ჩაწერა დავიწყე. არ ვიცოდი ფრანგული, არავის ვიცნობდი, მაგრამ მერე ჩამოვიყვანე ჩემი მშობლები და ძალიან დამიდგნენ გვერდში მარტოხელა დედას. მადლობა მათ ყველაფრისთვის. დიდი წვალება დამჭირდა, რომ დღემდე მოვსულიყავით.
ერთხელ ჩემი შვილი კონსერვატორიაში უკრავდა და ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰკითხეს, დედა რას საქმიანობსო, მან კი უპასუხა, დედა წიგნს წერსო. გამესაუბრნენ და ორ კვირაში მომივიდა წერილი, რომ ჩარიცხული ვიყავი კოლეჯში. სამი წელი ვისწავლე, გავხდი რამდენიმე ასოციაციის უფროსი, ვიყავი თარჯიმანიც, შემდეგ მედდის კურსებიც გავიარე და 4 წელია ფსიქიატრიული განყოფილების მედდა ვარ, თან ვაგრძელებ სწავლას. მადლობა ჩემს დედ-მამას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის ხელი შეეწყოთ და ამისთვის მიმეღწია.